ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2014


თამარა

თამარა

მე მივდიოდი სველ ქუჩაზე ჩამოძონძილი,
სულ არ მციოდა, ერთი მშრალი ლექსის ამარა                                     
და განსხვავებით ჩემგან, იყო მთლად გათოშილი,                           
წინ რომ შემომხვდა ჩემი მსგავსი ძონძით, თამარა.

ქუჩის კუთხეში, მას ხატავდნენ ოთხნი გუაშით.
მწვანე თვალები, მოთხუპნულ პირს აფერმკრთალებდა.
იდგა თამარა, გათოშილი, ქუჩის შუაში
ბრბო კი ელოდა, თუ გუბიდან როდის დალევდა.

ტალახიან წყალს, ობობების ქსელი გასდევდა,
როგორც სამყაროს ალამაზებს ეს ბეწვის ხიდი,
მე შევამჩნიე მისი მზერა, ჩემსას დასდევდა
და მერე მორცხვად, უფრო შიშით, თავს დაბლა ვხრიდი.

ლასლასით მიველ, მისი სულის მსურდა დანახვა,
და უცაბედად იმის მწვანე თვალებს ჩავხედე,
გამომაფხიზლა გაბრაზებულ მხატვრის კარნახმა.
გვერდზე გამწიეს როგორც ვინმე, ბრიყვი, თავხედი.

ლამპიონების მკრთალ ნათებას ძველი ძონძები,
ვერ უძლებდა და მისი ტანის ფორმებს ლანდავდა.
ბადე, რომელიც შემოეხა და ნაბოძები,
არც სილამაზე, არც სინაზე მისას  არ გავდა.

მის შემხედვარეს გამახსენდა მე ორი მთვარე.
ერთი ზეცაზე, მეორე კი მისსავე გვერდით,
და ავარჩიე იქვე ახლოს, უბრალო არე,
მერე ოროვე  ერთმანეთის მზერით გავერთეთ.

ნახევრად შიშველ, გარუჯულ და გადაღლილ სხეულს,
ვადრიდი მასზე გაცილებით ფარულ შინაგანს.
და თმებს, კლდეებზე ჩანჩქერებად მთებში ჩახვეულს,
ამავე მთების დაუდგრომელ, ველურ ბინადარს.

ვუმზერდი ხარბად, შეიძლება ითქვას თამამად.
მხატვრებმა მისკენ შეძახილებს კიდევ უმატეს,
ქუჩის შუაში გათოშილი იდგა თამარა
და თავის მკერდზე, ვნებიანად შლიდა ჟრუანტელს.

მერე თვალებში მუქმწვანე და პატარა დემონს,
დაეტყო დაღლის, დანებების უმწეო განცდა
შეხვდა ჩემს სულში დაბუდებულ მტკიცე ჰეგემონს,
და ეს ფიქრები, მისი ძონძის ჰორიზონტს გასცდა.

მხატვრები მორჩნენ. და შეხედეს ქალაქის თავზე
ჩამოსახრჩობად დაკიდებულ საათს. ამ დროში
მე გადავავსე თამარაზე ფიქრებით ავზი,
მათ სველ ფეხებთან დაუყარეს ორიოდ გროში.

ცუდი წესია, გამოფინონ შენი სხეული,
როცა მხატვრისთვის არ ხარ მუზა, და ხარ ნატურა
შემოქმედებით დამწვარი და გადარეული
ღმერთის შედევრი, მათ ხელებში კარიკატურა.

იდგა თამარა, უმწეო და ფიქრებით სავსე
უჭირდა დაძვრა ადგილიდან, მაგრამ დაიძრა.
ის ხომ ქალია, მან ამაყად გატეხა ნავსი
და ერთი ხელის მოძრაობით ტანზე გაიძრო.

ძველი ძონძები. და უტიფრად აჩუქა ტირიფს.
არ ვიჯერებდი თუმც კი თითქოს ვხედავდი ცხადად,
თამარას უხმო, მაგრამ მაინც ცრემლიან ტირილს
ის ამ ცრემლებით, თავის დასვრილ ნამუსს რეცხავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები