ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2014


იბრაგიმი


ეძღვნება ხასო ხანგოშვილს


.. და როცა ბოლომდე გადაეწურა ხორგვანს იმედი სწორედ მაშინ გაისმა ბალალაიკის ხმა ქოხიდან…

ვერც ერთი მოალყე ვერ მიხვდა რა ხდებოდა ქოხში…

მარტო ერთი, ქისტებთან კარგა ხანს ნაცხოვრები ხევსური მიხვდა რომ “აბრაგულს” უკრავდა ქოხში მარტო დარჩენილი აბრაგი და ასე ეთხოვებოდა დახოცილ მეგობრებს.

კარაბინების გადატენვის ხმა გაისმა აქა-იქ, ხორგვანს თვალები ფართოდ გაეღო და ისე უჭერდა ხელს იარაღს თითები გათეთრებოდა, ვერც ის გაეგო რომელი იყო ქოხში, კუშტანი კი იცონ თავისი გოლიათური სხეულით, მაგრამ დანარჩენს ვერ არჩევდა, პირველი გამოსული კი მიამსგავსა იბის მარა არც ეჯერა თუ ესე ადვილად მოკლავდნენ მას.

ბოსელში კი არ წყდებოდა ბალალაიკის ხმა რომელიც ყველა მოალყეს სისხლს უფორიაქებდა.

ზოგჯერ ქისტური ყიჟინაც ერთვოდა...თითქოს მთებს ეთხოვებოდა მარტოდ დარჩენილი აბრაგი.

ყარიმანსაც ოდნავ შეწითლებოდა თვალები, მას კუშტანის სისხლი აღებული ქონდა და იმდენად აღარ ბორგავდა…

ხორგვანს მოთმინების ფიალა ევსებოდა, იმასღა ნატრობდა რომ ბოსლის კარი გაღებულიყო და გამოსულიყო ბოლო ტყვე რომ ეს ნერვების მომშლელი მუსიკა და ყიჟინა საბოლოოდ გაეჩერებინა.

-ცეცხლი!- მოკლედ მოსჭრა ისევ, ისევ აწივლდნენ სიპი ქვებით ნაშენ შენობაზე ტყვიები…შეატყო ხორგვანმა რომ არ გამოდიოდა არაფერი და ახლა ისევ ქვების დაგორებით სცადა მიზნის მიღწევა…

მარტო დარჩენილ იბრაგიმს სიცოცხლე უკვე ჩალადაც არ უღირდა, გამოვიდოდა და ისიც თავის ამანაგებთან დაეცემოდა, იცოდა ეს წუთი ადრე თუ გვიან დღესვე უნდა მოსულიყო, იბის ძმისწული არავის ათქმევინებდა რომ ლაჩარი იყო, მაგრამ ისეთმა უეცარმა სურვილმა მოუარა ბალალაიკას დაკვრის რომ ვერც მიხვდა საკრავი როგორ აიღო, თითებიც უნებურად აყვნენ სიმებს და აბრაგული გამოუვიდა, თვალწინ დაუდგა თავისი აოხრებული სოფელი, დედ-მამა რომელიც ოდნავ ახსოვდა, გადასახლება, ტყეში გასვლა და თარეშები, ზამთარში გამოქვაბულებში ცხოვრება.

და ფატიმა...რომელიც ახლა პანკისში ცხოვრობდა…რას არ მისცემდა ოღონდ ახლა ფატიმას ეხილა როგორ იჯდა მარტო დანგრეულ ბოსელში,ალყაში მოქცეული და როგორ უკრავდა, როგორ არცხვენდა სიკვდილს.

დაკვრის დასრულება  გადაწყვიტა მაგრამ ვერც აცილებდა ხელს სიმებს. ისე დაებუჟებინა რკინის სიმებს თითები.

გარეთ ძევგაევის და კუშტანის სხეულებს ხედავდა,რომელთაც თოვლი გაეწითლებინათ თავიანთ გარშემო,  სადღაც გულის ერთ კუთხეში მცირე იმედიც ქონდა რომ ბიძამისი გადარჩა და მუსას მოსაყვანად წავიდა, ხონე იქვეა, მალე მოვლენ და მერე მეც აქედან დავეხმარებიო გაიფიქრა, მაგრამ სისულელედ ჩათვალა ეგეც, იბის ერთი გზა ქონდა, კლდემდე, იქამდე ვინ მიუშვებდა, კარი ნახევრად ჩამოგდებული იყო, გარეთ უკვე კარგად იყო გათენებული… კიდევ ერთი მაგრად ჩამოკრა სიმებს და გარეთ გავიდა…

ხორგვანი უკვე ტყვედ აყვანილ ყაჩაღზე ფიქრობდა რომ ქოხის კარი გაიღო და ზღურბლზე ბალალაიკიანი აბრაგი გამოჩნდა...პირველი ხორგვანის ტყვია გავარდა, აბრაგი დაბარბაცდა მაგრამ ისევ წინ გაიჭრა, კუშტანს აუარა გვერდი და კლდისკენ გაქანდა რომ აქუხდნენ თოფები, რაღაც ძალით მაინც მიიწევდა წინ და ბოლოს იბისთან ახლოს ჩაიკეცა, ბალალაიკა მკერდზე მიიხუტა და გულაღმა წაიქცა….

თექვსმეტი წლის იბრაგიმ ალხასტს თავლწინ კიდევ ერთხელ ფატიმა დაუდგა, მერე მთებს მოავლო მზერა და საბოლოოდ დახუჭა თვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს