ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2013


წითელი უბის წიგნაკი

"არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა    მხოლოდ შენზეა დამოკიდებული."
                                      დალაი ლამა

  უცნაური გოგო იყო მარია. როდესაც ყველანი იწყებდნენ თამაშს ის რომელიმე ხეს ამოეფარებოდა ხოლმე.
  -მარია, ითამაშე ჩვენთან ერთად..
  -არა. კაბა დამესვრება. -პასუხობდა მეგობრებს და შიშველ მუხლებზე იფარებდა ხავერდის ნაჭერს.
  წითელი უბის წიგნაკი სულ თან დაჰქონდა. გამუდმებით რაღაცას წერდა და პეპის სიმღერას ღიღინებდა.
  ერთ დღეს მარიას დღიური ჩამივარდა ხელში.

  "მარტოობა ქუჩის ძაღლივით ამეკიდა და ისედაც სიცოცხლის მცირე ულუფას მართმევს.
  შენი თვალები ისევ ვერ მივამსგავსე სხვისას და ჩემი თითებიც გამჭვირვალეა, შენი თითების ჩრდილი აკლია.
  არ შემიძლია, თორემ შევქმნიდი დიდ ვაკუუმს, რომელიც ძალიან ემსგავსებოდა აკარიუმს და მე-მიჩვეული თევზობას, ვიცხოვრებდი ჩემს წილ დუმილთან და სიმარტოვესთან ერთად."
                       

      "გუშინ...
სამარშუტო ტაქსი გაჩერდა და ფანჯრიდან დავინახე მოხუცის სახე, რომელიც მძროლისგან ხურდის მოლოდინში იმტვრევდა თითებს, გამჭვირვალე თითებს.
        საოცრად წვიმდა..."


                "დღეს...
  ვუყიდე ფუნთუშა პატარა ბიჭუნას, რომლის დაუბანელი სახე ვერ ფარავდა ბავშვურ სისუფთავეს.
      საოცრად წვიმს..."

  "შენ, როცა დგახარ წვიმაში და მე-როგორც წვეთები, სიმარტოვეს ჩადრს ვაფარებთ და მაინც ვერ ვტოვებთ აკვარიუმს.
  აღარაფერი დამრჩენია წითელი უბის წიგნაკის გარდა და მაშინებს დილა, რომელიც უშენოდ გათენდება და იცი? ყოველი დილა უშენობის განცდაა."

  "შენს მოწყენილ სახეზე დაკარგული ბავშვობის კვალი სევდის ნაოჭებად გაფანტულა.
  მისმინე მეგობარო! შენ იტყვი, რომ არ მომკვდარა ღმერთი, რომ უაზრობაა ნიცშეს სიტყვები, ღმერთს უბრალოდ ეძინა."

  "ვიღაცამ თქვა, ბავშვობა დაკარგული ადამიანები არ იზრდებიანო. რატომ ვბერდები?!"

  უბის წიგნაკი გვერდზე გადავდე.. მაინც რა უცნაური ბავშვი იყო მარია. გავიფიქრე და გამახსენდა მისი მუხლები, რომელთაც ხავერდის ნაჭრით იფარავდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები