ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2008


თუშ ქალს

მზეზე თბებიან გამაძღარი მერინოსები
ბრმა ნისლებივით მთების კალთებს შეჰკედლებიან
და შენც მათ მსგავსად, როცა სევდით შეინისლები
მოგონებები ფუტკრებივით შეგესევიან.
დაკრეფ ბალახებს, ღიღილოებს, იებს, ზაფრანებს,
კოწახურების, შინდისა თუ ინდიგოს ფერებს,
შეაფერადებ იგავივით დაგრეხილ ძაფებს
და როგორც გრძნობებს დასაწყვეტად ვერ გაიმეტებ.
ხის საჩეჩელზე მატყლთან ერთად ფიქრებსაც ჩეჩავ,
ვინ იცის, იქნებ გაგიტაცოს ნისლმა წყაროდან,
როგორც წარსულში, როცა გრძნობის დასარწყულებლად,
ლექსის რითმები ალმასებად მოწანწკარობდა...
დღეს თავდახრილი და დაღლილი დაზგასთან ზიხარ,
ხალიჩის ქსოვით დარდებსა და ნაღველს იქარვებ,
ყოველ წელს მთაში სალოცავად ხატობას მიხვალ,
სალოცავს სწირავ ფარდაგების მიმქრალ მინანქრებს
და ამ ფარდაგებს, დავიწყების ცისფერ სამანებს,
აცვიათ ფარჩა, ოქროთი და ვერცხლით მოსილი,
ვარდების ნაცვლად ეგ თითები მიმოხაზავენ
უძველეს კირბთა გაუშიფრავ იეროგლიფებს
და მერე ქარი ალამივით ააფრიალებს,
აივნის თეჯირს გადაფენილს როგორც მოკითხვას,
ორნამენტების ალვანური ფერადი ელვა
ქვაფენილივით ქუჩებსა და ჩიხებს მოკირწყლავს,
ანდა, ფადიშაჰს დაუმშვენებს მდიდრულ ბალდახინს,
ვინ იცის, იქნებ გადახვეწილ ქართველთა ბადიშს,
და ღმერთმა იცის, რომელ კარავს ააზამბახებს,
ვის ჰარამხანას დაამშვენებს, სულთნის თუ შაჰის?!...
ჰო, ამ ფარდაგებს მთის ყვავილთა სურნელი ასდის
და საიდუმლოს გაუმხელელს მრავალს მალავენ
და ეს სურნელნი ყვავილების გრძნობებს და ვნებებს
ვით მზესუმზირას მინავლებულ ცეცხლზე ხალავენ...
და გთხოვ, დამალე,
ალვანელო, ნისლების სწორო,
სადმე ჭიუხში გადამალე მხატვარი ქალი,
არ მოიტაცონ მოხიბლულმა შაჰინშაჰებმა,
არ შეამჩნიონ ლოყის თავზე პატარა ხალი,
მყინვარს მიჰგვარე მთის ენძელა,
მთას მიაბარე,
თორემ მომხდურნი ფარდაგივით მოიპარავენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს