ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2014


რომელიღაც ფურცელი დღიურიდან

  ჯერ იყო სიტყვა - მარტივი, ალბათ და მერე იყო ადამიანი, ვინც გაბედა და თქვა.
  მერე ამინდი იყო - ხან წვიმა, ხან ქარი, მზე კი, მზე სულ იყო.
  მერე მოვიდა დრო. ქარს გმოჰყვა და აამტვერა ( ოღონდ გზები არა, გზები ჯერ არ იყო). დრომ შეცვალა გარემოება. ადამიანი ხანში შევიდა. შევიდა და მობეზრდა ერთ ადგილას ჯდომა (თუმცა ზოგი მემატიანე წერს, რომ უბრალოდ საჯდომი ეტკინა) , ადგა და წავიდა.
    ასე გაჩნდა გზა: ერთი, მეორე. დრო კი სულ გადი-გამოდიოდა, ამტვერებდა და ცვლიდა.
    ამასობაში ადამიანმა სხვა სიტყვები მოიგონა და დაარქვა: გზას-გზა, მზეს-მზე, ადამიანს-ადამიანი. ხანდახან ეშლებოდა.
    მერე ადამიანმა იგრძნო ძალა და ბევრი სხვა რაღაც შექმნა, გააკეთა. ზოგჯერ ეშლებოდა... მალე ბევრი რამ იყო და ბევრი სიტყვა. დრო ახლა უკვე გარბოდა და ატალახებდა კიდეც.
  ერთხელაც ადამიანმა შექმნა კალამი და სიტყვა-სიტყვით ჩაიწერა მთელი ამოდენა გარემოება. მერე ადამიანს ფანტაზია შემოეპარა აზრებში საიდანღაც და მანაც ზოგი რამ ჩაამატა, ზოგიც წაშალა.
  დრო ხანდახან მოწყენილი დაეხეტებოდა - ხან სად, ხან სად.
  ქვემოთ ყურებით კისრები რომ ეტკინათ ადამიანებს, მაღლა აიხედეს და ცა გამოიგონეს, მოეწონათ და დაჟინებით მიაშტერდნენ. ცას შერცხვა და გალურჯდა.
  მალე ადამიანებმა ისევ იფიქრეს, რომ მიწას უფრო მეტი ჰქონდა და ისევ მას გაუსწორეს მზერა. თანაც ის უფრო ახლოს იყო. ცას ხანდახან სწყინდა და ტიროდა.
    დრო კი სულ მიდიოდა და მიდიოდა, შეუჩერებლად და ზოგჯერ , ძალიან სწრაფადაც. არც ერთ მემატიანეს არ დაუწერია, რომ როდესმე ადამიანები მას დასწეოდნენ. მეტიც, ზოგჯერ ვერც კი ხედავდნენ თურმე.
  ამასობაში ფოთლები ცვიოდა.
  მზე - ხან ჩადიოდა, ხან ამოდიოდა.
გრძნობები შეიქმნა. შეიქმნა თავისით და მოულოდნელად. თავიდან მათს არსებობაში ეჭვი ეპარებოდათ, რადგან ისინი უხილავნი და უსუნონი იყვნენ, მაგრამ მერე იგრძნეს. იგრძნეს და გაისიგრძეგანეს. გაისიგრძეგანეს და ...

ჰომ, მეტი ჯერ არაფერი მომხდარა. თუ რამე ახალი გავიგე ან ვნახე, მოგწერთ აუცილებლად. ოღონდ ჯერ თქვენი ფეისბუკ ექაუნთი მითხარით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები