ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2014


ქარავანს მოყოლილი ამბები (თავი 3)

თავი 3
                                                                                                ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

როდესაც ადამიანი ეჩვევა ბევრ ფიქრს, თავისდაუნებურად  ნელ–ნელა გადადის გამოგონილ სამყაროში, სადაც ასჯერ უფრო მეტად გადიდებულს ხედავს იმას, რაც სინამდვილეში შეიძლება ვერც შეემჩნია. ენატრება, უყვარს... უყვარს ის, ვისაც სიყვარულზე უარს ეუბნებოდა.. მერე გული სწყდება, ბრაზდება,
ამ სამყაროში ის თვისებები აღარ ჩანს რაც აღიზიანებდა. აქ უკვე საკუთარი მჟღავნდება. ბოღმა ახრჩობს, ყურადღებას ითხოვს, ბევრს ლაპარაკობს ან აკეთებს დაუფიქრებლად, მაგრამ თითქოს სწორედ ასეთი აგონიის დროს გარემოსთვის შეუმჩნეველი ხდება. ყურადღებას არავინ აქცევს მის აქტიურობას. სხვათათვის ხომ ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, ვერ ხედავენ მის სულში მიმდინარე მოვლენებს, ვერც ცრემლებით სავსე გულს და ეს კიდევ უფრო სწყინს, ცოტათი ბოროტდება, ბრაზდება უმიზეზოდ და სწორედ მაშინ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.
მერე აუცილებლად მოხდება რაღაც, რაც მიწაზე ჩამოგსვამს. მაშინ კიდევ ერთხელ მოუნდება ტირილი, რა საცოდავი ხარო ადამიანო, თან გაიფიქრებს.
ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება კითხვა: ვინ ვარ ან რისთვის ვცხოვრობ. სწორედ ამ დღიდან იწყება ალბათ ცხოვრება.
იმისთვისაც კი, რომ რაღაც ახალი მიიღო, უბრალოდ ყოფნა არაა საკმარისი, საჭიროა სიახლისთვის მზაობა, ისევე როგორც თუ გსურს უდაბნოს გაუძლოთ საჭიროა გამბედაობა და მწველი მზის სიყვარული.

***
ჯერ გათენებულიც კი არ იყო ყვირილით რომ შეძრა იქაურობა მწვანეკაბიანმა, „ააააა, რა არის ეს, მომაშორეთ,“ ყვიროდა სასოწარკვეთილი.
გუშინდელი ღამე წყლის პირას გავატარეთ, მეორე დილას  დრო რომ აღარ დაგვეხარჯა წყლის მარაგის შევსებაზე და როგორც ჩანს აქაურობის ბინადრებმაც არ დააყოვნეს. გოგონას ნემსიყლაპია ეჯდა კისერზე. რომ შევხედე რატომღაც იმაზე გამეღიმა მთელი ღამე ასე ერთად როგორ გაატარეს–თქო. იმდენად ლამაზი იყო მზერა ვერ მოვწყვიტე, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი და სულ ვეღარ ვამჩნევდი, მის აღმა-დაღმა სირბილს. ნემსიყლაპია ხომ ერთდროულად წყლის და ჰაერის ნიშანია. გამახსენდა ბავშვობაში თვითფრინავი რომ მეგონა, მის ხმას რომ გავიგებდი სახლიდან გამოვრბოდი, სულ მეგონა პრეზიდენტი მოჰყავდა. აბა მაშინ რა ვიცოდი როგორი იყო თვითფრინავი, სოფელში ვცხოვრობდი... მერე თითქოს მასთან ერთად მეც დავფრინავდი...
როგორც იქნა მოაშორეს ნემსიყლაპია, რომელიც ისეთი გაოცებული თვალებით იყურებოდა, თითქოს სულაც ვერ ხვდებოდა რატომ დარბოდა ეს გოგო წაღმა-უკუღმა და რა აკივლებდა.
ამბიციური კარგა ხანს ათვალიერებდა და ხელს არ უშვებდა.
- არა, ნახეთ რა თვალებით იყურება.
- დღესაც ისეთივე ხვატია, როგორც გუშინ- თქვა ფილოსოფოსმა.
საოცარია, მაგრამ სიცხეს უფრო ადვილად ვუძლებთ ვიდრე სიცივეს. პირველივე ღამეს, გამოუცდელობისგან კინაღამ მეორე ქვეყანაშიც შევაბიჯეთ ფეხი– ისე გავიყინეთ, არადა მექარავნემ მკაცრად გაგვაფრთხილა, არც კი გაბედოთ თქვენი სასაცილო ღამის პერანგების ჩაცმა, რაც გაცვიათ იმითვე ჩაწექით საძილეში და არც საბნის გადაფარება დაგავიწყდეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩაგვეღიმა, თან ეს შუადღის დასვენებისას გვითხრა და სიცხისგან გაოგნებულებს საბანზე კი არა, გაუხდელად დაწოლის წარმოდგენაზეც ცხელი ოფლი გვასხამდა. 
დროულად გავუდექით გზას, როგორც მექარავნემ თქვა, შუადღემდე უნდა მიგვეღწია ადგილისთვის, რომელიც ძლიერ გაგვაოცებდა. ერთი ბოთლი წყალი მოგვცა და მეოთხედი პური.
–ვინიცობაა მოგშივდეთ, კითხვასა და თხოვნაში დრო არ დაკარგოთ, ამოიღეთ და ჭამეთ. წყალს კი ჯობია გაუფრთხილდეთ, საღამომდე ვერსად აავსებთ! წავედით.
რაც მეტად შევიმეცნებთ, მით მეტად ვხვდებით შეუცნობელ საგნებს. რაც მეტს ვიგებ უდაბნოზე, მით უფრო მგონია რომ არაფერი გამეგება, რამდენი საგანი და ნივთი აღმოჩნდა რაც არ ვიცოდი... ვიდექი უხმოდ და ვუყურებდი ხეს, ერთდროულად სასაცილოც რომ იყო და საზიზღარიც, ამავე დროს ლამაზიც.
– უდაბნოში ვარდის ხე რომ დავინახეთ მაშინ უკვე ღრმა სიზმარში გვეგონა თავი. მისი ვარდისფერი ყვავილები რაღაც საოცრად ანათებდა. - უყვებოდა საღამოს ამბიციური მექარავნეს.
–ალბათ იცით რატომ გაწითლდა ვარდი? - იკითხა მექარავნემ.
– ედემის ბაღში სეირნობის დროს ევამ ვარდს აკოცა და ისიც ამ სიამოვნებისგან გაწითლდა. – თქვა ამბიციურმა.
– გამიგია წითელი ხავსისებრი ვარდი ქრისტეს სისხლის წვეთებისგან შეიქმნა, როდესაც მას ჯვარზე აკრავდნენ ანგელოზები სისხლის  წვეთებს აგროვებდნენ, მაგრამ რამოდენიმე ხავსზე დაეცა და იქიდან გაიზარდა ღაჟღაჟა წითელი ფერის ვარდი, რომელიც უნდა გვახსენებდეს ჩვენი ცოდვების გამო დაღვრილ სისხლს. - თქვა მწვანეკაბიანმა გოგონამ .
– მე ასე ვიცი,  ბულბულმა რომ დაინახა თეთრი ვარდი აღფრთოვანდა და გულში ჩაიკრა, ბასრი ეკალი მას გულში შეერჭო და მისმა სისხლმა წითლად შეღება ვარდის ფოთლები. - ვთქვი.
– რაინდები ერთ დროს თავის სატრფოებს ვარდს ადარებდნენ. ისინი ვარდივით მშვენიერებად და მიუკარებლებად მიაჩნდათ. - არ დააყოვნა ფილოსოფოსმაც.
–მართალია, ამიტომაცაა ვარდს გრძნობის, სიყვარულის ან ემოციის გამოსახატავად რომ იყენებენ. წითელი ვარდით შენ შეგიძლია ხალხს უჩვენო რომანტიზმი და სიყვარული. თუ გსურს ბედნიერების, სიმპათიის ან ოჯახური სიყვარულის ჩვენება ამისთვის ყვითელი ვარდია შესანიშნავი. ხოლო ღია ვარდისფერი ვარდი კი პოეტური რომანტიზმის და სინატიფის გამომხატველია. - დაამატა მექარავნემ.
უდაბნოს ვარდი გამახსენდა, მასაც ხომ ღია ვარდისფერი დაჰკრავდა. თითქოს მართალს ამბობდა, იყო მასში რაღაც პოეტური. მაგრამ საოცრად კი მეცინებოდა მის სასაცილო ღეროზე, ხან რას ვადარებდი გონებაში და ხან რას, თან მიხაროდა ღამეს მათ გვერდით რომ არ ვათევდით, რომ წარმოვიდგინე რა შემზარავი იქნებოდა ღამით მათი ჩრდილები მთვარის შუქზე, გამაჟრჟოლა.
მზის გადასვლის შემდეგ კიდევ 2 საათს ვიარეთ და კვლავ ტბის თუ გუბურის პირას დავბანაკდით, გარშემო პატარა ოაზისიც იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლებიც გამოჩნდნენ. უფრო სწორედ ჩვენ მხოლოდ პატარა ბიჭი და გოგო ვნახეთ. რომლებიც გვერდიდან არ მოგვშორებიან, სანამ მექარავნე ზღაპარს ყვებოდა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფოთოლგაცვენილი ტყე, რომლის არსებობაც მზეს სულ დავიწყებოდა. ქარს და თოვლს ჩაეგდოთ ხელში მბრძანებლობა და თითქმის მთელ წელიწადს ბატონობდნენ, მცენარეებს გაძლება აღარ შეეძლოთ ასეთ სიცივესა და უგულობაში, მაგრამ აბა რას იზავდნენ, ბუნებას უმოძრაობით დაესაჯა ისინი. ერთადერთი, ვინც ცოტა ართობდა და ახსენებდა, რომ ცოცხლები იყვნენ, ყვავი იყო. ყოველ დილას თავისი ჩხავილით რომ აღვიძებდა გარემოს. ხანდახან ვიღაც მოხუცი კაციც შემოივლიდა და ძირდაცვენილ ფიჩხებს აგროვებდა. ანუ იმ ხეებს, რომელთაც ვეღარ გაეძლოთ ამდენი სიცივისთვის და ცხოვრების ხალისი დაეკარგათ.
ერთ დილას, როდესაც მზის სხივი შემთხვევით მოხვდა ტყეს, რაღაც წრიპინა ხმა მოესმათ:
–ჰეი თქვენ, უკვე ათი წამია რაც აქ ვდგავარ და ვიყურები აქეთ–იქეთ. მომაქციეთ ყურადღება, მწყურია.
ხეებმა გარშემო დაიწყეს თვალების ცეცება, მაგრამ ვერავინ დაინახეს. ხმა ისევ აგრძელებდა საუბარს.
–ნეტა რომელი საათი იქნება?! გუშინ ამ დროს მახსოვს ჭია შემხვდა და იმან დამალევინა წყალი, მითხრა ხვალიდან უკვე დღის სინათლეს იხილავო. ეს რა უცნაური რაღაც ყოფილა „დღის სინათლე“, თვალს მჭრის და არც წყალს მთავაზობს. ნეტა ეს მაღალი არსებები ვინ არიან, ზედაც რომ არ მიყურებენ. ქვევით ყველა დედოფალივით მექცეოდა, შენ გადაგვარჩენო მეუბნებოდნენ, მართალია ვერ ვხვდები, რას ნიშნავს „გადარჩენა“, ალბათ „დღის სინათლე“ და „გადარჩენა“ ერთი და იგივეა. ვაა, ეს ვინაა? გუშინ რომ შევაშინე მგონი ის, როგორი თვალებით მიყურებს, აბა რა ეგონა, იმ სიბნელეში რომ ჩამოყო ცხვირი და ჩემი ჭიის წაყვანა მოინდომა, რა უცნაურად მიყურებს, დავეჭყანები კიდევ და გავუხეთქავ გულს... აი აიიი, შეგეშინდაა... ე, სად მირბის? გავყვე? იქნებ წყალი იცის საითაა, მაგრამ ყვავის წყალი რაში მჭირდება. ახლა მარჯვნივ მივიხედავ. უი, მზე მეცა თვალებში. ქარი იწყება!!! აი, თურმე რატომ მირბოდა ყვავი. ამ ქარმა ხომ გააჭირა საქმე, იქაც არ მასვენებდა და ახლაც ასე უნდა მატაროს აქეთ იქით? თან ახლა ფოთლებიც მაქვს და მეტი მოფრთხილება მჭირდება. ნეტა ვარდები ქარის დროს რას შვებიან? მე მგონი თვალებს ხუჭავენ... ხოდა მოვრჩები ლაპარაკს, სანამ სულ გამცვივდა ეს ჩემი ლამაზ–ლამაზი კაბები. თქვენ მაღლებოოო, დამიცავით რა...
ხეებმა როგორც იქნა შენიშნეს, პატარა წითელი არსება, თავის თავს ვარდს რომ უწოდებდა და ბედნიერებისგან ხმას ვეღარ იღებდნენ. მათ ნაცრისფერ სამყაროში ფერადი სიცოცხლე დაიბადა. დაბღვერილი თოვლი განზე გაწეულიყო, ვერ ხვდებოდა როგორ დაუშვა ბუნებამ ეს შემთხვევა,
– ოხ, ეს წყეული მზე, ერთი თვალით გადმოიხედა აქეთ და სწრაფელ მაჯობა, არადა რამდენი წელი შევალიე აქაურობას, მან კი რამდენიმე წამში ჩამიყარა წყალში მთელი ეს წვალება.
ხეები ვარდის გარშემო შეგროვილიყვნენ და თავმომწონე პატარა უამბობდა მათ ამბავს, ქვედა სამყაროდან რომ დაებარებინათ.
– იცით, სულ ვერ ვხვდები მაგრამ ასე მითხრეს ხეებს გადაეციო, მე თქვენ სულ სხვა ვიღაცეები მეგონეთ და თავიდანვე იმიტომ არ მითქვამს, სიმშვიდე შეინარჩუნეთო. არავის აწყენინოთ და არც თქვენ გაბრაზდეთო. მზე თქვენთან კვლავ დაბრუნდება და შეეცდება მოსპოს ბოროტება და მტრობა თქვენსა და თოვლს შორის, თუნდაც რომ შეილახოს მისი უფლებები. თოვლსაც დარჩება დრო, თქვენთან რომ იყოს, თუმცა უფრო ხშირად მზე მოგივლით. თქვენ გექნებათ სეზონები. მე როცა დავიბადები იმ სეზონს გაზაფხული ერქმევა, და თქვენც უნდა შეიმოსოთ ხოლმე. მე დედოფალი ვიქნები და რასაც გეტყვით დამიჯერებთ, ისე აქ ერთი მოხუცი მოვა და მას დავჭირდები მილიონ ცალად... თქვენ და მზემ ხელი უნდა შემიწყოთ რომ გავმრავლდე და მოხუცს გული გავუხარო. მიაყარა სხაპასხუპით. –  ჰყავს ვაჟი, რომელიც დედოფალმა შეიპყრო, ქურდობას აბრალებენ. დედოფალს  უბრძანებია თუკი მილიონ ვარდს მომიტანთ, სიკვდილს აღარ მივუსჯიო. დედოფლისთვის უსწავლებიათ სილამაზის ელექსირის დამზადება, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები მილიონი მე ვჭირდები, წარმოგიდგენიათ?! არადა იმასაც ამბობენ, ასეთი ადამიანები, როგორიც ეს ვაჟია, საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ვერსად ნახავთ მასავით თავმდაბალ და ამავე დროს მშრომელ ადამიანს. ერთ ხმამაღალ სიტყვასაც კი ვერ გაიგებთ. არადა, ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლისაა, დღეები კი ხელზე სათვლელი დარჩენია. მე მზად ვარ, მისთვის ჩემი შვილები  გავწირო. ჩვენ კი მას საშუალება უნდა მივცეთ აკეთოს საყვარელი საქმე. იცით, სწორედ მისი წყალობით მოვხვდი ამ მიწაში. ჭიას მან მისცა ჩემი თავი... ალბათ არ გჯერათ, მაგრამ ცხოვრება ჩვენნაირებისთვის ძალზე ხანმოკლეა, ამიტომ უნდა დავაფასოთ და გამოვიყენოთ ყოველი წუთი. მაგრამ არ ვიცი, თქვენ როგორ შეძლებთ ქარის გარეშე ჩემი თესლის გამრავლებას.
ხეებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, უხმოდ დაუქნიეს თავი ერთმანეთს და ჭადარმა დაიწყო. ნელ-ნელა აათამაშა მხრები, მერე მუხა აჰყვა. ფერხულში ალვის ხეებიც ჩაებნენ. ჯერ ნელა, მერე კი ჩქარა და ჩქარა, უფრო ჩქარა კიოდა ნეკერჩხალი... უმატეს მხრების თამაშს. შორს წასულ ქარს, მოესმა ნაცნობი მელოდია და უკან დაბრუნდა გაბრწყინებული სახით. მოგენატრეთ? იკითხა ბედნიერმა.
ხეები კი ისევ აგრძელებდნენ მხრების თამაშს, რიტმულად და ერთად.
ქარი ქროდა, თან ფიქრობდა: ცხოვრების სიყვარული. აი ნამდვილი ბედნიერება ესაა – არა მარტო შენ, სხვასაც რომ აბედნიერებ შენი აზრებით და ცხოვრების სურვილს უბრუნებ.
- მხოლოდ ეს არის დღევანდელი ზღაპარი?–  იკითხა ფილოსოფოსმა.
- განა მეტი კი საჭიროა? თქვენ გიფიქრიათ რამდენია მილიონი წითელი ვარდი ერთად? პასუხს აღარ დალოდებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები