ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2008


მადლობა ზღვაო...

                 
იგორებს, იგორებს მზე ცარგვალზე და ზღვაში ჩაეშვება დაღლილი, თან  სევდიანი თითქოს, მიწას რომ ემშვიდობება. მაშინ ადვილად შეიძლება თვალი გაუსწორო, შორიდან მოეფერო...
ხოდა გიყვარს სიცოცხლე დაDდღე გენანება ხელებში ჩაცლილი, უცებ მილეული, ფიქრებს და ოცნებებს გაყოლილი, უცებ მიღამებული და კიდე ერთი დღე მიებარება მახსოვრობას, სხვა დღეთა მსგავსად წყლის  წვეთივით, თანდათანობით ამვსები ცხოვრების ვარცლის, ბედის მწერალი რომ ვისთვის პირამდე  მოალიცლიცებს, ვისთვის კიდე ფსკერის მოფარვასაც დაინანებს...
სამყაროს დროის მდინარებისთვის ერთი Dდღე არაფერია, მაგრამ ერთი რომელიმე კაცისთვის შეიძლება სასწაულიცაა და ყველაფრის დამტევი...
`ზღვაო, უკვე სამი წელია მამა არ მყავს. მამამ შემაყვარა შენთან მოსვლა,  ხოდა შენთან მოვდივარ მისთვის სათქმელი რომ მაქვს რამე. ასე მგონია სადღაც აქ არის მისი სული და მისმენს. ძალიან მაკლიხარ მამა~...
დილით ადრე და ესტუმრა და დისშვილი. გაუხარდა ნოდარს. ასმათმა გაზარდა თითქმის. დედა სკოლის დირექტორი იყო.  ბევრი დრო მიჰქონდა სკოლას. პატარობისას რომ კითხავდნენ, ასმათი ვინ არის შენიო, დედაო, იტყოდა. ქალბატონი ლილი ვინ არისო, რომ კითხავდნენ, მეორე დედაო. ასმათის ახლა პატარა გიორგი ყავს... სამი წლის, საოცარი კაცი...
-    გენაცვალე კუტუნიებში... – მოეფერა ბებია თითქმის ერთი წლის უნახავს შვილიშვილს, _ რამხელა გაზრდილხარ......
-    უზრდელი ხარ?! – ისე სერიოზულად უთხრა გიორგიმ ბებიას, შერცხვა ქალს...
-    რატო ვარ ბებია უზრდელი?
-    ასეთი სიტყვების თქმა რომ უზრდელობაა არ იცი?
-    კაი ბებია, არ გეტყვის მეტს... ბოდიში ბატონო, ჩურჩხელა რომ მოგცე შეიძლება?
-    ქალო,  შენ საჭმელი ჭამე დღეს?
-    ასე უნდა უთხრა ბებოს?! – გაუჯავრდა გიორგის ასმათი...
-    აბა ბოდიში, ჩურჩხელას მოგცემო! რად მინდა ბოდიში?!
-    ჩურჩხელა ხო გინდა ბებო?
-  კი...
გულიანად იცინა ნოდარმა. გიორგი ჩაიხუტა და მერე ბევრი ეთამაშა.  შუადღით ძმაკაცები მოვიდნენ. ტოტო კუტუნიოს კონცერტზე წავიდეთო... საქმე არა გაქვთო, გააპროტესტა,  ტოტო კუტუნიოს ვინღაA უსმენს, ალბათ ვიღაც უსპენსკაია მხოლოდო... და რატომ უსპენსკაიაო.  რატო და ალბათ უსმენს და კაიაო... იცინეს... რა საქმე ჰქონდათ: შეიძლებოდა მოეჯოკრათ, ან მოებურათ, ან სანაპიროზე ფეხბურთი ეთამაშათ, რა თქმა უნდა `მაზიანი~, გემრიელია ზაფხულში `ცივი~ ლუდი, თან შრომით მოპოვებული... მაინც კონცერტზე გადაწყვიტეს წასვლა...
მანამდე დისშვილის საუბარი ბებიასთან...
-    ბებო, სად მიდის ნოდარი?
-    ტოტო კუტუნიოს კონცერტზე.
-    ბებო, რატო ქვია იმ მომღერალს ასე უზრდელური სახელი...
-    იტალიაში არ არის უზრდელური სახელი კუტუნიო...
-    ბებო, იტალიაში არ იციან ქართული?
-    არა...
-    ბებო სადაა იტალია?
-    ევროპის სამხრეთით...
-    გერმანიაც იტალიაშია, ბებო?
-    არა, გერმანია გერმანიაშია...
-    ინგლისი...
-    არ მოგშივდა?
-    ხო ვჭამე...
...ბულვარში შესასვლელთან გაემართათ სცენა. ყველა თაობის ხალხი იყო, მაგრამ მაინც ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ადრეანო ჩელენტანოს ხმით ჰქონდა მონასმენი  ეს სიმღერები... არ უნანია მოსვლა, მით უმეტეს ცოცხალი შესრულება იყო და არა ფონოგრამა... მღეროდა ტოტო კუტუნიო გასული საუკუნის 80-იანი წლების ჰიტებად აღიარებულ სიმღერებს და ოფლად იღვრებოდა, იმიტომ რომ მართლა მღეროდა და ფეხებზე სულაც არ ეკიდა რას იტყოდა კონცერტზე მოსული მსმენელი.... მახლობლად გოგოების ჯგუფი იდგა - ხელჩაკიდებულნი, ალბათ ამდენ ხალხში ერთმანეთი არ დავკარგოთო, არადა ბათუმში როგორ გინდა კაცი დაგეკარგოს... ხელის გულზე დაეტევა თითქოს, ისეთი ქალაქია...  ერთმა გოგომ დააინტერესა.  ლამაზი,  შავი თვალები ჰქონდა გოგოს და კულულებიანი, შავი თმები... მზერა თუ იგრძნო და გოგომაც მოიხედა... წამით თვალი თვალს დაეჯახა და... მერე გახანგრძლივდა ეს წამი... რა იყო ამ ხედვაში: მოწონება, ინტერესი, გაკვირვება... ან ყველაფერი ერთად...  ბიჭებს ჰკითხა ის გოგო ვინ არისო: თამარ თეთრაძეო, ერთმა, რა პირველად ნახე? დიდი უკარება ვინმეა, არაფრის იმედი არ გქონდეს, უნივერსიტეტში სწავლობს, ერთი ეკლესიის მრევლია, ეკლესიურად ცხოვრობს, დილით, შუადღით და საღამოს სულ ლოცვაშია, ალბათ ძალით წამოიყვანეს მეგობრებმაო...  არადა მართლაც ასე იყო, საღამოს პარაკლისს უნდა დასწრებოდა გოგო და  იფიქრა მანამდე მეც მივალ ცოტა ხნით, თან უყვარდა იტალიური მელოდიები და უცებ ამ ბიჭის მზერა...
იქვე ყვავილები იყიდებოდა. ნოდარმა ლამაზი თაიგული იყიდა და მეზობლის პატარა ბიჭს გაატანა... ყვავილის სახელიც არ იცოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყვავილი გზავნილი იყო: `მოწონების~... გოგომ  უკვე შეამჩნია, ყვავილებს რომ ყიდულობდა ის ბიჭი ვინც, ასეთი უცნაური თვალებით უყურებდა.  ცოტა ეწყინა, ნეტა ვისთვისო. ახლა კი... გაუხარდა, ყვავილები რომ მოუტანეს...  გულმა აჩქარებით  დაუწყო ცემა... მიხედვა უნდოდა ბიჭისკენ, მაგრამ ერიდებოდა...  ბოლოს გაბედა და მოიხედა... ისევ შეხვდა ბიჭისა და გოგოს მზერა და ორივეს გაეღიმა... `იტალიანო ფეროს~ მღეროდა ტოტო კუტუნიო. მათ  კი საკუთარი გულის ცემა ესმოდათ მხოლოდ...  მერე გოგო ამხანაგების ჯგუფს გამოეყო და ქუჩას გაუყვა...
ნოდარი ბიჭებს არც დამშვიდობებია,  ისიც იმავე ქუჩას გაყვა აჩქარებული ნაბიჯებით. რომ, დაეწია... დამელოდეო, თამარ. არ გაკვირვებია გოგოს სახელით რომ მიმართეს. ყვავილებისთვის მადლობაო... არაო, შენ მადლობაო.
-    მე რისთვის?
-    რავი, ისე. ძალიან ლამაზი ხარ!
-    უფ, გეჩვენება!
-    არა, არ მეჩვენება. ბათუმელი ხარ თამარ?
-    არა, გურული ვარ ოზურგეთიდან, მაგრამ ახლა აქ ვცხოვრობ... უნივერსიტეტში  ვსწავლობ! – თვითონ უკვირდა თამარს, ახლობელივით ესაუბრებოდა Dდღეს გაცნობილ ბიჭს... გაცნობილს კი... სახელიც არი იცის...
-    მე ნოდარი მქვია...
-    სასიამოვნოა, - გაეღიმა თამარს, თითქოს ფიქრს მიუხვდაო ბიჭი...
-    საკვირველია, აქამდე როგორ ვერ გნახე, მეც უნივერსიტეტში ვსწავლობ.  მაინც და მაინც ტოტო კუტუნიოს კონცერტზე უნდა მენახე! -  გაიცინა ნოდარმაც,  - ასე მალე რატო წამოდი?
ეკლესიაში მივდივარ, საღამოს ლოცვებია და უნდა დავესწროო გოგომ. აი მოვედით უკვეო. ტელეფონს არ მეტყვიო, გული დაწყდა ნოდარს, ასე მალე რომ გათავდა გზა, ეკლესიამდე.  ტელეფონს არავის არა ვაძლევო. ეჰ, მეგონა არავის ვჯობდიო, თურმე არავისაც არ ვჯობივარო, - ყასიდად მოიწყინა ნოდარმა. გოგომ, არა რატო, ბევრს ჯობიხარ, იქნებ ყველასაცო, მაგრამ გაიფიქრ-გაიღიმილა მხოლოდ, ხმამაღლა კი ვერ თქვა, მოერიდა... ღიმილმა გასცა, რომ გულგრილი არ უყო... გულგრილი კი არა და ძალიანც უნდოდა ბიჭთან ყოფნა, თვალებში ყურებაც უნდოდა. სევდიანი თვალები ქონდა ბიჭს. რომ იცინოდა მაშინაც სევდას მალავდა თითქოს და ეს მოწონდა... უნდოდა კიდევ ერთხელ ეთხოვა ტელეფონი, მინიშნებით მაინც, მაშინ უკვე არ ეტყოდა უარს. ტელეფონი ხომ კავშირია უხილავი, მაგრამ ბიჭმა არ გაიმეორა თხოვნა...  გული დაწყდა, ლამის თვითონ უთხრა შენ მითხარი შენი ნომერიო, მაგრამ მოერიდა. ბიჭი კი, ბიჭი ფიქრობდა, ვაითუ თავი მოვაბეზრო, ვაი თუ უზრდელადD ჩამთვალოს, მაშინ ხო საერთოდ შეიძლება დავკარგო, მერე რა მეშველებაო, თუმცა რა დაკარგული არ მყავდა 21 წელი. 21 წელი ისე ვიარე, არ შემხვედრია და აწიც... უცებ იგრძნო რომ აწი სხვა აწი იყო, აწი სხვანაირად ამოვიდოდა მზე, ზღვაც სხვანაირი გახდებოდა,  სხვანაირი წვიმა წამოვიდოდა, თოვლიც არ იქნებოდა უბრალოდ თეთრი, სულ სხვა ფერს მიიღებდა, იისფერიც გახდებოდა ალბათ... 
დაემშვიდობა. სახლში რომ ბრუნდებოდა, სტუმარი გაახსენდა და ორი ცალი `კინდერ-შოკოლადი~ იყიდა... გიორგი მაგიდასთან იჯდა, რაღაც ფიგურები გამოყავდა ქაღალდის ფურცლებზე და მერე  მაკრატლით ჭრიდა. შემდეგ კი წებოთი მხოლოდ მისთვის გასაგებ კონსტრუქციებს აწყობდა...
-  აი შენ! - მიაწოდა ერთი ცალი ნუგბარი...
-  რად მინდოდა... – დაიმორცხვა გიორგიმ,… გამოართვა მაინც...
-  აი, კიდევ! – მეორეც მიაწოდა ნოდარმა...
-  ხო მაქ უკვე... – უთხრა მაგრამ არც მეორეზე არ უთქვია უარი...
-  სათამაშოს ყიდვა მინდოდა, მაგრამ რომელი გინდა რომ არ ვიცი?
-  რატო წუხდები?
-  რა შეწუხებაა ბატონო გიორგი...
-  გინდა დამახრჩო პატივისცემით?
-  არა, როგორ გეკადრებათ!
-  ბურთი გეყიდა მაშინ...
-  კი ბატონო გიორგი, მოგართმევთ...
ძლივს მოასწრო გარეთ გამოსვლა, ქუჩაში აუტყდა სიცილი, მეზობელმა, ტაქსისტმა ზაურამ დაინახა: რა გჭირს ჭო, რა შენთვის იცინი, შენც წამალზე შეჯექიო? რა იყო კაცს ვერ გაგიცინია, აუცილებლად წამალზე უნდა ვიყო შემჯდარი. წამო ბურთი მაყიდინე, დისშვილი მყავს სტუმრადო...
  ...ხელის გულივით პატარა ქალაქია ბათუმი, აქ ადამიანის ნახვა თუ გინდა, ამაზე იოლი რა არის... მეორე დღეს ტელეფონის ნომერი იცოდა, მესამე დღეს კი მესამედ ხვდებოდა უკვე ნოდარი თამარს, ბულვარში ქონდათ შეხვედრა დანიშნული...
-  გამარჯობა!
-    გაგიმარჯოს!
-    როგორ ხარ?
-    მადლობა...
-    მომენატრე...
-    მართლა?
-    ხო, მართლა?
-  კაი...  …
და ორივემ გაიცინა და უცებ ნოდარმა ხელზე მოკიდა ხელი, ოდნავ მოუჭირა, არ წამართვასო.  გოგოს თავიდან მართლა წართმევა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, ისეთმა სასიამოვნო ტალღამ დაუარა ბიჭის ხელით შეხებისას და გააბრუა წამით... ძალიანაც არ გამოუდვია თავი ხელი უკან დამიბრუნეო... `გამოდის რომ ხელი მთხოვაო?~ თავისთვის  გაიფიქრა და  ეჭიროს რა, მართლაც ხო არ წამართმევსო... 
ასე ხელჩაკიდებულები მივიდნენ ზღვასთან...
`- მოვედი ზღვაო,  მინდა ადამიანი გაგაცნო რომელიც მიყვარს!
-    დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს?
-    კი დარწმუნებული ვარ...
-    მერე უთხარი...
-    მეშინია...
-    რისი გეშინია...
-    რომ მითხრას, არ მიყვარხარო?
-    თუ არ უყვარხარ რა მნიშვნელობა აქვს როდის გეტყვის ამას დღეს თუ ხვალ! 
-    ის რომ თუ ახლა მეტყვის უარს, ხვალ ვერ შევხვდები!
-    შენც ნუ შეხვდები!
-    მერე რა მეშველება ზღვაო უმისოდ!
-    რამდენი ხანი იყავი უმისოდ დაგავიწყდა?
-    არა არ დამვიწყებია~
კიდე სამი დღე და რეზერვში გამოიძახეს ნოდარი. როგორც სტუდენტს 18 დღეE უნდა ემსახურა. გაუხარდა, ჩემს სამშობლოს ვჭირდებიო...  18 დღეEვერ გნახავო, გოგოს უთხრა. სად მიდიხარო, თამარმა. ჯარშიო – ბიჭმა, ხო დამელოდებიო. 18 დღეEარაა ბევრიო დაგელოდებიო, გაიცინა გოგომ. გული კი მაინც დაწყდა. მერე ჰომეროსი გაიხსენა, 20 წელი ელოდა პენელოპე ტროას ომში წასულ ოდისევს. ლამაზი იყო პენელოპე. დრო გადიოდა. არ ჩანდა ოდისევსი და არც რა ისმოდა მისი.  მაშინ სად იყო მობილური ტელეფონი. მარტოდ დარჩენილს მთხოვნელები მოუმრავლდა. საქმროებმა რომ შეაწუხეს სუდარის ქსოვა დაიწყო, აი მოვრჩები ქსოვას და მერე ვნახოთო, ასე იცილებდა აბეზართ. თუმცა რას მორჩებოდა?  დღე რომ ქსოვდა, ღამე შლიდა მთელი დღის ნაშრომს, არა და რა იოლია დაშლა: ხელის ერთი ნერვული მოძრაობა და მორჩა, არ არის ნაქსოვი. …ხოდა Pპენელოპე დღე ქსოვით იმშვიდებდა ღამით აწეწილ ნერვებს.  არა, 18 დღის გულისთვის ნამდვილად არ ღირს ქსოვის დაწყება. მაინც ხო არ ეცადა, იცოდა კიდეც რამდენიმე `უზორი~, სამი წაღმა ერთი უკუღმა - უბრალო რეზინი, ინგლისური რეზინი წაღმა-უკუღმა ნამატით... თვითონაც ხო არ სცადოს, მალე ზამთარი მოდის. ჯემპრს მოუქსოვს და დაახვედრებს, სითბოს დაახვედრებს...  მართლა დაიწყო ქსოვა, ისეთი სიამოვნებით ასრულებდა ამ საქმეს, რომ მიხვდა, ჰომეროსის მოყოლილი ამბავი ნამდვილად არ იქნებოდა მოგონილი...
ხო, მაგრამ პენელოპე და ოდისევსი ხომ ცოლ-ქმარი იქვნენ, ესენი ვინ არიან? მეგობრები? თუ მეგობრები არიან, ასე რატომ უთრთის გული მის უბრალო გახსენებაზეც კი, ბავშვობის მეგობრებზეც კი არ მოდის ასეთი რამ... 

... ექვსის ნახევარზე თუ ადგებოდა, არ ეგონა ნოდარს,  მაგრამ დგებოდა. მზეც მაშინ ამოიწვერებოდა, ისიც პირის დასაბანად თითქოს და სავარჯიშოდ.  მსუბუქად ვარჯიშობდნენ, საუზმობდნენ, მერე იყო მოწყობა და სხვადასხვა სახის წვრთნები. ქვეით ბატალიონში მოხვდა და ტყვიამფრქვევი ჩააბარეს. მეთაურმა, შენი ყველაზე კარგი მეგობარი ახლა ეს არის და თვალის ჩინივით გაუფრთხილდი რომ მანაც მოგიაროს და გადაგარჩინოსო. მეთაური კი ძველი ზღაპრებიდან გადმოსული გმირი ეგონა,  მისი  მზერა და ყოველი ნაკვთი ამბობდა, მე  საქართველოს არმიის ოფიცერი ვარ და ვამაყობ ამითო  და  უკვირდა რომ ადამიანი, რომელიც ახლა მისი მეთაური იყო, შესვენების დრო მასთან ერთად სადილობდა, ხოლო სადილობის შემდეგ თავისუფალი საათი რომ ჰქონდათ, ინფორმატიკის კაბინეტში ინტერნეტში ფოსტასაც ამოწმებდა და სკაიპითაც ესაუბრებოდა ნაცნობებს.
ერთ ბიჭს დაუახლოვდა ყველაზე მეტად.  პირველ დღეს გამოკითხვისას დააინტერესა იგორ იამბროზიმ. მეთაური ყველას ეცნობოდა საერთო მოწყობაზე, იგორი მის გვერდით მოხვდა. მეთაურის კითხვებს ღიმილნარევი ხმით პასუხობდა:
-    სახელი?
-    იგორი...
-    გვარი?
-    იამბროზი.
-    ეროვნებით? 
-    ქართველი...
-    ქართული გვარია  იამბროზი?
-    არა, პოლონური, ბაბუა პოლონელი მყავდა...
-    მამა?
-    მამა რუსი. რუსეთშია ახლა.
-    დედა?
-    დედა უკრაინელი...
-    შენ?
-    მე ხო ვთქვი ქართველი ვარ-მეთქი...
კეთილი ღიმილი აუთამაშდა მეთაურს, კარგიო. ახლა უკვე მისი გამოკითხვის დრო დადგა.
-  სახელი?
-  ნოდარი...
-  გვარი?
-  ბერიძე...
-  ეროვნება?
-  ქართველი...
შემდეგ თხუთმეტწუთიანი შესვენება გამოცხადდა და მაშინ გამოელაპარაკა იგორს.
-    საიდან ხარ იგორ?
-    ფოთიდან. შენ საიდან ხარ?
-    მე ბათუმიდან...
-    ფოთელი ძმაკაცი მყავს, ჩემი ჯგუფელია, ირაკლი კარტოზია, ხო არ იცნობ?
-    როგორ არ ვიცნობ, ჩემი უბნელია...
-    ხოდა ჩემი ძმაა...
-    კაი ძმა გყოლია, მაგარი კაცია.
-      ღმერთმა ხელი მოგიმართოს იგორ იამბროზი!
-    შენც ღმერთმა ხელი მოგიმართოს ნოდარ...
-    გინდა ტყვიები გავცვალოთ... ადრე ძმად ეფიცებოდნენ ასე...
-    თანახმა ვარ. გავცვვალოთ...
ტყვიები გაცვალეს. ნოდარი მაჰმადიანური წესით იყო მონათლული, იგორი მართლმადიდებელი  ქრისტიანი იყო, მაგრამ ამაზე სიტყვაც არ უთქვამთ... 
მერე ერთმა ბიჭმა მისი ოცეულიდან ავტომატი დაკარგა.  რეზერვისტებს მათზე განპირობებული იარაღის დაკარგვისთვის სასჯელი ელოდათ. ყოველ დილით ხელმოწერით იღებდნენ იარაღს და ასევე ხელმოწერით აბარებდნენ საღამოობით. ნაწილთან იქვე ტყე იყო და შესვენებისას ხის ჩრდილში ჩასძინებია ბიჭს.  სერჟანტს უჩუმრად აუცლია ავტომატი. მერე განგაშზე  მოწყობა ბრძანა, საწყალი ბიჭი აქეთ ეცა, იქეთ ეცა, მაგრამ რას მიაგნებდა  საგულდაგულოდ გადამალულ ავტომატს. სერჟანტმა, ერთი ნაბიჯი წინ, სად არის შენი ავტომატიო, კითხა. არ ვიცი, ჩამეძინა და ვიღაცას აუცლიაო, მოახსენა მწყობრს გამოყოფილმა ჯარისკაცმა. იცი რომ ამისათვის სასჯელი გეკუთვნისო.  ვიციო, ჯარისკაცმა. თუ გინდა ავტომატი დაგიბრუნდეს, ახლა 50 კომანდოს ცეკვა შეასრულეო, სერჟანტმა. ბიჭსაც რა ექნა, ის იყო ცალ მუხლზე დაიჩოქა და  მეთაურიც მოვიდა, - რა ხდებაო? ამ დროს საერთოდ შესვენების საათი ჰქონდათ. სერჟანტმა მოახსენა, ჯარისკაცმა ავტომატი დაკარგა და ვუბრძანე კომანდოს ცეკვის შესრულებაო. ჯარისკაცმა ავტომატი დაკარგა? რა გაცეკვებთ? და რა ვითარებაშიო. ეძინა და მე ავაცალეო. რატო ააცალეო? ავაცალე, იმიტომ რომ აწი არ დაკარგოსო. შენი ოცეულის წევრმა ავტომატი დაკარგა, მაშინ შენც სასჯელი გეკუთვნის, რამდენსაც შენი ჯარისკაცი იმსახურებს სასჯელს, იმდენს შენც იმსახურებო და რადგან შენც ჩემი სერჟანტი ხარ, მეც ისევე სასჯელს ვიმსახურებო. რამდენი გაეცი ბრძანება რამდენი უნდა შეასრულოსო,  ორმოცდაათიო, სერჟანტმა.  ხოდა სამივე ერთად გავაკეთებთ მაშინო. ნოდარმა, შეიძლება მეც გავაკეთებო თქვენთან ერთადო?  შენ არ გეკუთვნის, მაგრამ თუ სურვილი გაქვს გააკეთეო, მეთაურმა.  მერე სათითაოდ მთელი ოცეულის ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი, ყველამ ერთად ბოლომდე შეასრულეს დავალება. კომანდოს ცეკვა კი `ქართული~ ცეკვა ნადვილად არ არის: კეფაზე ხელები უნდა გქონდეს შემოჭდობილი და ფეხები ერთ წინ, მეორე უკან და მეორე უკანა ფეხი მუხლით მიწას უნდა ეხებოდეს ოდნავ. მთელი აღჭურვილობით უნდა შეძლო და მაღლა ახტე, რომ ფეხებს ადგილი შეუცვალო,  ისე რომ ხელები არ მოიცილო კეფიდან. ნოდარი თან დავალებას ასრულებდა, თან ფიქრობდა, ეს ცეკვა რუსულ ცეკვას გავს ცოტათი, აი ის ცეკვა რომ არის, ხელებს რომ ირტყამენ ჩექმებსა და ტანსაცმელზე. იქაც ასე, კეფაზე აქვთ ხელები, თან გეგონება მამაკაცი ტანსაცმლის წმენდითაა გართული, თითქოს ვერ მოვასწარი სახლში რომ ვიყავი, მოწესრიგება, მაგრამ ა, ბატონო, დაგინახე აგერ, მომწონხარ, მევასები და აი ხო ხედავ ტანსაცმელსაც კი ვიწმინდავო... თავს აწონებს თითქოს რჩეულს... ცეკვა `ქართული~ კი ღირსებითა და სიამაყის გრძნობითაა სავსე. აქ რო ცეკვას იწყებ გაწმენდილი უნდა გეცვას უკვე ყველაფერი და შინაგანადაც უნდა იყო გაწმენდილი, იმიტომ რომ ცეკვა არის თვითონ ისეთი, ბოროტი ადამიანი და გულღრძო ვერ შეასრულებს. შორიახლოდან ეფერები სასურველს, ახლოს ხარ მაგრამ უფრო ახლოს გინდა მიხვიდე, მაგრამ ამ შენ ნდომას სახალხოდ არ  ამხელ. მალავ, შორიდან ეფერები ქალს... სანამ 50-მდე ავიდოდა ამის გაფიქრებაც მოასწრო ნოდარმა. დამატებითი ვარჯიში გამოუვიდათ.  საერთოდაც, ყოველი ცეკვა ძველთაგანვე ხო ვარჯიშიც იყო, ზოგი საომარი, ზოგი სამონადირეო, ზოგიც კიდე სასიყვარულო... 
თამარი კი... არასდროს  არ უწერია ამდენი მესიჯი... 
-  როგორ ხარ თამარ...
-  კარგად ნოდარ... შენ როგორ ხარ...
-  კარგად...
-  რა ხდება ჯარში...
-  ქართული ჯარი შენ გიცავს...
-  მშვიდად დავიძინებ მაშინ...
-  კარგი...  ტკბილი ძილი...
ამ დროს გოგოს უნდოდა სიტყვა მონატრება დაეწერა, იმიტომ რომ მართლა ენატრებოდა... ისევ აინთო ტელეფონის ეკრანი...
-    მომენატრე... – წერდა ნოდარი. გაეცინა გოგოს, თვალი აუცრემლიანდა...
-    მეც მომენატრე...
საქსოვს გადახედა. ნოდარის დაბრუნებამდე  დაამთავრებს კიდეც. მერე რა რომ ქმარი არ არის. არც შეყვარებული. მეგობარი ხომ არის, არა, მეგობარიც არ არის, რაღაც სხვა არის ნოდარი, უფრო მეტი რასაც ახლა სახელს ვერ არქმევ, იმიტომ რომ... იმიტომ რომ პასუხი არ გაქვს... ნეტა მალე გავა 18 დღე...
ოცეულის წევრები ოჯახის წევრებივით დაცილდნენ ერთმანეთს. უკან დაბრუნებისას თბილისში იყო ნოდარი იგორთან ერთად. ქალაქი დაათვალიერეს, მოეწონათ ძველი თბილისი, `გარემონტებული~ და ყვავილებში ჩაფლული რუსთაველის პროსპექტი. მერე ერთ ადგილას ხალხის ჩოჩქოლი შენიშნეს, მივიდნენ. ბრმა ახალგაზრდა მათხოვარი ეჩხუბებოდა მოხუც, ყავარჯნიან მათხოვარს, ეს ჩემი ადგილია და აქ ნუ დგახარ, მე უნდა დავდგეო.  მოხუცმა, კარგიო დადექიო, ცოტა მიიწია გვერდით და დადგა, ბრმა მაინც რას დამინახავსო ალბათ ამის ფიქრით... მართლაც დაწყნარდა ბრმა, ორივე იდგნენ ახლა...  ხალხიც დაწნარდა...
მერე სადგურში წავიდნენ, იგორი ფოთის მატარებელს გაყვა,  ნოდარი ბათუმის. დილის ექვსის ნახევარი იყო ბათუმში რომ ჩავიდა. მონატრებია აქაურობა. თითქოს ქუჩები და სახლები უღიმოდნენ... მერე ზღვასთან მივიდა...
`- სპეციალური დანიშნულების ოცეულის რიგითი მეტყვიაფრქვევე ნოდარ ბერიძე მოგესალმები ზღვაო...
-    რა გაყვირებს თუ კაცი ხარ!
-    რავი მაინც მარტო ვარ და... ცარიელია პლაჟი...
-    მარტო რატო ხარ? რა უყავი ის ლამაზი გოგო დიდი ამბით რომ გამაცანი...
-    ძინავს ახლა ალბათ...
-    გიყვარს?
-    კი...
-    ე. ი. არ ხარ მარტო...
-    დღეს ვნახავ და ვეტყვი რომ მიყვარს...
-    უთხარი...~
ვერ მოითმინა და თამარს დაურეკა... თამარს ეღვიძა, ბულვარში ვარო, გამოხვალო, კითხა... კი ახლავეო თამარმა... მალე მოვიდა თამარი, მზეც იმ დროს ამოდიოდა, როცა ის გამოჩნდა და ასე ეგონა მზე და თამარი ერთად მოდიოდნენ... 
-      ეს რა არის?
-    საჩუქარია, მე მოგიქსოვე, თვრამეტი დღეE ვქსოვდი...
-    მართლა?!
-    ხო.
-    მიყვარხარ?
-    ვაიმე!
-    ვაიმე რატო?
-    დავიბენი...
-    რამ დაგაბნია?
-    ასე უცებ?…
-    უცებ რატო, მთელი ცხოვრება მიყვარდი?
-    ხო, რა ვიცი?
-    ძალიან მიყვარხარ...
-    მე რა გითხრა?
-    შენც ის მითხარი რასაც გრძნობ...
-    გითხრა რასაც ვგრძნობ...
-    ხო.
-    სიხარულს... 
-    მართლა...
-    ხო...
...რა უცებ მოხდა ყველაფერი.  დღე-დღეზე  ოლიმპიადა უნდა დაწყებულიყო. მანამდე ერთი თვე ცხინვალიდან და სამაჩაბლოს ოსური სოფლებიდან ქალები და ბავშვები გაყავდათ ოს სეპარატისტებს ავტობუსებით ჩრდილოეთ ოსეთში. იგივე ავტობუსებით კი სხვადასხა რჯულის დაქირავებული მებრძოლები შემოდიოდნენ და შემოჰქონდათ დიდი რაოდენობით იარაღი. პარალელურად უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით იბომბებოდა ქართული სოფლები. წლობით ნაშენი და ნაჯაფი ენგრეოდათ ადამიანებს. მთელი ცხოვრება აშენებ, აკოწიწებ ელოლიავები შენ ფუძეს და ერთი წამი და ფერფლად შეიძლება გექცეს ეს ყველაფერი.  ქართული ჯარი სროლებს-სროლებით პასუხობდა და დაიწყო...
...სენაკში გამოიძახეს რეზერვისტთა შეკრების ადგილას უნდა იყო 12 საათზეო. დედა, უნდა წავიდეო, წადი შვილო, მაგრამ მთელი სული და გული ამოაყოლა ამ `წადის~ ქალბატონმა ლილიმ...
-  სა მიხვალ ჭო?
-  სენაკში, სამოცი ლარი მაქვს ხო ეყოფა?
-  ორმოცდაათიც ეყოფა, სენაკში რა გინდა?
-  რეზერვისტები ვართ გამოძახებული.
-  არ წაგიყვან ჭო...
-  რატო ზაურ?!
-  რამე რომ მოგივიდეს, მერე რა ვთქვა, მე წავიყვანე-მეთქი...
-  სხვა ტაქსი უდა ავიყვანო  მაშინ...
-  ხო, კარგი დაჯექი ჭო...
ჯერ თამართან…
-  თამარ...
-  ნოდარ... 
-  ხო, კარგი რას ტირი?
-  რამე რომ მოგივიდეს?
-  ღმერთის ნება იქნება...
-  ნოდარ, ეს ჩემი ნათლობის ჯვარია, შენთან იყოს, კარგი?
-  კარგი...
`უფალო, იესო ქრისტე, წმინდაო მარიამ, დაიცავით ჩემი ნოდარი...  ჩემი ნოდარი... ჩემი ნოდარი... ~
მთელი ოცეული უკლებლივ იყო გამოცხადებული. ძმასავით შეხვდა იგორს. მეთაური წინა ხაზზე იყო და არ უნახავთ... იმავე ღამით სამაჩაბლოში გადაიყვანეს. ქართული სოფლის განაპირას დაიკავეს პოზიციები. სერჟანტმა სანგრები გათხრის ბრძანება გასცა...
...სანგარში ფიქრი მოეძალა ნოდარს. ომზე ფიქრი. მილიონი სხვა უკეთესი საქმე არსებობს, ვიდრე ომი. ქვის ხანიდან დაწყებული,  როცა ადამიანები სიტყვებით, ანუ საუბრით ვერ არკვევდნენ  ურთიერთობას, იწყებდნენ ჩხუბს, ისროდნენ ქვებს. ადამიანთა ჯგუფები ერთიანდებოდნენ და უბრალო ჩხუბი უკვე ომებში გადაიზარდა. უფრო და უფრო ვითარებოდა ცხოვრება, მაგრამ პრინციპი იგივე დარჩა, იცვლებოდა მხოლოდ საომარი საშუალებები და უბრალო ქვიდან, ან ქვის იარაღიდან ადამიანი მივიდა ატომურ ბომბამდე, რამაც პრაქტიკულად დაამთავრა კიდეც მეორე მსოფლიო ომი... ატომურმა ბომბმა ომის შიშიც დათესა,  ასე რომ დიდი ქვეყნები, რომელთაც ატომური იარაღი აქვთ აშკარად ერიდებიან ურთიერთ მტრობას, მაგრამ ფარული მტრობა გრძელდება. მეორე მსოფლიო ომის  შემდეგ დედამიწის სხვადასხვა უბნებში ხშირად არის მცირე, ლოკალური ომები. მაგრამ მცირე სტატისტიკისათვის, მაგრამ იმ დედისათვის რომელსაც შვილი ეღუპება ამ თითქოსდა მცირე ომებში, უზარმაზარი ტრაგედიაა ხდება და ქვეყანა ინგრევა. დედა წარმოუდგა თვალწინ და თამარი... საქართველო კი, საქართველოს ადგილმდებარეობა იწვევს ალბათ იმას რომ ყოველ საუკუნეში, ყოველ წელს გიხდება ომი, რომ ამ ლამაზ ცას, ამ ლამაზ მთა-ველს საქართველო ერქვას, რომ ქართული გენი არ მოიშალოს, ქართული სიტყვა არ მიეცეს დავიწყებას...
მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭიათ, Mმთელი ღამე ისროდა მტერი, მთელი ღამე პასუხობდა ქართული არტილერია... მთელი  ღამე იბომბებოდა ქართული პოზიციები, და არა მარტო ქართული პოზიციები...  რეზერვისტების შეკრების ადგილები, აეროდრომების ასაფრენი ბილიკები... მშვიდობიანი  მოსახლეობა, ქართული სოფლები და ქალაქები...
ექვსის ნახევარზე დაიწყო მასირებული შეტევა მტერმა... თითქმის ყოველი მხრიდან უტევდნენ... 
-  ტყვიები მითავდება Aიგორ!…
-    მეც მითავდება, ნოდარ...
-    ბრძანებაა, უკან დავიხიოთ...
-    ჩვენს უკან ხო ქართული სოფლებია, იმ ხალხს რა Eეშველება იგორ...
-    გაიყვანდნენ ალბათ ხალხს...  ბრძანება ბრძანებაა, უნდა შევასრულოთ...
-    დამჭრეს იგორ...
-    ნუ გეშინია ნოდარ... 
-    მიდი შენ უკან დაიხიე, მე ცეცხლით დაგიცავ... წადი იგორ...
-    გაგიჟდი, ან ერთად დავიხოცებით ან ერთად გადავრჩებით... 

... სიზმარმა გააღვიძა თამარი, ნოდარის  რაზმი ალყაში იყო თითქოს, ყოველი მხრიდან მოდიდოდნენ რუსიოკუპანტები და დაქირავებული მკვლელები, დანებებას ითხოვდნენ თითქოს... მერე ნოდარი დაინახა, სანგრიდან ისროდა და თანამებრძოლებს ტყვიები მაკლდება და მომაწოდეთო, იძახდა...  მერე კი თითქოს სანგრიდან სანგარში გადარბენის დროს დაიჭრა...
საათს შეხედა. ექვსის ნახევარი იყო... აფორიაქდა. გული ცუდს ეუბნებოდა. ლოცვა მოუნდა. სასწრაფოდ გადაიცვა და ეკლესიისკენ წავიდა... მამა ზაზა უკვე ეკლესიაში იყო და მრევლიდან იყვნენ რამდენიმე, დილის ლოცვებს ასრულებდნენ... მამა ზაზას სთხოვა ჩემი აუხლოესი ადამიანი ახლა ომშია და მისი ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდა თუ შეიძლება, მამაოო. თანხმობა მიიღო, სახელი უთხრა,  მერე თვითონ ღვთისმშობლის ხატთან დაიჩოქა:
`ღვთისმშობელო, დედაო მარიამ, გადამირჩინე ჩემი ნოდარი, შენი მფარველი კალთაA გადააფარე, ააცილე მისკენ წამოსული ტყვია...~ -  ტიროდა თამარი... 

თითქოს არსაიდან იყო ხსნა... მალე უკანდასახევ გზასაც მოუჭრიდათ მტერი... უცებ იმ მხარეს საიდანაც მტერი უტევდათ,  საოცრად სქელი ნისლი  და ღუბელი ჩამოწვა... შეტევა შეაჩერა მტერმა, ავიაციამაც შეაჩერა გაფრენები დაბომბვა... ზურგზე აკიდებული გამოყავდა ნოდარი იგორს, უცებ  სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა...


პარაკლისი დაასრულა მამა ზაზამ...
სიმშვიდე იგრძნო თამარმა... ეკლესიიდან გარეთ გამოვიდა  და მესიჯი გაუგზავნა ნოდარს...
-    როგორ ხარ ნოდარ?
მესიჯის ხმამ მოაფხიზლა სასწრაფოს მანქანაში წამოწოლილი ნოდარი...
-  კარგად ვარ თამარ... 
საავადმყოფოს მშვიდი  ფერები აწყნარებს ადამიანს, თუმცა აქ ყოველთვის ერთი ნაბიჯია მარადისობამდე, რასაც გარდაცვალება ქვია... 
-    დედა...
-    ხო შვილო?
-      გახსოვს ბებია სოფელში ჭადს ან პურს რომ აცხობდა, ჯვარი  გამოყავდა...
-      კი, მახსოვს...
-      დედა შენც ჯვარი გამოგყავს ჭადს რომ აცხობ...
-      ხო შვილო, მეც...
-      დედა, ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, მეც ქრისტიანულად უნდა მოვინათლო...
-      შვილო, ოღონდ შენ კარგად მყავდე, როგორც შენ გსურს...
-      დედა, ხო არ მიბრაზდები?
-      არ შვილო არ გიბრაზდები...
ამ დროს თამარმა შემოაღო პალატის კარი. ნოდარს გაუღიმა, ქალბატონ ლილის მიესალმა...
-    დედა, ეს თამარია... ხო კარგი გოგოა...
-    კი შვილო კარგი გოგოა...
-      თამარი ჩემი ცოლი გახდება, როგორც კი აქედან გამოვალ ჯვარს დავიწერთ...
-      კარგი შვილო...
-    თამარ, შენ ხო ხარ თანახმა...
-    ახლა ეკითხები შვილო?! იქნებ არ არის თანახმა და ჩემი ერიდება! – ღიმილით თქვა ქალბატონმა ლილიმ.
-      თანახმა ვარ ქალბატონო ლილი...
-      ბედნიერები იყავით შვილებო...
-      რა კარგი ყოფილა რომ დამჭრეს, ყველა ყველაფერზე თანახმაა. ერთი იაპ დე ჰოპ შხეფერი შემოვიდოდეს, ნატოში მიღებას ვთხოვდი... – იცინის ნოდარი,  – თამარ აი შენი ჯვარი, ის ხო ნათლობის ჯვარია და გიბრუნებ. მე იამბროზიმ უნდა მომიტანოს, ჩემი  ნათლია იქნება.
-    კარგი ნოდარ!
უცებ კარი გაიღო და იგორ იამბროზი შემოვიდა დაბარებულივით.
-      ესეც ჩემი ნათლია! – თქვა ნოდარმა გახარებულმა.
-      ნოდარ, აზრზე ხარ, იცი გვერდით პალატაში ვინ წევს?
-      ვინ წევს?
-      ჩვენი მეთაური...
-      მართლა? მერე როგორ არის?
-      ექიმები ამბობენ, უიმედო მდგომარეობა იყო მაგრამ ახლა კრიზისი გავლილია, გადარჩებაო...
-    დედა, სად არის ნოდარი... – უცებ გიორგის ხმა გაიგონეს...
-    მგონი მოვედით... – ეს ასმათის ხმა იყო, მეუღლესთან და გიორგისთან ერთად მოსულიყო ძმის სანახავად.
-    მოვიდა ჩემი კუტუნიე ბიჭი?
-    ბებო, ხო გითხარი ეს უზრდელობაა-მეთქი...
-    ბოდიში ბებია...
-    რა კაცი რა კაცი, როგორ ხარ ბატონო გიორგი?
-    კარგად ვარ ნოდარ, მოიცა ცოტა გავიზრდები და ვინც შენ დაგჭრა, დედას ვუტირებ...
-    წუხელვე გაემზადა აქ წამოსასვლელად,  ნოდარი უნდა ვნახოო, სამჯერ გავხადე ფეხსაცმელი და ისევ ჩაიცვა... – თვალცრემლიანი ამბობდა ასმათი...
ოქტომბრის პირველ დღეებში პატარა ქორწილი გადაიხადეს. მანამდე ჯერ ქრისტიანულად მოინათლა ნოდარი.  იგორ იამბროზიმ იყო ნათლია. მერე ჯვრის წერის ცერემონიაც ჩაატარეს. ქორწილი ზღვისპირას ჰქონდათ პატარა რესტორანში.  ნოდარმა თამადას თხოვა, პირველი სადღეგრძელო იმათი თქვი ვინც საქართველოსთვის ამ ბოლო ომში დაეცაო...
მალე შეთვრა ხალხი...
-    კაია ქორწილი.
-    სინდისი არ აქვთ რუს პოლიტიკოსებს და პუტინს...
-    მედვედევი პრეზიდენტი კი არა პუტინის დაა...
-      გამართლებულია ამხელა მსხვერპლი? დაკარგულ ტერიტორიებს კიდე და ახალი დაკარგული ტერიტორიები შევმატეთ...
-    სამაგიეროდ მსოფლიომ გაიგო რა მშვიდობისმყოფელებიც არიანი რუსები...
-    მსოფლიო ჩალით არის დახურული ბიძია...
-    ადრე იყო ჩალით მარა ახლა კრამიტიც დაუმატებიათ, ხო ხედავ მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს...
-    ხო, აღშფოთებული მსოფლიო მხარს გვიჭერს,  მარა რა მერე…ჩვენ რა...
-    იყავი Eჭო შენ იქ, იბრძოდი?
-    არა, არ მიბრძოლია...
-    ბლაყვობაა ჯო აბა რასაც ამბობ...
-    გამოდი ერთი წამი გარეთ...
-    რა გეწყინა ჭო, მეც ვბლაყვობ  და ყველა ვაბლაყუნებთ ახლა...
-    აბა მართალი ვინ არის, ჩემი ძმა?
-    მართალი ის არის, ვინც იქ იყო და არ არის ახლა...
ქორწილის შემდეგ ზღვასთან გავიდნენ... 
`  - ჩემი მეუღლე მინდა გაგაცნო ზღვაო...
-    ხო გამაცანი უკვე...
-    მაშინ უბრალოდ თამარი იყო, ახლა მეუღლეა...
-    რახან შენ ამბობ, ასე იყოს...
-    ზღვაო, მე ქრისტიანულად მოვინათლე... იამბროზია ჩემი ნათლია...
-    ვიცი...
-    როგორ გგონია მამას ეწყინებოდა?
-    არ ეწყინებოდა...
-    მადლობა ზღვაო...~

5.11.2008









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები