ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2013


ხანდახან ხდება...

ხდება ხანდახან, გიდგება ჟამი,
როცა სისხლისგან ბოლომდე დაცლა
გინდება, რათა განსცადო წამი
სიცარიელის - სისავსის ნაცვლად...

ხანდახან ხდება, ხარ ისე ბევრი,
მზად ხარ სამყაროს გაუნაწილდე,
გახდე ყველას და ყველაფრის წევრი,
ყველგან გათოვდე, ყველგან გაწვიმდე...

ისეც ხდება, რომ არ იცი, ხარ თუ
არ ხარ? გინდა, თუ არც გინდა იყო?
მაშინ მყოფობის იდეით გართულს,
აქეთ გსურს ვინმემ რამე გაგიყოს.

და ბოლოს, სულის ხორცისგან გაცლაც
გინდება, რათა განსცადო წამი
სისავსის - სიცარიელის ნაცვლად,
ზოგჯერ ასეთიც გიდგება ჟამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები