ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2014


ის მომენტი როცა

ის მომენტი როცა შუაზღვიური ქარიშხლისა და ზვირთცემის შემდეგ, ნაპირზე ხარ გამორიყული, პირქვე წევხარ რბილ სილაზე და  ტალღის კუდი გირტყამს წელსქვევით და თან ნაპირზე გაგდებს, თან თავისკენ გექაჩება, ზღვის ფრინველების ხმები იავნანასავით ჩაგესმის და ამ დროს ახალდაბადებული ედმონ დანტესივით ან რობიზონივით გრძნობ თავს, ეს ის მომენტია, ბავშვი რომ იბადება და სრულიად უცნობ მიწაზე პირველად დგამს ფეხს, არ იცის სადაა ან ვინაა, სად უნდა წავიდეს, ან საერთოდ უნდა წავიდეს თუ არა...

ამაზე საერთოდ არ ფიქრობ, სამაგიეროდ შენს ცხვირწინ, სულ ახლოს გაბობღებულ კიბორჩხალას უყურებ ყოველგვარი ფიქრის გარეშე, ის კი თავისი მარწუხთათებით ამოთხრილ, მზისგან დაცულ სოროში პატარა, ზღვისგან გამორიყული, თევზის ლეშს მიათრევს და თან ისე ამაყად თითქოს დიდი ნადავლი მიჰქონდეს.
კიბორჩხალადან მზერა ისე ზღვისკენ გადაგაქვს და ცდილობ როგორმე ხელებს დაეყრდნო, მაგრამ ვერ ახერხებ იოლად, რადგან რბილ ქვიშაში გეფლობა იდაყვებამდე, მერე ქვიშიდან სანახევროდ იღებ ხელებს და ნელ-ნელა მიწისკენ მიფოფხავ, უფრო და უფრო მყარი ხდება ის რასაც ეყრდნობი, ხელისგულებზე გწიწკნის ქვიშა და წვრილი კენჭი, ტანს მაღლა ზიდავ და ცდილობ მუხლებზე მაინც დადგე, დგები, გამოგდის, ახლა ცოტას ისვენებ, შედარებით მყარ ქვიშაზე ჯდები და ზღვას გაჰყურებ, ზღვა ზღვაურია, ტალღებს ნაპირთან ატყლაშუნებს, ის თავისთავადია, ტალღებისგან შედგება და საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, არც სოციალური გაჭირვება, არც არჩევნები და არც ფილოსოფიური იდეები, ის საკუთარ თავში მოიცავს საკუთარ თავს. მაგრამ შენ ამ ყველაფერს კი არ იაზრებ ან ფიქრობ არამედ მთელი ეს შეგრძნება შენს არსებაში ზღვის სუნისა და თოლიების კივილის სახით, ასევე თბილი, მსუბუქი ნიავისა და შენს უკან ატეხილი ტყის შარიშურის სახით შემოდის შენში, გარემოს ათვალიერებ ფიქრებიც ზღვას ემსგავსება და ხან ინტენსიური ხდება და ბობოქრობენ
-აბა ვნახოთ რა ხდება სადა ვარ, ვინა ვარ, აქ რას ვაკეთებ?
ხანაც მშვიდდება, წყნარდება და სულ ოდნავღა სუნთქავს აუღელვებლად, ამ დროს მხოლოდ გრძნობ და თითქმის არაფერს ფიქრობ ან საერთოდ წყვეტ ფიქრს, მინდობილი ხარ სამყაროს, დილაა ჯერ, შენი დილა, უკან აბრუნებ კისერს და ხედავ ცხოვრებასავით უღრან ტყეს, თანაც არა უბრალოდ ტყეს არამედ ეს ტყე გპირდება უამრავს, უცნობს, ამაღელვებელს, საშიშსა და იდუმალს ჯერ არ და ვერ განცდილ გრძნობებს,
ამ ჯუნგლში შესასვლელად საჭიროა გარკვეული უნარები, აქ მთავარი მოტივი ნებისმიერ ფასად თვითგადარჩენაა, აქ უნდა იყო მარჯვე, სწრაფი, უნდა იყო შენიღბვის ოსტატი, მიიღო ისეთი ფერი და ფორმა როგორიც გჭირდება მომენტში, უნდა გახდე (თუ დაბადებიდან არ დაგყვა) ლეოპარდივით დაუნდობელი, სპილოსავით ძლიერი, ქამელეონივით ფერადოვანი, გველივით ლამაზი და ჭრელი, არწივივით სწრაფი და მორიელივით შხამიანი, მაგრამ თუ საჭიროა ფოთლისფერი უნდა მიიღო, თუ საჭიროა ტყის თაფლივით მათრობელა უნდა გახდე, თუთიყუშივით ეგზოტიკური და კუსავით ადვილად დასაჭერი, რათა როცა დაგიჭერენ თავად აღმოჩნდნენ ხაფანგში, ტყის ბებერი ობობასავით ყველგან, ჯუნგლის ყველა კუთხე–კუნჭულში, ყოველ ხესა და ტოტზე, მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ და ჰაერშიც უნდა გააბა კავშირებისა და ნაცნობების ქსელები, რათ ინფორმაცია მოდიოდეს ყოველი მხრიდან, რათა უპირატესობა გქონდეს სხვებთან შედარებით, აქ ყოველთვის არაა აუცილებელი რომ შეჭამო თუ არ შეგჭამეს, აქ მთავრია სტაბილური დაძაბულობა რათა ჯუნგლმა იგრძნოს რომ რაღაცას წარმოადგენს, რათა იგრძნოს რომ ცოცხლია, უმხეცო ჯუნგლი კი ჯუნგლი ვეღარ იქნება ამიტომ გაძლევს საშუალებას რომ ცოტათი მაინც წარმოიდგინო რომ თავისუფალი ხარ და სხვაზე უპირატესი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები