აუტანელმა ტკივილმა გამოაფხიზლა. პირველად ვერაფერს მიხვდა. გაკვირვებით მიაჩერდა ღამეულ ცას. მცირე ხნის შემდეგ მომხდარიც მოაგონდა და მაშინვე წამოგომა სცადა, მაგრამ უმალ ადგილზე გაიყინა. საშინელი ტკივილებისაგან სუნთქვა შეუგუბდა. განძრევაც კი ვერ მოახერხა. მთელი სხეული გაშეშებული ეგდო ლოდებს შორის. მცირე ხანს შეისვენა. გონება მოიკრიბა. ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ, სხეულის მცირე დაჟეჟილობის ბრალი თუ იქნებოდა და ალბათ მალე გაუვლიდა. მაგრამ როცა რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ წამოწევა სცადა და ჯოჯოხეთური ტკივილებისაგან ყრუ გმინვა აღმოხდა, მაშინვე შიშის ელდა ეცა. თავისი უმწეობით შეშფოთებული მალევე მიხვდა, რომ ბევრად უფრო სავალალოდ უნდა ყოფილიყო საქმე, ვიდრე ეგონა. შეეცადა გაეგო, სხეულის თუ რომელი ნაწილი გადარჩენოდა დაუშავებელი. ჯერ მარჯვენა ფეხის წამოწევა სცადა. ვერც კი შეარხია. შემდეგ, ძალის მოსაკრებად ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ თითქოს ყოველი მხრიდან ცხელი შანთები აძგერესო, საშინელი ტკივილისაგან კვნესა აღმოხდა და სუნთქვაშეკრული ადგილზე გაშეშდა. კვლავ ფეხის მოხრა სცადა. თითქოსდა მცირედ შეარხია კიდეც, მაგრამ ისევ მწარე ტკივილმა გადააფიქრებინა შემდგომი მცდელობა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რამდენიმე ადგილას დაჩეჩქვილი მარჯვენა ფეხი არ ემორჩილებოდა. გვერდზე გადაბრუნება სცადა და ხელების შეშველება მოინდომა, მაგრამ ასეც ვერაფერი გაახერხა. თითქოს ხელები არც კი ება. მაშინ ბეჭით დაეყრდნო მიწას და უმალვე გმინვით განერთხო მიწას. რამდენიმე წუთს ასე იბრძოდა. ცდილობდა დალეწილი კიდეურებისათვის როგორმე შეეპარებინა მოძრაობა, რათა ნაკლები ტკივილები ეგრძნო, მაგრამ ამაოდ. ყოველი მხრიდან დამსხვრეული სხეულის გაუსაძლისი ტკივილები ბოჭავდა. ამაო წვალებით სასოწარკვეთილსა და ტკივილებისაგან განაწამებს სიმწრის ცრემლები მოაწვა ყელში. უსუსურად ერთ ადგილზე ტოკავდა და ჯიუტად ებრძოდა თავის უმწეობას. ჩუმი კვნესითა და კბილების ხრჭიალით ცდილობდა წამომდგარიყო, გვერდზე გადაბრუნებულიყო ან გაცოცებულიყო, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა მხოლოდ არაადამიანური ტკივილით იწყებოდა და უიმედო გარჯით მთავრდებოდა. ბოლოს მიხვდა რომ მისი ყოველი მცდელობა ფუჭი იყო და არაქათ გამოცლილი უღონოდ მიესვენა. გონების მოკრება და ნერვების დაოკება სცადა. რაღაც გამოსავლის ძებნას შეუდგა. ისევ ამა თუ იმ ნაკვთის ამოძრავებით, თავისი სხეულის უფრო წვლილვით გამორკვევას მოჰყვა. პირველივე ცდაზე მიხვდა, რომ ფეხების ყველაზე ნაკლები იმედი უნდა ჰქონოდა. მეტადრე კი მარჯვენა ფეხის, რომელიც მუხლისა და წვივის არეში მძიმედ დაშავებოდა და სრულებით არ ემორჩილებოდა. მარცხენა ბეჭსა და თეძოზე დაყრდნობით წელი წამოსწია. დაჟეჟილობისგან ძვალ-რბილში ტეხდა, მაგრამ მაინც გაუხარდა, რომ ხერხემალი დაზიანებას გადარჩენოდა და წელსაც შედარებით ადვილად ამოძრავებდა. ტანის საღ-სალამათობის დასაზუსტებლად ისევ ღრმა ჩაისუნთქა და დააკვირდა. იცოდა, რომ ამ ხერხით ადვილად მიიგნებოდა სხეულის შინაგანი მოტეხილობა. ფილტვები საბერველივით მიაწვა ნეკნებს და ტკივილისაგან კვნესით გაშეშდა. მარჯვენა ფერდის ორი ან იქნებ სამი ნეკნი ჩამსხვრეული ჰქონდა. ალბათ მარჯვენა მხარეს დაცემულიყო და ამიტომ იყო, რომ სხეულის მარჯვენა ნაწილი უფრო მეტად დაშავებოდა. მაშნ მარჯვენა ხელის შემოწმებას შეუდგა. არც ის აღმოაჩნდა ფერდსა და ფეხზე უკეთესად; ბეჭსა და იდაყვში მწარე ტკივილები კვნეტდნენ. მარცხენა ფეხი და ფერდი, ეტყობოდა დამტვრევას გადარჩენოდა, მაგრამ დაჟეჟილობისაგან ისინიც ძლიერ აწვალებდნენ. განსაკუთრებით კი მარცხენა ფეხის მუხლი. უმთავრესად კი მაინც ის იყო, რომ ხერხემალი საღი ჰქონდა და მარცხენა ხელი, რაღაც სასწაულად, თითქმის დაუზიანებლად შერჩენოდა. ის იყო, ამგვარი ნუგეშით თავი მცირედად დაიმშვიდა, რომ უკვე ამ განსაცდელისაგან თავის გამოხსნაზე ფიქრს შეუდგა. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ სწორედ მარჯვენა მხარეს უნდა გადაბრუნებულიყო, რადგან მარცხენა მხრიდან ის საბედისწერო კლდე იყო აღმართული, საიდანაც ჩამოვარდა. მიახლოებით გამოთვალა, თუ სად უნდა ყოფილიყო მისი თოფი და საოცრად დამძიმებული თავის მიბრუნება სცადა. კეფაში ტკივილი იგრძნო და თვალები აუჭრელდა. ახლაღა მოაგონდა, რომ შეიძლებოდა თავიც მძიმედ დაშავებოდა. თვალები დახუჭა და შეეცადა ასე გამოეცნო თავის დაზიანებული ადგილები. საბოლოოდ მაინც ვერაფერი დააზუსტა. თითქმის მთელი თავის ქალა ტკიოდა, მეტადრე ყბა და კეფა, მაგრამ არც ისე ძლიერ, რომ რაიმე მოტეხილობა ჰქონოდა. ყველაზე მეტად კი ის ანუგეშებდა, რომ აზროვნების უნარი შერჩენილი ჰქონდა და ესე იგი სერიოზული დაზიანებაც არ უნდა ჰქონოდა. თავისი თავის ასე გულდაგულ შესწავლის დასასრულს, ისევ მცირე ხნით შეისვენა, შემდეგ კეფის გასავარჯიშებლად, რამდენიმე წუთს მონაცვლეობით აბრუნებდა თავს ხან ერთ ხან მეორე მხარეს. ბოლოს ტკივილსაც შეეჩვია, და ღამის სიბნელეში თვალებით თოფს დაუწყო ძებნა. მალე შეამჩნია, მისგან ათიოდ ნაბიჯზე მთვარის შუქზე მოლაპლაპე თოფის ლულა. ის იყო ისევ შესვენება დააპირა და დაღლილი თვალები დახუჭა, რომ ანაზდად მგლის ყმუილი შემოესმა. ტანში გააჟრჟოლა. ბრაზმა აიტანა, შეიძლებოდა ისე შეეჭამა ნადირს, რომ თავის დაცვასაც კი ვერ მოახერხებდა. უნებლიედ მთელი სცენა წარმოუდგა თვალწინ; თუ როგორ მოუვლიდა მგელი შორიდან, მის უმწეო ფართხალზე, ჯერ ცოტათი დაფრთხებოდა კიდეც, მაგრამ მალე მიხვდებოდა მის უსუსურობას, აჩქარებით მიირბენდა მასთან, კისერში დაეძგერებოდა და მისი თბილი სისხლით გახელებული, გამეტებით გამოგლეჯდა ყელს. მღელვარებისაგან აწრიალდა. აქეთ ხომ ხშირი იყო მგელი და აფთარი. ის კი ცოცხალი გვამივით გაშოტილიყო მიწაზე და გამწარებული მხოლოდ იმასღა უნდა დალოდებოდა, თუ როგორ ნაწილ-ნაწილ დაგლეჯდა დამშეული ნადირი, ვიდრე სისხლისაგან არ დაიწრიტებოდა და ნელი წამებით არ ამოხდებოდა სული; “-უნდა მოასწროს! თოფამდე უნდა მიაღწიოს - გააფთრებით ჩასძახა თავითავს როგორმე უნდა მიხოხდეს და თუ ვერ მოკლავს, თოფის გასროლით მაინც დააფრთხოს ნადირი.” უფრო ახლოდან შემოესმა მგლის ყმუილი. უსუსურად აფართხალდა. ტკივილისაგან სახედაღმეჭილი და უმწეობისაგან ცივი ოფლით გახვითქული, ჯიუტად ცდილობდა გადაბრუნებას. ბოლოს მოთმინებიდან გამოსულმა, თავისთავს აჯობა, ტკივილს სძლია, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, დამსხვრეულ ბეჭს დაეყრდნო, წელი წამოსწია და მწარე ღმუილით განერთხო მუცელზე. უძლურობისაგან მცირე ხანს მძიმედ ქოშინებდა და ისევ ძალის მოკრებას ცდილობდა. ორიოდ წამის შემდეგ მარცხენა ფერდს დაეყრდნო და წინ გახოხდა... კვლავ შემოესმა მგლის ყმუილი. კიდევ უფრო ახლოს, უფრო ავბედითი და შემაზრზენი. შიშით ატანილს მოეჩვენა, რომ უკვე თავზე დაჰყმუოდა გაავებული მხეცი. ცხოველურ ინსტინქტს კვლავ შეუცდომლად მოჰყავდა მგელი საკბილოსაკენ. აჩქარდა. ისევ გახოხება იწყო. მარჯვენა ხელ-ფეხი უძრავად ეკიდა ტანზე. მარცხენა ფეხს კი მხოლოდ მცირედაღა ატოკებდა. თვალები თოფისათვის მიეშტერებინა და გულამომჯდარი ქოშინით მიიწევდა წინ. თოფამდე მანძილი კი თითქოსდა არც მოკლდებოდა. გადარჩენის ჟინით ატანილი მეტწილად ერთ ადგილზე Fფორთხავდა და ეგონა რომ სწრაფად მიიწევდა მიზნისაკენ. ისევ მგლის ყმუილმა გაუყინა სისხლი. ალბათ დიდ-დიდ, ოცდაათი ნაბიჯიღა თუ აშორებდა მტაცებლისაგან. გამწარებისაგან კბილები დაახრჭიალა. უკვე თითქმის მარცხენა ხელშიაც გამოლეოდა ძალა. ქანცის გაწყვეტისაგან გონება ებინდებოდა. ცივი ოფლი წურწურით გამოსდიოდა სახეზე და თვალებს უწვავდა. მარცხენა ფერდზე გადაწვა, რაც შეეძლო ოთხად მოიხარა, შემდეგ ისევ გაიშალა და ასე იწყო წინ გახოხება. მცირე ხნის შემდეგ, დაოსებული, იძულებული გახდა შემდგარიყო. სული მოითქვა. ისევ გახედა თოფს, ხელი გაიწვდინა, მეტრიღა თუ აკლდა. ის იყო კვლავ წინ გაცოცება დააპირა, რომ მოულოდნელად, მახლობელ ბორცვზე აკიაფებულ ფოსფორის წყვილ ნაპერწკალს შეასწრო თვალი. ადგილზე გაქვავდა. სუნთქვა შეკრული მიაჩერდა მგლის ულმობელად მკვესავ თვალებს. პირისპირ შესცქეროდა სიკვდილს თვალებში. გონება კაშკაშა ელვასავით გაკვეთა მზერამ, რომელიც მგლის თვალებმა გაახსენა და ასე ბოროტად შემოსცქეროდნენ მოკლული ჯიხვის გაყინული თვალებიდან, ისევ ქვეცნობიერმა და იდუმალმა შიშმა დაუარა მთელს ტანში. ეტყობოდა მგელიც მას შემოსცქეროდა და შორიდან აკვირდებოდა მიწაზე გაშოტილ საგანს. რამდენიმე წამს ასე მიშტერებოდნენ ერთმანეთს თვალებში, ჯიუტად და დაჟინებით. ბოლოს კი ესღა შეამჩნია, ბორცვიდან მომზირალი წყვილი თვალი რომ გაქრა და მუქი აჩრდილი ნელი ძუნძულით მისკენ დაეშვა ფერდობზე. განწირულად ამოიხრიალა. მთელი ძალა მოიკრიბა, გამწარებით წამოიწია და მარცხენა ხელით გაიქნია თავისი სხეული. ახლოს დაეცა, ხელი გაიშვირა და თითების წვერებით წაეპოტინა კონდახს. იცოდა წამები რომ აშორებდა წამებით სიკვდილს. როგორც იქნა თოფი თავისკენ დაითრია. სასხლეტი მოძებნა და გასროლა სცადა. დაოსებული და დასახიჩრებული მარჯვენა ხელის თითები არ ემორჩილებოდნენ. მაშინვე მარცხენა ხელი ჩაავლო თოფს და საჩვენებელი თითით ორჯერ ზედიზედ გამოჰკრა სასხლეტს. თოფის ზათქმა შეარყია ღამის სიჩუმე. თითქოსდა ასობით თოფი დაეცალოთ ერთურთის მიყოლებით, სალი კლდეები უმალ დაუსრულებელი ექოთი აჰყვნენ გასროლის ხმას. გარკვევით ჩაესმა, მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე, უზარმაზარი ლოდის მიღმა თუ როგორ აჩხრილადა წვრილი კენჭები. მიხვდა, ეს დამფრთხალი მგელი გარბოდა. “ - დავასწარი” – ამოიკვნესა ჩურჩულით. სიხარულის ცრემლებისაგან აწყლიანებული თვალები დახუჭა და ლამის ბავშვივით აქვითინდა. უკვე გადატანილი მღელვარებისაგან მთელი სხეული უცახცახებდა. ძლაღონისაგან არაქათ გამოცლილმა, ათრთოლებული თითები ნაზად გადაუსვა თავის მხსნელ მეგობარს და მაშინვე მკვდარივით ჩაეძინა.
V
როცა გამოეღვიძა უკვე კარგა ხნის გათენებული იყო, აუტანელი სიცხისაგან სახეზე ოფლის ხვითქი გადასდიოდა; მცხუნვარე მზის მწველ სხივებს ლამის თავის ქალა გაეხვრიტათ მისთვის. მთელს სხეულში ამტვრევდა. ტანის წამოწევა სცადა. დამსხვრეულმა ხელ-ფეხმა გამეტებით დაუწყო ძგერა. შეეცადა სიცხისაგან დამზრალი სახე მზისთვის მოერიდებინა. ძალის მოსაკრებად ღრმად სუნთქვას მოჰყვა. ყოველ ჩასუნთქვაზე ტანჯავდა ჩატეხილი ნეკნების მწარე ჩხვლეტა. კიდევ ცოტაც და მზისგან დასიცხვას შეიძლება სიცოცხლეც კი მოესწრაფებინა მისთვის. თითქოსდა ტანში ცხელ შანთს უტრიალებდნენ. მეტი ვეღარ აიტანა, მთელი ძალით წამოიწია, მარცხენა ხელით ქვას მიეჭიდა და როგორც იქნა მუცლეზე გადაბრუნდა. მცირედი შვება იგრძნო; მწარე სიცხისაგან მოძალებული თავბრუხვევა დაუცხრა. როგორმე ნაშუალდღევამდე უნდა გაეძლო, ვიდრე ჰორიზონტისაკენ გადახრილი მზე, მისგან დასავლეთით აღმართულ კლდეს მიეფარებოდა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი. დროებითი შვება ისევ ნელნელა უარესდებოდა. სახის მაგივრად ახლა უკვე კეფაში იგრძნო გაავებული სიცხის მწარე კბენა. ტკივილისაგან სუნთქვას მოუხშირა. რაც დრო გადიოდა, მით მეტად უჭერდნენ, კეფაში ჩაფრენილი მზის გავარვარებული ეშვები. ცხელი ოფლით გაჟღვენთილი ტანსაცმელი კუპრივით უხარშავდა სხეულს... უკვე შუდღისას გონება დაჰკარგა. მხოლოდ შებინდებისას მოვიდა გონს. იოტისოდენა განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. სიცხისაგან საშინლად მოთენთილი სხეული უძრავად განრთხმოდა მიწას. კარგა ხანს ეგდო ასე, ქვებს შორის ჩამხობილი, როგორც დიდი ხნის სულგაყრილი სხეული. საღამოს სიგრილემ კიდევ მეტად გამოაცოცხლა. დიდი წვალებით ისევ გულაღმა გადაბრუნდა. აზროვნება ბევრად უკეთ დაუბრუნდა და შეეცადა ისევ რაღაც გამოსავალი ეძებნა. “- საცალფეხო ბილიკამდე, პირდაპირი გზით, სულ ოციოდე ნაბიჯი თუ იქნება - გამალებით მსჯელობდა გულში – მაგრამ ქვის მაღალი ლოდები უნდა გადაიაროს, რაც მისთვის წარმოუდგენელია. შემოვლით გზით, კლდეებისა და ბორცვების გადალახვით, სამოცდაათი ნაბიჯი მაინც იქნება ისიც არცთუ იოლი გასავლელი, რაც ასევე ბევრად აღემატება მის ძალ-ღონეს. არადა ამ ხშირ კლდეებს შორის ისე ჩაივლიდა ადამიანი, რომ ორი ნაბიჯის იქით ვერაფერს შენიშნავდა. შეიძლებოდა თვითონ მას გაეგონა გამვლელთა ხმა, მაგრამ ესეც ბევრს ფერაფერს ნიშნავს რადგან ჩურჩულიც კი უჭირს, არათუ ხმამაღლა დაძახება, ბილიკზე მიმავალისათვის მისაწვდენად. ბილიკამდე რომ მოერხერხებინა მიღწევა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა გადარჩენაზე ფიქრი; იქნებ ბედად ვინმეს გამოევლო დამ ას გადაწყდომოდა. თუმცა ამ მიკარგულ ადგილებში იშვიათად თუ ვინმეს მოუცდება ფეხი...” სულშეხუთულს წყურვილმა შეახსენა თავი. გამომშრალი პირით ნერწყვის გადაყლაპვა სცადა. სიცხისაგან გაშეშებულ ენას ვერც კი გრძნობდა. “- ცივი წყალი”. გაიფიქრა კვნესით და დედა გაახსენდა. ცოლისა და შვილების სახეებმა გაიელვეს მის გონებაში. როგორ ენატრებოდა ახლა მათი ხელი, სითბო და ზრუნვა. რა ნეტარებით დაეწაფებოდა მათგან მოწვდილი წყლის თითოეულ წვეთს. უნებლიედ დედის იმ დისლის სიტყვები და მოუსვენრობა გაახსენდა, როცა სანადიროდ მოდიოდა. სინანულის ტკივილმა გაჰკრა გულში. რა მართალი ყოფილა იგი, როცა ფარული შფოთით სავსე, ნაღვლიანი თვალებით სთხოვდა მას, არ წასულიყო სანადიროდ. ალბათ გრძნობდა დედის გული შვილის ამ ბედისწერას. გრძნობდა: ალღო და გუმანი არ ატყუებლდა, მან კი როგორც კოველთვის, არაფრად ჩააგდო მისი თხოვნა. უცებ, რაღაც აზრმა მოსწყვიტა სინანულის ფიქრებს და დაიძაბა. “-იქნებ ისევ დედამ იხსნას იგი? როცა დააგვიანდება, ცოლი და დედა აფორიაქდებიან, ვერ მოივენებენ, ხალხს შეყრიან, როგორც კი ეს ხშირად მომხდარა როცა სოფლიდან წასულ მონადირეებს, დაბრუნება, ძალზე დაგივანებიათ, და მთელი სოფლის მამაკაცები წასულან მათ საძებნელად. უპოვიათ კიდეც. თუმცა ზოგჯერ უკვე დაღუპულნი, მაგრამ ზოგჯერაც მძიმედ დაშავებულნი და ჯერ კიდევ სულთმობრძავნი, რომელთაგან ბევრი გამოჯანსაღებულა და დღესაც ნადირობს ჭიუხებში.” იმედად ქცეულმა ოცნებამ მცირედი შვება მოჰგვარა. “-მაგრამ გაუელვა უცებ გონებაში – მაგრამ ეს ხომ კიდევ სამი თუ ოთხი დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს, როცა მას მეტისმეტად დააგვიანდება შინ დაბრუნება... სამი ოთხი დღის შემდეგ კი მის საძებნელადაც რომ წამოვიდნენ, სად ან როგორ იპოვნიან მას ამ უსიერი კლდეების უღრანში სადღაც უგზოუკვლოდ ჩაკარგულს? ეს ხომ კიდევ სამ და ოთხ დღეზე მეტს წაიღებს ან წამოვლენ კი მის საძებნად თუნდაც ოთხი დღის შემდეგაც? მაშინ როცა ზოგჯერ თვითონ მას მთEლი კვირაც კი დაგვიანებია შინ დაბრუნება ნადირობის აზარტით გატაცებულს თუ ჭიუხებში გზად შემოყრილ მონადირეებთან ერთად ქეიფებს გადაყოლილს და სახლში მისულს სახუმაროდ აუგდია აფორიაქებული ოჯახისა და სოფლის მამაკაცთა შეშფოთება. იქნება მათ ბოლოს და ბოლოს მართლაც გადაწყვიტონ კიდეც მისი მოძებნა, მაგრამ ეს ძალიან გვიან მოხდება; ძალიან გვიან, როცა მისგან უკვე მიხრწნილი გვამი ან მგლებისაგან კარგა ხნის გამოხრული ძვლებიღა დარჩება!” იმედის ასე უცაბედად და შეუბრალებლად გაცრუებამ გონება მოუწამლა და ისევ აიტანა წყურვილმა, სიცოცხლისა და სხეულის კიდევ უფრო აუტანელმა წყურვილმა, - ტკვილმა; მწარემ და დაუოკებელმა. სიცხისაგან გათანდგული სხეულის ისევ ნუგეშით დარწყულება სცადა. წყურვილზე რომ არ ეფიქრა კვლავ გამოსავლის ძებნას შეუდგა. თუმც კი გულის სიღრმეში არც კი ჰქონდა მისი პოვნის იმედი. სასაწულის კი ნაკლებად სჯეროდა. მაგრამ მაინც ფიქრობდა, მაინც ეძებდა და ცდილობდა ჯერ კიდევ არარსებული გადარჩენის გზის პოვნას. იქნებ რაიმე ხავსს ჩასჭიდებოდა. საბოლოოდ ისევ ბილიკზე ფიქრს დაუბრუნდა. “- აქ ხომ თვეში ერთხელ თუ გაივლის ადამიანი. ახლო-მახლო არც რაიმე სოფელი მოიპოვება და ისევ ბრმა შემთხვევის იმედი თუ უნდა ჰქონდეს.... ან რა იმედის მომცემი უნდა იყოს ისედაც ძლივს შესამჩნევი, საცალფეხო ბილიკო, რომლის არსებობა ახლა მხოლოდ გამოცდილმა მონადირეებმა და მწყემსებმა თუ იციან...” მოულოდნელად გონება გაუნათდა და ელდანაცემმა გაახილა თვალები. სიხარულისაგან უნებურად შეტოკდა და მწარედ გაჰკრა ფერდში ნებკნების ტკივილმა, მგარამ ეს უკვე აღარ ადარდება. კვნესით გარიდნული ისევ მძიმედ სუნთქავდა, ოღონდ ეს იყო, რომ გამოცოცხლებულ თვალებში უციმციმებდა უსაზღვრო სიხარული. “- მართლაცდა, ამ ბილიკის არსებობა ხომ მონადირეებმა და მწყემსებმა იციან. აკი გუშინ, ბარში მიმავალ მწყემსებს გაესაუბრა.” მთელს ტანში რაღაც ნეტარი შვება იგრძნო. თითქოს უკვე შველებოდეს და შინაც ყოფილიყოს. გამოსავლის პოვნამ საოცრად გამოაფხიზლა. იგრძნო, იმედი, სიცოცხლის ახალი ძალით რომ შეიჭრა მასში და რაღაც აქამდე არარსებული ენერგია შემატა მის დასახიჩრებულ სხეულს. მაშინვე ახლახან ნაპოვნი გამოსავლის ისევ თავიდან გადასინჯვას შეუდგა. სიხარულისგან გამოცოცხლებული გონება უკვე გულდასმით ჩხრეკდა მის ყოველ შესაძლო შემთხვევას. ეს ბილიკო ხომ ახლა მისთვის ხსნის ერთადერთი გზა იყო, სიცოცხლის ის ერთი ბეწო ბეწვის ხიდი, რომელზედაც მხოლოდ საღი გონებითა და ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით თუ შეძლებდა გავლას. “- ორი მწყემსი მთაში ჰყავთ დატოვებული. ესე იგი დიდხანს არ დააყოვნებენ; მალევე დაბრუნდებიან უკან, იჩქარებენ, ზედმეტ წუთსაც არსად დაკარგავენ. - საკუთარი სურვილი თავაწყვეტილი რაშივით მიაქროლებდა ოცნების სივრცეში მას და არც ის ცდილობდა მის დაოკებას. – არსად შEყოვნებდებიან, არ ჩაიმუხლებენ, თავს არ დაზოგავენ! ხომ შეიძლება დაგვიანებით რომ მთელი საყოლი დაღუპონ...” ისევ წყურვილმა მოსწყვიტა საამო ფიქრებს. უდაბნოსავით დამზრალი სხეული უხურდა. თავბრუხვევა იგრძნო და საფეთქლები აეწვა. თვალები მაგრად მოხუჭა და წყურვილთან გაძალიანება სცადა. “- გონიერება და მოთმინება ... გონიერება და მოთმინება:.. – ჩასძახოდა თავისთავს და ისევ გადარჩენაზე ფიქრს ლამობდა. – “ - .... ჰო, ... დიდხანს არ დაყოვნდებიან, მალე იყიდიან რაც კი რამ სურთ და მაშინვე უკან გამოემართებიან. ერთ დღეს ჩასვლას მოუნდებიან, იქნებ ერთი დღეც თავიანთი საქონლის გაცვლა-გაყიდვაში და სანოვაგის შეძენაში დააგვიანდეთ, მესამე დღეს კი უკვე აქ იქნებიან... მთელი სამი დღე! მაგრამ უკვე ხომ ქალაქში უნდა იყვნენ. მაშ სულ ორი დღე უნდა გაძლოს. კიდევ ორი დღე.” ცოტა არ იყოს უკვე ებევრა კიდეც, მაგრამ სულ უიმედობას ხომ მაინც ბევრად სჯობდა. ფიქრებიდან გამოერკვა. ბნელოდა. გუშინდელი საღამო გაახსენდა. გადაიხარა, თოფს დაწვდა და მკერდზე მიიკრა. მცირე ხანს ასე იწვა თვალებდახუჭული და გადარჩენის იმედის მოპოვებით განცდილი სიამოვნებისაგან მშვიდად განაგრძობდა თვლემას. ბოლოს თავის ჩუმ ოცნებებსაც შეელია, თოფი მოიმარჯვა და მარცხენა ხელით საკეტს დააწვა. პირველი ცდით ვერაფერს გახდა. ძალა გამოცდილი თითები ძნელად ემორჩილებოდნენ. ისევ რამოდენიმეჯერ სცადა ბოლოს როგორც იქნა თოფიც გადახსნა. ხელის ცეცებით ამოიღო ცარიელი ვაზნები, ქამრიდან ახლები ამოაცურა, ცისთვის თვალებმიპყრობილმა თითებით მოძებნდა ლულის პირ, ვაზნები სათითაოდ შიგ ჩააცურა და კონდახს დააწვა. გამართული და შეყენებული თოფი ისევ მკერდზე მიიკრა. რა საოცარი მხნეობა და შემართება იყო მისთვის ეს რკინის ცივი და უსულო საგანი, საიმედოდ რომ დარაჯობდა მის უმწეო სიცოცხლეს, თოფის ტრფიალი და მოყვარული ყოველთვის იყო, მაგრამ როგორც ძვირფასი ნივთის და არა როგორც ახლა, სიკვიდილისაგან მხსნელის. ყური მიუგდო. მხოლოდ შორიდან მოისმოდა მგლების კანტი-კუნტი ყმუილი. გაუნძრევლად იწვა და მოთმინებით ელოდა. ცდილობდა არ ჩასძინებოდა, მაგრამ დაქანცულობა მაინც ჯიუტად უმძიმებდა ნაძალადევად გახელილი თვალების ქუთუთოებს. კარგა ხანს უძალიანდოებოდა მომხიბლავ ფერიასავით მაცდუნებელი ძილის ტკბილ ალერსს. უნიებიედ მაინც ჩათვლიმა, მაგრამ ძილში ჩარჩენილმა სიფხიზლის აუცილებლობამ მეყსეულად გამოაფხიზლა. იცოდა, თუ მგელი რაიმე საკბილოს შეიგულებდა, ასე ადვილად არ მოშორდებოდა იმ ადგილს და ამიტომ იყო რომ ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ფხიზლად. მაგრამ წუთი წუთს მისდევდა და იგი მაინც უნებლიედ ნებდებოდა ძილისა და დაღლილობის შემპარავ ბურუსს. ბოლოს თავისთავს გამოუტყდა, რომ მისი წვალება ამაო იყო, იქნებ ახლო-მახლო მყოფი ნადირის დასაფრთხობად ერთი ტყვია გაისროლა და ღრმა ძილს მისცა თავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მახსოვს ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა მახსოვს ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ გამოიცა
3. უჰ, დვიძაბე, შემეცოდა ასეთი შეუპოვარი ადამიანი. იმედია, გადარჩება. ინტერეით იკითხება, ცოტა კორექტურა კი უნდა. უჰ, დვიძაბე, შემეცოდა ასეთი შეუპოვარი ადამიანი. იმედია, გადარჩება. ინტერეით იკითხება, ცოტა კორექტურა კი უნდა.
2. ველოდები გაგრძელებას. +5 ველოდები გაგრძელებას. +5
1. ინტერესით ჩავედი ბოლომდე და ინტერესით ველი გაგრძელებასაც...:) ინტერესით ჩავედი ბოლომდე და ინტერესით ველი გაგრძელებასაც...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|