ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2014


ზის და ''მეკაიფება" (ჩანახატი)

ზის და ''მეკაიფება" (ჩანახატი)

დავიბადე და, მეს შემდეგ ჩაჭიდებული ვარ ცხოვრებას... ვეჭიდები, ვეჭიდები და მივყვები აღმართს მის დაღმართზე (ან პირიქით) მანამ, სანამ ერთხელაც თვითონ არ შემეჭიდა. აი მაშინ კი დაიწყო რაც დაიწყო.
რა საინტერესო იქნებოდა, ჩვენი ჭიდილის გვერდიდან ყურება...
ყველაფერს მართმევს, რასაც ადრე მე ვიღებდი მისგან.
წამართვა თავისუფლება, სიამაყე, სილაღე, საკუთარი თავის სიყვარული, სხვების სიყვარული, სიყვარული...
სახიდან ღიმილი ისე ჩამომხსნა, როგორც გადაღლილი დიასახლისი ჩიტისგან დასვრილ სველ სარეცხს ხსნის თოკიდან.
გული თალგამივით ამომაძრო პირიდან და მის ადგილას დარჩენილ სიცარიელეს ბნელეთი გადააცვა.
შეშინებული კატა ვერ მოიხრება წელში ისე, როგორც მე მომხარა. ალბათ უფრო ხშირად რომ ვუყურო მიწას და მახსოვდეს: რისგან ვარ შექმნილი და რად ვიქცევი ბოლოს.
წეღან ვნახე, -ჩემი ოცნებები ჰქონდა ჩამოწერილი გრძელ ვიწრო ფურცელზე, ინკვიზატორთა მანიფესტივით ეჭირა ხელში, კითხულობდა და ხარხარებდა. რომ ჩაიკითხა, დაგრაგნა, ზონარი შემოუჭირა, მზაკვრულად შემომხედა და ირონიაზე მილურსმული სახით მითხრა: -აირჩიე სად შეგტენოო...
-ისე გამოვიქეცი, საკუთარი ლანდიც კი ვეღარ მეწეოდა. მოვირბინე აქამდე, (მეტი აღარ შემეძლო) პარკში სკამზე მივესვენე და გავფუვდი, გარინდული ვაკვირდები გზას, რომელიც გამოვირბინე. მაგრამ არ ჩანს, მტვერს ჩაუყლაპავს.
ფეხებთან კი ლანდი გდია მიწაზე უსულოსავით, ისიც ისვენებს ალბათ. მის გვერდით კი მეორე ლანდია, ძალიან ნაცნობი და ძალიან ჩემი.
ნელი მოძრაობით მოვიხედე გვერდზე და... სად გაექცევი?! აგერ არ ზის ისიც?! ცინიკოსი, უტიფარი, დაუნდობელი ჩემი ცხოვრება. ზის და "მეკაიფება".

23.02.2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს