ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2013


გნებავთ, სულს დაგითმობთ?..

ეპიზოდი პირველი

- უკაცრავად ბატონო, თქვენ თვლემთ. აქ გაცივდებით, სჯობს სახლში წახვიდეთ!
- თავი დამანებე...
- ნება თქვენია, მაგრამ წასვლამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, შეიძლება?
- მიდი და დროზე გამეცალე!
- გნებავთ, სულს დაგითმობთ?
ღამის პეიზაჟზე წამოგორებულმა ახალგაზრდა ლოთმა, თავი წამოსწია და თვალის უმისამართო ტრიალის გამო ძლივს მოახერხა დაენახა თუ ვინ დაუფრთხო ძილი.
- მოხუცო, იქნებ გამეცალო და თან არ დაგავიწყდეს, უფალს მოკითხვა გადაეცი!
- როგორი ახალგაზრდა ხარ, მაგრამ როგორი ბებერია შენი სული!... ეჰ...
- რა მომაძახე?
- დაივიწყე, მოხუცი ვარ!

***
ეპიზოდი მეორე

- აქ როგორ მოხვდით მაიკლ?
- ცხოვრებამ მაიძულა.
- ცხოვრება არასოდეს არის იძულებითი.
- თქვენ როგორ მოხვდით აქ „გონიერო“ მოხუცო? დახმარებისთვის არსად დამირეკავს და არ მითქვამს მრჩეველი მჭირდებათქო!
- მე მესაათე ვარ. ეს ხომ ბიგ-ბენია.
- ბოდიშით, მე თავი ეიფელის კოშკზე მეგონა. იქნებ სჯობს წახვიდეთ?! შეიძლება თქვენ დაგბრალდეთ ჩემი სიკვდილი.
- რას ამბობთ, თავს იკლავთ?
- არა, ვახშმის მირთმევას ვაპირებ, უბრალოდ მიმტანს აგვიანდება. - კვლავ ცინიკოსობს თვითმკვლელი.
- ნება თქვენია, მაგრამ მინდა წასვლამდე ერთი კითხვა დაგისვათ, შეიძლება?
- გისმენთ!
- მაინც თავს იკლავთ და ვიფიქრე გამოგადგებოდათ...
- მაინც რა?!
- გნებავთ, სულს დაგითმობთ?
- თქვენ რა გიჟი ხართ?
- არა!
- მაშინ, სულელი.
- ვერ გამოიცანით.
- მაპატიეთ, მე კროსვორდს არ ვავსებ.
- ისარი გიახლოვდებათ, თავი არ მიარტყათ.
- მართლა?! გმადლობ! - მადლობა გულრწფელი იყო.
- რას იტყვით, ჩემ შემოთავაზებაზე?
- რა ჰქვიათ?
- რა მნიშვნელობა აქვს? მაინც არ გაგახსენდებათ თუ ჩემ სულს მიიღებთ როგორც ბოლო საჩუქარს. თან უკვე მერამდენედ იკლავთ თავს...
- თქვენ რა იცით, მითვალთვალებთ?
- არა!
პაციენტს მზერა უფროდაუფრო დაეძაბა, შიშმა შეიპყრო, გული გამალებით უძგერდა, დაბნეულობა დაეტყო, სახემ ფერი დაკარგა და მკლავებმა კუნთები მეტად დაჭიმეს.
- ხელი მომეცით, დამიჯერეთ!
- ვინ ხართ?
- მე თქვენი ფსიქიატრი ვარ, თქვენ კი თავად ხართ მესაათე მაიკლ.

უკვე დროა...

***
ეპიზოდი მესამე

სულიერი გზად უსულოს გადაეყარა. ეს გზაგასაყარათან მოხდა.
- გამარჯობა!
- ...
- შენთვის არ არის რთული იყო უსულო? როგორ ახერხებ?
- არავითარი მოხერხება. გახსოვს უფალმა რა თქვა? „ყველას ყველაფერი მიეცი და არაფერი მოითხოვოო?“ მეც ეგრე მოვიქეცი. ყველაფერი გავეცი და სულიც არ დამრჩა!
- გულუხვი ყოფილხარ...
- შენთვის არ არის რთული იყო სულიერი? როგორ ახერხებ? - ჰკითხა უსულომ?
- რთულია, მაგრამ არავითარი მოხერხება. გახსოვს უფალმა რა თქვა? „ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრითო“. მეც ეგრე ვიქცევი. ღორებს ვდენი და დღემდე მარგალიტიც ამიტომ შემომრჩა!
- შენ სულს დამითმობ?
- მე ვთქვი ღორებს ვდენი-მეთქი!

***
ეპიზოდი მეოთხე

მოხეტიალე რაინდის წოდების მქონე, მეტსახელად „ლამანჩელი“ ამ ხანად ცნობად სახედ აღიქმებოდა, რადგან მხოლოდ მან შეძლო ყველასთან ყველაფერზე უარი ეთქვა. ის ამბობდა: „ადამიანებს დიოგენეს პრინციპით ვაფასებო.“ ის ასევე ამბობდა“ „დედამიწაზე მხოლოდ ჩემი სულია თავისუფალი, მაგრამ იმდენად დამოკიდებული სხეულზე, რომ ტყვეობაში ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე უწევსო.“
„ლამანჩელი“ შუბისა და სანჩოს გარეშე ნაკლებად იყო მისაღები, მაგრამ ნახატში დაპატიმრებული იმდენად გულრწფელი, რომ მის მეპატრონეს ეჭვიც არ შეჰპარვია ავტორის პროფესიონალიზმზე. ზედმიწევნით სწორი შტრიხებით გადმოცემული ემოციურობა მეტყველს ხდიდა მფლობელის ავტოპორტრეტს. კვირაში ერთხელ ნახატს კედლიდან აუცილებლად ჩამოხსნიდა და იქვე, მის საცხოვრებველ სახლთან ახლოს მდებარე სარესტავრაციო სალონში, წარმოშობით ინგლისელ, მაგრამ ესპანელ მხატვართან, ბატონ მაინდთან მიჰქონდა გასაწმენდად.
ბატონი მაინდი, ოთხმოცს მიტანებული, დიდ წარბებიანი, მელოტი, თხელი აღნაგობის მოხუცი გახლდათ, რომელიც იშვიათად საუბრობდა. მხოლოდ პროფესიული ეთიკა ავალდებულებდა კლიენტებისთვის გამოეკითხა საგნის წარმომავლობა, მდგომარეობა და შემდეგ ეთქვა მათთვის შესაძლებელი იყო თუა არა წლოვანი უსულოებისთვის სულის შთაბერვა.
სწორედ, ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ბატონმა მაინდმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა „ლამანჩელს“, მის უცვლელ ვიზიტორს. „ლამანჩელი“ მასთან სტუმრობისას ყოველთვის ინტერესით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს.
- ლამანჩელ, კვლავ თავსიუფლებისთვის იბრძვით? არ მოგბეზრდათ?
- ეთიკის საკითხია ბატონო მაინდ. თქვენ პროფესიულ ეთიკას პირველად უღალატეთ და პირად საუბარში გამომიწვიეთ. დუელში გამოწვევას ჰგავს.
- თანხმობას მაძლევთ?
- რა თქმა უნდა!
- მინდა გკითხოთ: რას ერჩით ამ თქვენს პორტრეტს?
- არც არაფერს. თქვენ მას მხოლოდ მტვრისგან ასუფთავებთ. წარმოიდგინეთ, წლები გავიდა, არცერთი კვირის ორშაბათი გამიცდენია. ვზრუნავ მასზე, როგორც ოდესღაც დედა ზრუნავდა ჩემზე.
- ვფიქრობ ის თქვენთვის სურათზე მეტია...
- მართალი ხართ! - ხელში ფუნჯი აიღო და თამაში დაიწყო. - მხოლოდ ნახატში ვარ თავისუფალი და სულიერი. თქვენი წყალობით კი ჩემი სული არ კარგავს სისიპეტაკეს. ადამიანები კი ისეთი სასტიკები არიან, რომ როგორც კი მიეცემათ საშუალება, აუცილებლად დაგსვრიან. იცით ბატონო მაინდ, რომ ადამიანებს ორი სული აქვთ?
- შესაძლებელია?! - სიტყვა-ძუნწობს ოსტატი.
- ერთი - საჩვენებელ-სარგებლიანი და მეორე - საკუთარი, რომელიც ძირითადად უსარგებლობით გამოირჩევა. ეს უკანასკნელი საჩვენებლად გამოუსადეგარია. როგორც კი გამოაჩენ იღუპები, თავისუფლებას ჰკარგავ და სხვაზე დამოკიდებული მონა ხდები! მე განსხვავებული ვარ „ლამანჩელად“ წოდებული!
- „ლამანჩელ“, სერვანტესის უკვდავი რომანიდან ამოხეული ერთი გვერდი ხართ!
- რატომ მაინდ? და რატომ გმირი არა?
- უბრალო მიზეზის გამო. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა!
- არ გეწინააღმდეგებით.
- ერთი კითხვა მაქვს „ლამანჩელ“.
- გისმენთ!
- იქნებ ნახატი დამითმოთ?
- გნებავთ, სული დაგითმოთ?
- ...
ფუნჯი თავის ადგილზე დადო „ლამანჩელმა“.
- ვინ დაიჭრა?
- რა ბრძანეთ ბატონო მაინდ?
- დუელში...
- ჰო... მე, ბატონო მაინდ. მადლობა! გითმობთ, თქვენი იყოს, მე აღარ მჭირდება!
- მჩუქნით?
- დიახ, მხოლოდ ერთი პირობით...
- დიახ?!...
- მინდა ნახატი მუზეუმში გამოიფინოს.
- რომელში?
- ჩემ სახლში!
- გასაგებია, მადლობა თქვენ!
- არაფრის!

უკვე დროა...

გიგო რიონელი
9 თებერვალი 2013 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს