ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2013


სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა!


აფხაზეთო


''ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ'' .
შოთა ნიშნიანიძე


მგოსნის ამ სიტყვებს დაუჯერე და
ნიშნიანიძეს ენდე.
ქართველთა არის დამსახურება,
რომ მოაღწიე დღემდე.
გწამდეს ერთობის... უსაქართველოდ
მკერდდაგლეჯილი მთა ხარ.
ლექსს წაგიკითხავ გალაკტიონის,
თვალით როდესაც გნახავ.



აფხაზეთის მონატრება


მომენატრა ოჩამჩირე,
სოხუმში დასვენება,
ახლაც ისევ ჟრუანტელს მგვრის
წარსულის გახსენება.
აფხაზეთი მენატრება -
თვალწარმტაცი ედემი,
თუ გადარჩა, გადარჩება
ჩვენი ლოცვა-ვედრებით.
ზღვა იღელვებს ისევ ისე -
როგორც უწინ ღელავდა,
სიყვარულმა ოცნებაში
ზეცა გამიფერადა.


სოხუმში


სოხუმში მუხის ხე წაიქცა,
უბნობენ აფხაზი ბიჭები,
ქართველთა სახლებიც დაიქცა,
შრიალიც არ ისმის ფიჭვების.
სოხუმში ტიტებიც დამჭკნარა,
ვერავინ გაჰფანტა იჭვები,
მდუმარედ შეისვა ხვანჭკარაც,
უდროოდ წასული ბიჭების.




ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!
(მე-დეას)


გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩიტები საამურად ჭიკჭიკებდნენ და არემარე მზის სხივებით იყო განათებული, წყაროზე მიმავალმა ციცუნიამ შავებში ჩაცმულ ქალებს მოჰკრა თვალი, რომლებიც ილორის მონასტერში სალოცავად მიდიოდნენ... მიდიოდნენ და თან ჩუმად ამბობდნენ: ''ნუ სტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მათი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!''
ნეტავ როდის დაირღვევა ეს სულისშემძვრელი დუმილი?! ფიქრობდა პატარა ანგელოზი. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე... თმებგაშლილმა გოგომ პირჯვარი გარდაისახა და თვალცრემლიანი გაეცალა იქაურობას.
უსაზღვროა ადამიანთა სევდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს... იმედი იმისა, რომ ოდესმე ისევ შევძლებთ ბედნიერების მწვერვალზე ასვლას...
ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!


არემარეს-მთვარის შუქით შემოსილს
მწუხარების ბინდი გადაეფარა.
გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი,
გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა.
სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე,
ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს.
გწამდეს: ''აფსნი'' იარსებებს მანამდე,
სანამ ისმის აფხაზური კანტატა.


19 სექტემბერი, 2010




ზიარება
(მე-დეას)


აფხაზეთიც საქართველოს ორგანული ნაწილია,
ასეა და ვაი იმას, ვინც ამას არ აღიარებს.
საქართველო ლაჟვარდებში აფრენილი არწივია,
გმადლობ ღმერთო, მშობელ მიწის სიყვარულს რომ მაზიარე.
სული ჩვენი შენ გეკუთვნის, სიცოცხლე კი წრფელად მამულს,
სოხუმს დღეს ნატყვიარები ამჩნევია იარებად.
გაუმარჯოს ხალხთა ძმობას, სუფთა სინდისს, ერის ნამუსს,
დაილოცოს... დაილოცოს სიყვარულის ზიარება.


თამთა


აფხაზეთის ტკივილით ხარ გათანგული,
მკერდში გტკივა ნაომარი მიწა,
მწამს: დადგება ბედნიერი გაზაფხული,
შენი ნახვით გაიხარებს რიწა.
შენც ჩემსავით გენატრება აფხაზეთი,
მეც შენსავით განვიცდი და მტკივა,
მჯერა: გულში ჩაგვიკრავენ აფხაზები,
როს ილორში ჩვენი ფეხით მივალთ.


ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა...
(თამთა გრიგოლიას)


ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
აფხაზურ პალმებს ჩავეხუტებით,
ისევ აღვავლენთ ქართულად ლოცვას,
ძმებს აღარასდროს გავებუტებით.
ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
სიხარულის ზარს დარეკს ბედია,
მიწას ვაჩუქებთ უამრავ კოცნას,
ეს სიცოცხლეზე უფრო მეტია.



თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა...

(1991 წელს სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან ერთად... მას შემდეგ სოხუმი თვალით აღარ მინახავს).


თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
კვლავ თვალწინ მიდგას სოხუმის ხედი,
ჩვენი ცხოვრება სხვა გზით წავიდა,
შორს გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი.
თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
სოხუმს პალმები კვლავაც მელიან,
უაფხაზეთოდ ჩრდილიც არ მინდა,
უაფხაზეთოდ ყოფნა ძნელია.


სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!


რადგან გავჩნდით სიყვარულის მხარეში -
ეს ქვეყანა ღვთის წყალობით ჩვენია!
საქართველო აფხაზეთის გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
თუმც გრძელდება არაკაცთა თარეში,
არ გამქრალა დაბრუნების იმედი,
სევდას ვხედავ ჩემი მოძმის თვალებში,
შეგვრჩენია სიყვარული მცირედი.
მჯერა: ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს,
ილორს თავზე დაადგება ნათელი,
როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს
გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც.
რადგან გავჩნდით სულის ჩამდგმელ მხარეში -
ეს ქვეყანა უფლის მადლით ჩვენია!
საქართველო აფხაზების გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები