ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2012


უბრალოდ მომინდა დაწერა

დაწერა მომინდა. თუმცა არც პროზაიკოსი ვარ და არც პოეტი. საერთოდაც არაფრის ნიჭი არ მაქვს.ისე უბრალოდ მომინდება ხოლმე და ვწერ.
ჩემი ყოველდღიურობიდან ყველაზე მეტად სასწავლებელში წასვლა მიყვარს. მშვიდად მივუყვები ნინოშვილის ქუჩას, ცოტა ხნით რუსულ ეკლესიასთან ვჩერდები, ცალმხრივ საუბარს ვიწყებ ღმერთთან და შემდეგ უფრო მშვიდად ვაგრძელებ გზას.
მეტროსთან ყვავილების გამყიდველი ასაკოვანი კაცი მხვდება ხოლმე. რატომღაც მიყვარს მისი დანახვა. თუ ჩავივლი და იქ არ დამხვდა მეშინია. ნეტავ კარგადაა? რამე ხომ არ შეემთხვა? ასეთი კითხვები მიტრიალებს მთელი დღე და განწყობაც მიფუჭდება, მაგრამ მეორე დღეს, როცა კვლავ ვნახულობ, ჩუმად ბევრჯერ ვიმეორებ: "ის ცოცხალია."
მიყვარს უბრალო ადამიანები. აი ის კაციც მიყვარს დახმარებას რომ ითხოვს რუსთაველის მეტროსთან. ამბობენ, რომ შეშლილია.
ერთხელ ვიჯექი და ვხატავდი (არც ხატვა მეხერხება, მაგრამ..) გვერდით მომიჯდა და საუბარი დაიწყო. თურმე აფხაზეთში იბრძოდა. სულ ასეთი გიჟი არ ვიყავიო. შემეცოდა. ბიჭებმა ჩამოიარეს და სიცილი დაიწყეს. გავბრაზდი... ჩემ გამო არა, მე ხომ არც ვჩანვარ. ის იბრძოდა, იცავდა, ესენი კიდევ დასცინიან. ამ ფიქრებიდან, რომ გამოვერკვიე ვეღარ ვიპოვე, ჩუმად წასულა. მას შემდეგ ხშირად მხვდება ქუჩაში და მიღიმის. შორიდან მაპყრობს თბილ მზერას. ისე, რომ  სხვებმა არ დამცინონ. ვერ ხვდება, მე სხვები ვერ მხედავენ. ზოგჯერ კი მგონი ვერც მცნობს და გული მწყდება.
ჩემი ფიქრებით კვლავ გაივსო ფურცლები. ვიცი ამ ნაწერს ლიტერატურული ღირებულება არ აქვს, მაგრამ მე ხომ პროზაიკოსი არ ვარ. უბრალოდ მინდება წერა და ერთმანეთის სიყვარული უფრო ძალიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები