ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივლისი, 2014


ტვირთი

არსებობს დილა,
როცა გეჩვენება რომ საკუთარ თავს საღამომდე ვეღარ გაიტან
ან პირიქით.

ღამით კი სამსახურიდან დაბრუნებული
ლოგინზე პირქვე ემხობი და ხვდები,
რომ დღესაც გაიმარჯვე მოჩვენებებზე.

სული კი არა დღეები გვიჭირავს კბილით
და მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვეზიზღება სიცოცხლე
გვიხარია რომ ცოცხლები ვართ.

მე ვიცნობდი ბიჭს, რომელისთვისაც ცხოვრებისეული ტვირთი
მშენებლობაზე ცემენტის ტომრების ზიდვა იყო.
ვიღაცისთვის ის, რომ არ ჰქონდა სასურველი სუნამო
ზოგს კი ოჯახი.

ყველას რაღაცა გვაწუხებს და ყველაზე საშინელი ამ ამბავში ის არის,
რომ ხშირად სუნამოს არ ქონას უფრო მძიმედ იტანენ
ვიდრე ცემენტის ტომრებს.

სულ მაინტერესებდა რომელი მხრიდან ამოდის მზე
და როცა ქუჩაში წაქცეულ მოხუცს მივაშველე ხელი
მივხვდი, რომ მზე ჩვენი ხელებიდან ამოდის

და სახლები იქცნენ ოჯახებად
ჭრილობები შეხორცებულ იარებად
ადამიანები უფლის ხატად და მსგავსად.

მე ისევ რიგითი სისულელე დავწერე,
მაგრამ დღესაც დავემხობი ლოგინზე პირქვე
და ვიტყვი, რომ საკუთარი თავი გავიტანე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები