ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩანა.მროველი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2012


წუთის ბორბალზე დეკემბერია

ადრეც მინახავს ბევრჯერ ზამთარი...
წუთის ბორბალზე დეკემბერია.
შორიდან გვათბობს მზე ამაგდარი -
ზამთარზე ბრძენი არაფერია.

მოდის ფანტელი, მოაქვს სითეთრე,
მეც გამათეთრა, მან, უნებურად.
რამდენი ცოდვაც ცას გავუგზავნეთ,
იმდენი ფიფქად დაბრუნებულა.

ეზოში ისევ, როგორაც უწინ,
ცელქი ბავშვები ქმნიან სიხარულს.
დრო არ ჩერდება, მიგორავს ძუნწი
და ჩვენს გულებში ტოვებს სინანულს.

წესია, თოვლი ყველას ფარავდეს.
ეზოდან ისმის კვლავ ჟრიამული.
თუმც ეს ფიჭვები გაჭაღარავდნენ,
აქ, ამ ფიჭვებთან მდგარა ზაფხული.

ადრეც მინახავს ბევრჯერ ზამთარი,
მაგრამ ასეთი?!... სულ სხვა ფერია...
დარის სიკეთეს გვამცნობს ავდარი -
ზამთარზე ბრძენი არაფერია.                            დეკემბერი,  2008.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები