ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2012


ორი შეშლილი

ორი შეშლილი

------------

ერთად დადიან!-

-იტყვის მავანი

და გვერდს ჩაუვლის

ორი შეშლილი-

-ლექსი, ჩემსავით

ამპარტავანი,

მე, სუსტი ყველა

ჩემი ლექსივით.



სარკესთან ისევ

პირისპირ დავრჩი,

როგორ დამეტყო

შფოთი და დაღლა,

ვერ მოვიშორე

მათხოვრის ჩაჩი,

ვერ მოვიშუშე

მასხარის დამღა...



ნეტავი ცოტაც

გამაძლებინა,

ზაფხული ქშინავს

სიცხის დილემით,

ლარზე გაბმული

ნაგაზებივით

წრეებს უვლიან

სახლებს ჩრდილები...



სულ პაწაწინა

ლაქა ვარ მელნის,

ისევ ღრუბლიან

ფურცლებს ვეჩვევი,

გალუმპული მაქვს

წვიმებით მხრები

და გუბეები

დამაქვს პეშვებით....



ბილიკს შეაცვდა

ჩემი ღიმილი,

მაკრთობს საწუთროს

სახე ტიალი,

და მონანიე

პილიგრიმივით

ლექსიდან ლექსში

დავხეტიალობ...



შრიალებს პალმა

თუ პაპირუსი,

ზღვა ღელავს,

როგორც ლექსის

სტრიქონი

და ცდილობს ტალღა

სანაპიროზე

ყველაზე ძველი

კენჭი იპოვოს.



ცაზე მთვარეა

- ღამის არაბი,

თეთრი ცხენით და

ცხელი მითებით,

ვარსკვლავებს შორის

თრთოლვით გავაბი

ლექსები - ჩემი

ბეწვის ხიდები...



შენიღბულია

ისევ დარბაზი,

ისევ ღიმილი

მტკივა ბაგეზე,

და შიშით ხელში,

როგორც ჯამბაზი,

ისე გავდივარ

სიტყვის ბაგირზე...







ჭადრაკს თამაშობს

------.

ჭადრაკს თამაშობს

მეფე რიჩარდი,

ნებიერ თვალებს

ლომივით ნაბავს,

ჯარისკაცი კი

ხელში ნიჩაბით

თხრის სანგარს,

როგორც საკუთარ

საფლავს.





***



ვიქნებით მარად კაცი და ქალი,

და აუმღვრეველ

თოვლში, ღმერთმანი,

ჩვენ გავცვლით გულებს,

ჩვენ გავცვლით თვალებს

და ასე უფრო

ვიგრძნობთ ერთმანეთს...



ჩვენ ერთმანეთში

გადავსახლდებით

და ფართოდ გავხსნით

სახლის კარებებს,

და ვარსკვლავები

ცეცხლის თვალებით

ჩვენს ერთგულებას

უდარაჯებენ.



ჩვენ ასე ერთად

ვივლით ყოველთვის,

ჩაუქრობელი

ორი მნათობი,

და მოჟივჟივე

ზამთრის პოეტებს

გაათბობს ჩვენი

გულის ფართობი...



ვიქნებით მარად

კაცი და ქალი,

და აუმღვრეველ

თოვლში, ღმერთმანი,

ჩვენ გავცვლით გულებს,

ჩვენ გავცვლით თვალებს

და ასე უფრო

ვიგრძნობთ ერთმანეთს...





გიული ჩქარეულს

----------

მზე ყოველ დილით თერგის წყალს დალევს

მთაო, შენ შენი დარდი მოყევი,

მე მუდამ მახსოვს პოეტი ქალი

ლექსით მდიდარი ჩემი მოხევე...



ლაჟვარდებს ჰკვეთავს ცხენი უბელო.

ჭირხლი შეჰყრია ციხეს თოფიანს

და მყინვარწვერის ყველა ღრუბელი,

როგორც პოეტი დად გამნდობია...



ცაზე გაშლილან უფლის ცხორები,

აქ მზეც მწიფეა ვით ბროწეული

და ხევში ჰყვავის დედის ცხოვრება.

ლექსი ყველაზე გამორჩეული...



მზე ყოველ დილით თერგის წყალს დალევს

მთაო, შენ შენი დარდი მოყევი,

მე მუდამ მახსოვს პოეტი ქალი

ლექსით მდიდარი ჩემი მოხევე...





მე ქუჩასავით ღარიბი ვარ

-----------------



მე ქუჩასავით ღარიბი ვარ,

კვამლის და თუჯის ფერი მიმაქვს,

დარდი და სევდა შევაქუჩე

ჭრელები, როგორც ციცირები,

ამ ქუჩას ჩემი თვალები აქვს,

ამ ქუჩას ჩემი ხელები აქვს,

მივდივართ? - არა, მე და ქუჩა

მტვრიან სარკეში ვიძირებით...





ქარზე დადიან

-------

ხის ტოტი ჰქვია

ფრინველების

პარტერს...

იარუსს...

ფრენას სწავლობენ,

ვერ სწავლობენ

ქარზე სიარულს...



მავთულებს

შორის

უხილავი

რკინის ბადეა

და ბეღურები

განა ფრენენ,

ქარზე დადიან...





გზა

-----

გზაა

ღამის ცასთან

ნაზავები,

მთვარე

ქვაფენილად

ნალაგები,

ცაზე

კაშკაშებენ

ვარსკვლავები,

როგორც

შორეული

ქალაქები...



მიწას

სცვივა

წლების

ფოლაქები,

ცას კი

მთვარის

ზურგზე

ნატარები,

ფეხზე

გასცვეთია

ხომალდები,

როგორც კოსმიური

ქალამნები...





***



ათასი შუქი

გულივით ფეთქავს,

მთვარეს ვარსკვლავი

მძივივით უჩანს,

შეყვარებული

ქუჩას რომ ერქვას,

მას უნდა ჰკვეთდეს

მეორე ქუჩა...



ყოველი ბაღი

ნელ სურნელს აკმევს,

მესმის ჩურჩული -

-გიყვარვარ?! - დიახ!

შეჰყვარებია

სარკმელი სარკმელს,

რადგან ცოტა ხნით

დატოვეს ღია...





ემიგრანტ დედებს

-------------·



ლეილა ჯინორიას, მედეა სიხარულიძეს, გიული ჩქარეულს, ქეთევან ჯახაიას, გულნარა სვანიძეს, მანანა გიგანს, ლელა საძაგლიშვილს, ნინო ქემაშვილს, ნატა მიმინოშვილს, მელანი თურქმენს, მანანა ჩიქოვანს, მაია ნადირაძეს და ყველა ღირსეულ ქართველ ქალბატონს, რომლებიც საკუთარი მუხლმოუხრელი შრომით უცხოეთიდან ინახავენ საქართველოს!





შორს იყოს წყევლა და ანათემა,

ლოცვაში გულ გამოხვეულები

ქართველი დედები ანათებენ -

ტაძრებად ქცეული სხეულებით...



და რადგან ეს მიწა ისევ ბრუნავს,

შიშველი მინდვრები გვავალებენ,

სამშობლოს მწვერვალებს დავუბრუნოთ

დედები - ქართული გალავნები...



მე ქალი ვერ ვნახე მოშვებული,

სამშობლოს წყლულით და იარებით

ქართველი დედები დროშებივით

ქარში და წვიმაში ფრიალებენ...



შორს იყოს წყევლა და ანათემა,

ლოცვაში გულ გამოხვეულები

ქართველი დედები ანათებენ -

ტაძრებად ქცეული სხეულებით...









ნანა მეფარიშვილს და მანანა ელიაშვილს

---------------------------------------------------------

ნიუიორკში მოღვაწე ქართველ პოეტებს



სული არა სცნობს

მანძილს და სივრცეს,

მარადისობას

ელტვის ყოველთვის,

ცხოვრებას ერთი

წესი აქვს მტკიცე,

არ ავიწყდება

პოეტს პოეტი.



ხელის ჩაქნევა

ნამდვილად არ ღირს,

გზაა სიცოცხლის

მწიფე ხეხილი,

მეგობარს ერთი

წესი აქვს ნაღდი,

არ მიგატოვებს

კარგი ლექსივით...



ეს ნაზი ქალი

კლდე არის თითქოს,

ლექსებით ხელში

ანათებს ქარში,

პოეტი, როცა

პოეტზე ფიქრობს

მზეც სხვანაირი

ამოდის მაშინ...



სული არა სცნობს

მანძილს და სივრცეს,

მარადისობას

ელტვის ყოველთვის,

ცხოვრებას ერთი

წესი აქვს მტკიცე,

ყოველთვის ახსოვს

პოეტს პოეტი.



***



ეს გული არა ბერდება,

უფალი ღმერთი გვფარავდეს,

სიცოცხლე მაინც გრძელდება

და გაგრძელდება მარადის...



ტანზე აცვია ფარაჯა,

ღამეს ათენებს სანგარში

და საქართველოს დარაჯობს

ქართული ლექსი -განგაში...



სივრცეს იმედით გავყურებ,

და ვეფერები გზებივით,

ლექსებს ვაზივით გასხლულებს

და ფეხადგმულებს ჯვრებივით...



გზას მიუყვება რითმიანს

სამშობლო მრავალფერება,

აქ ნოეს ენა იციან

თონეებმა და ქვევრებმა...



გადმოიარეს ზღვა, ყურე,

აკურთხეს მიწა ხნულივით

და თორმეტი მთა დამყურებს

თორმეტი მოციქულივით...



ეს გული არა ბერდება,

უფალი ღმერთი გვფარავდეს,

სიცოცხლე მაინც გრძელდება

და გაგრძელდება მარადის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები