ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2012


სამი წერტილი(...)

სამი წერტილი(...)
სამი წერტილი,
სამი ასო, შენი სახელის,
სამი ცრემლიც და...
სუნთქვას შეწყვეტს
შენგან დევნილი,
,,მე შენ მომწონხარ...’’ –
სამი სიტყვა,  სამი წეტილის,
ლექსებს მოგიძღვნი,
მიგანიშნებ სამი წერტილით...
სამების სამი,
საკრალური რიცხვი, ლოცვების,
სამი წერტილი,
ჩემში მბორგავ ჩუმი გრძნობების,
სამი ასო,
სამი ცრემლი,
სამი წერტილი...
მე ჯერ არასდროს
არ დამისვამს(ასე)
სამი წერტილი...

  სამი წერტილიც და დავხურე მეგობრული ნიღბით ილუსტრირებული მოსაწყენი წიგნი, წამოვედი ცუდი ფილმიდან და გადავწყვიტე ურთიერთობის გაწყვეტა იმ ადამიანთან, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მართალია, მაფასებდა, როგორც მეგობარს, მაგრამ არა, როგორც ქალს...
  არ მინდოდა, გული გტკენოდა...
არ მინდოდა, მეღალატა ჩვენ შორის არსებულ ჰარმონიულ მეგობრობისათვის და შემდეგ გული მტკენოდა, როგორც ქალს...
რომ არა სამი წერტილი, ალბათ, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, მაგრამ მე არ მიყვარს მოჩვენებითი ქმედებებით დამტკბარი ცხოვრების დინების ცქერა...
  ზოგჯერ აუცილებელია, მისაღები ფორმით გამოუტყდე მამაკაცს შენს გრძნობებში, მისადმი შენს ნამდვილ დამოკიდებულებაში, რადგან მომავალში შეყვარებას და სიყავარულის გამო თავის მოკვლას, რასაც მე არასდროს გავაკეთებ, რადგან ,,სიყვარულის გამო მხოლოდ კინოში იკლავენ თავს’’, სჯობია, დროულად შეამზადო საპირისპირო სქესის ადამიანი, რომ გრძნობების ამოფრქვევით გულის კრატერში ამოსულ ლავას თავაწეული და წელში გამართული შეებრძოლოს...
  გული მწყდება, რომ დაგკარგე...
  ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მოგმართო დახმარებით და შენც შენივე კეთილი თვალებით გამომხედავ...
  მე განვაგრძობ არსებობას გუშინდელი სამი წერტილის დასმის შემდეგ...
  მე აუცილებლად გავხდები წარმატებული ქალი და შენ იამაყებ ჩემით...
  მე არც არაფერს გთხოვ...
  ყველაფერი უფლის ნებაა...
არაფერი არ ხდება უბრალოდ...
არ არსებობს  დამთხვევა და მსგავსი ფაქტები...
ბედნიერი ვარ, რომ არსებობ და გაგიცანი...
ერთი წამითაც არ ვყოფილვარ ამ ხნის განმავლობაში უბედური...
დადგებოდა დრო, როდესაც დაწვრილებით დავწერდი ყოველივეს, თუმცა, რადგან ვიცი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ანუ შენ, თავმდაბალსა და მზის სხივებით განმსჭვალულ თვალების მქონეს, არ მოგეწონებოდა ჩემი საქციელი, არასოდეს გავაკეთებ ამას...
არასოდეს წავალ შენი სურვილის წინააღმდეგ...
და აღარასოდეს გათქმევინებ მეათასეჯერ...
არასოდეს დაგადანაშაულებ იმაში, რომ შენ მიმართ აკრძალული გრძნობა გამიჩნდა...
ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ სიყვარული დანაშაულია...
მაპატიე, სამი წერტილისათვის...
გული მტკივა, როგორც ქალს...
ბედნიერი ვარ, რომ არსებობ...


19 ივლისი, 2012 წელი
ამონარიდი
უცნობი ქალის დღიურიდან.




 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები