ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2013


მოჰგავდა ღვთისმშობელს

,,უნდა ავდგე, წასვლის დროა." გადაულაპარაკა თავის თავს და შვილის გამხდარ სახეს გადახედა, რომელსაც სიზმრის ანგელოზები ღიმილს ჰფენდენ. შუბლზე აკოცა და წამოდგა. ჩაცმისას მკერდში ტკივილი იგრძნო, რომელიც ყოველდღე ძლიერდება, მაგრამ უნდა წავიდეს სამსახურში, ოჯახის კეთილდღეობა საკუთარ ტკივილზე მაღლა დააყენოს.
კარს მიღმა ცხოვრება არ იცვლიდა თავის ჩვეულ რიტმს, ქალი კი ტკივილს ჩადრს აფარებდა, ხალხისგან შეუმჩნევლად.
სამუშაო არ იყო ადვილი, დაუნანებლად შთანთქამდა დროს და ენერგიას. დაღლილი ჩამოჯდებოდა ხოლმე დახლზე და ჩუმი, უცრემლო ტირილი ამოსდიოდა გულიდან.
ცრემლს ღიმილი ცვლიდა, როცა სახლში პროდუქტით ხელში მიდიოდა და უყურებდა, როგორ გემრიელად შეექცეოდა მისი შვილი დედის ცრემლით დანამულ პურს და ზიარების საიდუმლოზე ჩაფიქრებული იხსენებდა მკერდზე მიკრულ ჩვილს რძით, რომ ანაყრებდა.
დროებითია ეს ცხოვრება, ტკივილით სავსე დროებითობა.
სხეულით სიმსივნეს ატარებდა, გულით შვილს, მხრებით ოჯახის ტვირთს ზიდავდა, ტკივილს კი ისევ აფარებდა ჩადრს, შვილისგან შეუმჩნევლად.

  ხატებთან შვილისთვის ლოცვას, რომ ამბობდა
  ეს ქალი, რაღაცით მოჰგავდა ღვთისმშობელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები