ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


მე ასეთად ვერ მიგიღებ საქართველოვ

მე ასეთად ვერ მიგიღებ საქართველოვ,
ვერ მიგიღებ ვერასოდეს ხელგაწვდილს,
ვერ მიგიღებ გაყიდულს, და -
მითუმეტეს ვერ მიგიღებ, - სხვის დაკრულზე მოცეკვავეს,
ან მეჩეთში თავდახრილს...

მიგეჩვიე დიდს და ძლიერს,
ამაყსა და ლაღს,
მებრძოლსა და გამრჯეს,
ამტანსა და გამტანს,
ისეთს, მტრის ლეშსაც კი პატივს რომ სცემს,
და წყალს არ ატანს...

მიგეჩვიე წიგნებიდან, მითებიდან,
ტრადიციებიდან, სადღეგრძელოებიდან,
გლეხის სიამაყიდან, დედის კულტიდან,
სტუმარ-მასპინძლობიდან,
პაპის თეთრი წვერიდან,
ბებიის უბე-კალთიდან,
დედის ძუძუდან, მამის პატივისცემიდან,
წინაპრების ხსოვნიდან...

დავიბადე და,
მას შემდეგ მემალები...
ხან ჩექმის უკან,
ხან დროშის უკან, -
რომელიც წამდაუწუმ იცვლის ფერებს...
ხან ენგურში მემალები, ხან თერგში,
ხან რომელ ენაზე მელაპარაკები,
ხან რომელზე...
მომენატრე...


ისეთი მომენატრე, -როგორიც მინდიხარ,
მაღალი კავკასიონივით,
ძველი სფინსივით,
თბილი, -ჩემი სისხლივით,
კოპწია, -პატარძალივით,
ამაყი, - პაპაჩემივით ,
უდარდელი, -მამაჩემივით.
კეთილი, მოყვასი და არაბოროტი
დანარჩენივით...

მჯერა რომ გნახავ,
ან სიზმრად, ან ცხადში,
ქუჩაში, მთაში, წყარო წყალში,
ყანაში, ხნულში, ძნაში,
ჩემს ძმაში...
ისეთს, როგორიც მინდიხარ,
ისეთს, როგორზეც ვოცნებობ,
ისეთს, როგორიც უნდა იყო,
თორემ, -
მე ასეთად ვერ მიგიღებ საქართველოვ,
ვერ მიგიღებ ვერასოდეს, თავდახრილს.

31. 03. 2013წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს