დიდი ხნის წინ, არც ისე შორს ამ ქალაქიდან... და მერე, არც ისე ახლოს ამ ქალაქთან... გოგონა დაიბადა... თავიდანვე განსაკუთრებული ბედნიერება მოდიოდა მისგან, ასხივებდა- თითქოს სიხარულისგან, თითქოს ეს პატარა არსება უკვე აზროვნებდა და ხვდებოდა რომ უდიდეს ბედნიერებას- დაბადებას ეზიარა და ამ ცხოვრებაში შემოდგა ნაბიჯი, რომელიც ბევრ სასწაულს უქადდა..ჯერ ვერ ხედავდა, მაგრამ თავის ბრიალა შავ თვალებს შეუსვენებლივ აცეცებდა აქეთ - იქით. ხოლო როცა კი მხედველობა მიეცა პირველი მთა დაინახა, დაინახა და მის იქეთ ვეღარაფერი შეამჩნია. თავიდან შეეშინდა, არ ელოდა რომ ეს ბუმბერაზი 'რაღაც" დახვდებოდა ამ ქვეყანაზე და მოიხიბლა... მისმა სიდიადემ და სიამაყემ მოხიბლა. თავმოყვარედ იდგა, თითქოს ამ პატარა არსებას ვერც კი ამჩნევდა და აინუშშიც არ აგდებდა. არც ყურადღების ღირსად თვლიდა, თითქოს. მაგრამ ეს მხოლოდ შირმა იყო, დიდი საიდუმლო რომელსაც არასდროს არავის გაუმხელდა. მანაც იგრძნო ბრიალა თვალების ძალა და გული შეეკუმშა. მზის ამოსვლასავით გახდა მისთვის ამ ბრიალა თვალებში ჩახედვა. მზე კი ყოველდღე ამოდიოდა. გოგონას საწოლი პირდაპირ უყურებდა მთას... მშობლებს უხაროდათ წყნარი ბავშვია,მთელი დღე ერთს არ იტირებსო... მაგრამ საკმარისი იყო მთა მოჰფარებოდა თვალს - ვეღარ აჩუმებდნენ. რას წარმოიდგენდნენ მიზეზი თუ მთა იყო, რომელიც გოგონას ათასობით ზღაპარს უამბობდა, უყვებოდა ძველ ხალხზე, ცივილიზაციებზე და ათას სხვა რამეზე... მას საუკუნეების ცოდნა ჰქონდა.. ამ ყველაფერს გოგონა კარგად იმახსოვრებდა. წლისა უკვე ლაპარაკობდა და თან ისეთ ამბებს ჰყვებოდა ყველას აოცებდა, საიდან ამდენი ცოდნაო, ყველა შეჰნატროდა მის მშობლებს ასეთი ჭკვიანი ბავშვის ყოლა ბედნიერებააო. მშობლებიც იფერებდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში მეტად გაოცებულნი იყვნენ, ასეთი ისტორიები საიდან უნდა სცოდნოდა მათ შვილს, მსგავსი ხომ არც კი უთქვამთ რამ. მათაც აოცებდათ და გულს უყინავდათ სახლის წინ აღმართული მთა, მაგრამ ამ უსულო საგნისგან რაიმე მსგავსი სარგებელი წარმოუდგენლად მიაჩნდათ, სიმართლე რომ ვთქვათ არც კი გახსენებიათ, სანამ გოგონამ ერთ დღეს არ თქვა: "დღეს მთამ იცით რა მითხრა?", თავიდან ყურადღება არ მიაქციეს, პატარა ბავშვი ათას სისულელეს ამბობს, მათთვის ყველაფერს ენა და გონი აქვსო, მაგრამ როდესაც ეს რამდენჯერმე განმეორდა და თან ისეთი ამბები მოყვა რომელიც არავის უნდა სცოდნოდა - თუკი ვინმე დადარაჯებული არ იყო... , მთა კი თითქოს მართლაც დარაჯივით ატუზულიყო მათ სახლთან. შეშფოთდნენ და დაფიქრდნენ... ბევრი იფიქრეს, თუმცა სარგებლის გარდა არანაირი ზიანი არ მოჰქონდა, მაინც წასვლა გადაწყვიტეს. მაგრამ რა იცოდნენ რა იქნებოდა შემდეგ... დრო გადიოდა, გაზაფხულს ზაფხული ცვლიდა. ზაფხულს-შემოდგომა. მთა ხან ცისფერი იყო, ხან მწვანე, ხანაც კი ფერებარეული- ჭრელითქო ვერ ვიტყვი. -ბებოსთან ერთად ვცხოვრობდით. დილის 6 საათისათვის უკვე ფეხზე იყო და ღუმელში ცეცხლს ანთებდა. შემდეგ ბოსელში მიდიოდა და პირუტყვს წველიდა. პირუტყვის მოწველას აქ თავისი წესი აქვს, თუ მოწველის წინ ძროხასთან ხბოს არ მიუშვებ და არ მოაწოვებ, რძეს დამალავს და არ მოგცემს. ბებოც ასე შვებოდა. მერე რძიანი ვედრო სამზარეულოში შეჰქონდა და ისევ ბოსელში ბრუნდებოდა პირუტყვის ასაშვებად. ჯერ ძროხებს გაუშვებდა გარეთ და ნახირს გააყოლებდა. ნახირში პირუტყვს მუდმივად ახლდა ორი კაცი, რადგან ტყის სიახლოვის გამო მგლების ეშინოდათ, რომლებიც უპატრონოდ გაშვებულ ძროხებს მაშინვე თავს ესხმოდნენ. ნახირი როგორც კი მოეფარებოდა თვალს ბებო მაშინვე ბოსელში ბრუნდებოდა, ხბოებს უშვებდა და იქვე მდებარე საძოვარზე მირეკავდა. ამის შემდეგ ტანსაცმელს გამოიცვლიდა, ხელ-პირს დაიბანდა და რძეს რძის სახდელ მანქანაში გამოხდიდა. გამოხდისას რძე ორ ნაწილად იყოფა: ერთია ნაღები და მეორე უცხიმო რძე. პირველს შეინახავდა, ხოლო უცხიმო რძეს წუხანდელ გამოხდილ რძესთან ერთად მოათავსებდა დიდ ქვაბში, ქვაბს ცეცხლზე შემოდგავდა და ყველის ამოღებას შეუდგებოდა. მერე ჩვენ გვასაუზმებდა და გარეთ გადიოდა ბოსტანში. იქვე სახლის გვერდით მცირე ნაკვეთი ჰქონდა მოღობილი, სადაც ჯერ მხოლოდ მწვანილი იყო აბიბინებული, კარტოფილი კი ახალად იყო ამოსული. მამა გამარგვლაში ან გათიბვაში ეხმარებოდა. ხის მოტანა - დაჩეხვაც მისი საქმე იყო. დედა კი მე მივლიდა. საღამოს ბებო ისევ წველიდა ძროხებს. მთის ხალხს არ უყვართ კარჩაკეტილად ცხოვრება და შინაურს საქმეს რაკიღა მოათავებენ, მიეშურებიან აქეთ-იქით სამუშაოდ. ბებოც მიდიოდა, ქალებს მატყლის დარჩევაში ეხმარებოდა. მხოლოდ კვირაობით ისვენებდა. მთაში განსაკუთრებით ინახავენ ამ დღეს, არ მუშაობენ, მიწასთან მიკარებაც კი არ შეიძლება. უფლის დღეაო და ისვენებენ. აქ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა... მაგრამ ეს იყო მისი მოვალეობა, რომელსაც პირნათლად ასრულებდა. სტუმარი უხაროდა ძალიან. თუკი კვირა ისე გავიდოდა არავინ მოვიდოდა, მოიწყენდა ხოლმე. უცნობ გამვლელსაც კი ეპატიჟებოდა ჩვენსას. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, სტუმარს მაინც მხიარული და ენერგიული ეჩვენებოდა. -რა კარგად გხსომებიათ ბავშვობა. "ნისლი მახსოვს კიდევ. დედა მეუბნებოდა ხოლმე: ისეთი ნისლი მოვიდა ბებოს სიკვდილის დღეს მეზობელი სახლი აღარ ჩანდაო, თუმცა აქ მითხრეს, რომ ისეთი ნისლიც მოდის საერთოდ ვერაფერს ვეღარ დაინახავო და არ გაგიკვირდესო. ჯერ ველი...
გაგიჟებით უყვარდა მთა. შეყვარებული თვალებით, მოჯადოებულივით საათობით შესცქეროდა ღამის მნათობისგან განათებულს, თუმცა კი შორეულს, თვალის მიწვდენამდე დაპატარავებულს. აქედან შორი იყო მთებამდე, თუმცა კი თუ კარგად დააკვირდებოდით ჰორიზონტს მთის დანახვასაც შესძლებდით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მხოლოდ ღამე ჩანდა, ამიტომ ყოველღამე მოდიოდა გოგონა აქ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ახალგაზრდას, რომელიც ასევე ყოველღამე მოდიოდა ამ ადგილას, მაგრამ არა იმიტომ რომ მთისთვის ეყურებინა, ის აქედან ზღვას ეძებდა, მის შორეულ, ჩუმ ღელვას უგდებდა ყურს, ღამე კი როგორც მოგეხსენებათ უბრალო გაფაჩუნებაც ხმამაღლა ისმის.. ჩუმად, ყველასგან მალულად მოდიოდნენ , მოკალათდებოდნენ სასურველ ადგილას და ასე ფიქრებში ითენებდნენ ღამეს, დილას ისევე ჩუმად, ფეხაკრეფით მიიპარებოდნენ, იმის იმედით რომ არავის შეუნიშნავთ. ქალაქში კი უმალ შეერეოდნენ ხალხს, თითქოს ვითომც არაფერი, უბრალოდ მზესაც კი დაასწრეს ადგომა- სიცოცხლეს მოწყურებულებმა. -------------------------------------------- ჩვეულებრივი დღე იყო. საღამო. ხალხი ძველებურად მოძრაობდა ქუჩაში. მოედანზე ბავშვებს მოეყარათ თავი. ზოგი ჩოგნით, ზოგი კი ბურთით თამაშობდა. იქვე გოგონები ჩამომსხდარიყვნენ და მთელი ემოციებით რაღაცას განიხილავდნენ. ვიღაც კაცი პეიზაჟს ხატავდა, სხვა ძაღლს ეთამაშებოდა. ტურისტები მთელი მონდომებით უღებდნენ გარემოს სურათებს. სახლის თავზე დროშა ფრიალებდა. ნიავი იყო, თუმცა საკმაოდ თბილოდა. გოგონა მარტო ჩამომჯდარიყო გრძელ სკამზე, ბიჭი კი ველოსიპეტით წრეებს ურტყავდა... ძალიან ცდილობდა ყურადღება მიექცია, გოგონა კი ვითომც არაფერი ხდებოდესო გარშემო და ძალიან ჩაფლული ვარ ფიქრებშიო - თავს არ სწევდა. არადა სიხარულით გული ამოვარდნას ჰქონდა. ის იყო.. მისი ღამეული ფიქრების გამზიარებელი-თვითონ ასე ეძახდა, რადგან ყოველღამე გათენებამდე ერთად იყვნენ. თუმცა კი ცალცალკე - სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა ფიქრებით. ვიღაც ბიჭმა ცეკვა დაიწყო, ბედნიერი სახე ჰქონდა და მხოლოს იმას გაიძახოდა - არ მჯერა, არ მჯერაო. ლამაზად კი ცეკვავდა. ხალხი უცებ შეგროვდა მის გარშემო. ეკლესიის ზარებმა ცხრაჯერ დარეკეს. ლამპიონები აინთო. ბიჭებმა ჩაირბინეს, გაჩერებული ავტობუსისთვის უნდოდათ მიესწროთ . უეცრად რაღაც საშინელი ხმა გაისმა... წვიმა დაიწყო... ნელნელა დაცარიელდა მოედანი... მხოლოდ ერთ სკამზე გოგონა იჯდა, თითქოს ვერც კი ამჩნევსო წვიმას. ბიჭი კი ისევ გარშემო უვლიდა ველოსიპედით. ვითომ არც არაფერიო... ------------------------------- -და როგორ გაიცანით ერთმანეთი? -ფიქრების ზღვაში შევაბიჯეთ. თავიდან გვეუცხოვა, შეგვეშინდა და უკან დავიხიეთ, მერე კიდევ ვცადეთ. ისეთი ცივი აღარ მოგვეჩვენა... შევედით და შევყევით... სიამოვნების გრძნობამ შორს გაგვიტაცა: რაც უფრო ღრმად შევდიოდით უფრო მეტ ადრენალინს ვგრძნობდით და ამან ისე ჩაგვითრია უკან დასაბრუნებელი გზა დავკარგეთ და ჩავრჩით ფიქრებში და ასე გავხდით ფიქრიანები და ასე შევუკავშირდით ერთმანეთს. -მერე რა იყო? -მერე? მერე მალევე ამიხსნა სიყვარული - არ გეგონოთ იჩქარა, არა, ზუსტად დროული იყო. ----------------------------- -სიცოცხლის სიხარული ხარ, ტალღასავით რომ მოაქვს მზის სხივს -ახდენილი სიზმარი ხარ... -ღიმილს ჰგავხარ, გაცოცხლებულს... -წვიმის ბოლო წვეთს ჰგავხარ, ხმაურით რომ ეშვება დედამიწაზე -ყველას რომ აგებინებს - ბოლო ვარ და ერთადერთიო. -ყვავილის მტვერით დარეტიანებულ ფუტკარს ჰგავხარ, ნეტარებაში წასულს რომ არევია გზა-კვალი. -გაზაფხულზე აყვავებული ტყემლის ხე ხარ! -ცაში ასროლილი თაიგული ხარ! -ღრუბლიანი დილის მზის პირველი სხივი ხარ. -ფაფუკი თოვლი ხარ, ყველას თავისი რომ ჰგონია, მსუბუქად რომ აბაკუნებენ ზედ ფეხებს. -ბუჩქის ქვეშ მიმალული ია ხარ, რომ ეშინია თვალის გახელის და ნამიც კი თავსხმა ჰგონია. -ჩემი ხარ, მზეც ხარ, მთვარეც და ზეცაც. -ქარიან ღამეს სანთელი ხარ, ჩემი თვალების მზე ხარ... -მე არ დაგპირდები ვარსკვლავს მოგიწყვიტავ ციდან-თქო, მაგრამ გპირდები არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ მარტო. ყველაფერს, ყველაფერს მხოლოდ შენთვის და შენს გამო გავაკეთებ და რომ არ გეყოლება ქვეყანაზე ჩემი მსგავსი მეგობარი. სიყვარული მხოლოდ ბედნიერებაა და ვიბედნიეროთ ამ გრძნობით, ვიყოთ მთვარეც და მზეც... ზოგჯერ ვარსკვლავებიც; გადმოვხედოთ ხანდახან ადამიანებსაც... შევაწიოთ რჩევა-დარიგებები. უბრალოდ ვიყოთ კეთილები, გავხსნათ გულები და ბედნიერება თვითონ გაიგნებს გზას... ვლაპარაკობ მაგრამ არ გეგონოს ეს მხოლოდ სიტყვებია, რომელიც ამ ღამესთან ერთად გაქრება...
ბედნიერებისა და ნათელი მომავლის იმედით გაცისკროვნებულები ცაში დაფრინავდნენ. მათ გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ცეკვავდა და მღეროდა. "ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, როგორც ყველა. ვითვლიდით ნაბიჯებს - შეიძლება წამებს... დრო მიჰქროდა... ვნატრობდით ჭაღარაშერეულ თმას და ისევ ასე სიარულს..."
-ერთი კითხვა მაწუხებს: ამდენი ხანია ლაპარაკობ მთაზე, გიჟდები, ლამის მის იქეთ ვეღარავის არჩევ და რატომ არ მიდიხარ იქ? თუნდაც ზაფხულში- რატომ ერთხელ არ ასულხარ? - არ ვარ მზად! -??? -ზოგჯერ ოცნება უფრო მეტია ვიდრე განხორციელებული რეალობა. ახლა რომ ავიდე, ვიცი ვერ გავძლებ, მარტოობა და უცივილიზაციობა გამტანჯავს და უკან დავბრუნდები, უკან წასასვლელ გზას კი საბოლოოდ მოვიჭრი, რადგან მერე ვიფიქრებ რომ არ ვყოფილვარ მთისთვის და იქ ცხოვრებისთვის გაჩენილი. -ცხოვრების ბოლომდე მთაში გინდა ცხოვრება? რატომ ამბობ უარს ყველაფერზე. -მინდა, მაგრამ ხომ ხედავ ეს ჯერ მხოლოდ სურვილია, სწორედ ეს "ყველაფერი" მაკავებს აქ... მე არ ვიცი როდის ვიქნები მზად, შეიძლება ხვალ, შეიძლება სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ამიტომ მოდი მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, რადგან არ მინდა ჩემი გეგმებით შენ გული გატკინო... ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და ღმერთი თვითონ გვიჩვენებს გზის დასასრულს.
გოგონა ყოველთვის თეთრ ფილაქანს ირჩევდა სასიარულოდ, ბიჭი კი შავს და დადიოდნენ ასე, ფერის შეუცვლელად... ხოლო როდესაც ყავისფერი დიდი ფილაქანი შეხვდებოდათ აუცილებლად ახტებოდნენ... იმ ქალაქში ფეხით მოსიარულეთა გზები სულ შავ-თეთრ-ყავისფერი ფილაქნებით იყო გაწყობილი. "პირველი თოვლის მოსვლას ისეთივე სიხარულით ვხვდებოდით, როგორც თოვლის ქვეშ დამალული ენძელის პოვნას და მერე ზაფხულში ამ ადგილას მარწყვს რომ წააწყდები და სიხარულისა თუ მოულოდნელობისგან რომ აღმოგხდება "აუუუ" . პირველ ლუკმას რომ დაუფიქრებლად წაიღებ პირისკენ და სიამოვნებისგან თვალებს დახუჭავ., მხოლოდ გემოზე რომ იფიქრო..." _ ამის მერე რაღა უნდა მოხდეს? – ვიკითხე ქვეყნიერებას მოწყვეტილმა . _ ყველაფერს თავისი დრო აქვს, – მომესმა პასუხად – ცოტაც მოითმინე და შენი თვალით ნახავ!
"სრულიად შეუფერებელ ადგილას და დროს მიუბრუნდა და ყურში უნდა გითხრაო რაღაც: წვიმაში მე და შენ, ჩვენ ორნი მარტო, მუსიკა თავისთვის უკრავს ტანგოს, თითები შენს ხელში უჩუმრად ანცობს. თან ფერებს ფიქრების, რითმებად აწყობს. პასუხს მოელიან შენგან: ან "არა"-ს ან "ჰო"-ს. "ჰო" ან კი რა უნდა ეპასუხა სხვა.
ფორთოხლისფერ ხეებს მწანე ფოთოლი რომ გასცვივდა. ეს მაშინ მოხდა. საოცარ ადგილას დაიწერეს ჯვარი... ჯვრისწერაც საოცარი იყო, მხოლოდ ორნი - მღვდლისა და მეჯვარეების გარეშე. პატარა ადგილი- ორი ადამიანი ძლივს ეტევა, სულ მცირე ნაბიჯი წინ ან უკან და შეიძლება ყველაფერი საბედისწეროდ დამთავრეს. ადგილი კი როგორც გითხარით საოცარი იყო. იქვე ქალაქთან, არც ისე შორს - სადაც მდინარე ტბას უერთდება და ხმაურით ეშვება კლდის თავზე , საოცარი ფერისაა - კაშკაშა მწვანე, ალბათ კლდის წყალობით. სწორედ ამ კლდის ერთ შვერილზე იდგნენ ახლა - ასე ამაყად რომ გამოჰყოფოდა თავისიანებს, წინ წამოწეულიყო, თუმცა კი მარტო და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მწვანე ბალახი ხასხასებდა ზედ ათასფერი ყვავილით. დღემდე მიკვირს როგორ ჰყვავის იქ ამდენი ყვავილი, ძალიან პატარა ადგილია - ორი ადამიანი ეტევა-თქო ისიც თუ პირისპირ დადგებიან - თითქმის რომ უნდა ჩაეხუტონ ისეთ პოზაში. ბიჭმა დიდი თაიგული შეკრა, "მდელოს" კი თითქოს არც არაფერი მოჰკლებია. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ამ ადგილის შესახებ არავის წარმოდგენა არ ჰქონდა საიდუმლოდ ჯვარდაწერილების გარდა. მიკვირს ან ამათმა კი საიდან იცოდნენ-თქო. გოგონას სიზმარში უნახავს - როგორც სიზმარს სჩვევია - ცოტა აბურდული იყო, შთამბეჭდავი და თან ხელის გაწვდენამდე - დროსა და სივრცეში. ადვილად მოაგნეს. მღვდელი რომ არ ჰყავდათ?! ყველაფერი წესითა და რიგით შეასრულეს- როგორც სრულდება ეს საიდუმლო ეკლესიაში. იმ პერიოდში რაც კი ტაძარში ჯვრისწერა იყო ყველას დაესწრნენ- მხოლოდ ერთი არ იცოდნენ: რას აკეთებდა მღვდელი საკურთხეველში - ამას ვერც იკითხავდნენ, თუმცა გამოსავალი მალევე იპოვნეს-იმ ადგილს საკურთხეველი არ ექნებოდა, ასე რომ პრობლემაც აღარ არსებობდა. გოგონას როგორც წესი: თეთრი კაბა ეცვა- თმაში თეთრი ყვავილი- ფერიას ჰგავდა. ისეთი ლამაზი იყო მის შემხედვარე ვაჟს სულ ავიწყდებოდა ლოცვას რომ კითხულობდა. ბიჭს კი ტრადიციული ტანსაცმელი ჩაეცვა, მისი კუთხისთვის დამახასიათებელი. -"თანახმა ხართ ცოლად გამომყვეთ, გაიზიაროთ სიხარული და მწუხარება და იყოთ ჩემთან ერთად სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?' რატომღაც აქაც ჩვეულებრივი გოგონასავით მოიქცა- ყოველთვის გამორჩეულობას დანატრებული და რამოდენიმე წამით შეყოვნდა "ჰო"-ს პასუხამდე. ეს წამები კი , როგორც ყველა ნეფეს, ბიჭსაც საათებად მოეჩვენა. ჯვრისწერა კი მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ერთადერთი და გამორჩეული მსოფლიოში. თუმცა მათ გარდა არც არავინ იცოდა ეს... "მთა მარად ახალგაზრდა იქნება, მე კი დავბერდები, შენც დაბერდები... ოღონდ ნელნელა, მთა კი ისევ ახალგაზრდა იქნება." ასე ეჭვიანობდა ხოლმე მთებზე და ცდილობდა ასაკობრივი სხვაობით დაევიწყებინა ჩემთვის პირველი სიყვარული. "ნუ ეძებ ბედნიერებას იქ სადაც არ არის. შეეშვი მათ... მთებისთვის შენ ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, ადამიანი თავისი მიწიერი გრძნობებით. ისინი უფრო მაღალს შეჰნატრიან, მზეს, რომელსაც ვერ სწვდებიან მაგრამ აგერ უკვე საუკუნეებია მხოლოდ მისკენ მიილტვიან. "მე ყოველთვის ვეპასუხებოდი რომ მხოლოდ მთებშია ბედნიერება. "ბედნიერება არ არის, რომ გხედავ? რომ ვცოცხლობთ? რომ გვხვდები და მხვდები?”. გაზაფხულს პირველი იასამანი რომ გასცვივდა და ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან, მაშინ დაიწყო ჩვენი თაფლობისთვე - ჩემი ზღვაზე, მისი კი მთაში - ხო, თაფლობისთვეც განსაკუთრებული გვქონდა - მე - ზღვასთან, მას - მთასთან. - საინტერესოა. წერილებით გავუზიარეთ განცდები ერთმანეთს... -შეიძლება წავიკითხო? "მე და ის... გიჟი მოცეკვავეები, მღვრიე ვალსი ტალღებში , თითქოს ბედნიერებას ეცეკვები, ზღვას სიყვარულობანას ვეთამაშებოდი: აი ასე უბრალოდ; მე - შენ - ჩვენ. ღრმად შევედი, ისე ღრმად რომ მიწა მხოლოდ მოცომციმე შუქებად, მოგონებად ან იმედად ჩანდა. ზღვა აბრეშუმის სარჩულს ჰგავდა, მოცეკვავე ქალის სხეულიდან რომ ცურდება ნელ-ნელა.. მთვრალი ზღვა ღელავდა... და ზღვა იყო ისეთი ფერის, დაუსაბამო, მეგონა მზისფერ სამყაროში შევიდოდი - ცოტაც რომ მევლო."
- შეგიყვარდათ? - ვერა, ვერ დავიჩემე ზღვა. რატომ? ნელნელა მოპარვით გაცლის საძირკველს, თავიდან გგონია გეღლაბუცება, გეფერება. ნელნელა გეპარება და იპყრობს შენს გულს. შენც ეჩვევი, ენდობი და უცებ აღმოაჩენ რომ საყრდენი აღარ გაქვს, ისიც აღარ არის. ყოველთვის მაშინ გტოვებს როცა უკვე შენი გგონია. ამიტომაც არ გახდა ჩემი - შეიძლება უბრალოდ მისთვის ადგილი ვეღარ მოიძებნა ჩემს გულში, შეიძლება... -და ამ დროს თქვენი მეუღლე მთაში იყო ხომ? - დიახ, ეს წერილი ჩემთვის ახლა ისე ძვირფასია: "კვლავ უღიმის მთას მწვერვალიდან სანატრელი მზე გაზაფხულისა! პირველი ღამე მთებში ისე ახლოს ვხედავ ვარსკვლავებს, მგონია სადაცაა და ხელით შევეხები. გარშემო წყვდიადი, თავი ტრიალ მინდორზე მეგონებოდა რომ არ ვიცოდე სულ რამდენიმე ნაბიჯი და მთის ფეხებს წავაწყდები. არ მინდა გავაღვიძო. ასე მგონია დოინჯშემორტყმული გადმომხედავს ზემოდან, დამიმახსოვრებს და გულში ჩაიდებს ამ ჩემს უნებლიე შეცდომას, შემდეგ კი, როდესაც შესაბამისი გარემოება შეიქმნება, აუცილებლად გამიხსენებს და მაზღვევინებს "თავხედობას". ამაყია და ბუმბერაზი, არავის აძლევს უფლებას ზედმეტად შეაწუხოს, არავის თვლის ამის ღირსად." ------------------------------ -რატომ ხარ ასე? - ასე მინდა და იმიტომ... -რატომ გინდა?! - არ ვიცი, გულს ვერ უბრძანებ... -ეცადე? - კი, როგორ არა, აბა საიდან მეცოდინებოდა?1 - ხალხში გავრცელებული აზრია... - არ ვიცი, მე ხალხის აზრები, სანამ ჩემს თავზე არ გამოვცდი. ალბათ ხალხი ბრძენია... -ეგ ანდაზაა (დიდი ღიმილი) -ხომ გითხარი არ ვიცი, მსგავსი არაფერი გამიგია, ალბათ ეს ხალხი ჩემს გულში იჯდა, რატომ გეღიმება? -ანდაზებით ლაპარაკობ... -მე მართლა არ ვიცი რას ამბობდა ხალხი, უბრალოდ ვლაპარაკობ იმას რაც ვიგრძენი, გამოვცადე, დავაკვირდი, შევამჩნიე ან აღმოვაჩინე... - იმის თქმა ხომ არ გინდა რომ დავაგვიანე? -დაგვიანება რაღა შუაშია? -რა ვიცი ყველაფერზე მითხარი- ეგ უკვე ნათქვამიაო... -ეგ არაფერს ნიშნავს! -გული მტკივა... დუმილი -რატომ არ მეკითხები რატომ მტკივა გული? კითხვისნიშნით სავსე თვალები მომაგებე, მაგრამ თოვლივით ცივი, მზეს ვერ ვხედავდი მათში, არ ვიცი გიპასუხო თუ არა. იქნებ არც გაინტერესებს, ამბობენ ადამიანების თვალებში ის ჩანს რაც უნდა დაინახონ, ის კი არა რაც უნახავთო. იქნებ მე სხვა მგონია და შენ სულ სხვას ფიქრობ? ამიტომაც ვარჩიე გაჩუმება. რას წარმოვიდგენდი რომ საუბარი განმეორდებოდა, ოღონდ შეცვლილი როლებით და დასასრული კვლავ ასეთი ექნებოდა... მე ვერ ვკითხე რატომ გტკივა გულითქო. იმიტომ რომ პასუხი ვიცოდი და შემეშინდა... შემეშინდა მისი დაკარგვის, ის ხომ ჩემს გულში ცხოვრობდა. მე და გული ვბედნიერობდით, ღამე სიზმრების სამყაროში ბოდიალის უფლებას გვაძლევდა, ოცნებები ერთმანეთს ემატებოდნენ და ამით ვბედნიერობდი და მაშინ როცა მოვისმენდი პასუხს ამ ყველაფერს დავკარგავდი... მწარედ აღმოვჩნდებოდი რეალობას მიჯაჭვული, და მე "ჰო"-ს ვერ ვიტყოდი - არ შემეძლო, ვერ მოვშორდებოდი მთას... და მერე სამუდამოდ ვინანებდი რომ სულიერს - უსულო, მატერიალურს არამატერიალური ვამჯობინე, მაგრამ მხოლოდ მე ვიცი რა ძალად დამიჯდა ჩემი ტკივილის ოცნებებად ქცევა. და ახლა ერთ უბრალო სიტყვას, ორ ბგერას ვერ დავანგრევინებდი ამ ყველაფერს... ნეტა ამ დროს ის რას კითხულობდა ჩემს თვალებში?1
მერე უკვე აგვისტო იწყებდა გახუნებას - ეშხში შედიოდა ფერების სიმწვანეს ყვითელს რომ მატებდა. -უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე, მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და შეიძლება სწორედ ამიტომაც შევცდი. არ უნდა მიმეცა უფლება გული სტკენოდა. მე ხომ თავიდანვე ვიცოდი რომ მას დავტოვებდი, რომ მთას ავირჩევდი მაგრამ... მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც მინდოდა განმეცადა ის საოცრება რასაც სიყვარული ერქვა, ქალ-ვაჟური და ალბათ ეგოიზმმა მძლია, რადგან ამ ჩემს სურვილს ადამიანის გული შევწირე. მასაც ხომ გაგიჟებით უყვარდა ზღვა, თუმცა მის გამო არ მივუტოვებივარ, მე კი - სულელმა, არც ვიფიქრე შედეგებზე ისე წამოვედი. იქ რომ ვყოფილიყავი ... -მაგრამ თქვენ ხომ არ იცოდით რა იქნებოდა მერე... ვერავინ წარმოიდგენდა მსგავს განვითარებას მოვლენებისას, ეს ისე უცებ დაიწყო. ------------------------ არ ვიცი როგორ ვთქვა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი თუ უბრალოდ ბედისწერა იყო, მაგრამ ფაქტია ეს წერილი მე ჩამივარდა ხელში. ლიტერატურულ გაზეთში ვმუშაობ - რედაქტორმა რატომღაც ომის ველზე გამიშვა - საველე ჰოსპიტალში - იმ დღემდე სულ ვფიქრობდი რომ ჩვენს გაზეთს არაფერი საქმე ჰქონდა ომთან და უბრალოდ ჩანაწერებითა თუ მოთხრობებით ავუვლიდით გვერდს და რაოდენი გაკვირვება გამომეხატა სახეზე რედაქტორმა რომ მითხრა: " მოემზადე, დღესვე მიდიხარ" და ჩემს სახეს რომ შეხედა " ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, გთხოვ წადი, ყველაფერი კარგად იქნება - უბრალოდ რეპორტაჟი მინდა ომის ველიდან, იქედან დანახული სამყარო". არჩევანი არ მქონდა, ჩემი კოლეგა ჟურნალისტებისგან განსხვავებით ნამდვილად არ გამიხარდა. ჰოსპიტალში მისულმა უცებ ჩამოვწერე რამდენიმე კითხვა, უცებვე დავუსვი შესასვლელში მყოფ ჯარისკაცს და დაბრუნებას ვაპირებდი ვიღაცამ მხარზე ხელი რომ დამადო, გთხოვ ეს წერილი ადრესატამდე მიიტანეო. უგულისყუროდ დავუქნიე თავი და წერილი ჩანთაში ჩავაგდე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მალე დამემთავრებინა საქმე და უკან დავბრუნებულიყავი. სახლამდე აღარც გამხსენებია, მხოლოდ რეპორტაჟზე ვდარდობდი, რომელიც ძალიან უღიმღამო და უგულო გამომდიოდა. უშედეგოდ ვუსმენდი ჩანაწერს, რამე საინტერესო იქნებ აღმოვაჩინოთქო და... ახლაღა შევამჩნიე ჩანაწერის ბოლოში "უკაცრავად" რომ ისმოდა. აჰ, წერილი... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, საფოსტო მისამართის ნაცვლად კონვერტზე მხოლოდ ეს რომ ეწერა: "წერილი მთებს". სათაურმა იმდენად შემძრა რომ ალბათ მომიტევებს მისი დამწერი - სულმოუთქმელად ჩავიკითხე და ის იყო, ის იყო რაც მჭირდებოდა - ნებართვაც კი არ ამიღია ისე გამოვაქვეყნე გაზეთში, თუმცა მან მხოლოდ მთხოვა ადრესატამდე მიმეტანა - როგორ და რანაირად არ უთქვამს, ამიტომაც საუკეთესო გზად ეს ჩავთვალე - თავს კი იმით ვიმართლებდი რომ კონვერტი არ იყო დალუქული და არც ის ვიცოდი ვისთვის იყო განკუთვნილი - სტატიის ბოლოს დავწერე რომ ვეძებდი წერილის ადრესატს, თუმცა ნამდვილად არ მქონდა იმედი ვინმე გამომხმაურებოდა - თუკი ადრესატი მთაში ცხოვრობდა - ჩვენი გაზეთი იქ არ ვრცელდებოდა, ჩემს სინდისსაც ვიმშვიდებდი რადგან პირადი წერილის წაკითხვა არ მიმაჩნდა კარგ საქციელად, ხშირად მისაყვედურია სხვებისთვის ამის გამო და ახლა ეს მე გავაკეთე. თუმცა შედეგს თქვენც ხედავთ, ალბათ ასე იყო საჭირო. ------------------------- 13 აგვისტო, 2008 წელი "წერილი მთებს" ახლაც ყოველდღე მოვდივარ ამ ადგილას და ზღვას კი არა უკვე მთებს ვუყურებ, თითქოს შენც გხედავ სადღაც უკიდეგანოში, მთების გულში- უფრო სიღრმეში. ქარი რომ უბერავს შენი ხმა მესმისო თითქოს, სიწყნარეა და მაშინაც შენ გისმენ... რა დამავიწყებს შენს თვალებს , სარკიდან დანახულს - მზის შუქ ჩამდგარს... უშენოდ მზის სხივიც არ მინდა... იცი ყველას თვალებში შენს თვალებს ვეძებ. რატომ? მე შენს თვალებში ჩემი მზე დამრჩა. ქალაქში შაბათია, ჩემთვის სამ-შაბათი. მესამე კვირა უშენოდ. დღეს შენი დაბადებისდღეა. - რიგით მესამე. მახსოვს წელიწადში ოთხჯერ აღნიშნავდი დაბადების დღეს. შენ ახლა უკვე 24 გაზაფხულის, ზაფხულის, ზამთრის და 23 შემოდგომის ტოლი ხარ. თუმცა მთაში უკვე სხვა ასაკის იქნები 24 გაზაფხული-ზაფხულის და 45 ზამთრის ტოლი - მანდ ნოემბერში უკვე ზამთარია ხომ? როგორ უხაროდათ შენს მეგობრებს ამდენი დაბადების დღე. მშობლები კი ბავშვურ ახირებაში გითვლიდნენ და თვალდახუჭული გისრულებდნენ სურვილებს. მიყვარს შენი ეს ისტორია და ამიტომ გავიხსენე. არ დაივიწყო მშობლები, რადგან მათზე ახლობელი არასდროს არავინ გეყოლება - სანამ გვერდით გვყავს არ ვაფასებთ, წავლენ და მაშინ ვხვდებით მათ ამაგს. ნუ მიეცემი ტკბობას მხოლოდ შენ და ნუ დაივიწყებ გარშემო ყველაფერს... ახლა უკვე მთაში ხარ, მთას ეკუთვნი. მაგრამ ის ყველაფერი რაც ქალაქში დატოვე - არ დაივიწყო - თორემ მომავალში ინანებ. ვგრძნობ და მენდე... დამელოდე, აუცილებლად დამელოდე... ერთხელაც იქნება და მეც გავითავისებ მთას და გადმოვდგავ შენსკენ დიდ ნაბიჯს, რადგან შენ ჩემში ხარ, ჩემი ნაწილი ხარ და ნაწილნაკლული ვერ ვიცხოვრებ მჯერა, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ შევძლებ და მოვალ, აუცილებლად მოვალ... ეცადე არ დაკარგო შენი პიროვნება - მხოლოდ ნაკლზე თქვი უარი, იმუშავე მათ გამოსწორებაზე. მთა ზოგჯერ აბოროტებს ადამიანს, მთა არა - მარტოობა - ამიტომ ძალიან, ძალიან ეცადე რომ მხოლოდ კეთილი საქმეები აკეთო და კარგ რამეზე იფიქრო. ყველაფერი ფიქრიდან იწყება... დროს გაუფრთხილდი, არ გაგეპაროს და ილოცე. ყოველ დღე ილოცე - დილით და საღამოს... არ გაუშვა უფალი შენგან, რადგან სანამ შენშია შენც ძლიერი ხარ. და ბოლოს, გაატარე ყოველი დღე ისე, როგორც ამას ახალგაზრდობაში აკეთებდი... მთას ბევრის მოცემა შეუძლია, თუმცა არასდროს დაგავიწყდეს სიფრთხილე, რადგან არ უყვართ როცა უთამამდებიან და მისი არ ეშინიათ... კარგად მოუსმინე ხოლმე მათ, ბრძნული რჩევების მოცემა იციან... ოღონდ არ დაგავიწყდეს - ძალიან ყურადღებით უნდა იყო... არ აჰყვე წამიერ ცდუნებას, არ გაპატიებს იცოდე! მზის ამოსვლამდე ადექი და განთიადს მთის ფერდობზე შეხვდი. ყოველდღე გადაუშალე გული, არაფერი დარდი არ ჩაიტოვო, რადგან დარდი ნელნელა ბოლოს მოგიღებს. იფიქრე მხოლოდ კარგზე, დაეხმარე შენს გარშემო ხალხს რომ უკეთესები გახდნენ. შენ გამორჩეული ხარ, მაგრამ ეცადე მიგიღონ თავისიანად, თორემ გაგიჭირდება ცხოვრება და თვალზე ცრემლი მოგადგება. მე კი არ მინდა ატირებული გნახო... მაგ ლამაზ თვალებზე ცრემლი??? არა, გაფიქრებაც არ მინდა. მთაში სიცოცხლე ყველაზე ლამაზიაო მეუბნებოდი, ვაღიარებ... მთებო, მე თქვენმა ღამემ შემაშინა და უკანმოუხედავად გამომაქცია, მაგრამ რაღაც საოცარი მიზიდულობის ძალა გაქვთ. მას შემდეგ სულ მინდოდა უკან დაბრუნება - კიდევ ერთი ღამე რომ გამეტარებინა თქვენს წიაღში- იგივე განცდებით. ამას არასოდეს ვაღიარებდი, თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ მას შემდეგ სულ მინდოდა თქვენთან დაბრუნება, მთებო. ყოველთვის რაღაც მაკავებდა, მერე ეს წყეული ომიც დაიწყო. მე კი სამშობლოს ვალი აუცილებლად უნდა მოვიხადო, რათა პირნათელი მოვიდე თქვენს წიაღში... აუცილებლად მოვალ, გპირდებით. როგორც კი დამთავრდება ეს საშინელება, გპირდებით მოვალ და დაგიჩოქებთ, დაგიჩოქებთ და მადლობასაც გეტყვით ასე რომ შემაყვარეთ თავი, გული გამიხსენით და მიმიღეთ... თუმცა კი როგორ მაშინებთ მაინც, თქვე კარგებო... ძალიან სავსე ვარ გრძნობებით, ამიტომ შეიძლება ვერ გადმოვცე ყველაფერი, თავისუფლად მიცურავს ფიქრთა ნავი ოცნებათა კამკამა ზღვაში, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული... ვწერ მხოლოდ მაშინ როცა გარშემო სიწყნარეა და მოქმედებები დროებით შეწყვეტილია. ვწერ ხან სანგარში, ხანაც რომელიმე სახლის სარდაფში. ყველა მოძრაობას ეჭვის თვალით ვუყურებთ.. ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები დავიკავეთ და არ გვინდა დავკარგოთ, თუმცა რა იქნება ხვალ მხოლოდ ღმერთმა იცის. "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე. ჰრცხვენოდნენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა." "დიდება მამასა და ძესა, და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკინითი უკუნისამდე ამინ!" მომიტევეთ გადახვევისთვის, უბრალოდ მომინდა ჩემი სიტუაციაც აღმეწერა, მერე-დროთა სვლის შემდეგ კვლავ რომ წავიკითხავ ამ წერილის უკვე თქვენთან ერთად, გავიხსენო რა გრძნობებით ვწერდი. ვწერ ახლა იმიტომ, რომ მერე შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს, ანდაც სულაც აღარ მქონდეს სათქმელი - დაცლილი ვიყო გრძნობებისაგან. ზაფხულის ცამეტს გამითოვდა ზამთარი ბოლომდე ჩაძირული არ ხარო, თუ ერთი ამბავი მაინც გაქვს მოსაყოლი და ერთი ადამიანი გყავს, ვინც ამ ამბავს მოისმენსო, ამიტომ არ მეშინია. და ეს ხმაურიც.... ის წყალი დაბრუნდა, შენ რომ იცნობდი... ის ზღვა დაბრუნდა... სიჩუმე, შუქი! "
იდგა გარინდებული, თვალებდაკარგული, შესტრფოდა რაღაც ჭრელ ხილვას: ცხოვრება უზარმაზარია, გესმით? - უზარმაზარი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა... კი, გეთანხმებით, შემეძლო, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცნობ ისე კარგად მთას რომ მათი ადათ–წესები გადმომეცა, ვყოფილვარ მთაში, თუმცა უფრო როგორც მნახველი და ამიტომაც სულ სხვანაირი სახით დამინახავს იქაურების ყოფა–ცხოვრება, მე კი მინდოდა არ შემეცვალა რეალობა და გვერდი ვუქციე, თუმცა იდეაში მაქვს... ვინ იცის, იქნებ წლების მერე ისევ დავუბრუნდე ამ ნაწარმოებს მთიელთა ადათ–წესებით :) მადლობა... კი, გეთანხმებით, შემეძლო, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცნობ ისე კარგად მთას რომ მათი ადათ–წესები გადმომეცა, ვყოფილვარ მთაში, თუმცა უფრო როგორც მნახველი და ამიტომაც სულ სხვანაირი სახით დამინახავს იქაურების ყოფა–ცხოვრება, მე კი მინდოდა არ შემეცვალა რეალობა და გვერდი ვუქციე, თუმცა იდეაში მაქვს... ვინ იცის, იქნებ წლების მერე ისევ დავუბრუნდე ამ ნაწარმოებს მთიელთა ადათ–წესებით :)
6. მომეწონა! უფრო მეტი შეგეძლო მთაში არსებულ ადათ-წესებზე თხრობა, მომეწონა! უფრო მეტი შეგეძლო მთაში არსებულ ადათ-წესებზე თხრობა,
5. +++++ მართლა კარგი ნაწერია! +++++ მართლა კარგი ნაწერია!
3. უუდიდესი მადლობა , ეს კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. უუდიდესი მადლობა , ეს კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
2. უდიდესი მადლობა... უდიდესი მადლობა...
1. როგორ მიხარია რომ იცოდეს ყველა "აქაურმა", რა ბედნიერი ვარ რომ პირველი კომენტარის უფლება ამ ნაწერზე მე მერგო.
სრულიად არაჩვეულებრივია სრულიად...
თავიდან, სათაურს რომ შევხედე, ილიას "ყვარლის მთებს" გამახსენდა. ვიფიქრე ნეტავ რა უნდა იყოსთქო ეს ნაწერი ისეთი...
აღფრთოვანებული ვარ.
ხანგრძლივი ტაში ფეხზე წამოდგომით ავტორო ! ! !
რა ქულა რის შეფასება, უკვე რჩეული ავტორი ხარ... როგორ მიხარია რომ იცოდეს ყველა "აქაურმა", რა ბედნიერი ვარ რომ პირველი კომენტარის უფლება ამ ნაწერზე მე მერგო.
სრულიად არაჩვეულებრივია სრულიად...
თავიდან, სათაურს რომ შევხედე, ილიას "ყვარლის მთებს" გამახსენდა. ვიფიქრე ნეტავ რა უნდა იყოსთქო ეს ნაწერი ისეთი...
აღფრთოვანებული ვარ.
ხანგრძლივი ტაში ფეხზე წამოდგომით ავტორო ! ! !
რა ქულა რის შეფასება, უკვე რჩეული ავტორი ხარ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|