ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაღალდის სამყარო
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2012


ზეცის ცისფერი ესკადრა

- მოდი მამი, ჩვენი თამაში დაიწყო, მიმართა მაღალმა ჭაღარაშერეულმა კაცმა აწითლებულ,  კიკინებიდან თმებჩამოყრილ გოგონას , რომლის სილუეტმაც ფანჯარასთან ასკინკილებით გაიხტუნა.
- მოვედი მამ, ჯერ თავი შემოჰყო, ანცი თვალებით მოათვალიერა ოთახი და მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, როცა დარწმუნდა რომ დედის დატუქსვას გადაურჩებოდა. დატუქსვა კი დაიმსახურა, უკვე მერამდენედ ატირა ნათი.. რა მისი ბრალი იყო რომ ნათი ერთ უნებლიე დაჯიკავებაზეც კი ფაფხულა მონაცრისფრო თვალებიდან ცრემლების მთელ ნაკადულს უშვებდა...5 წუთში რიგდებოდნენ, ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა რომ ნათი მორჩილად ამოხედავდა ნაცრისფერი , ცოტათი გაბუტული თვალებით, კიდევ 5 წუთი და უკვე ერთად მიიპარებოდნენ მეზობლის ალუჩის ხეზე...
- გოგო კი არა ნამდვილი ჭინკა ხარ!  უკვე დიდი ხარ და როგორ იქცევი ჰაა?! ხატიასგან მაინც აიღე მაგალითი, რა სერიოზული და თავდაჭერილია....
სერიოზული, თავდაჭერილი-გაიფიქრა გულში, სულ არ მაინტერესებს იმ სათვალიანი , სირისტიანი ქალაქელის სეროზულობა.... ეგ მაშინ, კიდევ 8-ჯერ  ალუჩის ყვავილობა და ის და ხატია საუკეთესო მეგობრები გახდნენ...
-კარგი გეყოფა, ნუ ეჩხუბები,  წამოიზრდება და თვითონ მიხვდება რომ გოგო უფრო წყნარი და სერიოზული უნდა იყოს..თან სიყვარულით აღსავსე თვალებით შეხედა,  გულში უხაროდა კიდეც სახლში ეგეთი გადარეული ჭინკა რომ ჰყავდა...როგორ სიამოვნებდა გოგონას როცა დედის მორიგი დატუქსვისაგან მობუზულს მამა მშველელად რომ მოევლონებოდა....
ოფლით დაცვარული შუბლი ჭუჭყიანი ხელებით მოიწმინდა , მამას თვითკმაყოფილი მზერა ესროლა და ტახტზე წამოწოლილს გვერდზე მიუწვა...
- დაიწყო მა უკვე? ჩვენი იტალია თამაშობს ხომ? ხომ მოვიგებთ? ხომ მოვიგებთ? ლა ლა ლაა... სულმოუთქმელად დააყარა კითხვები.
- კი დღეს ჩვენი იტალია იგივე ,, სკუადრა აძურა „ თამაშობს უპასუხა დიდმნიშვნელოვნად და სიამაყით, სიამოვნებდა რომ ასე ჰგავდა ეს ჭინკა ფეხბურთის სიყვარულშიც კი.. მერე მამამ ხელი ამოუდო გაწეწილ თმასა და ოფლით დანესტიანებული კისრის ქვეშ და მსუბუქად აკოცა შუბლზე...ასე უყურებდნენ შუაღამემდე  თავიანთ ,, სკუადრა აძურას“...ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში... მერე რაღაცეები განაცრისფრდა...გოგონა გაიზარდა, მამიკო? მამიკო წავიდა, გაჰყვა იმ ნაცრისფერ მდინარეს რომელსაც ზოგჯერ ,,თავიანთი“ სკუადრა  აძურას ფერი გადაჰკრავდა...
...ალუჩამ კიდევ 9-ჯერ იყვავილა...goal, goal... ერთბაშად დაიგრუხუნა მთელმა კორპუსმა... ოთახი, ოთახში ორნი , მაგიდა , მაგიდაზე ლურჯი კენტი.. ნერვიულად აიღო წვრილი ღერი... არასდროს ეწეოდა... გიომ გაკვირვებით შეხედა, არაფერი უთქვამს.. იმ მომენტში არც აინტერესებდა გიო რას იფიქრებდა ან რას ეტყოდა...აივანზე გავიდა და ხარბად  დაიწყო მოწევა, თითქოს მწყურვალი იყო ამ მოლურჯო შხამის. ცოტა ხანში გიომ გამოჰყო თავი და უთხრა: სად გახვედი ეეე? 
-იტალია ფინალშია.არაფერი უპასუხა..ამოისუნთქა მძიმედ, თავი ოდნავ ასწია, ფილტვებიდან ამოსული ნაცრისფერი ბოლი სპირალისებურად დაიკლაკნა , ჯერ ჰორიზონტალურად გასწორდა...გოგონას სახეზე ნაზმა ღიმილმა გადაურბინა და ხმადაბლა წაიჩურჩულა- ჩვენი იტალია ისევ ფინალშია მამი...მერე ყურადღება უკვე ვერტიკალურად გასწორებულ ბოლს გააყოლა რომელიც ცისკენ მიიკლაკნებოდა... ახედა ზეცას- ზეცას ,, მათი სკუადრა აძურას“ არომატი და ფერი ჰქონდა“....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები