ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკა წიკლაური
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2008


შავი ზღვის საკურთხეველთან

ვარ პატარძალი...
ტანთ მაცვია შავი ზღვის კაბა,
ღამის სიმუქე უსასრულო ფატად მფენია,
ვერსად მოისმენთ დედოფალის ამდაგვარ ამბავს,
ეს მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ჩემი უშნო სენია...

შემომეტმასნა მე ტალღების ცივი ალერსი,
ქუფრი და მლაშე ამბორებით ვარ მოქარგული,
გრძნობას დაგიშენთ პატარძალი - მკაცრად ალესილს,
და არ დაგინდობთ თუ ვინმე ხართ უღვთოდ ორგული...

ვარ დედოფალი შავი ზღვისა,
შავი გრძნეული...
და ვაბრდღვიალებ მაყვალივით ანთებულ თვალებს,
მიყვარს სიმუქე,
როცა ზღვაზე ვარ სულ ეული,
ნადიმზე ვიხმობ მე ბნელეთის მოღუშულ ძალებს...

დავგრგვინავ მიწას, მივახეთქებ ჩემ კაბის კალთებს,
ნარნარი ცეკვა ვერ ვახდინე ჩემ პატარძლობას,
დედოფალი ვარ ... და ეს ფიქრი სულ-გულს მინათებს,
შავ ზღვას ვარგუნე გიჟმაჟური ყმაწვილქალობა.

2008 წლის თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები