ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2013


მოხუცის სახე

მისი თვალები–კლდის ქვაბულები,
მოღლილნი ტალღის ოხვრა–ვედრებით,
ამ ქვაბულებში განაბულები:
ცხოვრების აზრი და შეხვედრები

კლდის ქვეშ იზრდება წვერი ფითრებად,
ქვაბულს ფარავენ წარბის ფოთლები
და კლდის სიღრმეში წვეთი ითვლება
წერილდამხრჩვალი უხსნელ ბოთლებით

ტალღა ხმაურით კლდეს ენარცხება,
მოაქვს უღონო აზრის ნაცრები
და ყოველი დღე ვით დამარცხება
მას გაყიდიან როგორც ვაჭრები

მთელი ცხოვრება იყო წვალება,
ომის, სინდისის და ვნების ტაძრებად
და კიდევ ერთი გარდაცვალება
იმ ექვს ფიცარში გაიბაწრება

ადრე მავალი ირმის ჩლიქებად,
ხელმარჯვე, სწრაფი და თან ფიცხელი
დღეს ნამგალივით მიიდრიკება–
ყოველგვარ ცეცხლის გამომრიცხველი

მის ზემოთ, როგორც ფრინველთ გუნდები
ისე, იცვლება სხვა თაობები
ტკბილო ბავშვობავ ვერ დაბრუნდები
თუ შეუდექი გზას დაობების,

მთლად გარდასრულა ძველი დღეები
და ჩამოშლილა მისი თითები,
აწ ჩაფერფლილა ვნების ტყეები
ჩაქრნენ საზები და ბარბითები,

ახლა სიკვდილის არის ლამპრები,
ყველა ნაბიჯი მისი ფერება,
როგორც ძახილი მშვიდ წინაპრების
მალე სიცოცხლე დაეძგერება

ქვაბულებიდან, წვრილ ნაკადებად,
ჟონავს მოხუცი გულის სიზმრები,
ის უკვე სხვაგან დაიბადება
და დამთავრდება კატაკლიზმები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები