ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2013


როგორც პეპლის გუნდი, ღამით - ლამპიონთან

როგორც პეპლის გუნდი, ღამით - ლამპიონთან,
ისე მოეჯარა მზესაც ღრუბლის ფარა.
და მზე განაცრისფრდა, და ცა დაიორთქლა:
როგორც პეპლის გუნდი, ღამით - ლამპიონთან -
სულებს მიაფრენენ ფრთები - სიფრიფანა

და მზის გუმბათოვან კედლებს ეხლებიან! -
არც რამ, სხვა ნუგეში, არც რამ, სხვა სამიზნე...
მარად ცვლად ფრესკაზე, თეთრი პეპლებია:
და მზის გუმბათოვან კედლებს ეხლებიან, -
როცა უკუნიდან, ერთად, ცად დაიძრნენ.

ციურ განსაწმენდელს, გვერდს ვერ აუვლიან -
ყველა პეპელას ჰყავს მისი მატიანე...
სადაც სახელების დღესასწაულია:
ციურ განსაწმენდელს გვერდს ვერ აუვლიან;
მხოლოდ ერთი გზაა, იმ სხვა ნაპირამდე.

და ცა - ფერფლისფერი, და ცა - მურისფერი,
სადაც მოელვარე, იწვის ღრუბლის ფარა.
სადაც უსაფრდება, პეპლებს, ლუციფერი:
და ცა - ფერფლისფერი, და ცა - მურისფერი;
ღამით - ლამპიონთან - ფრთები - სიფრიფანა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები