 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 17 მაისი, 2012 |
კონსერვებისთვის წაკითხული ქადაგებები ანუ ,,მე მიყვარს ამერიკა”. ,,ეს 1960 წელი ცვლილებათა წელი გამოდგა, ისეთი წელი, როცა მიჩქმალული შიში სააშკარაოზე გამოდის, როცა უკმაყოფილება პასიური პროტესტიდან თანდათანობით მრისხანებად იქცევა ხოლმე”. ამ დროს ჩავლილია ორი მსოფლიო ომი, მოშლილ-მორღვეულია ადამიანი, ათასგვარი ,,იზმი” და ,,აცია” მოაწყდა მთელ მსოფლიოს და ამ უამრავ ,,ისტურ’ ქვეყნებში ასეთივე ,,ისტური” ადამიანის ახალი სახე ყალიბდება. ამ დროს იწყება მოძრაობა ასეთი ხელოვნური, პოლიტიკურ თარგზე მოჭრილი ადამიანის შექმნის წინააღმდეგ და ამას ე. წ. ,,დემოკრატიული მწერლობა” იწყებს. ,,დაკარგული თაობა” ჰუმანისტური იდეებით მოდის და ცდილობს ომებისგან განადგურებულ ადამიანში ისევ აღმოაჩინოს სადღაც მიჩქმალული ადამიანური ბუნება. ეს იყო მწერლობა, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეთიკურ პრობლემატიკას, მორალურ ნორმებს, სადაც განწყობა ლირიკულია და ჰუმანიზმი _ წამყვანი თემა. ჯ. სტაინბეკის რომანი ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” სწორედ ამ სახის მწერლობას მიკუთვნება. სათაური შექსპირის ,,რიჩარდ III”-დანაა აღებული: ,,აგერ შესცვალა იორკის მზემ მბრწყინავ ზაფხულად ზამთარი ჩვენი, უთანხმოება _ მღელვარებისა”. რომანის გმირი სასურსათო საწყობის მეპატრონეა, მუდამ ირონიული და ცოტათი არასერიოზული. თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნულად. ითენი თავის შინაგან ,,მე”-ს მხოლოდ საწყობში გამოამზეურებს და ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მსჯელობს ამა თუ იმ საკითხზე. მსმენელებად კი კატა და კონსერვის ქილები ჰყავს. იგი ისე ცხოვრობს, რომ ღირსება და ადამიანობა არ დაკარგოს და ეს ხდება იქ, სადაც ყველაფერი კაპიტალისტურმა წყობამ გადაყლაპა. დასავლეთში _ კაპიტალიზმი, ჩვენთან კი სოციალიზმი, ეს კიდევ ცალკე თემაა. დავუბრუნდეთ ისევ ითენს. საერთოდ, ეპოქალურმა ცვლილებებმა არაერთი საკითხის ხელახალი დასმა გამოიწვია. ჯერ კიდევ საუკუნის დასწყისში დაისვა თეოლოგიური საკითხი ღმერთის არსებობა-არარსებობის შესახებ. დაიწყო უღმერთობის ხანა და სწორედ 60-70-იანი წწ-ის მწერლობამ დააბრუნა ღმერთი. ამიტომაცაა, რომ ითენის შინაგან მღელვარებას მუდამ თან ახლავს ჯვარცმულ იესოზე ფიქრი, მუდამ გაისმის სახარების სიტყვები. ასეთი შინაგანი სამყაროთი ცხოვრობს ითენი, რომელიც იბრძვის, რათა არ დაიკარგოს დღევანდელობაში, არ დაკარგოს თვითმყოფადობა და თავისუფალი ,,მე”. იგი ის უკანასკნელი რომანტიკული რაინდია, რომლისთვის ანდერსენისა და ძმები გრიმების, დანტეს შემდეგ არაფერი შექმნილა ,,სისხლის გამყინავი”. ყველაფერი დროსა და ფულს არის დამონებული, ,,ფულს განა მარტო გული აკლია _ პატიოსნებაც არა აქვს, არც მახსოვრობა”. ოჯახიც კი ცალკე მდგომი საზოგადოებაა და ითენმა იცის, რომ ყოველდღიური საზრუნავით დაკავებულ ცოლს იმაზე ვერ ესაუბრება, რაზეც მორჩილებით სდუმან კონსერვის ქილები. მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს აქ ეგზისტენციალიზმის პრობლემა იდგეს. ითენი გაუცხოებული და ამ სამყაროში დაკარგული პიროვნება სულაც არ არის, მას უბრალოდ ის შინაგანი ,,მე” აქვს, რომლის მეშვეობით ძლებს იგი რეალობაში. უნდა ითქვას, რომ შინაგანი ძიებით დაკავებული ითენი გულგრილი ხდება საზოგადოების მიმართ, რომელიც თავის მხრივ გულგრილია ყოველგვარი მოვლენის მიმართ. აი, ასე ყალიბდება არაფრით დაინტერესებული და სნობიზმით დაავადებული საზოგადოება. ,,ვინმეს აზრს თუ გადმოიღებ, წინწკლებში ჩასვამ და ავტორს მიუთითებ, ამით შენს ნამუშევარსაც ღირსება და ავტორიტეტი ემატება. რაც ამერიკაში იწერება, სანახევროდ ციტატებია”. ამის მაგალითია ითენის შვილის სასკოლო თხზულება: ,,მე მიყვარს ამერიკა”. ბავშვმა ის სხვადასხვა ამერიკელი მოღვაწეეებისა და პრეზიდენტების სიტყვებისგან შეაკოწიწა, რადგან ,,ყველა ასე აკეთებს” და ეს მხოლოდ ითენისთვის წარმოადგენს ზნეობრივი ნორმების დარღვევას. საზოგადოებისთვის კი მნიშვნელობა არა აქვს ავტორს, ფრაზა ან გამონათქვამი ხომ მთელ ერს ეკუთვნის იმდენად, რომ შეგიძლია საკუთარ ნააზრევად წარმოადგინო აბრაამ ლინკოლნისა თუ თომას ჯეფერსონის იდეები. ჯ. სტაინბეკისეულ ხედვას კაპიტალისტური ქვეყნების მიმართ, ერთი ფაქტიც უნდა დაემატოს. სტაინბეკმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შემდეგ თავისი ,,რუსული დღიური” გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მოსკოვის ერთფეროვანი ცხოვრება მოსაწყენია და ისევ თავისი ქვეყნის ჭრელი ხალხი ენატრება. სტაინბეკის აზრით, საბჭოთა ადამიანი, ყველა ერთმანეთს ჰგავს როგორც შინაგანად, ისე ლამის გარეგნულადაც. მხოლოდ საქართველოა განსხვავებული. რუსებს სწამთ, რომ მათი სული გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მიდისო, წერს ამერიკელი მწერალი. ქვეყანა, სადაც სწორედ ჰუმანისტური იდეალებია ადამიანის საწყისი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობელი...: ))))... მოვიტან იქ :დ მადლობელი...: ))))... მოვიტან იქ :დ
4. ნინ.... წიგნის წარდგინებისთვის საკმარისად კარგად წერ...
მშვენიერია...
(ისე იქაც მოიტანე ეს რაა :) ნინ.... წიგნის წარდგინებისთვის საკმარისად კარგად წერ...
მშვენიერია...
(ისე იქაც მოიტანე ეს რაა :)
3. ჩამოყალიბდიტ..........:დ : )))))))))) ვიცირო...ცოტას ვწერ...:უ ჩამოყალიბდიტ..........:დ : )))))))))) ვიცირო...ცოტას ვწერ...:უ
2. ოჰ,ოჰ,ოჰ ნინეხი:)
და სულ მყოფნის ხოლმე:) ოჰ,ოჰ,ოჰ ნინეხი:)
და სულ მყოფნის ხოლმე:)
1. ოჰ, ოჰ, ოჰ სტაინბეკი =)
ოღონდაც არ მყოფნის ხოლმე =) ოჰ, ოჰ, ოჰ სტაინბეკი =)
ოღონდაც არ მყოფნის ხოლმე =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|