ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
25 მარტი, 2014


ნი(კა)კო(ი)

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი...ჭყაპი თოვლს მისდევდა და ქარი ხვატს , ნიკოს ყოველდღიურობის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობა კი მზესუმზირის ჩენჩოებით გადავსებული თეფშის A პუნქტიდან B პუნქტამდე გადატანა იყო მთელი ამ დროის განმავლობაში.
ჰო. ასე იწყებოდა მისი დღე. ინათებდა თუ არა, ნიკო ლოგინიდან წამოხტებოდა და თავის ნოუთბუკს უსკუპდებოდა, სადაც, რაღა თქმა უნდა,  უკვე ელოდა დაწოლისასვე გამზადებული მოხალული მზესუმზირა და ჩაცხელთერმოსებული ყავა. ფეისბუკ ექაუნთის ფაცაფუცით შემოწმების მერე , ნიკო ეძებდა ფილმს და რამდენიმე წკაპუნით რამდენიმე ღილაკზე სრულ ნეტარებაში იძირებოდა. აკნაწუნებდა , წრუპავდა და მთვარისხელა თვალის გუგებით შესცქეროდა მონიტორს. მთავარი იყო, ფანჯრისკენ არ გაპარვოდა თვალი როგორმე.
ერთხელ, როცა ნიკო რომელიღაც თამაშის დისკს ეძებდა, თაროდან რვეულები გადმოიყარა და ერთიდან შემოდგომის ჩაჰერბარიუმებული ყვითელი ოცნება გადმოვარდა. სისხლმა ჩქეფას, გულმა ფეთქვას, ნერვმა ტოკვას - უმატა! რა ლამაზი იყო , ის ოხერი. ნაკადულივით ანცი და ვარსკვლავივით ციმციმაო, იტყოდნენ მასზე მოხუცი  პოეტები. ქერა, თითქმის გამჭვირვალე თმით და საყვარელი ტუჩისკუთხა ღიმილით. გაურკვეველფერა თვალებით. ჰაერი იყო, ტანგო იყო, წითელი ღვინო და მწვანე თვლემა. ნიკოსი იყო და „სთან“ და „სთვის“ და... დამთავრდა. ჰეეჰ, მაინც დამთავრდა! იგიჟმაჟა ალივით და მინავლდა, მინაკვერჩხლდა, ქარს გაჰყვა შემოდგომის ყვითელ ოცნებასავით.
გამოფხიზლდა და სარკეში საკუთარ გამომეტყველებას შეეფეთა. პირდაფჩენილ თევზს ჰგავდა, მიწაზე სულთმობრძავს.
ჰაჰა!  - შესცინა მტვრიან ანარეკლს, „ჩენჩოთეფშა“ აიღო და ფრთხილი ნაბიჯით გაუყვა გრძელ დერეფანს B პუნქტამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები