ავტორი: საკანი 17 ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2012
სიტყვების სიმღერა
დღეს ისე უეცრად მეცლება სიტყვები, როგორც ხეს გრიგალში ლამაზი ფოთლები. გრძნობების სცენაზე ცეკვავენ ფიქრები და ჩუმად ცრემლებქვეშ სევდისგან ვღონდები.
ის, რაზეც მე ვტირი, ჩემი ცხოვრებაა, თუმც შენ ხომ არ გესმის რაოდენ რთულია მიწვდე შენს ოცნებას, ეშმაკის დაჩეხილს... ჩემი გზა ცოდვებით უკვე მორთულია.
თავს ვღუნავ ხატებთან, თითქოს რომ ვიცანი ჩემივე ცოდვების დამპალი ვნებები, მაგრამ ეს გული ხომ ამპარტავანია? იქნებ მე ჩემივე ცხოვრებას ვნებდები?
გარეთაც გრუხუნებს, თითქოს მრისხანებით ღმერთიცვე მპასუხობს, რომ დროა ცვლილების, რომ დროა მახვილი ავიღო ხელებში, რომ დროა ცხოვრება დავამხო იმედით.
მივდივარ ტაძარში სულში ცრემლნარევი და ჩემი ცხოვრება მხრებზევე მალპება, ვიჩოქებ მუხლებზე უღრმესი წამებით და წმინდა გიორგის მახვილი ნათდება.
ვხვდები, რომ დრო დადგა ჯვრის მხრებზე დადების, მივდივარ მოძღვართან ცოდვების ფურცლებით: ”შეგცოდე, მამაო, შეგცოდე რამდენი, ჩემივე ცოდვების სამარეს ვუწვები.”
ოლარის კალთებქვეშ ვდგავარ თავდახრილი და ჩემი ცხოვრება უჩუმრად ნათდება, იწყება ახალი სიტყვების სიმღერა და ისევ თავიდან ცოდვებში ვარდება.