ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინეხ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 მაისი, 2012


ბიბლიური სიუჟეტები, სახე-სიმბოლოები, პარალელები ანუ ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე”

არ შეიძლებოდა ბიბლიური სიუჟეტი საინტერესო არ ყოფილიყო ქართული ლიტერატურისთვისაც. ამჯერად განვიხილავთ გ. გეგეშიძის რომანს ,,ცოდვილი”. ესპანელი მწერლის რომანთან საერთო მხოლოდ ეს ბიბლიური სიუჟეტი არ გახლავთ. ამ ორი მწერლის კვლევის საგანი ადამიანის პიროვნების ბედია ბიბლიურ ამბავზე გაშლილი. წერის სტილი გ. გეგეშიძეს განსხვავებული აქვს. მას გრძნობებისა და განცდების ფსიქოლოგიურ ასპექტში გადმოცემა აინტერესებს. რომანს ახასიათებს ვრცელი მსჯელობები ფილოსოფიაზე, ეთიკასა და თეოლოგიაზე. კაენის პირველცოდვა რომანში მთავარი სიუჟეტური ხაზია და მწერალს ეს სათაურშივე აქვს გამოტანილი. ძმის მკვლელობის საიდუმლოს ფონზე ვითარდება სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებიც. მოქმედება ერთ პატარა ქალაქში ხდება, სადაც ჩადის ვამეხ გურამიშვილი და ჩასვლისთანავე სულელი მეირას გამოსარჩლებით იქცევს მთელი ქალაქის ყურადღებას. შესაძლებელია ვამეხისა და კ. ჰამსუნის ,,მისტერიების” გმირის, ნაგელის აშკარა მსგავსების პოვნა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ გ. გეგეშიძესთან აშკარად იგრძნობა ნორვეგიელი მწერლის გავლენა. ნაგელისა და ვამეხის საბოლოო ბედიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოქმედება სწორედ ისე ვითარდება, როგორც ,,მისტერიებში”. ამ ორ რომანს შეიძლება ითქვას, ერთი საერთო პერსონაჟიც ჰყავს: ,,მისტერიებში” ესაა მაიცა, ,,ცოდვილში” კი მეირა. ისინი ხალხის დაცინვის ობიექტნი გამხდარან. კ. ჰამსუნის გავლენის შესახებ წერს გ. კანკავა: ,,ცოდვილში” ჩანს ერთგვარი გავლენა გვიანრომანტიკული ლიტერატურის ტრადიციისა (განსაკუთრებით სკანდინავიური სახეობის)...”.
მიუხედავად იმისა, რომ რომანის ძირითად დრამატულ ვითარებას კაენის ცოდვა შეადგენს, ვამეხის მიერ ძმის მკვლელობას მთლიანად ბიბლიურ მოტივს ვერ დავუკავშირებთ. უფრო სწორედ, ეს მკვლელობა კი არა, უბედური შემთხვევაა, რადგან ვამეხმა არც კი იცოდა საკუთარი ძმა თუ მოკლა. ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული და დაგეგმილი დანაშაული. ამიტომაც, უფრო გაურკვეველია ავტორის გადაწყვეტილება ვამეხის ისტორიის დასასრულის შესახებ. ავტორი ვამეხს ამ დანაშაულს შეგნებულად ,,აბრალებს” _ მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოხდა მკვლელობა, მთავარი შედეგია. ამ შედეგში დამნაშავე კი მხოლოდ ვამეხია. არადა მისი ცოდვა მხოლოდ ბნელ ღამეში, მთაში, წასული ძმისთვის ნიშნის მისაცემად უმისამართოდ დაქუხებული თოფია, რომელმაც შეიწირა ვამეხის ძმა. ვამეხი საკუთარი ქალაქიდან გარბის პატარა, უცხო ქალაქში, სადაც ყველას ნდობასა და სიყვარულს მოიპოვებს თავისი მაღალი ზნეობით, მორალითა და ქცევით, მაგრამ ვამეხი იტანჯება ცოდვით. იგი ამ ცოდვის მატარებელია მუდამ. თუმცა, ვფიქრობ, ვამეხის ეს უნებლიე დანაშაული მონანიების სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ ამ სამუდამო ტანჯვის გარდა ავტორი მას საბოლოოდ სწირავს და სიკვდილით სჯის, რადგან მას სხვა აღარაფერი დარჩენია, შეიძლება მხოლოდ ამით გამოისყიდოს ვამეხმა ,,ცოდვილი” სული. Eეს საბოლოო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ,,სასჯელის ზომა” არ შეესაბამება დანაშაულს. ამას გ. კანკავა ,,ლიტერატურულ შეცდომას” უწოდებს და საერთოდ, საკითხის არასწორად დასმაში ,,ადანაშაულებს” ავტორს: ,,ნაწარმოების მთავარი კონფლიქტის მიერ გამოწვეული მორალური აზრი მთლად არ შეესაბამება ამ კონფლიქტის შინაარს, მის მხატვრულ-ეთიკურ ხარისხს ... ვამეხის დაღუპვა მხატვრულად არადამაკმაყოფილებელი პასუხია უსწოროდ შედგენილ თუ დაყენებულ საკითხზე”.
თუ არ ჩავთვლით ავტორის ცოტათი ხელოვნურ ენას, მანერულობას, ცოტა მძიმედ მოწოდებულ ფილოსოფიურ მსჯელობებს, გმირთა ნააზრევსა და განცდებს და ნაწარმოებში დასმულ სხვა პრობლემებზე გავამახვილებთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ გ. გეგეშიძის რომანი სრულიად ახალ სახეს ქმნის. კარგად და თვალნათლივაა დახატული პატარა ქალაქის ცხოვრება თავისი რკინიგზის სადგურით, სკოლით, სადალაქოთი თუ საავადმყოფოთი, უბნებითა თუ ბაზრით. Aავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანთა ურთიერთობებს, იმდროინდელი საზოგადოების ყოფას და ვინაიდან, ავტორს ამ ურთიერთობების მორალურ-ეთიკური მხარე უფრო აინტერესებს, დაწვრილებითაა ნაწარმოებში მსჯელობა მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულებაზე, კოწია ექიმისა და მისი შვილის, ლევანის მაგალითზე. კოწია ექიმს ,,უსაფუძვლო შიში ჰქონდა იმისა, რომ თუ თავს გაუყადრებდა უბრალო კაცს, თუ იკადრებდა უბრალო ხალხის საზოგადოებას, თვითონაც უბრალო გახდებოდა... “, ასევე ფიქრობდა საკუთარი შვილის მიმართაც და ცდილობდა ბავშვის თვალში მისი ,,მაღალი გემოვნება არ დაკნინებულიყო”. საინტერესოა მსჯელობა ქალისა და კაცის ურთიერთდამოკიდებულებაზე, საზოგადოების ორი სხვადასხვა სოციალური ფენის ურთიერთმიმართებაზე. ,,მაღალ” ფენას მიეკუთვნება ექიმი ალისა, ლეილა, კოწია ექიმი და სხვები, ხოლო ,,დაბალ” ფენას _ ძუკუ, თაურია... ამ ორი საზოგადოების გამთლიანება, მათ შორის არსებული სრულიად უაზრო ზღვრის წაშლაც ვამეხს მიეწერება. ვამეხის საშუალებით დაუახლოვდნენ ძუკუ და Lლეილა ერთმანეთს და სწორედ ვამეხის გამო, ახლა ალისას სახლში ორივე საზოგადოების წარმომადგენელი იყრიდა თავს.
საინტერესოა ნაწარმოებში წამოჭრილი თეოლოგიური საკითხიც. ავტორი ვრცლად მსჯელობს სულის მარადიულობასა და სიკვდილს შემდეგ არსებულ სიცოცხლეზე, სულის თავისუფლებაზე: ,,სული თავისი ნამდვილი სახით განთავისუფლებულია სურვილის და ვნებისაგან. სულის ძირითადი თვისება არის შეგნება, თვითშეგრძნება. დანარჩენი კი: ნებისყოფა, სიამაყე, კმაყოფილება, მრისხანება, შური, პატივმოყვარეობა, სიძუნწე, სიხარბე და სხვა _ მეორე ხარისხოვანი თვისებებია, რომელთა გარეშე სული მაინც სულად რჩება”.
ანტონის შინაგანი ,,მე” ავტორისთვისაც მიუღებელია იმდენად, რამდენადაც იგი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის უსარგებლოა და უუნარო. სრული ფიზიკური უმოქმედობა კი არ შეიძლება ძლიერი შინაგანი ,,მე”-ს მატარებელი იყოს. ავტორისთვის მთავარია ადამიანური საწყისი, ძლიერი და მდიდარი სულიერი სამყარო, რომელიც ადამიანის შიგნით ვერ ჩაკვდება, ამას ყველა გარშემომყოფი დაინახავს. ამიტომაცაა, რომ ვამეხს, მისი მაღალი ზნეობის გამო ყველგან სწრაფადვე აქცევენ ყურადღებას.
მთლიანობაში გ. გეგეშიძე ძალიან კონტრასტულ პასაჟებს ქმნის. ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს ვამეხის ,,შინაგანი მონოლოგები”, სადაც ჭარბადაა ანალიზი, აზრობრივ-ინტელექტუალური ნაკადები, თუმც ეს ,,ყოველივეს ახსნის, სიღრმეში ჩაწვდომის, გაანალიზებისა და შეფასების” ცდა მკითხველის თვალში ცოტა გამაღიზიანებელიც ჩანს. ისევ გ. კანკავას მოვიშველიებ, რომელიც წერს: ,,პირდაპირ აჭრელებულია ნაწარმოები ტრუიზმებით”. მკვლევარს ამის მაგალითებიც იქვე მოჰყავს: ,,ვინ არის ისეთი, რომ ყველა მადლიერი ჰყავდეს? არ არსებობს ადამიანი ყველასათვის ერთნაირად სასიამოვნო...” ან: ,, ... სილამაზე საფუძველია სიყვარულის, უსიყვარულოდ კი არ არსებობს ცხოვრება... “ ცოტა ბუნდოვანია შემდეგი ეპიზოდი: ,, ... სიცოცხლე სხვაა და ცხოვრება სხვაა. ცხოვრება იგივე სიცოცხლეა, ოღონდ უფრო მაღალ საფეხურზე ასული...“ და ასეთი კიდევ მრავალი მაგალითია. სავსებით მართებულია გ. კანკავას მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, რადგან ასეთი მსჯელობები ზოგადად დამახასიათებელია ინტელექტუალური პროზისთვის. ამ ჟანრისთვის კი ნიშანდობლივია ,,ნაწარმოების მთლიანი ანტურაჟის, პერსონაჟთა მოქმედების, საკვანძო კონფლიქტების პირობითობის თუ სხვა ცნობილი ლიტერატურულ მოვლენათა ორმაგ პლანში წარმოდგენა... პერსონაჟთა მეტყველება, დიალოგები, ფიქრთა წყება და ა. შ. ძირითადად მაღალი მატერიების დონეზე და შესაბამისად ვითარდება...” რომანში კი ეს მხოლოდ ჩანასახის ფორმით დევს. ვნახოთ ასეთი ეპიზოდები რომანში: ,,ის რაც სავსებით დასაშვებია ცხოვრების რთული კანონების თვალაზრისით უცნაური და მოულოდნელია ჩვენი გონებისთვის... აუხსნელია ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე... ბუნებრივად გვეჩვენება ის ამბავი, რომ უნდა ვიცოცხლოთ, დავბერდეთ და მერე მოვკვდეთ... მაგრამ, რატომ უნდა მოვკვდეთ მანამდე, ვიდრე მივაღწევდეთ სიცოცხლის იმ წერტილს, რომლის შემდეგ სიკვდილი აუცილებელია?...”. მწერლის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ვამეხის  ფიქრებითაა გადმოცემული. რასაკვირველია, ასეთ ეპიზოდებს აკლია დახვეწა როგორც წერის მანერის, აზრის გამოხატვის საშუალების, ისე თავად პერსონაჟის ინტელექტის მხრივ. ვერ ვიტყვით, რომ ვამეხი გაუნათლებელია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ შორეულ ასოციაციებსა და ალუზიებს სხვადასხვა მწერლებთან, ბიბლიურ სიუჟეტებთან სადაც სახე-სიმბოლოები ჩანს, რაც დამახასიათებელი ნიშნებია ინტელექტუალური რომანისთვის. განვიხილოთ კიდევ ერთი ეპიზოდი: ,,ვამეხი განუწყვეტლივ ფიქრობდა იმაზე, თუ რა ექნა, როგორ ეცხოვრა, საჭირო იყო თუ არა ის, რასაც აკეთებდა? ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა შეეეფასებინა სინამდვილე, ხომ უნდა შეეხედა თვალში თავისი დღევანდელი, თუნდაც საშინელი დღისთვის? მან იცოდა, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, ყველაფერს ეჩვევა და მერე, როცა რამე მოხდება, ან ცუდი, ან კარგი, ეჩვენება, რომ ყოველთვის ასე იყო”. როგორც ვხედავთ, ვამეხის შინაგანი განცდების აღქმაში ავტორი საკუთარი პერსონით გვეხმარება. იგი გმირის პირით კი არ გადმოგვცემს მის შინაგან მდგომარეობას, არამედ თვითონ არქმევს სახელს ყველაფერს. შესაძლოა ავტორის თვითმიზანი სულაც არ გახლავთ ე. წ. ,,ცნობიერების ნაკადის” ლიტერატურის შექმნა, მაგრამ ნაწარმოებში შემხვედრი ასეთი პასაჟები, სწორედ ასეთი რომანის შექმნის დადასტურებაა. შესაძლოა, ავტორი იმდენად გაიტაცა გმირის შინაგანმა, სულიერმა სამყარომ, რომელიც ახალ გარემოში უამრავ ცლილებას განიცდის, რომ გადმოცემის ფორმაზე დიდად ზრუნვა არ ჩათვალა საჭიროდ. შედარებით დახვეწილი და თითქმის სრულყოფილია სხვა ეპიზოდი, სადაც თაურიას სამძიმარზე მისული ხალხის საქციელმა ჩააფიქრა, ხოლო თაურიას სიკვდილმა ზოგადად, ,,ყოფნა-არყოფნის” არსზე ჩააფიქრა: ,,რა არის დღეს მნიშვნელობა იმისა, რაც იყო? არაფერი! რა არის ,,იყო” _ დღეს? კაცი შეიძლება იყო ბედნიერი, იყო ლამაზი, ცოცხალი, მაგრამ დღეს რას ნიშნავს ეს ,,იყო”?.. იქნებ ყველაფერი რაღაც ილუზიას წარმოადგენს. თვითონ დროც ხომ ისეთივე არაზუსტი ცნებაა, როგორც დასაწყისი და დასასრული...  არ არსებობს ზევით და ქვევით. თავისთავად, არც მარჯვნივ და მარცხნივ, ყველაფერი პირობითია... არ არსებობს საგანი, რომელიც თავისთავს წარმოადგენდეს ყველა შესაძლებელი თვალსაზრისით. ასევეა ადამიანიც”. აი, ესაა ვამეხის შინაგანი მსჯელობა, ესაა მცდელობა ,,ცნობიერების ნაკადის” გადმოცემის. მცდელობა იმიტომ, რომ გონებაში არაცნობიერიდან მოსული ყველა აზრი ჯერ კიდევ დაულაგებელია. ხოლო გონება არეგულირებს შემდგომ ამ აზრის ჩამოყალიბებას. რასაკვირველია, ეს არაა ჯოისი, ვისთანაც ხვდები როგორ მოდის საკუთარ ცნობიერებასა და გონებაში ესა თუ ის აზრი, მსჯელობა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, უამრავი ასოციაციითა და მუსიკით. ეს ყველაფერი ჯოისთან მკითხველზე წნეხივით მოქმედებს, მაგრამ მივუბრუნდეთ ამ თემის ძირითად აზრს _ ადამიანის შიდა სამყაროს. ამ რომანში კი მწერალი კარგად ახერხებს ჩვენთვის დახატოს ვამეხ გურამიშვილის შიდა პორტრეტი ისე, რომ კითხვა არ დაგვებადოს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ტრაგიკულია თუ არა ვამეხის პერსონაჟი. იგი ნამდვილად ტრაგიკული პიროვნებაა, უბრალოდ, მკითხველის პროტესტს იწვევს ამ ტრაგიზმის სათავე _ ბიბლიური სიუჟეტი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება ამ ორ მკვლელობას შორის თითქმის უმნიშვნელოა. ავტორისთვის ადამიანი თავისი პიროვნებით უდაოდ ყველაფერზე მაღლა დგას: ,,ადამიანი არის სამყაროს ცენტრი... მას ემორჩილება ყველაფერი, მისგან გამომდინარეობს ყველაფერი, ყოველგვარი პრობლემა, რომლითაც ის დაინტერესებულია, რომელიც იცის, რომელიც მის წინაშე დგას, და ყოვლად შეუძლებელია ადამიანისთვის ადამიანზე მაღლა სხვა რამ ძალის დაყენება”. ვამეხი ცდილობს საკუთარ მსჯელობებში ადამიანის პიროვნების აღმოჩენას, ცხოვრების მიზანს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ დასკვნას აკეთებს: ,,ყოველი, რომელმან ჰქმნა ცოდვა, მონა არს იმა ცოდვისაო”  _ იმეორებს ქრისტეს სიტყვებს ვამეხი და მისი გზაც, ავტორის აზრით, ,,ლოგიკური” დასასრულით მთავრდება _ ვამეხი იღუპება.
შინაგან მონოლოგებთან, ავტორისა თუ პერსონაჟის ფიქრებსა თუ მსჯელობებთან ერთად ნაწარმოებში მხატვრული ოსტატობითაა დახატული ქალაქი. პერსონაჟთა ჩვეულებრივი, ყოფითი დიალოგები კი ნაწარმოებს უფრო ამსუბუქებს და აღსაქმელად უბრალოს ხდის. ავტორს ადამიანის შინაგანი სამყაროს ძიებისას, ვამეხის პიროვნების ძერწვისას არ ავიწყდება სხვა უამრავი საინტერესო საკითხიც. ერთ-ერთი ასეთია იმდროინდელი ქართული მწერლობა და ქართველი მწერლები: ,, ... მთის რომანტიკა ძალიან მოდაში იყო ახალგაზრდა მწერლებსა და პოეტებს შორის და ბევრი მათგანი, რომელთაც თვალით არ უნახავთ მეცხვარეები, უაღრესად უშუალო, პირდაპირ გულისამაჩუყებელ ნაწარმოებებს ქმნიდნენ ამ რომანტიკულ თემაზე... მთაზე წერა იცნობდნენ თუ არ იცნობდნენ მთას, კარგ ტონად ითვლებოდა”.
ბიბლიური სიუჟეტები ნამდვილად საინტერესო თემაა ლიტერატურისთვის. რადგან სწორედ ბიბლიის ადამიანები არიან პირველი ადამიანური ცხოვრების დამამკვიდრებელნი დედამიწაზე და ეს პირველი ადამიანები იძლევიან ყოველგვარი ადამიანური ბუნების, შინაგან სამყაროს, სიკეთისა და ბოროტების მაგალითს. ბიბლიაა პირველი წიგნი, რომელსაც ადამიანი აინტერესებს მთელი თავისი შინაგანი პიროვნებით და რა გასაკვირია, რომ ლიტერატურა ცდილობს პირველი ადამიანების შინაგანი ,,მე”-ს გახსნას უკვე ამ გადასახედიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები