დღეს შაბათია ძველი აღთქმით, ახლით კი კვირა... ბოლოს ექვსი დღის წინ ვიყავი შენთან, მაგრამ მაშინ ვერ გნახე. მართალია ვიგრძენი, რომ ჩეულებრივ სუფევდი, თუმცა ალბათ უბრალოდ გადაწყვიტე, რომ არ გამომჩენოდი. ან რა გასაკვირია, შენც ხომ გაქვს არჩევანის თავისუფლება?!.. წამოსვლამდე ბევრი ვიფიქრე რომელი ნიღბით მოვსულიყავი?! წინაზე მახსოვს იმით ვიყავი, დაკრძალვებზე რომ ვიკეთებ ხოლმე. ალბათ მაშინ ტირილი მინდოდა?! ამ ბოლო დროს ყველგან ნიღბებით დავდივარ, რადგან სახე, შენ რომ მაჩუქე, სადღაც დავკარგე. საერთოდაც ძალიან ხშირად ვკარგავ საჭირო ნივთებს, თითქოს ეშმაკი გადაეფარება ხოლმე და ვერაფრით ვპოულობ...
"გევედრები მაპოვნინე ჩემი სახე, ჩემი რეალური, შენს მიერ ნაჩუქარი სახე?!"
...
სანამ მივხვდებოდი, რომ უბრალოდ არ ისურვე და იმიტომ არ გამომიჩნდი, ბევრი შეკითხვა დამებადა, ყოველთვის რომ მემართება ხოლმე შენთან ურთიერთობისას. თუმცა ახლა გამოცდილებამ მიკარნახა, რომ უსარგებლო ფიქრებს თუ ავყვებოდი, უეჭველად სასოწარკვეთამდე მივიდოდი! არადა თავიდან ვიფიქრე ნიღაბში ვერ მიცნოთქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ადამიანის სახეს არ უყურებ და მივხვდი, რომ საკუთარ მოწოდებულს, გულით უეჭველად გამარჩევდი. ნიღაბზე ისიც გამახსენდა, მე როგორ გარგებდი სხვადასხვა ნიღბებს. თავიდან ცრურწმენებით ტვინგამორეცხილს ისეთი პრიმიტიული მეგონე, რომ თუკი საჭირო დროს თითებს გადავაჯვარედინებდი, კვერცხებს გადავაგორებდი და მით უმეტეს ცხვარსაც დაგიკლავდი, კმაყოფილი მეყოლებოდი და შენი წყალობაც არ მომაკლდებოდა. მერე სანამ ცოდვას ჩავიდენდი კეთილი და მოწყალე მეგონე და როგორც კი დავეცემოდი ყველაზე შეუვალად და უმოწყალოდ წარმომესახებოდი. ვინ იცის ახლაც რამდენი არასწორი ნიღბის უკან გეძებ?!
"გევედრები, გამათავისუფლე შენზე ყველა ყალბი წარმოდგენისგან და მაპოვნინე შენი სახე, შენი რეალური სახე?!"
...
ბოლოს ვიფიქრე ჩემი მოსმენა არ გინდოდა და ხმამაღლა დავიწყე ლოცვა, ან უფრო სწორედ ძახილი, ყვირილი და ბოლოს მოთქმაც კი. და როცა ის ის იყო სასო უნდა წარმკვეთოდა, გამახსენდა, რომ ერთხელ შენც არ შეგისმინეს გედსამანიის ბაღში და მივხვდი, რომ ეს დუმილი, ეს დამალვა, ეს უპასუხობა ჩვეულებრივი, განსაცდელის სახით ბოძებული წყალობა იყო. მერე ნიღაბი მოვიხსენი, შენი რეალური სახე დავინახე და დავმშვიდდი...
"გევედრები უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი?!.."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|