ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
როცა არაფერი გაწუხებს, მაშინ გრძნობ თავს ყველაზე ცუდად. ეს იცოდა დინომ. დინოს არაფერი ტკიოდა. დინო არ ხდებოდა ავად. ორგანიზმი ქონდა კაჟივით მაგარი. ზამთარ-ზაფხულ შავი სატინის პერანგი,ხმარებისგან გაცრეცილი ჯინსის შარვალი და უცხოური ბოტასები ეცვა. ამბობდნენ, არ უჭირს ფული, დეიდამისი საბერძნეთში მუშაობს და რაღაც-რაღაცებს უგზავნის კიდეცო. უბრალოდ, მაგას აკლია, თორე ოჯახი არაფერს აკლებსო. გიჟის იარლიყი მიაკერა ცხოვრებამ დინოს. ცხოვრებამ რა, იმ ხალხმა ვინც მასზე საუბრობდა, თორე ცხოვრება ცხოვრებაა, ზუსტად ისეთი, როგორიც არის და საუბარიც კი არ შეუძლია. მას ადამიანები აცოცხლებენ. დიდად არც დარდობდა დინო , გიჟად რომ თვლიდნენ. დინო არაფერზე დარდობდა. ასეთი იყო, სხვანაირი. არც ბავშვობაში იჩერებდა წითელ ყელსახვევს და არც ლენინის სურათით ხელში დარბოდა ზეიმებზე ქუჩებში. მაშინ ხომ ჯერ კიდევ არ იყო გიჟი. ადამიანი გიჟად არ იბადება, ადამიანს შემდეგ აგიჟებენ, ან გიჟის სახელს არქმევენ. ერთხელ იტყვის ვინმე და მერე,მორჩა, გიჟია -ატომს რომ შლიდეს საძინებელში მაინც. არავის არაფერს უშავებდა, სულ იღიმოდა დინო. სალამს ვერ დაასწრებდა ვერავინ, მოხუცს ტვირთს ქალაქის ერთი თავიდან მეორე ბოლოში მიატანინებდა და საფასურად მადლობაც ყოფნიდა, ჭიქა ღვინოსთვის კი დამატებითაც გაგიკეთებდა რამეს. ხალხიც ესეთია, ეგოისტი. ღიმილში, მადლობებში და ვაი პატივისცემაში სასმელს შეეჩვია ფოლადივით ვაჟკაცი. სასმელმა კიდევ უფრო გააუცხოვა ხალხისგან. ადამიანებმაც გარიყეს და თვითონაც მოკვეთა სამყარო. მარტო იყო, სულ მარტო. ომი რომ დაიწყო , სიცოცხლით სავსე ბიჭმა ხელი აიღო ყველაფერზე და წავიდა. წავიდა და წავიდა. იქიდან აღარც დაბრუნებულა. ფიზიკურად აქ იყო შენს გვერდით, იღიმოდა იმ ადამიანის ღიმილით, ვისაც დასაკარგი არაფერი დარჩა, მაგრამ ხვდებოდა ყველა, ვინც კი მასთან ჭიქას აწევდა და ჭიქასთან ერთად გულიც ქონდა, რომ ბიჭი იქ დარჩა, იქ საიდანაც არ ბრუნდებიან-ომში. ომმა გატეხა დინო. ომმა. ომმა ასწავლა თავზეხელაღებული ღიმილი, ადამიანებისადმი უნდობლობა და მარტოობა. ასწავლა და ვერაფერმა გადააჩვია. იმასაც ამბობდნენ, დიდი ვერაფერი ჯარისკაცი იყო, მაგას ჩაეძინა მორიგეობისას, აფხაზებმა მაგ დროს შეუტიეს და 29 კაცი მოგვიკლეს იმ დღესო. ზოგი ყვებოდა, არაფერიც, სულ არ ჩაძინებია, უბრალოდ შეეშინდა და სულ კისრისტეხით გამოიქცა ფრონტიდანო. ასე თუ ისე, ხალხმა გარიყა ვეტერანი, გალოთებული ბიჭი, რომელიც არავის არ ერჩოდა. გინებას, საყვედურს თუ დარიგებას ერთნაირი ღიმილით ისმენდა, არაფერს იტყოდა და ჩუმად, შეუმჩნებლად ეცლებოდა მავანს. ქალაქის ლაზღანდარებმა გართობის საგნად ვაქციეთ თითქმის ჩვენი ტოლი ბიჭი. ვათრობდით ჩვენთან ერთად და შემდეგ დავცინოდით. გვეგონა არაფერს ვაშავებდით, უაზროდ ვარიგებდით ჭკუას, სიცილ-ხარხარით, ხელის გაშვერით და ამით ჩვენც ვერთობოდით. ეგოისტურად ვიკმაყოფილებდით ყველა ადამიანში ჩაბუდებულ ცხოველურ ინსტინქტს, რომ ვინმეზე მაღლა მდგომად გვეგრძნო თავი. ის ყველაფერზე გვიღიმოდა, არაფფერს ამბობდა და როცა მართლა გადავამლაშებდით, ადგებოდა და უბრალოდ გვტოვებდა. სამ ნაბიჯს გადადგავდა და გამოგვხედავდა, გამოგვხედავდა ისეთი სიბრალულით სავსე თვალებით, რომ, სხვაზე არ ვიტყვი, მაგრამ მე ღამით, ძილის წინ,ნამდვილად ვგრძნობდი თავს ცხოველად და საკუთარი სხეული მძაგდა... შემდეგ ყველას მიგვავიწყდა დინო. მე ცოლი მოვიყვანე და ჩემს ქორწილშიც კი დავპატიჟე ქალაქის მშვიდი კოლორიტი. ბოლომდე დარჩა. სმითაც სვა. არაფერი დაუშავებია და იმასაც ვიტყვი, რომ სხვა ბევრ ჭკვიანზე უკეთესადაც ეჭირა თავი. ქორწილი რომ მიიწურა, უცებ ადგა, მოგვიახლოვდა, ჩემს მეუღლეს გაუღიმა, ხელზე ეამბორა, დალოცა, დაგვლოცა. შემდეგ მომიბრუნდა, სათუთად შეხვეული დიდი კონვერტი გადმომცა და საოცრად მშვიდი, ხავერდოვანი და მუდამ მთვრალი კაცის ჟინიანი ხმით მითხრა: -ამის მეტს არაფერს ვტოვებ, დუდუ. ნუ გახსნი ჯერ. ნურც ხვალ. მერე გახსენი, გესმის? მერე. მიტრიალდა და წავიდა. გავშრი. -მოიცა დინო, ბიჭო, დარჩი ცოტა ხნით. ეს რაა, ან როდის ვნახო, დედასგაფიცებ ბიჭო. -დუდუ, ცხოვრებაში არაფერია ადვილი. მაგას გაუფრთხილდი,ჩემ ცოლს შეხედა.- კონვერტი კი მაშინ გახსენი, როცა ცნობისმოყვარეობის გარდა სხვა რამეს იგრძნობ. მითხრა მშვიდად, თავი დახარა(სულ მეგონა, რომ ჩემს ცოლს დაუხარა თავი) და წავიდა. მის შემდეგ დიდმა დრომ გაიარა. თავიდან ცნობისმოყვარეობა მკლავდა, კონვერტის გახსნა მინდოდა, მაგრამ არ გავხსენი. შემდეგ კი ამიხდა დინოს სიტყვები, არ იყო ცხოვრება ადვილი და სულ მიმავიწყდა დინოც და მისი საჩუქარიც. მაგრამ, ერთხელ მართლა ვიგრძენი ცნობისმოყვარეობაზე დიდი რამ და ამ გრძნობამ მაიძულა კონვერტის გახსნა. დინო კვდებაო, ჯემალომ რომ დამიძახა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ძარღვებში სისხლის გაყინვა. ციოდა გარეთ. უცებ მოვიცვი პალტო, მესამე შვილზე ფეხმძიმე ნინოსაც არ დავმშვიდობებივარ ისე გამოვვარდი გარეთ. კიბეები როგორ ჩავირბინე არ მახსოვს. მე და ჯემალო მართლა მთელი ძალით გავრბოდით, მთელი ქალაქი გვიყურებდა, გიჟები ვეგონეთ, მაგრამ ფეხებზე გვეკიდა, ქალაქის უღიარებელი ხიბლი გვეცლებოდა ხელიდან. არ ქონდა დიდი სახლი. თუმცა არც სორო ეთქმოდა. რაც ქონდა სუფთად და ფაქიზად შეენახა დინოს. ამ სახლში არ ვყოფილვარ არცერთხელ, უცებ დამკრა თავში. ტახტზე იწვა დინო. გაფითრებულ, ჩამქრალ ტუჩებზე ისევ შერჩენოდა ჩვეული ღიმილი. -დინო, რა იყო ბიჭო, რა გტკივა კაცი არახარ? მითხარი ბიჭო, პროფესორებს გაგიჩენ, მიკანკალებდა ხმა. -არაფერი მტკივა დუდუ, არაფერი მტკივა გარეთ, შიგნით მტკივა ბიჭო, შიგნით, სულში. მაგას ვერცერთი პროფესორი მოარჩენს ერთის გარდა და ისიც აგვიანებს მგონია. საოცარი ჩურჩულით თქვა დინომ. ხმა არ ამოუღია მის შემდეგ. იწვა, ფითრდებოდა და უღიმოდა ვიღაცას თუ რაღაცას. მოძღვარი მოიყვანეს ბიჭებმა. მთელი საათი ეჩურჩულებოდა მას, ჩვენ გარეთ ვიდექით, ღერს ღერზე ვეწეოდით და მამა დავითი რომ გამოვიდა, ყველამ დავინახეთ, ტიროდა ამდენ სიკვდილს შეხვედრილი კაცი. შევედით და მივხვდით, რომ მიდიოდა დინო, მიდიოდა იმ ომში,საიდანაც უბრალოდ აღარ მოდიან. იმ ომში სადაც ყველა დამარცხებულია. -ნანო, ნანო!!! მოვდივარ ნანო... ეს იყო დინოს ბოლო სიტყვები. სიტყვები რომელიც სულთან ერთად ტოვებდა ქალაქს, დედამიწას, ცხოვრებას. სიტყვები, რომელმაც ტკივილნარევი აღტაცების ღიმილი შეაყინა დინოს. ცრემლიანი თვალებით გამოვედი ოთახიდან და უკან რომ შევიხედე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, პოლკოვნიკის სამხედრო ფორმა ეცვა დინოს, ბიჭს, რომელიც 20 წლის წავიდა ომში და ერთი წელი ეჭირა იარაღი ხელში. ქალაქმა დაკრძალა დინო. არავის, არც ერთ მოქალაქეს არ დანანებია არაფერი. ყველა ეზოში დაილია მისი შესანდობარი. ყველა სახლში დაიღვარა წვეთი ცრემლი და ყველა ადამიანში დარჩა მოგონება ბიჭზე, რომელსაც არაფერი დაუშავებია ღიმილის მეტი და რომელიც, მაინც გიჟად მონათლა ხალხმა. საფლავზე ჭიქა წავუქციეთ ბიჭებმა... არაფერი გვითქვამს, უბრალოდ დავლიეთ და წამოვედით. უბრალოდ დავიშალეთ და უბრალოდ მივათრიეთ დაბზარული სულები სახლამდე. ნინო ტიროდა. სახლში რომ მივედი უბრალოდ გულში ჩამეკრა. ხელები მომხვია და ატირდა. მე მივხვდი, რატომ უღიმოდა დინო ჩვენს ქორწილზე მას. ის საერთოდ ქალს უღიმოდა და მშვიდდებოდა. ნინოს სითბომ ამოგმანა სულში დარჩენილი ბზარები და უცებ მეც ამეტირა. ცრემლით. ბავშვივით ამომიჯდა გული. ოთახში შევედი, ფრთხილად ავიღე დინოს კონვერტი, გავხსენი და გავოცდი. ფოტოსურათი იდო. ფოტოსურათი საიდანაც ყურებამდე გაღიმებული დინო და საოცრად ლამაზი გოგონა მიცქერდა. -ნანო, ზუსტად ისე აღმომხდა, როგორც მომაკვდავ პოლკოვნიკს. მსგავსი სილამაზე არ მენახა. ვიტყვი, რომ ქალაქის თვალი მოვიყვანე ცოლად, მაგრამ სურათიდან ისეთი თვალები მიმზერდნენ, რომლებიც სურათშიდაც კი ცოცხლობდნენ. დინო ფორმით იყო, საოცრად უხდებოდა. ზღვის პირზე გადაეღოთ, ჩამავალი მზის ფონზე. მე მზის სხივებს ვგრძნობდი, ზღვის სუნს ვგრძნობდი და ვგრძნობდი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. ამიტომ დარჩა მათ სურათზე თვალები ცოცხლად. სიყვარული, ხომ არანაირ კანონს არ ემორჩილება და ისეთივე იდუმალია, როგორც ღმერთი და ისეთივე ინდივიდუალური, როგორც ადამიანი... "დუდუ, წერილს იმიტომ გწერ, ბიჭო, რომ დავიღალე. დავიღალე, ამ ცხოვრების დედა ვატირე მე. ომში სიკეთეს რა უნდა, ომში წმინდანს რა უნდა, ომი ჯოჯოხეთია ბიჭო. მიდიხარ, ეს დაწყევლილი ავტომატი გიჭირავს. ღმერთად გრძნობ თავს, შენ უნდა გადაწყვიტო კაცი იცოცხლებს თუ მოკვდება. მეტს რას აკეთებს ღმერთი, ზის და მიყავს და მოყავს ხალხი. თუ კარგად გადაუხდიან თავისთან წაიყვანს, თუ არ დაუფასეს შრომა ჩამოაგდებს ძირს. ჰოდა, ომში შენ ხარ ღმერთი და ეს გსიამოვნებს ბიჭო. მე მინახავს ჩემნაირი ადამიანები როგორ გააცოფა სისხლმა და იარაღმა, მაგათი მომგონი დედავატირე, უმოწყალო მკვლელად აქცია მტრედივით მშვიდი ხალხი. ათას სიკვდილს და უბედურებას რომ ხედავ გიჟდები ბიჭო. მართლა ჩაეძინა, იმ უბედურ სამუშიას და მართლა დახოცეს 28 კაცი აფხაზებმა. მე არაფერ შუაში ვიყავი ბიჭო. მე და მაიორმა მართლა ბოლომდე ვიბრძოლეთ, ეშმაკზე ერთი დღით ადრე იყო გაჩენილი ის ცხონებული, დღესაც ვერ ვხვდები როგორ და რანაირად, მაგრამ მაინც გამოვაღწიეთ იმ ალყიდან მარტო ჩვენ ორმა. გვეგონა სამშვიდობოს გამოვაღწიეთ და ტყვია დააწიეს ამ უბედურს. 13 კილომეტრი ვათრიე ზურგით, 13 უბედური კილომეტრი და მაინც ცოცხალი მივიყვანე შტაბში. მერე იყო და ისეთი ოპერაცია დავგეგმე გაცოფებულმა, გენერალმა საკუთარი ხელით ჩამაცვა პოლკოვნიკის მოსასხამი. მაინც არ მყოფნიდა ბიჭო, ვხვდებოდი, რომ ვგიჟდებოდი, ცხოველს ვემსგავსებოდი, ცხოველს, რომელსაც მოკვლა ინსტინქტად ექცა და როცა მართლა შევიზიზღე თავი, მაშინ მაჩუქა განგებამ ნანო. ნანო აფხაზი იყო, არშბა. მისი ძმა აფხაზების მხარეს იბრძოდა და როცა მისი სოფელი ავიღეთ ნანომ გაქცევა ვერ მოასწრო. ერთი ნაბიჭვარი გვყავდა ასეულში, მისი დედაც მო***** , გდია ახლა აფხაზეთის ტყეში, თხრილში და საკუთარი სულივით ყარს, უკადრებელის კადრება დაუპირა ანგელოზივით გოგოს, წავასწარი და ისე ვცემე ორი კვირა ადგომა აუკრძალა მედიკმა. მე მიყვარდა ნანო. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო. ბავშვობაში ნესტან-დარეჯანი წარმომედგინა ისეთი. მე სულ გიჟი კი არ ვყოფილვარ ბიჭო. მერე იყო და წინა ხაზზე აღარ მიშვებდნენ, დავიჭერი ჰოდა დავრჩი ნანოსთან. ომი რომ დამთავრდებოდა ცოლად უნდა მომეყვანა. ნანომ ხომ ჩემში ცხოველი მოკლა. თავისი თვალებით მოკლა, თავისი თითებით მოკლა. დედასგეფიცები დუდუ არაფერი მიკადრებია ნანოსთვის. ის ხომ ჩემი სიწმინდე იყო. ჩემი მარგალიტი. ჰოდა, იმ დაწყევლილ ღამეს მაგრად დაგვბომბეს. მე თავში მომხვდა რაღაც და დავრეტიანდი. ბიჭებმა გამომიყვანეს, ნანოს კი ვერ მიაგნეს. გამცემლიძემ სიცოცხლე დაიფიცა რომ ეძება და ვერ იპოვა. გამცემლიძეს სიცოცხლე უყვარდა, ტყუილზე არაფრით დაიფიცებდა და მისი მჯერა. მესამე დღეს, მესამე დღეს კი... ოხ, მართლა ამ ცხოვრების დედა ვატირე... სოფელი ავიღეთ, გადამწვარი. ნანოს სახლი ჯერ კიდევ ბოლში იფერფლებოდა. გიჟივით შევვარდი ეზოში, შევვარდი და მისი სახლის კიბეებთან ჩავიკეცე. ნანო იქ იწვა. ტუჩთან შემხმარი სისხლი ეტყობოდა და ნატყვიარი მკერდზე. ნაზად შევეხე ბიჭო, მომეჩვენა, რომ გამიღიმა. მკვდარიც კი მიღიმოდა ბიჭო. მკვდარსაც კი ვუყვარდი. მთელი დღე ვღრიალებდი. ტკივილი მაგიჟებდა. ტკივილი, რომელიც არსაიდან მოდის. ტკივილი იმით, რომ არაფერი გტკივა მაშინ, როცა შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი ვეღარაფერს გრძნობს. ბიჭებმა მომაშორეს ცხედარს. დედამისის საფლავზე დავმარხე. მისი ცოცხლად გადარჩენილი თანასოფლელი დავკითხე. ივანოვმა ესროლაო. ივანოვი რუსი კაზაკების ასეულის უფროსი იყო. მისი სახელი ყველამ იცოდა. სოფელში რომ შემოსულა, მაშინვე დაუდგამს თვალი ნანოსთვის. როცა უარი და სილა მიიღო, იმ ნაბიჭვარმა დაუფიქრებლად ესროლა ჩემს ცხოვრებას. სიტყვის უთქმელად წავედი. გამცემლიძე გამომყვა, არაფრით ჩამომშორდა. მთელი 7 საათი ვუთვალთვალეთ მაგ დამპლების ბანაკს და ისე ჩუმად წამოვათრიეთ არყით გალეშილი ივანოვი, ვერავინ გაიგო. წამოვედით და 10 წუთში ბანაკში განგაში ატყდა. დაგვედევნენ. მე არ მახსოვს, როგორ, რა ძალით, მაგრამ ცნობიერება რომ დამიბრუნდა ჩემი ბიჭები გაოცებული სახით მიყურებდნენ, შენ და ვერავინ დაიჯერებს, მაგრამ 23 კაცის გვამთან ვისხედით მე და გაკოჭილი ივანოვი და იმ არაკაცს არაადამიანური შიში ჩაყინვოდა თვალებში. გამცემლიძე მოეკლათ. გმირობის ორდენი მიანიჭეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ნანოს საფლავზე დავაკალი ეგ კაზაკი ნაბიჭვარი. ჩემს იარაღში რა ტყვიებიც იყო ზედ მივაცალე და წამოვედი. ჩემი ომი იმ დღეს მორჩა. აქ დავბრუნდი, ვერაფრით მოვერიე თავს, მივხვდი, რომ რაღაც შემეშალა. ერთ ღამეს ნანო მესიზმრა. ნანო ტიროდა. ომის მერე არ მენახა ნანო. იმ ღამეს კი ტიროდა. მივხვდი, არ უნდა მომეკლა ის დამპალი. არ უნდა მომეკლა ბრაზის, შურისძიების გამო. ცხოველივით მოვიქეცი და ნანოს სულს ვაწყენინე ბიჭო, იმ სულს,რომელიც ჩემს გაადამიანებას ცდილობდა. უღირსად მოვიქეცი, ეგოისტურად, საკუთარი უსუსურობის დასაძლევად იმ ადამიანის სახელით მოვიქეცი უღირსად, რომელმაც ღირსებას შეწირა თავი. ასეა დუდუ, ბიჭო, ჩემი უბედური ცხოვრების ამბავი. გიჟი ვარ, გიჟი, რომელსაც მკვდარი ცოცხლად უყვარს. რომელიც ყველაფერს იტანს მკვდარი სიყვარულის სანაცვლოდ, დედის გინებასაც კი, ცხოველს რომ არ დაემსგავსოს. მე ამას ვცდილობ დუდუ, ბიჭო, თორემ, არ გეწყინოს და შენ და შენს ლაწირაკებს ისე დაგახევდით ყურებს, ვერც გაგეგოთ იქნება. მე თავმდაბლობა სასჯელად მექცა და თუ ღმერთი არსებობს, ნანო ანგელოზად უნდა ყავდეს, მან ხომ სიკვდილის შემდეგაც კი იხსნა კაცი..." მე ვტიროდი, მთელი ხმით, დიდხანს, ნინოც იდგა და ტიროდა. მერე როცა ბიჭი შემეძინა, დავარქვი დინო. ხშირად დამყავს მისი მოსახელის საფლავზე და ვეუბნები. "ესაა დინო, მამი, ყველაზე სრულყოფილი კაცი ვისაც ვიცნობდი". პატარა იცინის, იცინის ზუსტად ისე, როგორც დინო სურათზე ნანოსთან ერთად და მე ვგრძნობ, დიდი ვაჟკაცი მეზრდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. პირველი მოთხრობის კვალობაზე მართლა კარგია :)))
საინტერესო ავტორი ხარ გიორგი. პირველი მოთხრობის კვალობაზე მართლა კარგია :)))
საინტერესო ავტორი ხარ გიორგი.
11. კარგი იყო. კარგი იყო.
10. ძალიან მომეწონა ძამიკო, ძალიან!
მოგადევნებ ხოლმე თვალს...
(მიმართვა ,,ბიჭო" ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე მომაკვდავის მეტყველებაში, ლიტერატურასა და ფილმებში და გირჩევდი ამოგეღო)...
+5 ძალიან მომეწონა ძამიკო, ძალიან!
მოგადევნებ ხოლმე თვალს...
(მიმართვა ,,ბიჭო" ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე მომაკვდავის მეტყველებაში, ლიტერატურასა და ფილმებში და გირჩევდი ამოგეღო)...
+5
9. კარგა ხანია, ასეთი ადამიანური არაფერი წამიკითხავს. გმადლობთ! კარგა ხანია, ასეთი ადამიანური არაფერი წამიკითხავს. გმადლობთ!
8. მომეწონა,კარგი თხრობაა და სიუჟეტიც საინტერესო; წარმატებები; მომეწონა,კარგი თხრობაა და სიუჟეტიც საინტერესო; წარმატებები;
7. კარგი იყო გიო , წარმატებს გისურვებ. ეს \ტუ პირველი იყო , შემდეგი და შემდეგი ალბატ ბრწყინვალე უნდა იყოს. ეს კი ალლად კარგი იყო.:) კარგი იყო გიო , წარმატებს გისურვებ. ეს \ტუ პირველი იყო , შემდეგი და შემდეგი ალბატ ბრწყინვალე უნდა იყოს. ეს კი ალლად კარგი იყო.:)
6. რაც მთავარია, გრძნობა მოიტანა (ცოტა გადაჭარბებები კი არის, მაგრამ.. )., მომეწონა, მით უფრო პირველი მოთხრობის კვალკობაზე. წარმატებები.:) რაც მთავარია, გრძნობა მოიტანა (ცოტა გადაჭარბებები კი არის, მაგრამ.. )., მომეწონა, მით უფრო პირველი მოთხრობის კვალკობაზე. წარმატებები.:)
5. ჩემი პირველი მოთხრობაა და ვეცდები სხვები ნაკებად ბანალური იყოს :)))) მადლობთ კომენტარებისთვის <3 ჩემი პირველი მოთხრობაა და ვეცდები სხვები ნაკებად ბანალური იყოს :)))) მადლობთ კომენტარებისთვის <3
4. ემოციურია და ადამიანური. გაიხარე, ავტორო!
ემოციურია და ადამიანური. გაიხარე, ავტორო!
3. ცოტა ბანალური იყო შესრულება
სხვა მხრივ, არაუშავდა ცოტა ბანალური იყო შესრულება
სხვა მხრივ, არაუშავდა
2. ემოციურია და კარგი. ემოციურია და კარგი.
1. მომეწონა ნაწერი. გამართული, აზრიანი, საინტერესო. შეიძლება ზოგიერთი რამ (რაც უმნიშვნელოა) ოდნავ გაზვიადებული მეჩვენა, რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. წარმატებას ვუსურვებ ავტორს, დარწმუნებული ვარ, ასეც რომ არის და მომავალშიც გაგრძელდება. მომეწონა ნაწერი. გამართული, აზრიანი, საინტერესო. შეიძლება ზოგიერთი რამ (რაც უმნიშვნელოა) ოდნავ გაზვიადებული მეჩვენა, რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. წარმატებას ვუსურვებ ავტორს, დარწმუნებული ვარ, ასეც რომ არის და მომავალშიც გაგრძელდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|