ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ოქტომბერი, 2014


ნაწყვეტები #2

          * * *
შემიძლია დავწერო,
რომ ვიჯექი და ვფიქრობდი შენზე
და გულს მირევდა შენი არ ყოფნა ჩემს ოთახში.
სისულელეა..

ვდგავარ,
კედელს ვეყრდნობი ზურგით
და ძვლებამდე აღწევს უშენობა.

მე არ მჭირდება სიტყვები
შენი სიყვარულისთვის..

              * * *
ვიღაცა მეტყვის, რომ ნებისმიერს შეუძლია
გაათენოს ღამე
და არაფერია ამაში განსაკუთრებული.
მხრებს ავიჩეჩავ და ისევ არაფერს ვუპასუხებ..
მე შემიძლია ვიყო ნებისმიერი
და გავათენო ღამე,
მხოლოდ იმიტომ,
რომ მოხვიდე და მითხრა:
"კარგად ვარ"
მერე გათენდეს..

                * * *
მთელი ღამე ახველებდა.
ჩვენი ოთახები რამდენიმე უბნითაა დაშორებული ერთმანეთისგან.
მე მესმოდა,
როგორ ახველებდა მთელი ღამე
და თვალი ვერ მოვხუჭე.

წამლად ჩემი თითები,
მზედ ხელის გულები მეთქი
ვიმეორებდი და ტოტებივით მქონდა მკლავები გაშლილი.

მთელი ღამე ახველებდა,
მოუსვენრად ვწრიალებდი ლოგინში
და მაჯები დამაწყდა უძლურებისგან..

              * * *
ვერ ვიტან ორ ადგილიან ლოგინებს,
ვერც სარკეებს,
ვერც ჭიქებს, რომლებიც უფუნქციოდ დევს თაროზე.
ვერაფერს ვიტან,
რაც ჩემს სიმარტოვეზე საუბრობს.

ვდგები და ფანჯარას ვაღებ,
რომ სიცარიელე ჰაერით შეივსოს..
ვდგები და ფანჯრიდან გავდივარ..

              * * *
ერთ დღეს ჩემმა თევზმა თავი დაიხრჩო..
ეს იყო ყველაზე უხმო სიკვდილი.
გავაღე ფანჯრები და უსიტყვოდ ვიდექი,
სანამ არ ვიგრძენი, რომ საოცრად ვგავდი თევზს..

მახსოვს როგორ იჯექი ჩემს წინ
და რა აუტანელი სიჩუმე იყო.
ჰო, მე საოცრად ვგავდი ჩემს თევზს
მან თავი დაიხრჩო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები