ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2008


ესსე- ''ჩემი სიყვარულის პწკარედი''

ესსე

/ერთი ლექსის ანალიზი/

საკუთარი ნაწარმოების ანალიზის წარდგენა მკითხველის წინაშე რაღაცით ძალიან ჰგავს იმას,რომ ვინმეს  საყვარელი ადამიანის სურათის ნაცვლად რენტგენოგრამა უჩვენო.და მაინც,ამგვარი სურვილი განაპირობა გარემოებამ,რომ ძნელია წარმოიდგინო არა მარტო პოეტი,არამედ საერთოდ,ხელოვანი,რომელსაც არ რჩებოდეს ერთგვარი დაუკმაყოფილების გრძნობა,როცა ეცნობა სხვათა მიერ საკუთარი შემოქმედების შესახებ გამოთქმულ თუნდაც დადებით შეხედულებებს.
    ამ სტრიქონების ავტორსაც,თუმცა თავი კრიტიკის ნებიერად მიაჩნია,არ ტოვებს ეს გრძნობა. მას ხშირად უფიქრია,რომ უმჯობესია,ლექსის გამოქვეყნება კომენტარებით ან დაწერა მცირე წერილებისა,სადაც ახსნილი იქნება ბევრი ისეთი რამ,რისი მხატვრული გადმოცემის ამოცანასაც ისახავს.
    ქართულ პოეზიაში ამგვარი ტრადიცია არ /ან თითქმის არ/  არსებობს,მსოფლიო პოეზიიდან კი დანტეს ''ახალი ცხოვრებისა''და ედგარ პოს ''პოეზიის პრინციპების''დასახელებაც საკმარისია.
ცხადია,ლექსი,რომლის ანალიზსაც ახლა გთავაზობთ,საგანგებოდ ამ მიზნისათვის არ შექმნილა.

                        ჩემი სიყვარულის პწკარედი



დაშემოდგომდა/დადგა შემოდგომა/,

რა ლამაზი ხარ /შენ/,
ვისაც  /ახლა/  ჩემი სიყვარულის ცოლი  /მეუღლე/  გქვია!
როგორ მოდიხარ ხალხში /ადამიანებში/ -
- ამაყი და ოდნავ თავდახრილი,
როგორც ვარდი    /უკვე/  მოწყვეტილი!

მოდი,დავაწყოთ ეს ჩანთები,
სადმე ჩამოვსხდეთ,
და მიამბე,
როგორ არის    /ის/,
ვინც მე და შენ შეგვაერთა  /დაგვაკავშირა/...

ვით ღელვა ნავებს,
ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?
ისევ უყვარს უშაქრო ჩაი?
ისევ ბრაზდება,
ბიბილოზე თუ ეხებიან  /შეეხები/?
არ მიგონებს?  /არ ვაგონდები?/

მერე წავიდეთ ჩვენ-ჩვენი გზით  /მიმართულებით/,
ვიაროთ ასე,
ვიდრე ყველანი
საბოლოოდ
  იქ /?/  შევიყრებით  /შევერთდებით,ერთნი გავხდებით/!


ლექსის [B]ფაბულა[/B]ასეთია:ლირიკული პერსონაჟი-ქალი დაშორდა შეყვარებულს,რომელთანაც,როგორც ჩანს , /''ისევ ბრაზდება,ბიბილოზე თუ ეხებიან,/შეეხები/?''/  , ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
/ამ სახის პირველწყაროა რომაელი პოეტის კატულუსის ერთი ლექსი:''ო,კატულუს,გატანჯულო,დაანებე ჭმუნვას თავი'':
მიპასუხე,საყვარელო,ამა ქვეყნად რა მოგელის,
ნეტავ ახლა ვინ გიცქერის,მშვენიერო ქალთა შორის.
ვინ გაგიგებს ნეტავ ჩემებრ ან სიყვარულს ვინ გიწოდებს?
ნუთუ ვინმეს უალერსებ,ნუთუ ვინმეს უკბენ ტუჩებს!
შენ კი,შენ კი ო,კატულუს, შეუვალი უნდა დარჩე!
ლექსი გადმოვაქართულე ს.შერვინსკისეული რუსული თარგმანიდან/.
შემოდგომის ერთ დღეს ქუჩაში მიმავალმა ქალმა თვალი მოჰკრა ''თავისი'' სიყვარულის მეუღლეს .ამ შემთხვევამ გაახსენა განვლილი სასიყვარულო ურთიერთობა,ამ ურთიერთობამ კი -სიკვდილი,საიქიო ცხოვრება,რომელზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.სჯერა მხოლოდ,რომ ''ბოლოდ შეყარნეს მიწამან'' ისინი,ვინც ამ ცხოვრებაში ერთად არიან და ისინიც,ვინც აქ აღარასოდეს იქნებიან ერთად.სააქაო ცხოვრებაში  ამგვარი ''შემყრელი'' არის გრძნობა-გონება ადამიანისა,აქ - ქალის ყოფილი შეყვარებულისა.
  ერთობის,თანამყოფობის,ერთგვარი კეთილგანწყობის მოტივი სიტუაციის გამო მტრად ქცეულ ადამიანებს შორის გამოხატულია ქართულ ხალხურ პოეზიაში  /''იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა''/, ლიტერატურული პოეზიიდან გავიხსენოთ პ.იაშვილის ''ელენე დარიანი წერს ურალოდ და არეულად'':
ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
ჩემზე უბედურ ჩემი მეტოქის...
თანამედროვე ქართული ეროტიკული პოეზიის ძირები სწორედ ამ პოეტს უკავშირდება.საანალიზო ლექსის გმირიც ე.დარიანის სულიერი შთამომავალია.
    ნაწარმოების ფაბულა და [B]სიუჟეტი[/B] ერთმანეთს არ თანხვდება.ამბავი იწყება ქრონოლოგიური შუალედიდან,-''ახლადან'',გადადის წარსულში,ხოლო წარსულიდან - მომავალში.
    ლექსის [B]სათაურში[/B]:''ჩემი სიყვარულის პწკარედი'' ორი ასპექტი იგულისხმება.პირველი მიემართება შინაარსს.მოცემულია ცდა იმ  თითქმის ბანალურობამდე მისული აზრის მხატვრული გადმოცემისა,რომ ის,რაც ჩვენს შინაგან სინამდვილეში /არ მინდა ,გამოვიყენო სიტყვა  - სული/ არის ნამდვილი,სიტყვიერ ''ენაზე''
გადმოტანისას იქცევა თარგმანად,უფრო ზუსტად,პწკარედად,რომელიც ვერც ემოციურად,ვერც აზრობრივად ვერ დაეტოლება დედანს,უბრალოდ,გვიქმნის წარმოდგენას,საერთო შთაბეჭდილებას იმაზე - ''ნამდვილზე''.
    მეორე ასპექტი,რომელიც ფორმას მიემართება,ასეთია:ლექსის გარეგანი ფორმა,გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს იმიტაციას პწკარედისა,სადაც,ჩვეულებრივ,ფრჩხილებში ისმება ის სავარაუდო მნიშვნელობები,რომელიც ამა თუ იმ სიტყვის,სახის დასაზუსტებლად გამოდგება.
  ჩემს ლექსში ამ ხერხის მხატვრული ფუნქციაა,არა მარტო დააზუსტოს ნათქვამი,არამედ ზოგან,სხვა ჭრილში წარმოგვიდგინოს,სინონიმის მეშვეობით ''შეატრიალოს'' სიტყვის სემანტიკა..მაგალითად:''არ მიგონებს?'არ ვაგონდები?/ -ეს ორი ზმნა ,ერთი შეხედვით,შინაარსობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისგან,მაგრამ რეალურად პირველ სიტყვაში გამოხატულია ნება ადამიანისა,მოიგონოს ან არ მოიგონოს რაიმე,მეორეში კი - მოგონება თითქოს ამ ნებისგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.აქ სუბიექტია მთავარი პერსონაჟი-ქალი,რომელიც ცდილობს,შინაგანი ხმა მიაწვდინოს ყოფილ  /უფრო ზუსტად -  უცვლელ /  შეყვარებულს  .
      ლექსის პოეტური მეტყველება ძირითადად  საკომუნიკაციო ლექსიკას ეყრდნობა.გამონაკლისია დასაწყისი - ''დაშემოდგომდა'', რომელიც ნაწარმოებია ''დაზამთრდა-სა''და  ''გაზაფხულდა-ს'' ანალოგიით.  ''და''-ზმნისწინი ,განსხვავებით ა-,გა-,გადა- გადმო-საგან,პასიურია.გამოხატავს ერთგვარ მოდუნებას.ამ სიტყვასაც ორი ასპექტი აქვს.პირველი აღნიშნავს წელიწადის დროს,ხდება მოქმედების,სიტუაციის დროითი ლოკალიზაცია,მეორე გულისხმობს,რომ პერსონაჟი-ქალი  ''დავიდა''  ზენიტური  ,გაზაფხულური''    მდგომარეობიდან  ''დაშემოდგომებამდე''.
      ტროპის სახეებიდან ლექსში გამოყენებულია შედარება,მისი პირველი ნიმუში:''ამაყი და ოდნავ თავდახრილი,როგორც ვარდი,  /უკვე/ მოწყვეტილი.'',ცოტა არ იყოს ,სახიფათო გზით არის მიღებული.სიტყვა ''ვარდს''  პოეტურ  ''ენაში'' უკვე აქვს დადგენილი სტატუსი,სემანტიკური ველი.წესით,პოეტი,რომელსაც  ორიგინალობის პრეტენზია აქვს,უნდა  ერიდებოდეს ამ ტიპის სიტყვებით მხატვრულ ოპერირებას.ჩემთვის ეს არის რეტრო-ხერხი,ორიენტირებული მკითხველის პროვოცირებაზე,რომლის აღძვრაც,მხატვრული თვალსაზრისით,საჭიროდ მეჩვენება,რადგან სახე არატრადიციული მიმართულებით ვითარდება - ლაპარაკია უკვე  მოწყვეტილ ვარდზე,რომლის სიამაყე და ოდნავი თავდახრილობა მაინც ფასადური პოზაა,ხოლო შიგნით დაწყებულია კვდომა.ვარდი მოწყვეტილია თავის ძირს,თანაც      უ კ ვ ე    მოწყვეტილი,  /ამ მოქმედებას ინგლისური ზმნის ''პრეზენტ პერფექტი'' შეესაბამება/.  "უ კ ვ ე მოწყვეტილობა'' მომწყვეტის  უ კ ვ ე  ასრულებულ სურვილზეც მიგვანიშნებს.
    სახე აგებულია ანტიკლიმაქსის გზით,განწყობა დაღმავალია:ვარდი - ამაყი, თავდახრილი,მოწყვეტილი.
    ამ შედარებიდან მეტაფორამდე ერთი ნაბიჟია.იგი წარმოადგენს შედარებად ''დაშლილ'' მეტაფორას:''ამაყო და თავდახრილო,ვარდო,/უკვე /  მოწყვეტილო!''
    მე ხელს არ მაძლევდა ეს მეტაფორული ვარიანტი,იკარგება სიტყვებზე ''/უკვე/ მოწყვეტილი'' აქცენტირების საშუალება,რადგან აქ ამაყო,თავდახრილო,მოწყვეტილო - ერთგვაროვანი სინტაგმებია. ამ ერთგვაროვნების შთაბეჭდილებას უფრო გააძლიერებდა მეორეპეონური ოთხტერფედი:
       
ამაყო და თავდახრილო,
ვარდო,უკვე მოწყვეტილო!

თანაც ლექსის დასაწყისში,სადაც ვცდილობ,აღვძრა პწკარედის შთაბეჭდილება.
  მეორე შედარება:''ვით ღელვა  - ნავებს,ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?''  - ქართული პოეტური აზროვნებისათვის ცოტა უცხოდ გამოიყურება.საერთოდ,თანამედროვე  პოეზიისათვის კი ორიგინალურად ვერ ჩაითვლება.,თუმცა  ტენდენცია არაპოეტური საგნებისა და  მოვლენების ''გაპოეტურებისა'' - არაესტეტიკურის ესთეტიზაცია დღეს დამახასიათებელია ქართული პოეზიისათვისაც /გავიხსენოთ ბესიკ ხარანაულის ''ვარდებისაათვის კია რა ვიხრები,პალოებს ვაძრობ.'' -''ხეიბარი თოჯინა''/.
    ფეხსაცმლისა და სანაოსნო ტრანსპორტის მსგავსების იდეა ვისესხე ქსენია ნეკრასოვას ლექსიდან ''მეგობარს'',სადაც ფეხსაცმელებს,როგორც ხომალდებს,ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან მოჰყავდათ სატრფო,თუმცა  ეს შედარება უფრო ''გავაპროზაულე'':თუკი ამ პოეტისათვის ფეხსაცმელი-ხომალდი სუბიექტია,მე ფეხსაცმელი-ნავი გავიაზრე,როგორც ობიექტი,საშუალება იმის საჩვენებლად ,თუ როგორი მღელვარება -''ღელვა'' შემოაქვს /შემოჰქონდა/  ჩემს ლირიკულ გმირში საყვარლის მოსვლას.
  ""ჩანთები'' -შეიძლება გაგებულ იქნეს,ერთი მხრით ,როგორც  თითოეულის ინდივიდუალური ქვეცნობიერი  სათავსი ,მეორე მხრით კი  ,როგორც სიმბოლო ყოველდღიური ყოფისა,მძიმე ტვირთი,ვალდებულება,რომელსაც ჩვენ ვეზიდებით,როგორც რიგითი ადამიანები.ფიქრი სიყვარულზე,რაოდენ მჭმუნვარე და გაუხარელიც არ უნდა იყოს,არის ''დაწყობა'' ამ სიმძიმისა,მისგან თუნდაც დროებითი გამოხსნა.
    თუმცა,როგორც დასაწყისში აღვნიშნე,ლექსი სიუჟეტურია,ვცადე,გავრიდებოდი აღწერითობას.არცერთი წინადადება,გარდა პირველისა - ''დაშემოდგომდა  /დადგა შემოდგომა/'' არ არის თხრობითი..ჭარბადააა კავშირებითკილოიანი ზმნები,კითხვითი ინტონაციები.
    მოცემულია ცდა პუნქტუაციისათვის მხატვრული ფუნქციის მინიჭებისა ერთი მხრივ,ფრჩხილებით,მეორე მხრივ - კითხვის ნიშნის მეშვეობით:
  '' საბოლოოდ იქ  /?/  შევიყრებით,''.
    თუკი ტრადიციულად პუნქტუაცია ემსახურება ლექსითი თუ არალექსითი ტექსტის ლოგიკურ და სინტაქსურ ინტონაციურ მოწესრიგებას,ეს ''უადგილო''კითხვის ნიშანი მხატვრულ-სემანტიკური ფუნქციისაა,ანუ გრამატიკული ტროპის სახეობაა.
  ლექსის [B]გრაფიკა[/B] თავისუფალია.გვაქვს ხუთი ვერტიკალური ბლოკი,მონაკვეთი,რომელიც სტროფულად გამიჯნულია შინაარსობრივი პრინციპით. აქედან პირველი -ერთსტრიქონიანია,დანარჩენი ოთხი კი ხუთ-ხუთ სტრიქონიანი..ეს უნდა გვაძლევდეს საფუძველს,ვილაპარაკოთ ლექსის სტროფულობაზე,მაგრამ არცერთი ეს მონაკვეთი არ არის რიტმულად თანაზომიერი დანარჩენებთან მიმართებაში,ისევე ,როგორც თითოოეულ მათგანში არ არის დაცული რაიმე რიტმული თანაზომიერება,ამიტომ ისინი უნდა მივიჩნიოთ არა სტროფებად,არამედ სტროფოიდებად.
    პირველი ორი სტროფოიდი ეყრდნობა ფრჩხილებში მოთავსებული თავისუფალი ჩანართებით დესტრუქცირებულ ე.წ. დიდ და მცირებესიკურ საზომთა კომბინაციას:დანარჩენ სტროფოიდებში ეს ფრჩხილებიანი სიტყვები,პირიქით,არეგულირებენ რიტმს.შემეძლო,ლექსის ბოლომდე შემენარჩუნებინა მათი''გამათავისუფლებელი ''  ფუნქცია,მაგრამ ამით ის გაუცხოების ეფექტი,რომელსაც მათი გამოყენება ქმნის ლექსის დასაწყისში, თანდათანობით გადაიქცეოდა ბარიერად,თანაც ნაწარმოები დაკარგავდა რიტმულ  ''სილაღეს''.
  ამ ლექსის რიტმული თავისებურება გვიჩვენებს,რომ ჩვენს წინაა ერთერთი ყველაზე ''არათავისუფალი''სახეობა ვერლიბრისა -  თავისუფალჩანართებიანი,პოლიმეტრული, სტროფოიდული ლექსი თავისუფალი გრაფიკით.
    რაც შეეხება [B]ინტონაციას[/B],,მის თავისებურებას თავისუფალ გრაფიკასა და კითხვით წინადადებებთან ერთად ქმნის იგივე ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები,რომელიც ძირითადად სტრიქონის ბოლოს - რიტმულ-ინტონაციურად ძლიერ ადგილას არიან მოთავსებული და ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიან ტრადიციასთან - ''ტონით დაბლა წევენ'' ამ სტრიქონთა ბოლოებს.
    ამით ვამთავრებ ანალიზს, ვტოვებ რა ,ყურადღების მიღმა ყველა იმ მხარეს ლექსისა,რომელსაც,ჩემი ფიქრით, განსაკუთრებული,ინდივიდუალური მხატვრული ფუნქცია არ აკისრია.თანაც,აღარ მინდა გამოწვლილვითმა ანალიზმა მეტად  ''გაამუქოს'' შთაბეჭდილება,რომელსაც აღძრავს რენტგენოგრამის ცქერა.
                                                                                    1989

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები