ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2012


დროის როტაცია


                                                                ჩვენ იმდენხანს შევყოვნდით ერთ სივრცეში,
                                                                რომ აუცილებელიც კი გახდა რომელიმე ჩვენგანის წასვლა.


 

  გვიანდელი შემოდგომის უკანასკნელი დღეები ელოდა თავის დასასრულს.
უმისამართოდ მივაბიჯებდი ურცხვად შემოძარცვულ ხეებს შორის და არაფერი მესმოდა გარშემო არსებული ქაოსიდან.
მდნარ ტალღასავით მეგლისებოდა ქარი სახეზე და შეყინულ ნაკვთებზე იდებდა ბინას.
  მისი სახლიდან წამოსვლაზე ბევრი არ მიფიქრია. მანამდე იმდენ დროს ვანდომებდი იმის წარმოდგენას, თუ როგორი იქნებოდა უშენო დღე, რომ ახლა ძალიან ბუნებრივად ჩავალაგე ბარგი და კარი გამოვიხურე. თუმცა-ღა ვიტყუები, ბარგი არ ჩამიწყვია, მხოლოდ რამდენიმე კამელია გამოვაყოლე ხელს.
  ყვავილების არსიყვარული ჩემი ხასიათის ერთ-ერთი აბსტრაქტული შტრიხი გახლდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენს ბინაში მუდამ იგრძნობოდა კამელიათა მსუბუქი სურნელი.
  ახლა ვფიქრობ, შესაძლოა იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ შორი აღმოვჩნდი? ანდაც, იქნებ.. რამდენი იქნებ და არცერთი ზუსტად.
  შენ ახლა, ალბათ ძველი მაგიდის კუთხესთან ზიხარ და სიგარეტს იმდენად მშვიდი გამომეტყველებით ეწევი, რომ ბანალურობა იქნება ვინმემ დაგწამოს ტკივილი. არადა, ვიცი, როგორ ეცლება შენს მზერას თითო საყრდენი და უგზოუკვლო აპათიაში გაგდებს. მუდამ ასე იცოდი. ბუნებით იმპულსურს, საკმარისი იყო ტკივილი საჭიროზე მეტი შეგხვედროდა და სრულ ვაკუუმში ვარდებოდი. და მე კი, ჩემი მოსვლით იმდენად ამოვავსე სიცარიელე, რომ ზოგჯერ მეგონა, წასვლა შენთვის საშველი იქნებოდა.. (საშინელებაა, სიცარიელეს შეჩვეულს დაუნანებლად შესთავაზო სიცოცხლე).
  ვერ გადავურჩი შენი ხასიათის ნაკლოვანებებს. ისეთ ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდით, რომ ბოლოს მოძრაობაც კი შევწყვიტე, რადგან მივხვდი, რომ უკვე ინერციით განაგრძობდა ურთიერთობა სვლას.
  გვიანდელი შემოდგომაა მაშინდელივით, როცა ვერაფრით მივხვდით, რატომ შეგვიპყრო გრძნობამ ასე საშინლად.
  ხანდახან იმდენი ხანი ყოვნდები ერთგან, რომ ვეღაც კი იხსენებ იქ რისთვის აღმოჩნდი.
  ალბათ გრძნობა მაშინ უნდა მოკლა, როცა იგი ყველაზე ლამაზია.







                                                        *  *  *


    მუხის ძველებურ მაგიდაზე ფეხებაწყობილი ყავას ვსვამდი და თან შეპარვით მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი. თავის საქმიან ქაღალდებს ახარისხებდა და იმდენად შეეჭმუხნა წარბები, რომ მივხვდი, აქ არ იყო ფიქრებით.
  ყავა შეგრილებულია და თამამად ვსვამ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი აჩქარებით. საღამოს სახლში გატარება გადავწყვიტე, რადგან უკანასკნელი რომანისთვის რაღაც მაკლდებოდა. ახირებული რომანისტის ამპლუა იმდენად მოვირგე, რომ ზოგჯერ მეჩვენება იმ სასაცილო გრაფომანებს ვემსგავსები უკვე, რომელთაც წერა უდიდეს კულტად უქცევიათ, ამ დროს კი მხოლოდ მისი დამახინჯებითა და გადაგვარებით არიან დაკავებულნი.
  თუმცა, რა გასაკვირია, რომ ყველაფერს განწყობა სჭირდება.
მას ყველაზე მეტად აჩეჩილი თმა უხდება. ქალივით ლამაზი ტუჩები აქვს. საერთოდ, როცა ვკოცნი, სულ მგონია რომ პატარა ბიჭის ბაგეებს ვეხები. სხეულიც რაღაცნაირი აქვს, ნოტიო და გლუვი. ალბათ, კაცი რომ ვყოფილიყავი გავაღმერთებდი. ახლა კი, მისგან ველი ამას.
  ფსევდორომანტიკულ ქალებს მუდამ გვაქვს ამაზე პრეტენზია და იმდენად ვეფლობით ჩვენს წარმოსახვით სამყაროში, რომ მერე მხოლოდ იქ არსებული კანონებით ვხელმძღანელობთ რეალურ ცხოვრებაში.
იგი კი ისეთი თავისებურია, ვერაფრით გამაღმერთებს. მხოლოდ ფანატიზმი შეუძლია, რადგან ათეისტივით შეპყრობილია საკუთარი სიმართლით.
-  აღარ მყოფნის დღეში ოცდაოთხი საათი.
ვეუბნები და ყავის ფინჯანს ბოლომდე ვცლი. წარმომიდგენია, რა შესახედი ვარ ასეთ დროს მსგავსი ფრაზით. არა, უბრალოდ მისი ფიქრების გაჟღერება ვცადე, თორემ მე ოცდაოთხი კი არა, მთელი ცხოვრება არ მეყოფა ყველაფრისთვის.
- მერე მოიგონე დროის ახალი საზომი ერთეული, ასეთი რაღაცები კარგად გამოგდის.
ისევ თავის ქაღალდებშია თავჩარგული, მხოლოდ ტუჩებით იღიმის მსუბუქად და ამით ვხვდები რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემზე ფიქრობს ახლაც.
- ნუ ხარ ცინიკოსი. უბრალოდ იმდენი დრო მინდა, რომ შეუჩერებლად და დაუნანებლად ვხარჯო ათას სისულელეზე.
- მაგალითად?
ამომხედა როგორც იქნა. ერთადერთია, ვისაც ფერადი თვალები უხდება. ანდაც მე ვარ ერთადერთი, ვისაც ამფერის აღქმა მხოლოდ მასზე შეუძლია განსაკუთრებულად.
- სადმე მინდა წაგიყვანო, თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე.
- ოჰო, საინტერესოა უკვე.
- არა, მართლა გეუბნები. ბოლო ხანებია მგონია, რომ ვეღარ გპოულობ ვერსად.
ვუყურებ და ისე მენატრებოდა, რომ ლამის გული შემეკუმშოს. რა ძნელია, ხედავდე და ვერ ითავისებდე.
- აქ ვარ მე ისედაც.
სახე გაუმკაცრდა. ეტყობა მართლა ცოტაა ოცდაოთხი საათი დღე-ღამეში, რადგან ბოლო პერიოდია სულ ქაღალდებშია ჩარგული.
  მაგიდიდან ფეხები ჩამოვიღე და ფეხშიშველი მივედი მასთან. კისერთან გაბანტული ხელები შემოვხვიე და მის რბილ ტუჩებს შევეხე მსუბუქი ამბორით.
- იცი, რატომ მინდა ბევრი დრო? სულ შენ მინდა დაგახარჯო..
ფსევდოდრამატულობა სისხლში მაქვს და მგონია, რომ მას ამ დროს იმდენად არ სჯერა ჩემი, რომ სიამოვნებით მიმატოვებდა.
ახლაც ვერაფრით ვგრძნობ მისგან იმ სითბოს, რომელსაც ველი ყოველჯერზე, როცა სისულელეებით ვაწუხებ.
- აკეთე ის, რაც მოგწონს, დროზე ნუ ფიქრობ.
ისეთი სერიოზულია რომ გული მტკივა უკვე. როგორ შეგიძლია ჩემს სხეულს გრძნობდე და ფიქრებს გამართულად აწყობდე?
- რემარკისეული სიდინჯე დაგკრავს.
- შენ კი ცვაიგივით სულმოუთქმელი ხარ.
ლიტერატურა ის თემაა, რომელზეც ორივე ერთიანად ვეშვებით სხვა განზომილების ფსკერამდე.
ვშორდები მის სხეულს და აბაზანისკენ მივდივარ.
ახლა რომც შემაჩეროს და ფეხქვეშ გამეგოს, ვერ გავითავისებ. ყველაზე მეტად სიუცხოვე მტკივა ხოლმე, რომელიც ასე გაწოლილა ურთიერთობის ტაეპებს შორის.
  „დამაჯერე, რომ ვერ მიგატოვებ და მთელ ჩემ ცხოვრებას გაგიცვლი ამ რწმენაში“.










                                                      *  *  *



- არ გავხარ ყველა ქალს.
- ყველას არავინ ჰგავს.
- ჰო, მაგრამ შენ იმდენად განსხვავებული ხარ, რომ ვერაფრით გშორდები და ეს მაგიჟებს.
  და ამ შენს თითოვერასრულებულ წასვლას იმხელა აგრესია აქვს, რომ ვერაფრით მპატიობ.
მართლა რომ შეგეძლოს, ალბათ არასოდეს მაპატიებდი რომ გიყვარვარ. ეგ კი არა, ამის გამო საუკუნოდ მომიძულებდი.
- ურთიერთობაში ის მართავს წესებს, ვინც ძლიერია მეორეზე.
როგორი შეუვალია ზოგჯერ.
- და ძლიერი ისაა, ვისაც წინაზე ნაკლებად უყვარს?
დუმილი.
- არ მჯერა მე გაზომილი სიყვარულის.
- შენ არც დღე-ღამეში ოცდაოთხი საათის არსებობის გჯერა უკვე.
- რა შუაშია ეს ახლა?
- დროს მაკლებ...
- არადა, რა ხანია, ჩემი ყველა წუთი დაგითმე..
  ალბათ რას არ გაიღებდა ჩემი ცრემლები რომ ნახოს ერთხელ მაინც. მისი თანდასწრებით ვერასოდეს ვტირი, განა განგებ? არა, უბრალოდ ვერ გამომდის. ისედაც, უნარი არ მაქვს ცრემლებით გამოვხატო განცდა. მას კი ყველგან ჩემი ფსევდოდრამატიზმი ელანდება. ალბათ რომ ვიტირო მხოლოდ მაშინ დამიჯერებს.
- არასოდეს მიგატოვებ, გესმის? არასოდეს.
ვერ ვიტანდი ამ სიტყვებს, როგორ ვერ ვიტანდი, მაგრამ მაინც ვუთხარი.
ხანდახან იმდენად ძვირფასი ხდება ადამიანი შენთვის, რომ დაუფიქრებლად აკეთებ იმას, რაც მას სურს.
  როცა იგი ჩუმად არის მაგ დროს ყოველთვის წონის ნათქვამს და მერყეობს. არ იცის ირწმუნოს თუ არა ჩემი. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო არსება ებრძვის შინაგანად.
  ვერ გაუგია რატომ მიყვარს და პატივმოყვარეობის გამო ამას ვერც კი მეკითხება.
არადა, რატომ უნდა გიყვარდეს რაიმე მიზეზით, როცა გრძნობის ერთადერთი აზრი მისი არსებობაა.
ჰო, შენ ხარ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიყვარხარ.



- რიუნოსკემ თავი მოიკლა.
- მისი ჯოჯოხეთის სურათების შემყურე მეც იგივე აზრზე ვარ.
- ნუ სულელობ. ბალზაკის გადატკბილულ მანერას წააგავხარ ახლა.
- დოსტოევსკის რეალობა ცხოვრებაშიც გვეყოფა.
- მეთამაშე ისე, როგორც უაილდი თამაშობდა პარადოქსებით.
- შენ კი, მარკესივით შემიყვარე..
  იმდენად აღმაგზნებს მსგავსი ჩანართები, რომ დაცლამდე ვსვამ მის სხეულს.
საბოლოო ჯამში, რაღაც იმდენად რეალური გვაქვს ერთმანეთთან, რომ ამ დროს ფსევდორაღაცები უთავბოლოდ ქრებიან.
 





                                                        *  *  *

 

  რომ გავიცანი მაშინ იმდენად პატარა იყო, მახსოვს გავიფიქრე, ამ გატუტუცებულმა ბიჭმა როგორ უნდა მომხიბლოს-თქო?!
ორი წელი გავლიე ისე, რომ ზედმეტი არც მიფიქრია. ალბათ ხანდახან ხანგრძლივი გზა უნდა განვლო, რომ მიხვიდე იმ სწორ ბილიკამდე, რომელსაც გზის დაწყებამდე რომ გენახა ვერც კი იცნობდი.
  ასე შევყოვნდი მერე შენთან. აღმოგაჩინე ხშირ ეკალ-ბარდებს მიღმა და ისე თამამად შემოვაბიჯე, რომ არც კი მიფიქრია შესაძლო შედეგებზე. (საერთოდ, ჩემი სტილი არაა შედეგებზე ფიქრი, ხომ იცი).
  წლები არ ტოვებენ კვალს, მხოლოდ არსებული გარემოება ემჩნევა ჩვენს ხასიათს. ხოლო თუ გარემოება სტაბილურად ნარჩუნდება, მაშინ წლები უბრალო ციფრებია.
ჩვენ კი დიდხანს შევყოვნდით, ზედმეტად დიდხანს..








- შენგან მივდივარ.
ისევ ქაღალდებში იქექებოდა.
- რომანის დაწერა დაასრულე?
თითქოს არ გაუგონია შეკითხვა, ისე ამიგდო თემა ბანზე.
- რომანი არა, შენ დაგასრულე.
არ შემიხედავს, მხოლოდ ვაზაში ნახევრადდამჭკნარ კამელიებს გავხედე და რამდენიმე მათგანი წამოვაყოლე.
კართან ისე მივედი, არც კი გამოსულა რამის სათქმელად.
იმდენად დაიღალა ჩემნაირთან ცხოვრებით, რომ ვერც ვამტყუნებ. დაღლაც არაა, უფრო აპათია. გიყვარდეს და ვერ ითავისებდე.
ჩვენ ერთი და იგივე სენი გვჭირს, მხოლოდ სხვადასხვანაირად გამოვხატავთ.
მისი ქრონიკული სამსახური და ჩემი ექსპრესიული გამოხტომები.
- სანამ არ გავიხსენებ რატომ მიყვარხარ, არ დავბრუნდები.
ჩავიჩურჩულე. არამგონია გაეგო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკრავდა ყურს, თუკი ჩემს უკან იდგა, კედელს მიყრდნობილი და ჩემს მაგივრად ტიროდა.
  არ შეუძლია გამოხატოს გრძნობა და როცა ამას ახერხებს იმხელა სიძულვილი იპყრობს, რომ მგონია დამსჯის ამისთვის ოდესმე.
  იცი, შესაძლოა ძლიერები თამაშის წესებს ადგენენ, მაგრამ თამაშის სულისჩამდგმელები სუსტები არიან.
და სიყვარული არ იზომება, ძვირფასო.
და შენც ხომ ხედავ, იმდენად ძლიერი აღმოჩნდი, რომ ამისგან დასუსტდი უკვე.







                                                      *  *  *




  კამელიებით ხელში მივაბიჯებდი და ლიბრივით გადამკვროდა ჩვენი ურთიერთობის კადრები. ბევრგან ავცდით, შესაძლოა, მაგრამ ვინ თქვა რომ შეცდომა ურთიერთობას ანგრევს? ზოგჯერ პირიქითაც ხდება.
  მავნე ჩვევა არის შენი ჩემი არშეჩერება და ცუდი ზნე მაქვს, რადგან მუდამ წასვლაზე ვფიქრობ.
  მე ახლა თავზესაყრელად მქონდა დრო და შემეძლო რომანი კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება თავიდან დამეწერა. აღარაფრის მოგონება არ იქნებოდა საჭირო, რადგან მეც უთავბოლო პერსონაჟს დავემსგავსებოდი მხოლოდ და პრეტენზიებიც შემიმცირდებოდა.
  ნელ-ნელა ხალხის თვალიერებას მივყავი ხელი და როცა ერთ-ერთ მაღაზიასთან კამელიებს თაიგულს მოვკარი თვალი, უმალვე ხელებზე დავიხედე. თითქმისდამჭკნარი ყვავილები ისე უხეიროდ მეჭირა, რომ წამით შემრცხვა კიდეც. სწრაფი ნაბიჯით მივედი დახლთან და იქვე მდგარ მყიდველს შევეკითხე მშვიდად.
- გიყვართ ვინმე?
ალბათ ვინმე შეშლილი თუ ვეგონებოდი. მკვეთრად გამომხედა და ყავისფერი თვალები დაუმრგვალდა გაოცებისგან.
- თუ გიყვართ, კამელიები უყიდეთ მას.
- რატომ?
მკითხა დაეჭვებით, ალბათ უკვე გადაეწყვიტა, რომ ნამდვილი გიჟი ვიყავი.
- რადგან მუდამ ახსოვდეს, რომ მთავარი არ არის რა გაქვს, მთავარია როგორ გრძნობ იმას, რაც გაგაჩნია.
  კამელიებისსუნიანი ჩვენი სახლი მომენატრა..







                                                        *  *  *



  კარი ჩვეულებრივად გამიღო, არ გაჰკვირვებია ჩემი დანახვა. თუმცა, შესაძლოა გაოცდა კიდეც, მე ხომ არ შემიხედავს მისთვის სახეზე.
- სად იყავი?
მკითხა დაღლილი ხმით და ისევ წარმოვიდგინე, როგორ დინჯად იჯდა მაგიდასთან ჩემი წასვლის შემდეგ და სიგარეტს ეწეოდა.
- კამელიები ვიყიდე, ძველები დაჭკნა უკვე.
კაბინეტისკენ ავიღე გეზი და ახალი ყვავილები ჩავაწყე ვაზაში.
აღარაფერი უთქვამს ამაზე. და მისი დუმილით მივხვდი, როგორ ეტკინა ჩემი წეღანდელი საქციელი.
- სამსახურიდან წამოვედი.
მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ოთახში ორი ფინჯანი ყავით დავბრუნდი.
პირში ბლანტი გემო ვიგრძენი. ალბათ ასეთი გემო აქვს ვერდაღვრილ ცრემლებს. ჩუმად წარმოვთქვი.
- იცი, მივხვდი რომ არაფერი იზომება, მათ შორის არც დრო.
- ეგ როგორ?
- რა მნიშვნელობა აქვს დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი იქნება თუ ოცდათექვსმეტი? მე ზუსტად ისეთივე სიძლიერით მეყვარები ნებისმიერ წუთს.
  როგორ უხდება ეს ღიმილი, როცა გრძნობ, რომ შენს გარდა ვერასოდეს ვერავის შეიყვარებს.
არა, ის ათეისტივით ფანატიკოსი არაა და არც მორწმუნესავით მაღმერთებს.  მას უბრალოდ ძალიან მარტივად, სუნთქვაც ვერ წარმოუდგენია უჩემოდ. ეს გათავისებაა, რომელიც ყველა მიმდინარეობაზე ძლიერია.
  იცით, ხანდახან მართლაც უნდა წახვიდე, რომ მიხვდე, ბოლოსდაბოლოს სად არის შენი ადგილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები