ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჩიტატივი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2013


ღამე ნაქარგია...(08.22.13)

ღამე ნაქარგია ქვრივის თეთრი მუხლით,
  ველმა გაიხადა მწვანე ხავერდები.
    მიწა სისხლიანი წვიმით ნაცვარია,
ცრემლად დაკიდულან ცაზე ვარსკვლავები.

თითქოს მიკიოტის მძიმე მოთქმასავით,
  სადღაც მიგდებულა ზარი ეკლესიის.
თუ ვერ გამიგრილებს დამწვარ გულს ნარგიზი,
  არ გამიჭირდება შუბლში მიხლა ტყვიის.

თვალებს პირფერობა ვეღარ დამიბნელებს,
  ფასად ჭირთათმენის აზრი გამიწირავს.
სანამ დავიკრეფდე მკერდზე დაღლილ ხელებს,
ლოცვა შთამაგონებს სხვისთვის თავგანწირვას.

ალბათ დრო მასწავლის ისევ ბედთან ჭიდილს,
  თამაშს აჩრდილებთან რაღა გადამაჩვევს.
მძევლად ვყავარ მირაჟს ჯადოსნური სიტყვის,
დაჭრილ ფრინველივით რომ აწყდება ბარდებს.

გრძნობის მიტოვებულ ქუჩებს დავუყვები
  და არ მომწყინდება ქვეყნად ხეტიალი.
  მზეში დაკრეფილი სიტყვით გამოვძღები,
  ვივლი გალეშილი, პოეზიით მთვრალი.

ღამე ნაქარგია ქვრივის თეთრი მუხლით,
  უწყინარი სიო სუნთქვას მიმსუბუქებს.
სივრცე ვერცხლისფერი მწუხრით მეტანიობს,
ირგვლივ მოწყენილი სახით სძინავთ ქუჩებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები