ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2013


ფინჯან ყავასთან სასაუბრო

შენ ხარ ადამიანი, უბრალო, ყველაზე ბანალური და ამით გამორჩეული გოგო, ასევე, გამორჩეული იმით ,რომ არც შენი გრძნობებია ყალბი, არც თავგანწირვა, არც სიტყვები და არც დაპირება. გინდა ყველაზე ელემენტარული- ასეთივე პასუხის მიღება. თუ ყველასგან არა, ახლობლებისგან ,რამდენიმე ადამიანისგან, მაინც. არ გინდა გიღალატონ, არ გინდა მიგატოვონ...გემეგობრონ, მაგრამ მერე , უცებ,  აღმოაჩინო რომ დღეები, მერე კვირები, ისე გადის, არ გკითხულობს ის გულითადი მეგობარი.გეგონა , რომ სწორედ ის არის  „ის“,აი ,ის, ნამდვილი, რეალური, სულის ნაწილი, ასე რომ ესმის და აღელვებ...მაგრამ ამ სინამდვილეში, სადამდე მივდივართ? აღარაფერი იცის შენს შესახებ, სასხვათაშორისოდ თუ არ ახსენე რომ შენი ყოფილი შეყვარებულის ახალი შეყვარებული ბავშვს ელოდება, ისე გააჩენ შენს საკუთარს, ვერავინ  მიხვდება. იმ უცოდველი პატარას ჩანასახოვანი დანახვა როგორ მოულოდნელად დაწვავს ყველა ხიდს, გაანადგურებს ყველა ტკივილგამაყუჩებელს, სახელად „იმედი“. ნარკოტიკს, სახელად „ოცნება“ და მიგიყვანს წერტილამდე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან- შენივე ტკივილის, მარტოობისა და სიცარიელის გამოქვაბულამდე...თუ შენ არ იტყვი, ყავასთან, სასხვათაშორისოდ, ისე წაიყვან შენს საკუთარსავე პატარას ბაღში, რომ ვერავინ გაიგებს , რა მწარე და მტკივნეული ნაწილით შეჯახებიხარ რეალობას. წამოშვერილი მუცელი, რა მტკიცე ლაწანს გაადენს შენს მეოცნებე სახეზე, თუმცა სიწითლეს არ დაგიტოვებს...მხოლოდ დილით,  ახალგამოღვიძებულზე,ახალდაძინებულს რომ გაგყვება... შეიძლება ისე მოგილოცონ შვილის (შენივე, საკუთარის) საგამოცდო წარმატება, რომ ვერც  ერთმა სულის ნაწილმა, გრძნობების გამზიარებელმა და დახმარებისთვის მუდმივად აღჭურვილმა ქვიშის მეომარმა, სახელად  მეგობარი, ვერ გაიგოს პირადად შენ, შენივე შვილის ასაკში რა გამოცდები გაიარე და ჩააბარე, თანაც სრულიად მარტომ...არა იმიტომ, რომ უხასიათობის, ან უცნაურობის გამო არ გყავდა მეგობარი. არა,უბრალოდ, ერთ-ერთ დღეს, ერთ-ერთ სულიერთან, სხვა ნებისმიერი ყავის დაგემოვნებისას არ თქვი :“ხო,ისე,გოგოებო, ახალი ამბავი მაქვს“ და ვითომც აქ არაფერი, ცრემლის გემრიელ ლუკმასთან ერთად, შოკოლადის პატარა ნატეხი ,რძიანი, მთლიანი თხილით, არ გადაყლაპე. არა, ვერც ვერავინ ჩაგიხუტებს თავისი, ისეც ათასი სადარდებლით ჩამოგრძელებული ხელებით, ვერც განუგეშებს შენივე თვალებით ნაკარნახევი, ოღონდ, სხვისი პირიდან გაცილებით ეფექტური და დამამშვიდებელი ფრაზებით. თუ შენ არ გაარღვიე წონასწორობა  ყოველდღიური მეგობრობის შესანარჩუნებლად, ან გარდასულ მეგობრობას ჩაბღაუჭებული ფრაზებით და თქვი ის, რაზეც გინდოდა , მართლა გინდოდა ლაპარაკი. ოღონდ, გეშინოდა...აღსარებაზე, ხმამაღლა თქმაზე, საკუთარ, ან მათ თვალში დამცირებაზე მეტად, გეშინოდა მათი გულგრილი სახეების, ყალბი ხმის, ან საერთოდ, თემის გადატანის...გეშინია, როგორ გეშინია, აი,იმ, სხვისი უცოდველი ბავშვის ჩანასახის ხილვისას გამოწვეული ტკივილის კი არა, შენთვის ძვირფასი მეგობრების სახეებზე, შენთვის აუცილებელი თანაგრძნობის, ან თუნდაც, გულისყურის ვერ დანახვის...ვერ შეგრძნობის...ვერ შესუნთქვის.
ღმერთო, როგორ გეშინია...
მაშინ დამთავრდება ყველაფერი, საბოლოოდ გატყდები- საკუთარ თავს თუ გამოუტყდი,ამდენი ბრძოლისა და სულით ფრჩხილების დაბზარვამდე ჩაბღაუჭების შემდეგ რომ მართალი ყოფილა ის პატარა ეჭვი, იდეა, ბოროტება, ან თუნდაც, ღვარძლი, რაც არ უნდა ერქვას, არაფერი ცვლის მას. აზრი, რომ მარტო ხარ...მარტო!  რომ იბადები მარტო, კვდები მარტო, შუაში კი მოჩვენებების  ბალ-მასკარადია, მაგრამ აქაც , ტკივილისას, მარტო ხარ, სიხარულისას მარტო ხარ, ოღონდ არც ფიზიკური ტკივილის და არც ფიზიკურისთვის სიხარულისას...არა,არა...ყველაფერი მართლა მნიშვნელოვანი რაც გაქვს, მარტოს გაქვს...რასაც ატარებ, მარტო ატარებ და ის, რომ  შენ ასე ძალიან ცდილობ სხვას არ აგრძნობინო მარტოობა, მხოლოდ და მხოლოდ, შენი მარტოობის გაშვილების საცოდავი მცდელობაა.
არა! არ გინდა ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება, არც აღიარება, არც დაჯერება. მაშინ მართლაც მარტო დარჩები. იმ წამიდანვე, რაც დაიჯერებ რომ ეს ასეა, რომ ჭეშმარიტება ერთია და ისიც, მარტოობაში. მაშინ მთავრდება შენთვის ადამიანობა, სიყვარული, სილამაზე, ოცნება, იმედი, ხალისი, ბედნიერება, სიკეკლუცე, მეგობრობა...ცხოვრება! აზრს უკარგავ ყველაფერს, რასაც სული გიკოწიწებდა, მაგრამ...შენი საკუთარი შვილის ფუშფუშახელიანი შვილის სურნელის საგრძნობლად, მის ხელში ასაყვანად და მის ღიმილში შენი არსებობის აზრის წასაკითხავად, ჩამოიფარებ ისევ იმ უდარდელ ტირეს საფარველად, ვითომც აქ არაფერიაო, არაყივით-სითამამისთვის, გადაკრავ ბოლო ყლუპ ტკბილ ყავას და :
„ახალი ამბავი, გოგოებო, გურანდა ბავშვს ელოდება“...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები