ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მალაზონი
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2013


მე ტყუპები მყავს

ჩემი საწოლის გვერდით, პატარა საწოლზე, ორ სხვადასხვანაირ არსებას რომ გადავხედავ, რომელიც სხვადასხვანაირად ფშვინავს, სასწაული მგონია. მათ  სასწაულად ჩემი ცხოვრება მას შემდეგ აქციეს, რაც გავიგე, რომ ორსულად კი არა, სამსულად ვიყავი. მე ტყუპები მყავს.
საერთოდ უცხო ადამიანებთან კონტაქტი მიჭირს, იმ დღეს კი საოცრად კონტაქტური გავხდი. მახსოვს საავადმყოფოს ლიფტს გარედან ეწერა, რომ მხოლოდ ოთხ ადამიანს იტევდა. ლიფტში ორი ბიჭი დაგვხვდა მე და დედას, “სამი მარტო მე ვარ”- განვაცხადე მაშინ ამაყად და დავამატე: “ტყუპებს ველოდები”, მახსოვს იმ ბიჭების გაღიმებული მზერა და “გილოცავთ”, თან ჩემი მუცლისკენ გამოაპარეს თვალი, არაფერი არ მეტყობოდა, მაშინ ექვსი კვირის ვიყავი. ორსულობისას სულ აღვნიშნავდი რომ ტყუპებს ველოდებოდი, თუ ვინმე მკითხავდა ბიჭს ველოდებოდი თუ გოგოს, მე ვპასუხობდი: “ორივეს” და შემდეგ ვტკბებოდი მათი რეაქციით.  მახსოვს ხალხის გაოცებული მზერა, როდესაც ჩემს უზომოდ დიდ მუცელს ხედავდნენ.
ახლაც შანსს არ ვუშვებ ხელიდან რომ არ აღვნიშნო, რომ ტყუპები მყავს.  ბავშვების გაჩენიდან პირველად როცა სახლიდან გავაღწიე თმის შესაჭრელად, გოგონამ რომელიც თმას მჭრიდა, აღნიშნა, რომ ძალიან მცვიოდა თმა და მე ვუთხარი, რომ თმა იმიტომ მცვივა, რომ მეძუძური დედა ვარ, რომ ტყუპები მყავს. როცა ერთ ბავშვს ვასეირნებ და უცნობი გამოგველაპარაკება, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ამას ტყუპისცალი ელოდება სახლში.
გუშინ ახალი რაღაც მოვიგონე: ორაზროვანი სიცოცხლე მაქვს, იმიტომ რომ სიცოცხლის ორი აზრი მაქვს, ერთი მსუქანი და დიდლოყება კაცუნაა, მეორე ცოტა უფრო გამხდარი და ცქვიტი ქალი.
ტყუპები ხომ გამონაკლისია, კარგი გამონაკლისი. მათი გაჩენის შანსიც ისევე მცირე იყო როგორც ცუდი გამონაკლისის, მაგრამ ღმერთმა მე უდუდესი საჩუქარი გამიკეთა, ამიტომ  აღარასოდეს ვიწუწუნებ ცხოვრებაში.
არასდროს აღარ  დავიღლები, რადგან ორი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილი გამამხნევებს.
არასდროს აღარ ვითამაშებ ლატარიას, რადგან უკვე მოვიგე ჩემი ჯეკპოტი 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები