ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


საქართველოზე

სანამ მაცოცხლებს გამრიგე არსთა,
სანამ ქართველად დამიყოფს ღმერთი,
მე,საქართველო ვერვინ წამართვას
ენა,რწმენა და სიცოცხლე შენთვის...

შენთვის სიკვდილიც წამართვას ვერვინ,
თუმცა დაგცადა სიკვდილმა ასმა,
შეუნანებლად გიმტვრია ნერვი,
რა მურვან-ყრუმ და რა შაჰ-აბასმა!..

მაგრამ რად გინდა ყრუ და აბასი,
ბევრჯერ შვილებიც გექცნენ აბასად,
ბევრჯერ სიცოცხლე ღირდა აბაზი
და თვით სიკვდილსაც ყიდდნენ აბაზად!

ბევრჯერ,მამულო,შენ ისე გგვემეს
და ისე გლეწეს ღალატის ლანდით...
უღვთოდ გაჰქონდატ უცხოთა გემებს
შენი ბაჯაღლო და ბრილიანტი...

ბევრჯერ,მამულო,ცხელ იარაზე
როს მარილივით გაყრიდნენ ღალატს,
მოაქანებდა წითელ არაგვზე
წყალი მოწამის მეწამულ ხალათს...

შენი გრემი და შენი გელათი,
ვითარ გოლგოთას ეკალა ჯვრები,
"იავნანით" და "ოროველათი"
ქართულმა გენმა გიზიდა მხრებით...

გიზიდა,დგემდე გიზიდა რწმენით
და ახლაც ფხიზლობს მისი მხნე გული,
ვერვინ გაბედოს ხელყოფა შენი
უკვდავებამდე გაღმერთებულის...

გამოიღვიძებს უმალ ტარამდის
აშიშვლებული მტერზე მახვილი,
მთიდან ბარამდის,ბორგვა მარაბდის
ძარღვიდან ძარღვში წავა ძახილით...

სვე ჩაუდგება შავლეგა მუხებს,
(ნუმც შეედარონ შენთვის გზნებაში!)
"მუმლი მუხასა" გადაიქუხებს
უკვდავებიდან უკვდავებაში!..

ცაზე იმედად ამოვა ცხრა მზე,
ფხას მოუსინჯავს გორდას ცხრა შვილი
და საქართველო დადგება ყალყზე
ფაფარაშლილი ოქროს რაშივით!..

სანამ მაცოცხლებს გამრიგე არსთა,
სანამ ქართველად დამიყოფს ღმერთი,
მე,საქართველო,ვერვინ წამართვას
ენა,რწმენა და სიცოცხლე შენთვის!..

ლ.ყ
1993წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები