ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოჩა შანიძე
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2013


მონადირე(დასაწყისი 1-3 თავი)

ალიონზე გაეღვიძა. სწარაფად ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა და სამზადისს შეუდგა. სამზარეულოდან გამოიტანა წინა ღამით გამზადებული საგზლიანი ზურგჩანთა, კედლიდან ჩამოხსნა საგულდაგულოდ გაპოხილი, მამისეული თოფი და შალის ჩვრით ნაჩქარევად გააპრიალა. შემდეგ გადახსნა, კიდევ ერთხელ გაიჭვრიტა სარკესავით მოლაპლაპე წყვილ ლულაში, აუჩქარებლად ჩადო ორი ვაზნა, ჩახმახი მოუსინჯა და მაგიდის კიდეზე მიაყუდა.
დედაც შემოვიდა. მისი ფეხის ხმაზე გამოღვიძებოდა და შვილის გასაცილებლად წამომდგარიყო. მომზადებაში მიხმარება სცადა. თავისი ხელით ჩალაგებული ზურგჩანთა მოსინჯა, ტანსაცმელი გაუსწორა და სევდიანად მიაჩერდა შვილის ჟინიან სახეს.
- იქნებ არ წასულიყავი შვილო,
- რათა დედი?
- რა ვიცი, გული რაღაც ცუდს მითქვამს.
- ნუ გეშინია დედა – გაეცინა შვილს – მე მალე დავბრუნდები. პირველად ხომ არ მივდივარ მთებში ჯიხვებზე სანადიროდ.
დედას გულში რაღაც ჩაწყდა. თითქოსდა უკანასკნელი იმედიც ხელიდან გამოაცალესო, ნაღვლიანად მოარიდა მზერა. თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ თავისი ეს აკვიატებული ავის მომასწავებელი გულისთქმა მისთვის მხოლოდ რაღაც შინაგან შეშფოთება იყო, მაგრამ მის უტყუარობაში რაიმე გზით შვილის დარწმუნება კი უსუსური გულუბრყვილობა. იგი ხომ ახლო-მახლო სოფლებში სახელგანთქმული მონადირე იყო. უკვე მოწიფულ ვაჟკაცს თვალიც ძლიერ უჭრიდა და მკლავიც. სულგანათლებულმა მამამისმა ჯერ კიდევ ათი წლისას შეასწავლა ნადირობა, და უკვე თექვსმეტი წლიდან მუდამ თან დაჰყავდა ჭიუხებში სანადიროდ. რამდენს არ უძალიანდებოდა მაშინ ქმარს, ჯერ კიდევ ბავშვია და კლდე-ღრეებში ნუ გაიყოლებო, მაგრამ სულ ამაოდ და მისი შვილი ხომ ნადირობის ციებ-ცხელებით შეპყრობილი, მზად იყო ცის დასალიერამდე გადევნებოდა მამას. მერე ის იყო, ერთ-ერთ ქარაფზე ასვლისას, რომ ქვა დაუგორდა წინ მიმავალ თანმხლებ მონადირეს და მისი ქმარიც უფსკრულში გადაიჩეხა. ამ უბედურების შემდეგ, მხოლოდ წელიწადნახევარი შეძლო შვილის სახლში დაკავება. ბოლოს მაინც ხელიდან გაუსხლტა და ისევ თავის უკიდეგანო მთებს მიაშურა, ფესვები რომ თავშეუდგამ უფსკრულებში გაედგათ და ამაყი ქედები ზეცის უსასრულობაში ჩაკარგვოდათ.
უკვე კარგა ხნის წინათ განცდილი უბედურების ტკივილი მუდამჟამ აწვალებდა და დღესაც მოსვენებას უკარგავდა დედას. ყოველთვის ასე ემართებოდა: დააპირებდა თუ არა მისი შვილი სანადიროდ წასვლას, მაშინვე აფორიაქდებოდა, ცდილობდა რაღაც მიზეზით გადაეთქმევინებინა ან თუნდაც რამდენიმე დღით მაინც გაეჭიანურებინა განზრახულის აღსრულება. სანადიროდ წავიდოდა და თვალებზე რუდი არ ეკარგებოდა, ავი სიზმრები არ აძინებდა, დილიდან საღამომდე გზას გასცქეროდა და ჩუმ კვნესაში ათენებდა.
ახლაც, თითქოსდა რაღაც დაკარგვოდა დედას და ფიქრისაგან დაბინდული თავლებით ცდილობდა მის პოვნას. ღრიჭოდ დარჩენილი მაგიდის უჯრა ფრთხილად შესწია, ოდნავ შეკეცილი მაგიდის გადასაფარებელი გაასწორა და ხელით გააუთოვა. “რის პოვნა სურდა?” უკვე წასასვლებლად გამზადებულ შვილს გადახედა. “ჰო, მისი შვილის წასვლა არ სურდა და მიზეზს დაეძებდა”. ისევ თავისი სცადა.
- ნუ წახვალ შვილო, მარტო ნადირობა ვის გაუგია. მაინც საშიშია.
გულის სიღრმეში, შვილის ისევ მარტო ნადირობა ერჩივნა, ისიც მამასავით სხვისმა დაუდევრობამ არ დაღუპოსო, მაგრამ მაინც უთხრა, თუმც კი იცოდა, რომ ამ საბაბითაც ვერაფერს გახდებოდა.
- კარგი რა დედა. განა სულ მარტ ოარ დავდივარ? სულ ეგრე იცი. წასვლას დავაპირებ თუ არა, მაშინვე აფორიაქდები და ერთ ადგილს ვერ პოულობ. ხომ დაგპირდი მალე დავბრუნდები მეთქი. დიდი დიდი ხვალ საღამოს მაინც აქ ვიქნები.
დედაც მოეშვა ამაოდ გარჯას. ისევ სამზარეულოს მიაშურა და საუზმის გამზადებას შეუდგა.
მანამ ვერ მორჩა საუზმეს, ვიდრე თავისი შვილის კერპობისაგან გულში ნაწყენმა დედამ ძალისძალად კარგად არ დაანაყრა. ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარითა და წინააღმდეგობით, როგორც იქნა თავი გამოიშვა, ჯერ კიდევ მძინარე ცოლ-შვილი გადაკოცნა, დაგვიანებულივით, ნაჩქარევად დაავლო ხელი თოფს, ზურგჩანთა მხარზე მოიგდო, , მასრებით გაჭედილი ქამარი შემოირტყა წელზე მონადირის დიდი დანაც შეიბა და კარებს მიაშურა.
- აბა შენ იცი შვილო – პირჯვარი გადასახა და გადაკოცნა დედამ – ჭკუით იყავი, ნადირობამ არ შეგიტყუოს, ქარაფებში ფრთხილად იარე და შინ არ დააგვიანო.
- ნუ იდარდებ დედა, მე მალე დავბრუნდები – გამოსძახა ღიმილით დედას, სულ მუდამ რომ ასე ლოცვასავით დაადევნებდა ათასგზსი გაზე[პირებულ ერთიდაიგივე შეგონებას და მანამდე არ შებრუნდებოდა შინ, ვიდრე თვალს არ მიეფარებოდა. ბოლოს, შორიდან, კიდევ ერთხელ დაუქნია დედას ხელი გამომშვიდობების ნიშნად და ხალისიანი, ფართე ნაბიჯებით გაუყვა ფერდობზე მიმავალ ბილიკს.
დედასთან გამომშვილდობების წუთიდან კი იგი უკვე მხოლოდ თავისი საყვარელი სტიქიით არსებობდა და მონატრეული მიჯნურივით მიიჩქაროდა მისკენ. მისთვის ამქვეყნად უკვე სხვა აღარაფერი არსებობდა გარდა ნადირობის დაუოკებელი ლტოლვისა და მისდამი მაცდუნებელი გრფიალებისა, მოუთოკავი ჟინით წამონთებული თვალებით გასცქეროდა რიჟრაჟის შუქზე გამომკრთალ, ფრიალო კლდეთა კონტურებს, თვალსაწიერზე მომდგარი მზის სხივები რომ სხივოსან ათინათად შემოსდგომოდა მახვილ მწვერვალებზე და ქვის ხშირ ტყესავით წამოგრაგნილიყვნენ უკიდეგანო სივრცეზე.
ყოველთვის ისეთი შეგრძნება იპყრობდა, თითქოსდა მომავალ უთანასწორო ბრძოლაში ებმებოდა ამაყად შემართულ ქვის ტიტანებთან შესარკინებლად და ისიც ყოველთვის თავისი ბრძოლისა და ჭიდილის ჟინით გამარჯვებული და ნაალაფევით ხელდამშვენებუილ ბრუნდებოდა უკან. როგორ უყვარდა ამ ცისთვის მიბჯენილ, მახვილქონგურებიან ქვის ციხე-სიმაგრეთა ყოველი დალაშქვრა. ბუნებით მეოცნებეს, ბავშვობიდანვე აღაფრთოვანებდა ლექსად მოყოლილ “ვეფხისტყაოსანის” მოქმედ პირთა სწორუპოვარი გმირობები, მათი უსაზღვრო სიყვარული, უმწიკვლო მეგობრობა და უმაგალითო თავგადასავლები; ან კიდევ, ამირანის სიკეთისათვის თავგანწირვა, მიის შეუპოვრობა, სამართლიანობისათვის ხლემეთის კიდით-კიდემდე დაუოკებელი ლტოლვა და ბოროტი დევების ძლევა. ამიტომ იყო, რომ ყმაწვილობიდანვე ნადიროას ნაზიარებს, მოწიფებულობაშიც გაუხუნებლად გაჰყვა ბავშვური წარმოსახვით ნასაზრდოები და ლამაზი ოცნებებით ხორცშესხმული დიადი ძლევამოსილების განცდის სურვილი. სანადიროდ მიმავალს, ყოველთვის რაღაც უჩინარი შემართება შემოენთებოდა მთელს სხეულზე, მძლავრი ვულკანივით რომ აბობოქრდებოდა მის ბუნებით უწყინარ გულში და ცხელ ლავასავით აუდუღებდა სისხლს. ისიც დაუღალავად დაეხეტებოდა ხეობებში, დაცოცავდა პიტალო კლდეებზე და თავის ოცნებაში ასე წარმოედგინა, ვითომც მიუვალ ციხეებში გამოკეტილ ქაჯებს ებრძოდა, მხეთუნახავი ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად, რომელიც მხოლოდ მისი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მისი და რომ ყველი, მის მიერ მოკლული, მიუვალი ქარაფის ჯიხვი, ან ქაჯთა მეციხოვნე დარაჯი იყო, ან ბოროტი ბაყ-ბაყ დევი, უთანასწორო ბრძოლაში რომ დაამარცხა და უკვე მერამდენედ შეაგრძნობინა მას სწორუპოვარის სიდიადე, ქვეყნად ყოველივეს მბრძანებლის გვირგვინით შეამკო იგი და ფერხთით გაიგო მწვერვალთა მბრძანებლის ტახტი. მის მიერ ყოველი ახლად დალაშქრული კლდე, მის მიერ დაპყრობილი ახალი ციხე-გალავანი იყო, რომელიც ბოლოსდაბოლოს მისი ნების საბოლოო ტყვედ ძიერების მონად იქცა იმ დღიდან.

                   


                    II


ბევრი ჭიუხი მოიარა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოინდირა. ის იყო სათოფეზე უნდა მიახლოებოდა ჯიხვს, რომ ფრთხილი ცხოველი მაშინვე გრძნობდა საშიშროებას და თვალის დახამხამებაში უჩIნარდებოდა კლდეებს შორის. ხელმოცარული, მხოლოდ შორიდან შესცქეროდა თუ როგორ მსწრაფლ გადარბოდნენ ჯიხვები გიგანტური ნახტომებით კლდიდან კლდეზე, როგორც ჯადოსნური, მფრინავი ბედაურები და წუთის შემდეგ უკვე ძალიან შორს, თვალთახედვიდან იკარგებოდნენ.
ამგვარ ხეტიალში შემოაღამდა. უგუნებოდ გახსნა ზურგჩანთა და საგზალი ამოალაგა. გულში ბრაზობდა, რომ ეგზომ არ სწყალობდა ნადირობის ქალღმერთი დალი და მისგან შორს მიერეკებოდა კლდეებზე მძოვარ ჯიხვების ფარას. იდუმალი და ცვალებადი იყო ნადირთა მფარველი, ქალ-ღმერთი დალი. ზოგჯერ შემწე, როცა თავისი წყალობით გულიხვად აავსებდა ადამიანს და ზოგჯერაც სასტიკი, ნადავლად წვალებისა და უიღბლობის მეტს რომ არაფერს არგუნებდა ამაოდ დამშვრალ მონადირეს. მონადირეებიც ოდითგან შიშითა და სიყვარულით ეთაყვანებოდნენ ქალღმერთ დალის, რადგან იცოდნენ, მისი გულის მომნადირებელი, უხვი წყალობითა და ნადავლით აღივსებოდა, ხოლო რისხვა კი წილად არგუნებდათ მწარე მარცხსა და უბედურებას. მასაც ბავშვობიდან ჩაესმოდა ქალღმერთ დალიზე მოყოლილი უამრავლი მითი, ზღაპარი თუ ბალადა, ღრმა მოხუცები რომ მოუთხრობდნენ ბალღებს, ან ყმაწყვილი გოგო-ბიჭები დაამღერებდნენ ჩონგურებზე ისევ ქალღმერთისადმი მიძღვნილ საცეკვაო ფერხულთან ერთად. ათეული საუკუნეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა თქმულებები მისი შეუცნობელი ბუნებისა და საოცარი თავგადასავლების შესახებ: რომ ზოგისათვის ღვიძლი და გახდებოდა და უცოდობელი განსაცდელისაგან დაიხსნიდა, ზოგისათვისაც შმაგ მიჯნურად იქცეოდა და დაუცხრომელი ვნებით მოზგიზგიზე ღამეებში თავადვიწყებას მინებებული, უბრალო მოკვდავთან იზიარებდა თავის ღვთებრივ სარეცელს; ზოგსაც კი ულმობელ რისხვად დაატყდებოდა თავს, როცა ათასგვარი ხრიკებითა და გრძნეულებით თვალშეუდგამ ქარაფებში შეიტყუებდა, ნადირს დახარბებულსა და გულზვიად მონადირეს, თავისი სილამაზით თვალებს აუხვევდა მას და შეუბრალებლად გადჩეხავდა უძირო უფსკრულში.
ბავშვობიდანვე კარგად ახსოვდა, თუ როგორ ყვებოდნენ, თავიანთ რწმენაში მტკიცედ დარწმუნებული მოხუცი მონადირეები დალის ამბებს და ისიც, მონათხრობით აღტაცებული, ხარბად ყლაპავდა მათ ყოველ სიტყვას. როცა ცოტათი წამოიზრდებოდა, თითქოს ეჭვიც კი შეეპარა მათ სიმართლეში და შემდეგ, მოწიფულობაში ხომ ფარული ღიმილითაც კი უსმენდა ადრე, ბავშვობაში მოსმენილ ლამაზ ბალადებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესაც კი, რატომღაც მაინც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ნადირობის წინ ქალღმერთისადმი შეწევნის თხოვნა. იცოდა რომ ეს სიცრუე იყო, წინაპართა მიერ ათასწლეულების მიღმა, პოეტური წარმოსახვით შექმნილი არსება, მაგრამ როგორც ყველა მონადირე, თვითონაც ცრუმორწმუნე იყო და ნებით თუ უნებლიედ მაინც სჯეროდა მისი არსებობა, მაინც გულს უმშვიდებდა ზნე-ჩვეულებად ქცეული თავისი თხოვნა, თაყვანი და სამადლობელი ქალღმერთისადმი.
მთელი დღის ფუჭი ხეტიალით დაღლილმა და დამშეულმა მადიანად ივახშმა, ჟიპიტაურით, ხვალისათვის იღბლიანი ნადირობა შესთხოვა დალის და საძილედ შეფუთნული, იქვე ლოდზე მიწვა. დიდხანს შესცქეროდა ზაფხულის ღამის, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა უთვალავი მოციმციმე წერტილებით მოოჭვილ მის უკიდეგანო გუმბათს. ყოველი ადამიანივით, მასაც თავისკენ იზიდავდა შეუცნობელი ცის იდუმალება და გონებით განუჭვრეტელი მისი უსასრულობა, კაცთა მოდგმას რომ დასაბამიდან მუდამ დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობის ჟინით აღავსებდა. ფიქრების დუმილს ხანდახან თუ დაურღვევდა, სადღაც შორს, გულის გამაწვრილებლად აყმუვებული მგელი, ან ახლომახლო, კლდიდან მოწყვეტილი პატარა კენჭი, გზად რომ მეორესაც თან წამოიყოლებდა, მეორე მესამეს და რამდენიმე წამში, უკვე ვინ იცის რამდენი ერთად, მზარდი ჩხრიალით დაეშვებოდა ციცაბო კლდეზე. ბოლოს, მისთვის შეუმჩნევლად მიელულა თვალები და კვლავაც ფიქრებში მყოფს, მშვიდი ძილით ჩაეძინა.




III


დილით ადრე გაეღვიძა. ნამისაგან მთლად დაცვარული ტანსაცმელი დაიფერთხა, ცოტა წაიხემსა და ისევ ნადირობას შეუდგა.
მეორე დღესაც უიღბლობა დაებედა. სიახლოვესაც კი ვერ მიეკარა ნადირს. შუადღე თუ იქნებოდა, როცა ხელმოცარული ხეტიალით ნირწმახდარმა, ხევში მიმავალი ორი მხედარი შენიშნა. ნაცნობი მწყემსები იყვნენ. ტანმორჩილ, მთის ჯანიერ ცხენებზე სავსე ტომრები აეკიდებინათ და აუჩქარებლად მიყავდათ ციცაბო ბილიკებზე. მათაც შეამჩნიეს კლდის ქიმზე გადმომდგარი მონადირე და შორიდან მიესალმნენ ერთმანეთს.
- მოინადირე რამე?
- ჯერ არაფერი! თქვენ საით?
- ბარში მივდივართ, მარილი და სანოვაგე შემოგველია!
- მაშ გაგიხარიათ, კარგად გაინებივრებთ!
- არა, მალევე უნდა ამოვბრუნდეთ, ცხვარს არაფერი მოუვიდეს!
- აბა ბედნიერი მგზავრობა! ღმერთი გფარავდეთ!
- შენც კარგად გენადიროს და გწყალობდეს ნადირობის ქალღმერთი დალი!
ნადირობაზე ხეჩაქნეული მონადირე დიდხანს გასცქეროდა ხეობაში მიმავალთ. ორივეს კარგად იცნობდა, და ხშირადაც მოულხენია ნადირობისას მთის საძOვრებზე მათთან გზად შემოღამებულს. სულ ოთხნი იყვნენ და ახლა როგორც ეტყობოდა ორი მთაში დაეტოვებინათ ცხვართან. თვითონ კი ბარში მიეშეურებოდნენ, რომ ყველითა და სულგუნით სავსე ტომრები მათთვის აუცილებელ სანოვაგეში გადაეცვალათ და მალევე დაბრუნებულიყვნენ ასევე ნაცნობსა და დედის რძესავით შესისხლხორცებულ, უმშვენიერესი ბუნების წიაღში. ცხრა თვეს გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი, ცხვართან ერთად დაეხეტებოდნენ უკაცრიელ ხეობებსა თუ ზეგნებზე, რომ ცივილიზაციის მშფოთვარე ქაოსისაგან განმარტობეულთ და კვლავ ხელთუქმნელი ბუნების შვილებად ქცეულთ, მთელი არსებით განეცადათ ქალწულებრივად პირველყოფილი ბუნების ენით უთქმელი მშვენიერება, მისი სისპეტაკე და თავბრუდამხვევი სურნელება. იმ გარემოს სილამაზესა და დიდებულებაში ჩანთქმულნი, ღრმა, ამწვანებული ხეობები და მარადიული თოვლით შემოსილი, ცად აზიდული მთები რომ ქმნიდნენ მათ გარშემო, ვერც კი შეიგრძნობდნენ თავიანთი ქანცის გამწყვეტი, ყოველდღიური გარჯის მთელს სიმძიმეს, რადგან ყმაწვილდობიდანვე ამ თვალწარმტაცი, დედა-ბუნების ძუძუთი ნასაზრდოებთ, მხოლოდ მისი ტკბობის შეგრძნებაღა ძალუძდათ და ცხოვრებისეულ აუცილებლობად გადაქცეოდათ მისი ყოველი წუთი თუ ყოველი ნაკვთი. ამიტომ იყო, რომ ასე შენატროდნენ მათს სასიცოცხლო მოთხოვნილებად და ყოველიწუთიერი განცდის აუცილებლობად ქცეულ ამ სილამაზეს, როგორც წყალს, მზესა თუ ჰაერს. მათ არ შეეძლოთ არ დამტკბარიყვნენ ალიონზე ამოგორებული, ვეებერთელა, სისხლისფერი მზის ელვარებით, თავისი ჯერ კიდევ ცივი, მაგრამ კაშკაშა სხივებით რომ თვალის მომჭრელად გააცისკროვნებდა, ბროლივით აბრჭყვიალებული კავკასიონის თოვლიანი მთების მწვერვალებს, ცვრით მოციმციმე, მსხვილი წვეთებით დახუნძლული ბალახით მობიბინე მდელოებსა თუ მორცხვი პატარძალივით, სულ ასე ხშირად ნისლით სახეშებურვილ, მწვანეში ჩაფლულ, კეკლუც ხეობებს. მათთვის წარმოუდგენელი იყო, სისხამ დილით გაშლილი მკერდით არ ჩაკონებოდნენ ბუნების სურნელით გაზავებულ, საოცრად სპეტაკსა და გრილ ჰაერს, უმალ რომ კიდით-კიდემდე დაუვლიდათ მთელის სხეულის ყიველ სისხლძარღვში და ახლად გამოღვიძებუილ სიცოცხლის სიხარულის კამკამა ნამით ნაზად პირს მობანდათ ძილით დახუთულ მათYგონებას, არ ძალუძდათ ხარბად არ დასწაფებოდნენ ხმატკბილად მორაკრაკე, მთის ანკარა და ცივ წყაროს, უკვდავების წყალივით რომ ჭაბუკური ხალისით აღუვსებდათ ჯაფით მწყურვალ გულებს.
ბოლოს, მიეფარნენ კიდეც მწყემსები თვალს და ფიქრებისაგან გამოფხიზლებულ მონადირეს ისევ თავისი უიღბლობა გაახსენდა. ამან გააღიზიანა. მაშინვე ნადირის ძებნას შეუდგა. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მოეკლა ჯიხვი და არ შერიგებოდა თავის მარცხს.
დიდხანს ეწვალა. მისთვის აქამდე ცნობილი თუ უცნობი ჭიუხი მოიარა, მაგრამ სულ ამაოდ.
ფუჭი გარჯით დაღლილმა ნაშუადღევს შეისვენა. რაც რამ საგზალი შემორჩენოდა ისიც შეჭამა. გადაწყვიტა, ორიოდ საათი კიდევ ეცადა ბედი და თუ მაინც ვერაფერს მოიხელთებდა, თავის წარუმატებლობას შერიგებოდა და შინ წასულიყო. მხოლოდ ეს უკეჭნიდა გულს, რომ დღეს პირველად უნდა დაბრუნებულიყო ნადავლის გარეშე და სირცხვილით შელახული თავმოყვარეობა აწვალებდა.
მცირე ხნის ხეტიალის შემდეგ, ერთ-ერთი მაღალი კლდის წვერზე აცოცდა და დაკვირვებით მოავლო თვალი გარემოს. ვერაფერი შენიშნა “-ეს რა დაწყევლილი დღე გამითენდა” – გაიფიქრა გულში, კლდეს შემოუარა და ის იყო ჩასვლა დააპირა, რომ სახეში შემოფეთებული მოულოდნელობისაგან ერთ ადგილზე გაშეშდა.
დაუჯერებლობისაგან რამდენიმე წამს გონს ვერ მოეგო. მის წინ, სულ ახლოს, მოპირდაპირე კლდის ქიმზე, ამაყად შემართულიყო ბებერი ჯიხვი, მისგან გვერდულად მდგომი რომ უძრავად გარინდებულიყო და მთათა მწვერვალებით მოფენილ თვალსაწიერს გასცქეროდა.
მონადირემ გულის ფანცქალით გადმოიღო თოფი და ადგილზე ჩაიმუხლა. უნებლიედ რაღაც პატარა კენჭს წამოჰკრა ფეხი, სისხლი გაეყინა. კენჭისაგან აგორებულმა რამდენიმე ქვამ ჩხრიალით ჩაიქროლა პიტალო კლდე და უფსკრულში ჩაინთქა. ჯიხვი არც კი განძრეულა. ეუცხოვა ნადირის ასეთი უშფოთველობა. ოდნავი გაფაჩუნებაც კი საკმარისი იყო ყურმახვილი ჯიხვისათვის, რომ უმალ კლდეებს შორის გაუჩინარებულიყო. ის კი ისევ ისე, მშვიდად შემართული იდგა და ქვადქცეულივით მისჩერებოდა შორეთს.
აუჩქარებლად შემართა თოფი. მღელვარებისაგან გახშირებული საკუთარი გულისცემისაც კი ეშინოდა, რომ ჯიხვი არ დაეფრთხო. ფრთხილად შეაყენა ჩახმახი და ნადირი მიზანში ამოიღო. თითი უკვე სასხლეტზე ედო, მაგრამ რატომღაც ვერც გასროლა მოახერხებინა. რაღაც შინაგანი და გაურკვეველი გრძნობა აყოვნებდა. ფრთიხლადვე ჩამოიღო თოფი და ისევ ჯიხვს დააკვირდა. მიხვდა, რომ ჯიხვის სწორედ ასეთი მედიდურობა და სილამაზე ბოჭავდა. რა მომხიბლავი იყო იგი ასე ამაყი და უშფოთველი; რაოდენი სიდიადე და მშვენიერება მოსავდა თვალშეუდგამი კლდეების ამ უშიშარ რაინდს, თავისი ვეება დაგრეხილი რქები მუზარადივით რომ გადაჰფენოდა ქედზე და ახლა, თითქოსდა ამდენი ხნის დაუდგრომელი ბრძოლების შემდეგ, ქარაფზე ისვენებდა მოხუცი მეომარი. უძრავად მდგომს კვლავაც მთათა მწვერვალებისათვის მიეპყრო დაჟინებული მზერა; იმ ადგილებისათვის სადაც მთელი თავისი ცხოვრება გამოევლო, სადაც რომ მთელი ამ ხნის მანძილზე გამუდმებით იბრძოდა ბუნებისაგან მონიჭებული სიცოცხლისათვის და ახლა კი, უკვე წელთა სიმძიმით დამაშვრალი, გულდამშვიდებით მინდობოდა ბედის დინებას.
მონადირეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოსდა ჯიხვი გრძნობდა კიდეც მის იქ ყოფნას, მაგრამ აქამდე ყოველთვის გამარჯვებულს, ახლაც სურდა, თავისი სიკვდილითაც გაემარჯვა მასზე; თითქოსდა არაფრად აგდებდა და უტყვად დასცინოდა კიდეც მის უსუსურობას, უმწეოსა და ხელმოცარულს რომ თვითონ ჩუქნიდა თავის სიცოცხლეს. მოეჩვენა, რომ სახეში სილა გააწნეს, როგორც წუწკსა და მხდალს, მიწასთან გაასწორეს და ლაფში ამოსვარეს მისი აქამდე საამაყო, მონადირის ღირსება.  წამიერად თვითონაც შერცხვა და შეეშინდა კიდევაც თავისი უსუსურობის. მომდევნო წამს კი უსაზღვროდ შეზიზღდა ამაყი ცხოველის ეს სილამაზე და მშვნიერება, მისი უშფოთველობა და სიდიადე, რამაც ასე დაამცირა იგი.
ბუნების დიდებულებასთან საკუთარი უმწეობით გაბოროტებულმა, უმალ შემართა Gთოფი და სასხლეტს გამოჰკრა.
თოფის ხმა გრგვინვასავით შეასკდა კლდეებს და სადღაც შორეთში ჩაინთქა. წამით კვლავ უძრავად შემართული იდაგ ჯიხვი. შემდეგ, ისე რომ დაძგერებული ტყვიისაგან არც კი შეტოკებულა, თითქოს თოფის ხმაც კი არ გაეგონოს, მოცელილივით მოწყდა და უფსკრულში გადაეშვა.
თვითონაც ჩასვლა დაიწყო. გულში კი კიდევ მეტად ბრაზობდა. ცდილობდა როგორმე დაეცხრო უცნაურად აკვიატებული შინაგანი დამცირების, ახლა კიდევ უფრო გაღვივებული ტკივილის შეგრძნება. “-არც კი განძრეულა, არც კი დამფრთხალა. აინუნშიც კი არ ჩაუგდია. რა უცნაურად აეწყო ყველაფერი. ჯერ იყო და უიღბლობა, ახლა კიდევ, ეს უჩვეულო ნანადირევი. რამდენი წელია რაც ნადირობს და ასეთი რამ ჯერ არასოდეს შემთხვევია”. ბებერი ჯიხვის მონადირებას თითქოსდა უნდა გაეხარებიან იგი, მაგრამ რატომღაც არც კი უგრძვნია ასეთი რამ. ასე იოლად და უცნაურად მოხელთებულმა ნადირმა თავმოყვარეობის შელახვასთან ერთად რაღაც შინაგანი და იდუმალი შიშიც შვა მასში, შიში რაღაც მასზე ბევრად ძლიერისა და დიდებულის წინაშე, რაც რომ თითქოსდა მან შელახა და რისი რისხვაც გარდაუვალი იყო. შიში, რომელსაც იგი მხოლოდ ქვეცნობიერად შეიგრძნობდა და ვერაფრით გამოეცნო მისი მიზეზი.
დაბლა ჩავიდა თუ არა, მაშინვე იქით გაეშურა, სადაც მოკლული ნადირი უნდა დაცემულიყო. გულდაგულ დაჩხრიკა, ახლო-მახლო ადგილები, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ თვალი ჩამოაყოლა იმ კლდეს, საიდანაც ჯიხვი ჩამოაგდო და კლდის შვერილზე შერჩენილ მის რქებს მოჰკრა თვალი. მაშინ იყო რომ კიდევ ერთხელ გაჰკრა გულში რაღაც ავბედითმა წინათგრძნობამ. იმდენად ძლიერი იყო ამის განცდა, რომ უნებლიედ კლდეზე ასვლაზეც კი შეყოყმანდა, მაგრამ სწრაფადვე უარყო ეს გულუბრყვილო აზრი და მაშინვე ზურგჩანთა მოიხსნა. თოფი კლდეზე მიაყუდა და კლდესთან მივიდა თუ არა, ისევ შეაკრთო რაღაც გუმანმა და სწრაფად უკან მოიხედა. აშკარად იგრძნო რომ მას ვიღაც შესცქეროდა, ვიღაც უთვალთვალებდა და ბოროტად ადევნებდა თვლას. ვერავანი შენიშნა, მაგრამ მაინც დაკვირვებით მოავლო თვალი გარშემო. სულიერი არავინ იყო. მაშინ გული დაიმშვიდა, შეეცადა შიში დაეცხრო და თამამად იწყო კლდეზე აცოცება.
ბავშვობიდან გაწაფულს, სულაც არ უჭირდა კლდეებზე ასვლა და ახლაც საოცარი სიმარდით, თუმც კი ოდნავ აღელვებული და გაღიზიანებული მიიწევდა მაღლა. ხეირიანად არც კი უკვირდებოდა თუU რას ეჭიდებოდა, თუმც კი კლდეც არც ისე მაღალი იყო და არც ისეთი ციცაბო. ყოველი ნაბიჯით ასვლაზე კიდევ მეტად და მეტად იპყრობდა ფარული და იდუმალი შიში. ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოეგდო ნადირი კლდიდან და შინ წასულიყო.
ბოლოს, ააღწია კიდეც, წამოიწია და ჯიხვის რქებს წვდა, მაგრამ ელდისაგან ხელები აუთრთოლდა და შეკრთა. რაღაც საშინელი გაბოროტებითა და დამცირებით შემოსცქეროდნენ ნადირის გაყინული თვალები. მონდირემ რამდენიმე წამს სული მოითქვა და ცივი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. შემდეგ ისევ რქებში წვდა ჯიხვს და თავისკენ დაითრია. თითქმის სანახევროდ გადმოიღო, მაგრამ უცებ ფეხი ჩაუცურდა. ხელის შეშველება მოასწრო და ქიმს ჩაეჭიდა. ფეხის წვერთი დაძებნა რაღაც საყრდენი. მალე მიაგნო კიდეც კლდის პაწაწინა ნაპრალს. ისევ იდუმალმა შიშმა დარია ხელი, შეეცადა რაც შეიძლება აჩქარებულიყო და სწრაფად ჩამოეგდო ჯიხვი. ისევ ნანადირევისაკენ წაიღო ხელი, მაგრამ ისევ აუსხლტა ფეხი ნაპრალს. ისევ ხელით წაეტანა კლდის ქიმს და უცებ მეორე ხელის საყრდენი ქვაც მოწყდა კლდეს..
ერთი შეყვირებაღა მოასწრო, ისე დაენარცხა კლდის დამრეც კალთას და მოწყვეტით დაგორდა ციცაბო ფერდზე.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები