ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 აგვისტო, 2014


წავიკითხე აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა" და ვიხილე საქართველო

  მწერალი რომანში ასე თამაშ-თამაშით მოგვითხრობს სანატა ესპერანსას ქართველებისა და მათი გადარჩენის სხვადასხვა ხერხების შესახებ და  დაკვირვებული მკითხველი ადვილად იჭერს მსგავსებას გაღმა-გამოღმა ქართველებისა და მათი ცხოვრების წესებს შორის.
“სანტა ესპერანსა“ გვამცნობს რომ ქართველ კაცს გადარჩენის  ყველაზე უფრო იოლ, გავრცელებულ და ბრძნულ ხერხად გაქცევა მიუჩნევია. ამაზე მიგვანიშნებს სანტა ესპერანსას სამ დიდ ეროვნულ თამაშთაგან უპოპულარესი– ბანქოს თამაში ინტიც (ინტი მეგრულად ნიშნავს გაიქეცი), რომელიც სანტა ესპერანსელებისთვის ცხოვრებას განასახიერებს და ამ თამაშის არსი თადასხმებსა და მათ მოგერიებაში მდგომარეობს- ხომ გამუდმებით ასეთი იყო ქართველთა ცხოვრება! ინტის მოთამაშე კი დიდი პატივიცემით სარგებლობს ამ ქვეყანაში, რადგან ამ ხელობას „მეტისმეტი ჭკუა სჭირდება“.მოინტეები არიან წინასწარ გათვლების დიდოსტატები, ვინაიდან  „ცხოვრებისეული სურათები მათთვის უბრალო, დიდი ხნის წინ ამოხსნილი ამოცანებია.“
      საკუთარი პიროვნების, საკუთარი თავისუფლების გადასარჩენად გაქცევას ამჯობინებს ბუ ვისრამიანი, იგივე ვახტანგ ავალიანი . ეს ხერხი მან მამისაგან მიიღო მემკვიდრეობით, როცა რეპრესიების შიშით ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით. ვახტანგ ავალიანი კი გაურბის ტოტალურ რეჟიმს, გაურბის პრობლემებს პირად ცხოვრებაში, და საერთოდ ყოველგვარ სირთულეებს.. ბოლოს მიაგნებს ისეთ ადგილს სანტა ესპერანსაში, სადაც შეუძლია არ გაიქცეს, ისე იყოს „გაქცეული“. მდიდარი ოჯახის, ვისრამიანების სიძე ჩაკეტილია თავის სამყაროში, ამჯერად არავინ ეხება მის პიროვნებას, მის თავისუფლებას, მაგრამ ოჯახის და საერთოდ ცხოვრების დანამატად ქცეულა, კეთილი კაცის ავტონომიური სახელი შეუნარჩუნებია ავ და მომხვეჭელ ვისრამიამიანებში, მაგრამ ბუა, ბაიყუში, ყველასთვის უსარგებლო. მხოლოდ სიბერეში ხვდება ბუ, რომ „არავისგან არ უნდა აკენკო საკენკი“, თორემ შენი თავისუფლება მხოლოდ თავის მოტყუება იქნება, მეტი არაფერი; კაცი რომ ამ საკენკისთვის ცოლის გვარზე გადავა და საკუთარს უკუაგდებს, ის გადარჩენილი არაა:  „მე რა კაცი ვარ, გვარი გამოვიცვალე კაი ცხოვრებისთვისო“. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი შვილები, როგორც ყველა ქართველს, -ამბობს მწერალი,-მაგრამ არც საქართველოსთვის გაუკეთებია რამე, არც შვილებისთვის. მხოლოდ სიბერეში გააცნობიერა ეს და  შეეცადა დათასთვის  ნამდვილი გვარი –ავალიანი შეეხსენებინა და საქართველო შეეყვარებინა:“ქართველები იოანელ ქართველებს ვჯობივართო. ესენი ვაჭრები და უცხოელების ტ.....კის მლოკველები არიან, ქართველები კიდევ ასე არასოდეს იზამენ, იმიტომ რომ ვაჭრობა სირცხვილიაო... შენ ავალიანი ხარ და ამათი დარდი ნუ გაქ, თუ ვისრამიანები ჩაგაშხამებენ ცხოვრებას, ავალიანები ყოველთვის გიშოვნიან თბილისში ერთ ოთახს, ერთ ბოთლ ღვინოს და ერთ კაი გოგოს....მამაჩემი სხვა კაცია....ძველად ალბათ ჩვენც ეგეთები ვიყავითო.“–ასე იხსენებს დათა მამის ნათქვამს თავის ბავშვობის მეგობარ ბერ  პანტელეიმონთან საუბრისას. ბუმ სიბერეში გადაწყვიტა  საქართველოში „გაფრენილიყო“, რათა „სამოქალაქო ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენაში დახმარებოდა თავის ხალხს“, მაგრამ ძალა აღარ ეყო ფრენის მოყვარულ „ბებერ თოლიას“, ფრთა მოიტეხა, გზა აერია და სამშობლომდე ვეღარ  მიაღწია. რატომ  აბრუნებს ასე უცნაურად მწერალი ბუ ვისრამიანს სამშობლოში, ალბათ იმიტომ, რომ მიგვანიშნოს ( რადგან პოსტმოდერნიზმი „უკრძალავს“ პირდაპირ თქმას), გადარჩენის ეს გზა შეუფერებელია ქართველისათვის, სამშობლოს, დედის, ნათესავების, გვარის,ღირსების დაკარგვის საფასურად, ამიტომაც იგი აღარაა სამშობლოს ღირსი.         
      გადარჩენის უღირსი გზა აურჩევიათ  გაღმა ქართველებს, უფრო უსახურებს, უზნეოებს: ქალის,კესანეს, გატაცება გამოსასყიდისთვის.  მსგავსი ქართველი ხომ უამრავი დასუნსულებს დღეს მთელ მსოფლიოში,ქართველი, რომელსაც  „ის მოსწონს, რაც ხელის გაწვდენაზე აქვს:მეგობრის ცოლი, მეზობლის სახლი, სხვისი საფულე“....ხოლო როცა  გაუჭირდება, პატრონს უჯანყდება ხოლმე. ნიკა აბაიშვილი გამონაკლისია. მან მოინანია. მაგრამ არც ასეთ ქართველობას თვლის მწერალი არსებობის ღირსად. მას კლავენ ისევე უაზროდ, როგორც თავად ხოცავდა სხვებს.                    თვითგადარჩენის ის გზა, რომელსაც დასდგომიან  ესპერანსელი ქართველები–  სუნგალები და ვისრამიანები, –მოითხოვს სულიერ სიმტკიცეს, ნებისყოფას,ტრადიციებისადმი ერთგულებას და, შეიძლება ითქვას, გმირობასაც, მაგრამ საუბედუროდ ეს ხდება უმაღლესი სულიერი ფასეულობების დათმობის ხარჯზე.
    ვისრამიანები კუნძულის ერთ–ერთი პირველი მოსახლეები იყვნენ. პირველი ვისრამიანი ციხესიმაგრის მშენებლობაზე ასისთავი ყოფილა და ეს სახელი „სპარსულ ლექსთა და ამბავთა სიყვარულისთვის არ დაურქმევიათ“, არამედ იმისთვის, რომ ბევრჯერ დამთვლელი კაცი ყოფილა, სულ იმას გაიძახოდა ვის და რამდენი გაატანეთ საშენი მასალაო.ციხესიმაგრისა და მონასტრის შემდეგ მათი სახლი პირველი ქვის ნაგებობა იყო სამხრეთის კუნძულზე, რომელსაც შემდგომ  შინაურულად  ვისრამიანთა კუნძულს უწოდებდნენ. ვისრამიანები გლეხები იყვნენ და აზნაურობაც კი არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე უმდიდრეს საგვარეულოდ ითვლებოდა მათი მოდგმა.“რვა საუკუნის წინათ ორი ქცევა მიწა ითხოვეს კუნძულის ციხისთავისგან ...და მას შემდეგ ნემსიც არ დაუკარგავთ, მხოლოდ შეიძინეს.“
„ ვისრამიანები თავიანთ თავს  „შენახულებს“ უწოდებენ,რაც გულისხმობდა არა მარტო  იმას, რომ რჯული არასოდეს შეუცვლიათ, არამედ იმასაც, რომ თვალი მუდამ საქართველოსკენ ეჭირათ, ისინი ყოველთვის ქართველებს ირთავდნენ ცოლად და მეტიც,სიძეებსაც მარადჟამს ქართველობაში ეძებდნენ“.წარმოიდგინეთ, მე–13 საუკუნიდან მოყოლებული 21–ე საუკუნემდე მოიტანეს  ეს ტრადიცია.უფრო ძველად ყიდულობდნენ , ხან იტაცებდნენ,ხან ტურისტული საგზურებით ჩადიოდნენ საქართველოში და ისე არჩევდნენ მეორე ნახევრებს, ხან ჯაშუშ–კაცებს დაიქირავებდნენ და მათ ავალებდნენ სასიძოსა თუ საპატარძლოს ჩამოყვანას. ეკლესიაც საკუთარი ჰქონდათ კუნძულზე.
  ვისრამიანები საკუთარი კანონისა და  ქონების შემნახავებიც არიან: „რაც ქონება აქვს, სხვას არ მიყიდოს ვისრამიანმა, მარტო იყიდოს და განამდიდროს. იოანეს ხალხს ევალება იყოს პატიოსანი და კანონის შემხედავი, ოღონდ არასდროს საზოგადო კანონი არ დააყენოს ვისრამიანის კანონზე მაღლა.“-აი ვისრამიანთა ცხოვრების მთავარი წესი.
  ვისრამიანები იცავენ  კუნძულს უზნეობისგან. მათ არ მისცეს ნება დაეშვათ თავიანთ მიწაზე ტურისტული მარშრუტი. კონსტანტინე წერს:“ვისრამიანი არ დაანებებს არც ანგლეზს, არც შინაურს და გარეულს, რომ იოანეს ადგილი გადააქციოს თავის საოინბაზოდ. ...ვისრამიანმა არც აქამდე დაანება ვინმეს, რაც არ უნდა ყოფილიყო და არც დაანებებს, იოანეს ადგილი გადააქციოს ვიღაცა უცხო მოთრეული მზეზე საკოტრიალოდ....დროული ხალხი, ცოლ–ქმრები მობრძანდეს, ტიტველ ახაგაზრდებს არ მოუშვებ. ეგ გაგზავნეთ ბარბედოსში და ვესტ ინდოეთში, სპაიში და იბიზაში. ვისრამიანმა მისცა იერი ტურისტობას და აქ წესიერი ხალხის მოსვლას ზაფხულში, თორემ გადააქცევდნენ, როგორც ერთი დიდი ბორდელი ყოფილიყო და ჩვენ იმათი ლოგინის მრეცხავი ვიქნებოდით. ეს მიწა არის ჩემი დარდი და ეს უნდა იყოს თქვენი დარდი.“ 
    ვისრამიანები არავის არ უყვარს კუნძულზე, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტმა კი გააძლიერა, ეროვნება, რწმენა შემოუნახა, მაგრამ მიწას მიაჯაჭვა და ცას დააშორა, გული გაუქვავა, გააავა. გვარის, ოჯახის ინტერესებს ყველასა და ყველაფერზე მაღლა აყენებენ, თვით ღმერთზეც კი. ერთ–ერთ ვისრამიანს, მაგალითად, მოუწადინებია მონასტრისთვის ბაღი წაერთმია, რადგან შეიტყო, რომ ამ მიწის შესყიდვის დოკუმენტი მონასტერს დაკარგული ჰქონდა.უჩივლა და იმდენს მიაღწია, რომ ბაღი არავისად ქცეულიყო.  ერთ დროს წალკოტივით მოვლილი ბაღი უპატრონობით გაპარტახდა,მაგრამ ვისრამიანები არ აპირებენ შეწყვიტონ სასამართლო პროცესი, წლობით რომ გრძელდებოდა. აქედან ჩანს, რომ მათი რწმენა შორსაა ჭეშმარიტი მართმადიდებლობისგან.“ხატი და ჯვარი მათთვის არ არსებობს, თავიანთი სამართალი აქვთ. ავი სამართალი; „ღვთის სამართალს გზაზეც არ შეხვედრიან.“–ასე აფასებს ვისრამიანებს დათას ბავშვობის მეგობარი, ბერი პანტელეიმონი.
    კუნძულზე მხოლოდ  სალომე უყვარდათ, ბუსა და კაიას ქალიშვილი, რადგან ის ერთადერთი იყო ვისრამიანთაგან, ვისაც  სიყვარული შეეძლო.კუნძულელთა რომეოსა და ჯულეტას–სალომესა და ჯენოვიელ ალექსანდრო და კოსტას იმ ასაკში შეუყვარდათ ერთმანეთი, რა ასაკშიც იყვნენ შექსპირის უკვდავი გმირები, შვიდჯერ გაიქცნენ ისინი, მაგრამ შვიდჯერვე იპოვეს ვისრამიანებმა და უკან დააბრუნეს, რადგან „შენახული“ ჯენოველის ცოლი ვერ გახდებოდა.სალომე პირგამეხებულ ვეფხვად (ნესტანის პაროდირებული სახე) აქცია უსიყვარულოდ შერთული ქმრის გვერდით ცხოვრებამ, მაგრამ ბრძოლა სიყვარულსა და სისხლს შორის ოჯახის, „შენახულების“ სასარგებლოდ დამთავრდა, სალომე ანტიმედეად იქცა და მან სიყვარული უმსხვერპლა ქვეყნისა და ოჯახის ინტერესებს. და კოსტა თავს იკლავს, როცა აცნობიერებს, რომ სალომე დაბრუნდა იქ, საიდანაც მთელი ცხოვრება გამორბოდა, იქ, სადაც მხოლოდ „შიში და სისხლია“. სალომეამ მედეას სირცხვილის ლაფი კი ჩამოგვრეცხა ჩვენ, ქართველებს, მაგრამ საკუთარ არსებობას კი დაუკარგა სიცოცხლის აზრი, დაკარგა რა სიყვარული. 
      ვისრამიანებთან მხოლოდ სუნგალებს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ალბათ იმიტომ, რომ ისინიც „შენახულები“ იყვნენ, ოღონდ სხვაგვარად შენახულები.მწერალი გვამცნობს, რომ სუნგალების „მცმუკავი,“ სწრაფი, მოქნილი ტომი ჩრდილოეთის კუნძულზე მონღოლების აღწერას გამოარიდა ერთ–ერთმა მეფემ მე–13 ს–ში. ისინი მეფის ყმებად თვლიდნენ თავს, ყოველ წელს სუნგალის მამასახლისი ჩამოივლიდა სოფელს და მოჰკრებდა მოსაკრებელს...ყოველ კომლს უნდა მიეცა ისეთი რამე, რაც არა ფუჭდებოდა...რადგან არავინ იცოდა როდის მოითხოვდა მეფე თავის გადასახადს. „საამდროოდ ტრადიცია ასეთი იყო, რომ ნივთი უნდა ყოფილიყო ოქროსი ან ვერცხლისა...რასაც მამასახლისი სამეფოდ წოდებულ  ყუთში ჩაუძახებდა და მერე წაიღებდა დათქმულ ადგილას, სადაც ყუთიდან ერთ დიდ გოდორში გადაცლიდა, ამ გოდორში გროვდებოდა წლის გადასახადი, რომელსაც სუნგალები ცალკე ინახავდნენ. მეგოდრეებად არჩეული იყო ოთხი მღვდელი, რომლებიც აჰკიდებდნენ გოდორს ჯორს და ეჰეი, გაუყვებოდნენ ტყისაკენ... “. მხოლოდ მათ იცოდნენ, სად ინახებოდა სუნგალთა საგანძური.  ასეთ ერთგულებას და პატიოსნებას ინარჩუნებდნენ ისინი შვდასს წელიწადს და იმდენად ერთსულოვანნი იყვნენ, რომ  „თავად სუნგალში ამ დრო–ჟამის სვლისას ერთი არ გამოერია ისეთი, რომ გული ამ საგანძურის პოვნის აზრს გამოეღრღნა, ერთი“.
      სუნგალები  ციხისთავებს არ ემორჩილებოდნენ არც მაშინ, როცა მეფეებად გამოაცხადეს თავი და არც მაშინ, როცა ოსმალეთის ქვეშევრდომობა მიიღეს,არც ინგლისის დედოფალი ვიქტორია ისურვეს დედოფლად და ვერც ინგლისელებმა შებედეს მათ კუნძულზე შესვლა, კარჩაკეტილმა ცხოვრებამ „ სუნგალების კუნძული ერთ მივარდნილ, ხელმოკლე ადგილად  აქცია მაშინ, როცა  ორ დანარჩენ კუნძულზე ყველაფერი მშვენდებოდა და  ყველანი მდიდრდებოდნენ,  სუნგალებმა მეფის ერთგულება, დამოუკიდებლობა  არჩიეს  პირად კეთილდღეობასა და ძალაუფლებას. წერა–კითხვა მათმა მღვდლებმაც კი არ იციან.მღვდლობა მამიდან  შვილზე  გადადის და ლოცვებსაც ზეპირად ასწავლიან მამები შვილებს.კუნძულს გაცდენილი სუნგალები მუშაობენ მედღეურ მუშებად, მცველებად,ოჯახში მსახურებად.“ღარიბობა სირცხვილია? ღარიბობა კაცის სახელია, ე.ი. ვერ გყიდულობენ“–ასე სწამთ სუნგალებს.“
  ციხისთავებს სიმდიდრე დაუკარგავთ, ქრიტიანობაც დაუთმიათ, მაგრამ კეთილშობილება და ღირსება,სულიერება შეუნარჩუნებიათ.ისინი უხვ შესაწირავს სწირავდნენ  მონასტერს,მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები იყვნენ, თუმცა მუსულმანობასაც მხოლოდ გარეგნულად აღიარებდნენ, რადგან ამის გარეშე ციხისთავობას ვერ მიიღებდნენ.როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ,  ციხისთავი სარი ბეგი ანდერძში წერდა თავის შვილს, რომ „მათ გვარს ყოველთვის აქვს ერთი მისასვლელი–მონასტერი. (აგათიაც ხომ მონასტერს მიმართავს დასახმარებლად, როცა ნიკას გადამალვა დასჭირდა). ჩვილობაში აუცილებლად მართლმადიდებლურად  ინათლებოდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ  ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ვისრამიანები ან სუნგალები.არც ერთ ტაძარში არ დადიოდა სარი ბეგი, რასაც ასე ხსნიდა:გამგებლობა ისეთი საქმეა, რომ უხერხულია სხვათა დასანახად ილოცო.მას ეკუთვნოდა იდეა: აეკრძალათ საჯარო ლოცვა ყველა კონფესიისთვის(ამის ნება მხოლოდ დაკრძალვის ჟამს დაერთოთ),რათა ამით პატივი ეცათ ერთმანეთის სარწმუნოებისათვის კუნძულის მცხოვრებთ. “აქაურობის საუკეთესო ხალხი სწორედ ციხისთავების მოდგმა იყო...სარი ბეგი იყო ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც ჭიანჭველასაც კი პიროვნებად თვლიდა, ოღონდ თავისი თვისებები სრულიად ვეღარ ადგებოდა ჩვენს დროში“(გუბერნატორის არქივარიუსი სამსონ ბრასი). „ერთადერთი დიდგვაროვანი არის ამ კუნძულზე, დანარჩენი ყველანი ვაჭრები ვართ,–ასე აფასებს აგათია ციხისთავს მორად ბეი, პოპულარული კაფეს მეპატრონე.კეთილშობილება დღეგრძელი ვერ არის ამ ქვეყნად.ამიტომაა, რომ  „სუნგალებსა და ვისრამიანებს ექვსასი წელიწადია თავისი ამბავი უჭირამთ, არჩილიანებისა კი ერთი ბებერიღა დარჩა“.შვილიშვილისთვის კი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აგათიას სანტა ესპერანსაში ჩასვლა აუკრძალავს.

  კუნძულზე ცხოვრობს  კეთილშობილთა კიდევ ერთი მოდგმა –მედროშეები.ოჯახურ ტრადიციებს მათთვისაც შეუნარჩუნებია ერთგულების, პატიოსნების უმაღლესი ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რომ აღარც ახსოვთ თავიანთი მედროშეობა. არც ფარნა მედროშეა სიმდიდრეს და მომხვეჭელობას დახარბებული კაცი, მოინტეობით არჩენს ოჯახს, მაგრამ ღირსების გრძნობა წინაპართა შესაფერისი შერჩენია. დათამ სწორედ ამ კეთილშობილებისა და პატიოსნების გამო შეარჩია მეწყვილედ ინტში სათამაშოდ. სწორედ დათასადმი მეგობრობას შეეწირება უსიტყვო და ჩუმი ერთგულებით. ვისრამიანების დაქირავებული მცველები ჯერ სასტიკად სცემენ, რათა დათას ადგილსამყოფელი ათქმევინონ, მერე კი კლავენ, რადგან ლამურ მოსიარულის–კუნძულის ჭორ–მართლის ვაჭარის ცრუ ინფორმაციას დაუჯერებენ, ვითომ დათას გაქრობაში ფარნას ხელი ერია.
    პოსტმოდერნისტული ეპოქის სკეფსისი ნისლივით შემოაპარა კუნძულელებს ეპოქალურმა ცვლილებამ, რაც დიდი ბრიტანეთის გასვლას უკავშირდება, წამოატივტივა ვისრამიანების ამბიციები, მედროვე ხეტიას სიხარბე.  ისინი შეეცადნენ ესარგებლათ მღვრიე წყლით.კაიას ძალაუფლება სწყურია, ხეტიას კი –მონასტრისა და სუნგალთა მეფისთვის გადანახული წმინდათაწმინდა საგანძურის ხელში ჩაგდება.ყველაზე საშიში კუნძულელთათვის ხეტია აღმოჩნდა. მან წინასწარ გათვალა ყველაფერი. ის ხომ მთვლელი კაცი იყო ( აქ კიდევ ერთხელ გაიელვებს ლუარსაბის სახე, იმ განსხვავებით, რომ ლუარსაბი ზეცაში ითვლის და სიბრიყვისგან მოსდის, ხეტია მწისაა , მიწაზე ითვლის და სიხარბითა და ანგარიშიანობით მოსდის ). იგი უახლოვდება ნიკა აბაიშვილს, რადგან იმედი აქვს, რომ მისი „ცოდნა საშინელებაში მოქცევისა, თანაც კი მსუბუქა ხელი, აზრი ყოჩობისა და საქმეთა ჭრისა“ ოდესმე გამოადგებოდა. მოხუცი  ციხისთავის გული მოიგო რამდენჯერმე ვითომ პატივისცემის ნიშნად გაგზავლილი მცირედი ძღვნით, რის სამაგიეროდაც აგათიამ დააჯილდოვა „კოხტა გუჯრით, ნამღვდელარიაანთ ბიჭი ხეტია დანიშნული იყო იოანეს მეფეთა ჯარების სარდლად,ზღვისკიდის სპასპეტად და სასუნგალოს სპასალარად“ (ამ ბუტაფორიული წოდებების გაცემის უფლება ციხისთავებს მიენიჭათ ინგლისელების მიერ მას შემდეგ, რაც უმუწყალოდ გაძარცვეს ეს კეთილშობილი გვარი.) ხეტიამ საჭირო დროს გამოიყენა ეს გუჯარი, იგი ნელ–ნელა იცილებს გზიდან ყველას; ნიკას, აგათიას, მარტიას, რათა ხელში ჩაიგდოს მონასტრისა და სუნგალთა საგანძური.    ამის საშუალება კი არ მისცა სალომემ. საჭირო გახდა გარედან დარეგულირებულიყო სიტუაცია, ვერც გაევროპელებული სანტა ესპერანსელი ქართველები ასცდნენ „უჩემოდ ვინ იმღერის“ მანკიერ სენს.აქაც ის მოხდა, რაც საქართველოში  90-იან წლებში:ვერ შეიფერეს თავისუფლება;  „ რვა საუკუნის განმავლობაში შენარჩუნებული სუნგალთა დამოუკიდებლობა დასრულდა.“
    ძველის ნგრევით გამოწვეული უიმედობა კარგად ჩანს აბესალომის, სუნგალთა უკანასკნელი  მღვდლის სიტყვებში:განძიც არ არი...მეფეც აღარ არი....სუნგალიც აღარ არი“.  „...კუნძულის მიწას სამი სხვადასხვა მხრიდან ოთხი ათასი ერთნაირი საბრძოლო ჩექმა შეეხო, მერე კი მტკიცედაც დადგა.ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე სამი ქვეყნის სამშვიდობო ჯარები გადასხდნენ: ბრიტანეთის, თურქეთის და რუსეთის“ სამშვიდობო ჯარები კი სალომეამ მოიწვია, როცა  გონიერმა, პატიოსანმა და ერთგულმა მოურავმა მარტიამ დაითანხმა თავის თავზე აეღო ეხსნა სანტა ესპერანსა კაიასა და ხეტიას უგუნური მოძალადეობისაგან.
    დამთავრდა ერთი ეპოქა და დაიწყო მეორე.მოხუცი ალფრედო და კოსტა, ესპერანსელთა მუზეუმის თავჯდომარე, უკანასკნელი და კოსტათა მოდგმაში პესიმისტურ დასკვნას აკეთებს:“ყველაფერი ისპობა ქვეყანაში. მალე აქ დემოკრატია იქნება, მეტი არაფერი. დემოკრატია და თქვენი ჩიბუხი“. ლაპარაკია ალი  ბეის ჩიბუხზე, რომლის შესახებ შექმნილი მითი, ყველაზე მეტად პოპულარული იყო სანტა ესპერანსაში.  ამ ჩიბუხის ნამტვრევებს, როგორც რელიქვიას ისე ინახავდნენ სანტა ესპერანსაში, ჰქონდათ ვისრამიანებსაც, და კოსტებსაც, მუზეუმში. ყველაზე მეტი ნატეხი ეგონათ, რომ მორად ბეის ჰქონდა, მაგრამ  აგათია ციხისთავთან ყველასთვის სრულიად მოულოდნელად 200–მდე ნატეხი აღმოჩნდა..ჩიბუხის  გამთლიანების ინიციატორები ინგლისელები  არიან.  ისინი მიიჩნევენ რომ „ჩიბუხი საჭირო იყო, ჩიბუხი ნიშნავდა სიმშვიდესა და ხალისს. ქვეყანას ახალი ნიშანი აქვს....ახალ ეპოქას ახალი სატყუარა სჭირდება და ესაა ალი ბეის აღდგენილი ჩიბუხი, რომელიც კუნძულთა ერთობას განასახიერებს.”
    ჩიბუხი არის სიმბოლო იმ კულტურისა, ტრადიციებისა, რაც ნატეხ-ნატეხ იყო  შემორჩენილი სანტა ესპერანსაში და რაც ასე იზიდავს ეგზოტიკის მაძიებელ ტურისტებს უცხო მხარეში მოგზაურობისას.მწერალი მიგვანიშნებს იმ საფრთხეებზე, რაც გლობალიზაციას მოაქვს მცირე ერებისთვის: რომ მშვიდობის დასამყარებლად მოსული ქვეყნები ცდილობენ თავიანთი გემოვნებით მოვლილ–დავარცხნილი კულტურა, ტრადიციები ჩაანაცვლონ ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურას.(ჩიბუხის გამთლიანების ინიციატორები  ხომ ინგლისელები არიან, როგორც  ვთქვით). სიმბოლურია ისიც, რომ ინგლისის შესვლისას სანტა ესპერანსაში, არჩილიანთა ციხესიმაგრეში, კუნძულის დასაცავად რომ აიგო, გაიხსნა მუზეუმი და მზვერავთა ნაცვლად ახლა კულტურის მესვეური და კოსტა გადასცქეროდა ქალაქს.რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ ახლა თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებადაც  კულტურა ქცეულა. ესპერანსელთა ტრდიციები უფრო მყარი ყოფილა, როგორც მწერალი გვამცნობს, ვიდრე ხელოვნება–მწერლობა.  ცნობილი ესპერანსელი მწერლიდან სამი ინგლისურად წერს, რის გამოც ერთხელ მწარედ კბენს კაია ვისრამიანი საქველმოქმედო სადილზე ბულვარული რომანების ავტორ ქალს, ჯესიკა დე რაიდერს:ეზეკია, ოქსფორდში იმიტომ სწავლობდი, რომ სისულელეები გეწერა? ...არ მესმის რატომ უნდებათ ადამიანებს თავისი წარმომავლობის და ენის გამოცვლა...ალბათ ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ბევრი წიგნი გაყიდოთ, ჩვენს მონასტრულზე ნაწერს კი რამდენი წაიკითხავს?“ ამ მწერლებს განათლება ინგლისში აქვთ მიღებული, ინგლისურ ლიტერატურაზე არიან გაზრდილნი და ინგლისურად წერენ  მოთხოვნად საპნის რომანებს საქალებო და საშინელებათა თემებზე, ე.ი. სისულელეებზე, როგორც კაია ვისრამიანმა შეაფასა.სანტა ესპერანსაში მათ არ სცემენ პატივს, „ეგენი ჩვენები არ არიან, სხვაგან სურთ თავის შერგვაო“. სამაგიეროდ მდიდრები არიან: უამრავი სახლებით დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, იახტებით...
    ერთადერთი მწერალი, რომელიც თავისად მიაჩნია სანტა ესპერანსას, არის ლუკა, უბრალოდ ლუკა, ვისზეც იტყოდნენ: აი, ჩვენიო“. ლუკას ერთი ბებია ირლანდიელი ჰყავდა, მეორე ქართველი, ერთი ბაბუა იტალიელი, მეორე ოსმალო. რასობრიობის გრაფაში კი ეწერა :რასა–მაწანწალა. ლუკა ის კაცია, მთელი ცხოვრება რომ უყვარს, ვისაც თავის გაწირვა , ვისაც მსუბუქი სიგიჟით სიბრძნის დამალვა შეუძლია.. იგი სალოსი ბერივითაა,უფრო სწორად სალოსი მწერალია,რომლის ერთადერთ რომანში სამი ერის კულტურა-სიყვარულის კულტურაა შერწყმული და ამიტომ ყველასთვის ძვირფასი და ღირებული. რომანი 20 წლის წინ დაწერა: ერთი გვერდი ქართულად იყო დაწერილი, მეორე ჯენურად, მესამე ოსმალურად. თუ სამივე ენაზე დაწერილ სამივე გვერდს წაიკითხავდი, ერთი გრძელი ამბავი გამოვიდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რომელიმე ენაზე დაწერილ გვერდებს თუ წაიკითხავდი კიდევ სხვა ამბავი. ლუკას რომანი თავად ხალხმა დაბეჭდა.“სხვა არავინ იყო კუნძულებზე, რომ ოდესმე მისთვის მწერალი დაეძახათ, ლუკა მწერალი ერთს ერქვა, დანარჩენებს ვიღაცეებად თვლიდნენ. ლუკას სიბერეში სალომეა შეუყვარდა, შეუყვარდა ისე, როგორც ღვთაება, რომელსაც  თავს ანაცვალებდა, ოღონდ კი დასჭირებოდა... ეს იყო ლუკას დიდი საიდუმლო.
  ამასთან დაკავშირებით  რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას დათას შესახებაც. ბუ, იგივე ვახტანგ ავალიანი, როგორც ზემოთ ვთქვით, ვერ ბრუნდება  სამშობლოში, სამაგიეროდ  საქართველოში ჩადის მისი ვაჟი დათა, თანაც გადასარჩენად! რას უნდა ნიშნავდეს ეს?
    დათას მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა გაქცევის, თავის გარიდების ინსტინქტი. კეთილშობილი ბიჭი ვერ ეგუება ვისრამიანთა ცხოვრების წესს, რომელთაც იგი  „დამცინავ და ხელჩაქნეულ“ ადამიანად აქციეს. დათა ჯერ სახლიდან მიდის, რეალურ ცხოვრებას ინტის თამაში უცვლის,რადგან მისთვის  „თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმათში, რაც ..კუნძულზე არსებობს...რელიგიაზე მნიშვნელოვანი. რადგან „რწმენა ღმერთია, თამაში კი ცხოვრება“. ამიტომაც უარს ამბობს გვარის მამასახლისობაზე, ხოლო შემდეგ, როცა სანტა ესპერანსაში დედამისის, კაიას, მიერ წამოწყებული, მერე კი მისი დის, სალომეს მიერ გაგრძელებული ომია, ის იმალება, რომ „ერთმა მხარემ (მოწინააღმდეგეებმა) არ გამოიყენოს და მეორემ (დედამ და დამ) დახმარება არ სთხოვოს:“დათას ყველგან ეძებდნენ:იქითაც და აქეთაც. სახითხითო რამ იყო, შინაურებს მტრის ქალაქში ემალებოდა, მტრებს კი შინაურების ქალაქში“. მერე კი საერთოდ გაეცლება ამ არეულობას და  საქართველოში მიდის.საინტერესოა, რომ დათას საქართველოში დაბრუნებას ბაბუაც და მონასტრის წინამძღვარი მისი გადარჩენის საწინდრად მიიჩნევენ, ვინაიდან ვისრამიანებმა ეროვნული სახისა და მატერიალური კეთილდღეობის შენარჩუნების სანაცვლოდ დაკარგეს ის, რაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის–სიყვარული და იმედი აქვთ, რომ  ცხოვრებაზე ხელჩაქნეული კაცი, როგორადაც ის ვისრამიანებმა აქციეს, იქ, დედა საქართველოში  დაიბრუნებს ამ უნარს.“შენ უნდა გადაარჩინო ეგ კაცი,–ეუბნება წინამძღვარი პანტელეიმონ ბერს,–...წადი,ეს იოლი არ იქნება, წადი და მაშინ დაბრუნდი, როცა ეგ კაცი გადარჩება,გადაარჩინე, ღმერთმა დაგლოცოს“.  ბაბუას კი ეს აზრი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა სიკვდილს ჩახედა თვალებში. „ეგებ ხედავდა რაღაც საშინელს, დაუწერელს, რაღაც ისეთს, რისგანაც სწორედ ბიჭის დახსნა უნდოდა, ეგებ მიმხვდარიყო, რომ იქ, სადაც თვითონაა, სარკეები სულ სხვანაირია..“ ამიტომაც ძლივს მოახერხებს და მარკერით დაუწერს ძალაგამოცლილი ხელით პირდაპირ საბანზე“:ინტი, „რათა ერთი მაინც გადაერჩინა, ერთი მაინც დაეტოვებინა ადამიანად, ისეთ კაცად,რომელიც რაიმის დაწყებას შეძლებდა“
  რატომ აგზავნიან დათას საქართველოში გადასარჩენად? ალბათ იმიტომ რომ საქართველოში არის ის, რაც არ აქვს სანტა ესპერანსას: თვითმყოფადი, ეროვნული ცნობიერებით და ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო იდეალებით  გაჟღენთილი, დიდი ტრადიციების  მქონე  კულტურა, ლიტერატურა, რამაც უნდა შეანარჩუნებინოს ქართველს ქართველობა.
  მიუხედავად ესპერანსელთა მრავალი ნაკლისა    მწერალი ლამაზი მითებით,ამბებით, ურთიერთობებით, ადამიანთა ღირსებების წარმოჩენით შიგადაშიგ გვაპარებს ემოციებს, გამოწველს ესპერანსელთა  გამორჩეულობით, გამძლეობით, ნამდვილი მეგობრობისა  თუ სიყვარულის ჩვენებით, რითაც მიგვანიშნებს იმ ფასეულობებზე, რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ, შემოვინახოთ,თუ გვინდა, რომ ქართველებად დავრჩეთ.
    მხოლოდ ძლიერთ ძალუძთ გადარჩნენ, დაიმკვიდონ ადგილი ამ ქვეყანაზე. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს მარადიულ ფასეულობათა ხარჯზე.თუ გადარჩენის შიშმა ცას მოგვწყვიტა და მიწას მიგვაჯაჭვა, ეს სულიერი სიკვდილის ტოლფასია, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისათვის, ვიდრე ეს ეროვნების დაკარგვაა. ვისრამიანთა ცხოვრების ჩვენებით, ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა უნდოდა მწერალს.მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს ჩვენ, როგორც მცირერიცხოვან ერს, მეტი სულიერი სიმტკიცე, გონიერება, ერთსულოვნება და შეკრულობა გვმართებს.
  და ბოლოს, რომანში გვხვდება ერთი პერსონაჟი, ქართველი მეცნიერი  ვალოდია ნებიერიძე, „ცოტათი ფილოსოფოსი, ცოტათი კიდევ  ქართული ენის გამოკვლევის ოსტატი, ჰქონდა გრძელი მოჩეჩილი წვერი, სვამდა საკმაოდ და კომპანიის გარეშე, ახალგაზრდობიდან სიბერემდე დაატარებდა ვეებერთელა პორტფელს“.გამოთქმულია აზრი,  იგი გალაკტიონსაც გვაგონებს და პავლე ინგოროყვასაცო (მალხაზ ხარბედია –“კუნძულების გოთიკა“ ). მას გამოუთვლია, რომ „მეთორმეტედან მეოცე საუკუნემდე საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან დარჩენილია მხოლოდ მეხუთედი ნაწილი. იგი გამოდიოდა საქართველოს გამთლიანების იდეით. მისი აზრით, ქვეყნის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი გახლდათ მისი ბუნებრივი სხეულის გამთლიანება და ვერავითარ შემთხვევაში ასე დაგლეჯილი ქვეყანა წინსვლაზე ვერ იფიქრებდა“. საქართველოს პირვანდელი ტერიტორიების აღდგენა ქართველის თითქმის მივიწყებული ტკივილი და ჩუმი ოცნებაა. აკა მორჩილაძე ვალოდია ნებიერიძეს უცნაურსაც უწოდებს და გიჟსაც, ამიტომ მკითხველს რჩება არჩევანი ნებიერიძის თვალსაზრისზე სერიოზულად იფიქროს და იტიროს  თუ იცინოს.  როგორი რეაქციაც არ უნდა გვქონდეს, მწერალი ამ თემის შემოგდებით გვიღვიძებს მივიწყებულ ტკივილსა თუ ოცნებას და  გვაიძულებს ვიფიქროთ მაინც, რაკი მოქმედება შეუძლებელია. 
    „სანტა ესპერანსა“, როგორც ვთქვით, უკვე დამჯდარი,დახვეწილი პოსტმოდერნისტული ხერხებით, შესანიშნავი ენით შექმნილი ნაწარმოებია, რომელშიც  ამ ტიპის ლიტერატურისათვის დამახასიათებელი სიმულაციურობისა და თამაშის, მშვენიერი მითებისა და საიდან აღარ გამოხმობილი სახეებისა და აჩრდილების  მიღმა  მოჟონავს ავტორის მართალია ირონიანარევი, მაგრამ ფაქიზი, ტკივილიანი სიყვარული ყოველივე ქართულისადმი,  არა სკეპტიკური, არამედ საქმიანი  გულშემატკივარის ფიქრი ქვეყნის ბედზე,შეიძლება მომავალზეც, რითაც  ეს  ნაწარმოები მჭიდროდ უკავშირდება თხუთმეტსაუკუნოვან  ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებს და ვფიქრობ, მოვა დრო, როცა  ქართველი მკითხველი  სათანადოდ დააფასებს ამ რომანს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები