 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 9 მაისი, 2013 |
ადრიანი დილაა. ნაცნობმა მელოდიამ გამომაღვიძა. გარეთ გაზაფხულის წვიმაა. წვიმის წვრილი წვეთები ეცემა ფანჯრის მინებს და მისი მონოტონური წკაპუნი სასიამოვნოდ უერთდება მუსიკის ჰანგებს. მელოდიას ყური მივუგდე, როდინდელი სიმღერაა, ახალგაზრდობაში ვუსმენდით მე და ჩემი თაობა. ეს სიმღერა ვიოლეტას, ჩემს ბავშვობის მეგობარს უყვარდა, მღეროდა კიდეც. მოიღერებდა ლამაზ ყელს, ხელში სიმინდის ტაროს ”ნაქუნჩალას” (ასე ვეძახდით მაშინ ბავშვები) დაიკავებდა მიკროფონივით და მთელი გრძნობით მღეროდა. გამოვფხიზლდი. ღამის სიზმარმა გამიელვა თვალწინ. ღმერთოჩემო! რა დამთხვევაა. ვიოლეტა ვნახე სიზმარში, აქამდე არასოდეს დამსიზმრებია ათი წლის გარდაცვლილია თითქმის. სიზმარში მეძახდა, გარეთ გამოვედი, ჭიშკართან იდგა და სევდიანი თვალებით მიყურებდა. არაფერი უთქვამს, შემომხედა და უხმოდ გატრიალდა. მივხვდი ნაწყენი იყო ჩემზე. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, ალბათ საფლავსაც ვერ მივაგნებ. ისევ წვიმს. მოგონებებში ვეფლობი. ჩვენი ბავშვობის წლები ჩემს გონებაში და თვალსაწიერში ექცევა და ცოცხლდება მოგონებები, ცოცხლდება ვიოლეტაც, სხვენზე ვართ ბავშვები ვიოლეტას სახლში. სახლობანას ვთამაშობთ. სათამაშოებით არ იყო ვიოლეტა განებივრებული, რადგან უჭირდათ. მამა ადრე გარდაეცვალა. დედამისს, თამარა დეიდას სამი ობოლი დაუტოვა. ძალიან მიყვარდა თამარა დეიდა, სიმპათიური ქალი იყო. გაბრაზებული არასოდეს მინახავს. მისი სიმშვიდე აოცებდათ მეზობლებს. ”ასე უჭირს და მაინც არ იმჩნევს” -იტყოდნენ ხოლმე ზოგჯერ გაბრაზებით. ისევ მოგონებებში ვარ და გესაუბრები ჩემო მეგობარო. სკოლას რომ ვამთავრებდით ერთი ბიჭი შეგიყვარდა. გიყვარდა ჩუმად, შენთვის, მას არაფერი გაუგია შენი სიყვარულის შესახებ. ზედმეტად ამაყი იყავი, ამიტომაც გულში ჩაკვანძე შენი ცალმხრივი სიყვარული და შეინახე. იქნებ წაიღე კიდეც იქ, იმ სამყაროში. ბინა გაყიდეთ და თბილისში გადახვედით საცხოვრებლად, მაშინ დავკარგეთ ერთმანეთი. შენ მუშაობდი და ოჯახს ეხმარებოდი. შენი თავისთვის არასოდეს გეცალა. შენ დიდი და კეთილი გული გქონდა. ორმოცი წლის იყავი რომ დაგვტოვე და სხვა განზომილებაში გადასახლდი. ალბათ იქაც არ გასვენებს შენიანების დარდი. აქ მარტო არ იყავი, და-ძმა, დისშვილები, ძმისშვილები გეხვივნენ გარს, მაგრამ სულიერად მაინც მარტო იყავი. გპირდები უახლოეს დღეებში მოვალ შენს საფლავზე, შენს საყვარელ ყვავილებს, იასამნებს მოგიტან, სანთელს დაგინთებ და იმ ტკივილიან მდუმარებაში შენი ლამაზი სულისთვის ვილოცებ. ადრე დაწერილ სიმბოლურ ლექსს გჩუქნი ჩემო მეგობარო. ეული ხე ეულო ხეო, მე შენმა ცქერამ ცრემლი მადინა ტრიალ მინდორზე ამაყად დგახარ ვითარც ქალწული ჟამთა სვლისაგან შეჯერებული და მოქანცული. ირგვლივ სიჩუმე, თეთრი სიჩუმე გაკრთობს, გაცრემლებს, შენ თითქოს სტირი, შენი ცრემლი მეც კი მასველებს. არ ვიცი ხეო რით გიშველო ვარ სევდიანი ოხ! რა გულქვაა, რა სასტიკია ა დ ა მ ი ა ნ ი. ნუნუ გოქაძე-ტოგონიძე 2013 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პროზა+პოეზია. ორივე მომეწონა. პროზა+პოეზია. ორივე მომეწონა.
1. სევდა მომგვარა. კარგად წერ ავტორო, გაიხარე!!! სევდა მომგვარა. კარგად წერ ავტორო, გაიხარე!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|