ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2014


ოცნება ამერიკულად

გასროლის ხმამ მეხივით დაუარა სოფლის ორღობეებს. სოფლის უკანასკნელი მცხოვრები ძველი სახლის აივანზე გამოვარდა და ეზოს გადაღმა გაიხედა - ნამდვილად გაისროლეს?!
მტვრის სქელმა ღრუბელმა საღამოს ვარდისფერი ცა ნაცრისფრად შეღება.
საგარეო ფეხსაცმელში  ფეხები გაჰყო, ჟაკეტი მოისხა და ჭალისკენ დაუყვა გზას.
აჩქარებულ პატრონს კუდის ქიცინით გაჰყვა ძაღლი. ეზოს გარეთ თითქოს პირველადააო, დახტოდა და ფეხებში ებლანდებოდა.
- დიუკ, დარჩი სახლში!- მოთმინება დაკარგულმა გახედა ძაღლს.
დიუკი თითქოს მიუხვდა აზრს, ჯერ გაბრუნდა, მერე უცებ დაწყნარდა და ნელა გაჰყვა უკან.
ჭალაში ყველაფერი ძველებურად იყო: ჯანღი ხეებს შორის მოქცეოდა. ბეღურები ერთმანეთს მიჰკვროდნენ. გამხმარი მაყვალი ისევ ისე ეკიდა, როგორც გუშინ. არაფერი შეცვლილა.
-        ვითომ მომეჩვენა?! აბა ქათმები რამ ააკრიახა?!
ნელა შემოტრიალდა და თვალი შეავლო ხელის გულზე გადაშლილ სოფელს.
სიცოცხლე დუღდა აქ ერთ დროს. მაყვალი გაშავებას ვერ ასწრებდა, პანტა დამწიფებას და ეს თუთის ხე, რა შავ თუთას ისხავდა. მახსოვს 24 საათი ზედ ეკიდნენ ქალაქელი ბავშვები, შტაბი გვაქვსო,  გვეუბნებოდნენ დიდებს. და ძროხების გაბმული ზმუილი დილაუთენია?! გოგუცა რომ ჩამოუვლიდა ხოლმე მეზობლებს, ყველა სახლთან გაზის გაფუჭებულ მილზე რომ დაარტყავდა ჯოხს - დროა, გამოუშვით საქონელიო. მის გარდა
უფუნქციოდ დარჩენილი გაზის მილების გამოყენება არავის უფიქრია არც მანამდე და...
ეჰ, ჩვენი გოგუცა, ნათელში იყოს! საწყალი, როგორი მენახირე იყო, ტოლს არ დაუდებდა კაცებს. საქონელიც რომ ცნობდა?! რამდენს ვიცინოდით უბანში.
და მარო ბებო?! მთელი ზაფხული ჩალას რომ აგროვებდა, საქონელი მშიერი არ დამირჩესო. ჯემალის ყანას რომ დაუვლიდა ხოლმე… რა დამავიწყებს.
ჯემალი.
სოფლის თვალი იყო ჯემალი: მალხაზი, გამხდარი, მხარბეჭიანი ბიჭი. სახეზე მუდამ სულელური ღიმილი დასთამაშებდა და უარს არაფერზე გეტყოდათ, ერთს შემოგღიმებდათ თავისებურად და უთქმელად გისრულებდათ თხოვნას.
-        ჯემალიე, ლამაზო არ მოვიდა სახლში... ისევ აერეოდა გზა მაგ ოხერს და იქნება გადახვიდე ლამარიასთან, ნახო. - გამოსძახებდა მხრებში მოხრილი დედა და ხვნეშით გამოვიდოდა ბოსლიდან.
ჯემალიც გაჰყოფდა ქუსლგამოკერებულ კალოშში ფეხს და სულ სტვენა-სტვენით გალევდა ლამარიას სახლისკენ გზას.
ლამარიე შორიდან შეამჩნევდა ხოლმე, აფერადდებოდა, აღაჟღაჟდებოდა, ლოყები ეზოში მდგარი ივერიასავით გაუხდებოდა… სანამ ჯემალი მიაღწევდა, სახეს დაილაგებდა, აჩქარებულ გულს დაიმშვიდებდა და პირველ სიტყვასაც დაასწრებდა - უყვარს ლამაზოს ჩვენსა.
-        ჯემალიე გადაირბინე ლამარიას ნამცხვარი გამოუცხვია და დაუბარებია გადმოდით, გამოგატანთო. - გამოსძახებდა წინსაფარაფარებული დედა სამზარეულოდან და ფქვილიან ხელებს ცომში ჩამალავდა.
ჯემალიც გაჰყოფდა ქუსლგამოკერებულ კალოშში ფეხს და სულ სტვენა-სტვენით გალევდა ლამარიას სახლისკენ გზას.
ლამარია შორიდანვე მოჰკრავდა ყურს ჯემალის სტვენას, აღაჟღაჟდებოდა, აფორიაქდებოდა… სანამ მოვიდოდა, ნამცხვარს თეფშზე დადებდა, ხელსახოცს გადააფარებდა და ეზოშივე შეეგებებოდა ჯემალის.
-        უყვარს ნანო დეიდას ჩემი ნამცხვარი. შეგარგოთ. წვიმაც დამიხატე ჯემალი.
ჯემალიც ერთს სულელურად შეჰღიმებდა და გამოუყვებოდა სახლისკენ გზას. ხან ატმებს შესცინებდა, ახლადაყვავებულებს, ხან ბეღურა ჩიტის ბუდეებს ჩახედავდა - კვერცხები ხომ არ დაუდევთო. შუაგზაზე გადმოვარდნილ ქვას გვერდზე მისწევდა, აქაოდა ურემმა რომ გამოიაროს, ხელი არ შეუშალოსო. იქ მარო ბებოს მიეხმარებოდა ჩალის წაღებაში. ლევანა პაპას შეეშველებოდა ვენახის შეწამვლაში. გზადაგზა ნამცხვარს ჯიბის კაუჭა, ხისტარიანი დანით დაჭრიდა და მეზობლებს დაუწილებდა. ერთ ნაჭერს გადაინახავდა მხოლოდ - დედას უყვარს ლამარიას ნამცხვარიო და ბედნიერი ღიმილით ბრუნდებოდა სახლში, სოფლის ამბებით დახუნძლული.
დედას კი მიზეზი არ ელეოდა ჯემალის ლამარიასთან გასაგზავნად.
-        ჯემალი, ხორცის მანქანა მჭირდება, ეთხოვე ლამარიას.
-        ჯემალი, ხახვი დამაკლდა, გამოართვი ორი თავი ლამარიას.
-        ჯემალი, გადაუტანე ჭიქა შაქარი, წინა კვირას ვესესხე ლამარიას.
-        ჯემალი, ქადები დავაცხვე, მოიკითხე ლამარია, სადაა რომ დაიკარგა….
ჯემალიც გაჰყოფდა ქუსლგამოკერებულ კალოშში ფეხს და სულ სტვენა-სტვენით გალევდა ლამარიას სახლისკენ გზას.
უცნაურად აფორიაქებული დაუხვდა იმ საღამოს ლამარია ჯემალის.
რაღაც უნდა გითხრა, წამოდიო. სახლში შეიპატიჟა ბიჭი.
კონსულთან ყოფილა წინა დღეს. კონსული? ივერია ვაშლს რომ ჰყიდდა ქალაქი, მაშინ გაუცვნია ერთი ქალი, რომელიც კონსულის მეგობარი ყოფილა.
-        კონსულმა მითხრა, თქვენი აქ გაჩერება ცოდვაა, ამერიკაში უნდა წახვიდეთო. ამერიკაში, გესმის ბიჭო? ოცნებების ქვეყანაში. იქ იპოვით ნამდვილ ბედნიერებასო.
-        რა გვინდა ამერიკაში ლამარიე, იმაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს ყოველ გაზაფხულს აყვავებულ ატმის ყვავილებს რომ ვუყურებ, მარო ბებოს მადლიერ სახეს რომ ვხედავ და ლევანა პაპას მუხლჩაუხრელ შრომას. რა გვინდა ამერიკაში.
-        არა ჯემალი, მართლა. მერე მკითხავმა მითხრა, უკანა გზაზე ავტობუსში რომ შემხვდა, ამერიკა ისეთი ქვეყანააო... თვითონ ყოფილა იქ, ტყუილს კი არ მეუბნება. ერთ დღეში ავიწყე ცხოვრებაო.
-        ლამარიე, მკითხავს დაეჯერება? ერთ დღეში აწყობილი ცხოვრების ვისა სჯერა.
-        მჯერა ჯემალიე მე. წავიდეთ ამერიკაში, რა იქნება.
ჯემალიმ სულელურად შეჰღიმა, ყურთან გახვრეტილი პანამა თავზე ჩამოიფხატა, ნამცხვრის თეფში მაგიდაზე დატოვა და სტვენა-სტვენით გამოუყვა გზას. ხან ატმის ყვავილებს უყურა, ხან ჩიტების ჟივჟივს უსმინა. - რა უნდა ამერიკაში, ამაზე უკეთეს ადგილს სად ნახავს.
იმ კვირაში სამჯერ იყო ლამარია ქალაქში წასული: ერთხელ მეზობელ გოგოებთან, მეორედ კი მარო ბებოსთან ერთად.
ყოველ მისვლაზე უფრო და უფრო აჟიტირებული ხვდებოდა ჯემალის ლამარიე.
-        წამომყევი ჯემალი ქალაქში რა იქნება.
-        რა მინდა ქალაქში. - დაიმორცხვებდა ჯემალი და სტვენა-სტვენით გაუყვებოდა ორღობეს.
მესამედ მარტო წავიდა ლამარია. სულ გადარეული დაბრუნდა.
-        წარმოგიდგენია?! ცხოვრობ მეასე სართულზე, გემსახურება კარისკაცი. დამლაგებელი ყოველდღე გილაგებს სადარბაზოს, ქუჩის კუთხეში ყავას ყიდულობ, იმის გვერდზე ფუნთუშები და პურია.
-        დამანებე ლამარიე თავი, ამაზე უკეთ სად ვიქნები?! მეტჯერ აღარ მიხსენო ამერიკა, არაა ჩემი ოცნება, გაიგე!
-        მაგრამ შენ ისეთი ნიჭიერი ხარ.
ლამარიას კი უფრო და უფრო ითრევდა ამერიკული ოცნება, თუმცა ჯემალის გარეშე წასვლა ვერ წარმოედგინა. მთელი სამეზობლო ჩართო ამ ამბავში, ჯემალი კი ვერაფრით დაითანხმა.
“სურათის გარეშე არაფერი გამოვა” - უთხრა კონსულმა.
ბევრი ეხვეწა ლამარია, სურათი მაინც გადაიღე და წადი უკანო, მაგრამ ჯემალიმ ისეთი უყვირა - არ მინდა ამერიკა, რა ეშმაკივით შემიჩნდიო, ქალს ერთი კვირა აღარ მოსვლია ფერი.
-        აბა, რა ვქნათ? გავუშვათ მარტო შენი განაცხადი?
არა, არაფრით არ უნდა ჯემალისთან დაშორება. მაგრამ ამერიკაც რომ უნდა?
-        ხომ იცი, ყველა საბუთი რიგზე გაქვს და იმ ბიჭს კიდევ არ უნდა ეტყობა და შევეშვათ.
გულის ჯიბიდან ნელა ამოიღო ჯემალის ერთადერთი სურათი ლამარიამ, სიყვარულით დახედა და  ტუჩისკვნეტით მიაწოდა “კონსულს”.
-        ეგრე შე ქალო, თუ გქონდა, რაღას მაწვალებდი.
ეს სურათი მაშინ გადაიღეს, უნივერსიტეტში რომ აპირებდნენ ჩაბარებას. უეცრად გადაიფიქრა ჯემალიმ ქალაქში სწავლა, რა მინდა იქო და ლამარიამაც უარი თქვა წასვლაზე, ჯემალის გარეშე რა გამაძლებინებსო.
-        საბუთები მზადაა, ახლა მომსახურების ფულზე დავილაპრააკოთ...
ლამარიამ უცბადვე გაყიდა საქონელი, სამოსახლო და თავისი და ჯემალის ამერიკაში წასასვლელი ფული თვალდაუხამხამებლად ჩაუთვალა კონსულს. პასუხი ორ კვირაში იქნებაო, დააიმედა და დამშვიდებული გამოუშვა სახლში. ავტობუსის გაჩერებამდეც კი მიაცილა. "ჯემალის ვინ ეკითხება, მიიღებს ვიზას და ნახავს თუ არ წავა" - ხმამაღლა ფიქრობდა ლამარია, კონსული კი მხოლოდ თავს უქნევდა.
სამოსახლო გაყიდა ლამარიამ შენი  ვიზის გამოო, რომ გაიგო ჯემალიმ, გაბრაზდა და კარგა ხანს აღარ ელაპარაკებოდა  ლამარიას. დედა ცდილობდა შუამავლობას, რა მოხდა, კეთილი გულით უნდოდა გოგოსო.
ლამარია კი მარტო ამერიკაზე ლაპარაკობდა. მასთან  ისეთმა მეზობლებმაც კი დაიწყეს რჩევის მისაღებად მისაღებად სიარული, აქამდე მარტო გამარჯობას რომ ეუბნებოდნენ .
მთელი სოფელი აიტაცა ამერიკამ.
ცხოვრობ მეასე სართულზე - უჰ, რა ჯობია. გემსახურება კარისკაცი... წარმოიდგინე, კარს რომ გიღებს - ხომ გრძნობ მეფედ თავს. დამლაგებელი ყოველდღე გილაგებს სადარბაზოს. აუჰ, ეზო რომ აღარ მექნება დასაგველი. ქუჩის კუთხეში ყავას ყიდულობ, აბა აქ ნორმალური ყავა ბოლოს როდის დავლიე, ვიღას ახსოვს. იმის გვერდზე ფუნთუშები და პურია. პურის გამოცხობა  რომ არ მომიწევს…
ოცნებაში წასული მეზობლები გემრიელად მოიკალათებდნენ ეზოში სკამებზე, ლამარია “კონსულის” ნაჩუქარ მაგნიტაფონს გამოიტანდა, ამერიკულ კასეტას ჩართავდა და თვალდახუჭული უსმენდნენ და გრძნობდნენ სულ ერთი ხელის გაწვდენა იყო ნამდვილ ცხოვრებამდე.
იმ ზაფხულს სამმა ოჯახმა გაყიდა სახლი.
ლამარიას ჯერაც არ მიეღო ვიზაზე პასუხი, მარო ბებომ რომ უთხრა, ჩემ შვილს ამერიკის ვიზა მიუღია და მეც მივყავარო.
-        ჯემალიმ თუ იცის?
-        იცის, აბა არ იცის.
-        მერე?
-        რა გინდა იქ, რა დაგრჩენიაო.
-        ჰო…
-        უცნაური ბიჭია ჯემალი, ოცნებისა არ სჯერა.
მერე ქეთო წავიდა, ფიქრია, ნატოც… ლამარია კი კვლავ პასუხს ელოდა. ორი კვირაც გავიდა და მეტი. ყოველ დღე ჩადიოდა ქალაქში ლამარია ვიზის მოლოდინში, ზოგჯერ რჩებოდა კიდეც, პასუხი კი იგვიანებდა.
იმ ზამთარს დედაქალაქში მოუწია ჯემალის წასვლა. ბიძამის ვალიკოს ფეხი მოეტეხა  და საამქროში, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა,  ადგილს კარგავდა გაცდენების გამო და რჩებოდა ულუკმაპუროდ. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ერთი საამქროს გაჩერებაც კი უამრავი დანაკარგია, ვერ თუ არ მუშაობ ეგ არავის ადარდებს, უამავი შენნაირი ან შენზე უკეთესი დადის სამსახურის გარეშეო, უთხრეს თურმე საწყალს.
ჯემალი კიდევ ისეთი დაუზარელი ბიჭია. არც უფიქრია, ისე დათანხმდა ბიძის ადგილას დროებით მუშაობას.
ჩასვლიდან მეორე საღამოს ბიძამისის მეგობრებმა ქალაქი თუ არ ნახე, ისე როგორ იმუშავებო და ყველაზე მოდურ რესტორანში წაიყვანეს. სუფრა და თამადობა კი არ ეშლებოდა ჯემალის, გადარია ქალაქელები. მეორე დღეს ქალები აუყვანეს, სოფელში ამას მოკლებული იქნებიო. ჯემალიმ სულელურად გაიღიმა და “ამას რასო.” 
გოგოები ჯერ ჯემალის ეძახდნენ, როგორც გააცნეს, მერე ჯემოს, ჯემის და ბოლოს ჯემსიც კი გახდა. მუშაობას დაამთავრებდა თუ არა, ჩამოუქროლებდნენ ამერიკული კადილაკით და ხან სად მიჰყავდათ და ხან სად. ართობდათ ჯემალი თავისი სოფლის კილოთი და უცნაური ჩაცმულობით. ეს მზესავით ბიჭი, ვერსად ვერ მალავდა თავს. ყველასთვის საყვარელი სტუმარი გახდა თავისი სულელური ღიმილითა და გულუბრყვილო მზერით.
-        ჯემს, დღეს კატოსთან მივდივართ.
-        ჯემს დღეს ტუსა ცეკვავს თეატრში
ჯე - ი-მ, გაუწელავდა ზოგი გოგო სახელს. - რა სიმპატიური ხარ, ჯეიმ.
-        ჯეემ ამერიკაში როდის მივდივართ?   
-        აი, როცა ბიძაჩემი გამოჯანმრთელდება.     
-        ინგლისური იცი, ჯემს?
-        კი, როგორ არა. ბორნ ინ ზი იუესეი.
-        ვასწავლოთ? - გოგოებს ხმაში ეშმაკუნები შეეპარებოდათ. მხოლოდ ბიძია ბრუსის სიმღერა არაა ამერიკა ჯეიმს. მერე გაჩუმდებოდნენ ხოლმე და ბოლო ხმაზე აუწევდნენ მუსიკას.           
ერთ დღესაც ქალაქიდან ახლადდაბრუნებულს, ქანცგაწყვეტილს,  თუთისხესთან ჩამომჯდარ ლამარიას  ჩანთაჩალაგებული ჯემალი შეხვდა. იმ ამბის მერე აღარ ენახა.
-        მივდივარ ლამარია.
-        სად მიდიხარ ჯემალი?
-        ვიზა მივიღე.
-        რა ვიზა ჯემალი? - გადაუცივდა გული ლამარიას.
-        რა ვიზა-თქო კი გამიკვრიდა მეც, საბუთების შესატანად რომ მივედი, მაშინ მითხრეს, თქვენი ვიზა რა ხანია მზადააო. - ლამარიას ტირილი წასკდა. - რა მოხდა ლამარია?
-        მე?... მე…
-        ნუ გეშინია, შენ ხომ აქ იქნები ლამარია? დედას შენი იმედი აქვს, ავაწყობ ცხოვრებას და მერე მეც  ჩამოვალ, დამელოდე. ხომ დამელოდები?
უზარმაზარ ხელებში მოიქცია ქალი, ერთი აკოცა, მოიკიდა მერე ჩანთა და სტვენა-სტვენით გაუყვა გზას.
ის კი, იდგა გამშრალი და სულ ძალით ცდილობდა, როგორმე ღიმილი არ მოშორებოდა სახიდან.
აბა წასვლა არ მინდაო?! შე მატყუარა! - იმეორებდა დაუსრულებლად სახლში დაბრუნებული ქალი.
-        ხომ იცი, როგორ არ მიყვარს მიშაბათება, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. “კონსულმა” ჯემალი რომ დაინახა, ქალბატონო ამ განძს მალავთ აქო? ამერიკა ისეთია. იქ იმხელა პოტენციალი აქვსო. ჯემალიც აიტაცა იდეამ. მე რომ თავიდანვე მინდოდა თქვენი ერთად წასვლა, კი იცი ჭირიმე ეგ.
-        მაგრამ “კონსულმა” მე არ გამიშვა.
-        ხო, რაღაც არ გამოვიდა. - თქვა ნანო დეიდამ და ჩაიხუტა ატირებული ლამარია. - აგერ ნახე, ჯემალი ორივეს წაგვიყვანს.
ნახევარი წელი ისე გავიდა, ჯემალიზე ერთი სიტყვაც კი არ გაუგიათ. ჩამოხმა ნანო დეიდა, ისედაც პატარა ქალი, სულ აღარ აჩნდა ქვეყანას. სოფელიც თითქმის განახევრდა.
-        არა ვერ ვხვდები, რა ნახეს ასეთი ამერიკაში. - ამბობდა გოგუცა და სულ უფრო ნაკლებ გაზის მილს ურტყავდა დილაობით ჯოხს.
ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, იმ საღამოს როცა პირველი ციცინათელები გამოჩდნენ, ფოსტალიონი მოვიდა სოფელში, თან რამდენიმე პატარა ყუთი მოიტანა.
ნანო თუხარელს ვეძებო, ლამარიას ღობის მიღმიდან გადმოსძახა. ცნობისმოყვარე ქალმა მაშინვე გაყო ფეხი კალოშებში და ორღობე სულ ქოშინით გაატარა ნანოს სახლამდე.
ჯემალის ამანათები გამოეგზავნა ამერიკიდან.
“ცოცხალია!” - ტაში შემოჰკრა ქალის გულმა.
ნანო დეიდამ ჯერ წერილი გახსნა, ქაღალდის ბოლო მიწამდე დაეშვა.
-        ტიტუ, რა არის ეს.
“დედი გახსოვს რომ მითხარი გრძელი წერილები მოიწერეო და მე რომ გეხუმრე მეტრიანი-თქო. მართლა ვნახე მეტრა ქაღალდი. როგორა ხარ?“- დაიწყო ქალმა ხმამაღლა, მერე ცრემლებმა ხმას აჯობეს და სულ თვალცრემლიანმა ჩაიკითხა ბოლომდე. თან გულში იკრავდა ყუთებს ისე, თითქოს ჯემალი ყოფილიყოს.
კითხვას რომ მორჩა, მაშინღა გაახსენდა ფოსტალიონი.
-        აუჰ ბატონო, როგორ შევრცხვი, ამ ამერიკამ სულ დამავიწყა სტუმარი. მობრძანდით, დაღლილი იქნებით. ა ემ წამს დავაცხვე ჩვენებური კვერები, ღვინოს შემოგთავაზებთ, ჩემი ჯემალიეს დაწურულს. სანამ წავიდოდა, იმ შემოდგომას საოცარი მოსავალი გვქონდა. ეს ლამარიაა, ჩვენი სოფლის თვალი. ესღა დაგვრჩა სოფელს მზედ. სულ გაიფანტა და დაიშალა სოფელი…
ნანო დეიდა იმ დღეს ხელმეორედ დაიბადა.
ლამარია მოწყენილი  იჯდა.
ნანო დეიდა ახლადგაშლილ ვარდს დაემსგავსა. ლაპარაკს არ წყვეტდა.
ლამარია მოდი, - თვალისჩაკვრით, შეთქმულივით გვერდზე გაიხმო ქალი და წერილის ბოლო მონაკვეთი წაუკითხა:
“ლამარიე როგორაა? მომიკითხე.  წერილის მიწერა მერიდება,  (ეს არ უთხრა). ნაწყენი იყო ჩემზე. ერთი ყუთი, თეთრი რომაა, მას მიეცი,  მისი საჩუქარია. მალე ჩამოვალ.
გკოცნით, მიყვარხართ.”
მიყვარხართო - ჩუმად გაიმეორა ლამარიამ. თვალები აენთო. მერე ყუთს ორივე ხელი მოჰხვია, სწრაფად დაემშვიდობა მასპინძელს და სახლისკენ გზა სულ ღიღინით გალია.
გული ამოვარდნას ჰქონდა.
ყუთს ჯერ თეთრი ქაღალდი მოაშორა. მერე საკანცელარიო ლენტი. უფრო და უფრო გამალებით უცემდა გული. მისი გულისცემა თითქოს ყუთსაც გადაედო, შიგნით რაღაცამ სუნთქა დაიწყო.
სამზარეულოში გავიდა და დანა მოიტანა ბოლო წებოვანი ქაღალდის მოსაშორებლად. ნეტავ რა არის? ქაღალდი როგორც იქნა  მოაშორა ყუთს და გახსნა...
პატარა, თეთრმა ლეკვმა მაშინვე დრუნჩი ამოყო ყუთიდან. გაკვირვებისგან არც დაუყეფავს, მხოლოდ ღილებივით ლურჯი თვალები მიანათა ლამარიას.
რა დავარქვა? ჯეკა? მიკი? ბობი? ბობიზე გამახსენდა, ჯერ კიდევ არ მელაპარაკებოდა, ჩუმად ჩაივლიდა ჩემს ღობესთან და ე იმ კაკლის უკან დაჯდებოდა, მეზობლები მუსიკის მოსასმენად რომ მოვიდოდნენ. რა სიმღერის მერე მიდიოდა ხოლმე? ღმერთო გამახსენე. თავიდან მეგონა ბობ დილანი მოსწონდა, მერე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ წავიდა იმ სიმღერის მერე, მივხვდი ამას ელოდებოდა. სპეციალურად რომ ვახვევდი ხოლმე იმ სიმღერაზე?! და მთვარის ამოსვლამდე რომ ვაყურყუტებდი იქ… დიუკი! ჰო, დიუკ ელინგტონი. დიუკს დავარქმევ,  მოიცა რა სიმღერა იყო? ით დონთ მინ ა თინგ.. ხო ნამდვილად. და წერილის ბოლოს მიყვარხარო რომ ეწერა. ოჰ, რა ბედნიერი ვარ.
აფსუს, რა დრო დადგა, აფორიაქებული გულის დამშვიდებაც კი აღარ მჭირდება..
და ის როგორ იყო? წასვლისას რომ მითხრა დამელოდეო, ნამდვილად დაგელოდები ჯემალიე, ნამდვილად.

იმ ზაფხულს ნანო დეიდა  წავიდა ამერიკაში. სოფელი სულ მთლად განახევრდა. ლევანა პაპაც კი ისეთი ძალით აღარ მუშაობდა ვენახში. აბა ვიღას უნდა ჩემი შრომა, შვილიშვილები გამექცნენ, სოფელი აღარაა. მარტო მე რა ჯანდაბად მინდა ამხელა ვენახიო.
მხოლოდ გოგუცა იყო ძველებურად იმედიანად. მართალია თითებზე ჩამოსათვლელი საქონელი ებარა, მაინც ყოველ დილას ჩამოკრავდა გაზის მილზე და დარჩენილ მეზობლებს გულიანად მიესალმებოდა.
საღამოობით აღარ იკრიბებოდნენ ქვეყნის ამბების განსახილველად. ჩაუსხდებოდნენ ამერიკიდან გამოგზავნილ ტელევიზორებს, რომელიც მხოლოდ ერთ არხს იჭერდა და ბრაზილიური სერიალების გმირების ცხოვრებით ერთობოდნენ, დარდობდნენ ხუანმა მონიკას ეს როგორ უთხრაო, ანდრესმა რა გაბედაო. იმ ზამთარს ორი ოჯახი წავიდა ქალაქში - სოფელში ცხოვრება ძნელი ყოფილაო. გაზაფხულზე კიდევ ორმა აიკიდა ბარგი-ბარხანა. ნანო დეიდა თვეში ერთხელ სწერდა ლამარიას, მართალი ყოფილა ის კონსული, აქ ცხოვრების აწყობა უცებ შეიძლებაო. წამოდი შენცო.
ლამარია რამდენჯერმე შეხვდა “კონსულს”. ბოლოს მაისში ნახა, აუცილებლად გაგიშვებ ხვალ თუ არა იმ კვირაში, რაღაც მოვიფიქრეო.  რამდენჯერმე სოფელშიც ესტუმრა ქალს.

“გახეხილი პალტოთი და ქუსლთან დაკერებული ფეხსაცმლით წავიდა ჯემალი ამერიკაში. ტანმაღალს და მხარბეჭიანს, ულაზათო ჩამცა ვერაფერს აკლებდა, ათას კაცში რომ მდგარიყო მაინც გამოარჩევდი.
ერთი ღამის გატარება ამსტერდამში მოუწია. ქალაქელი გოგოებისგან გათამამებულს, უცხო ქალაქის არ შეშინებია. ბოლოს და ბოლოს ამერიკაში მივდივარ, თავისუფლების ქვეყანაში, ამსტერდამი კი… ზღაპარი ყოფილაო - ხიდები, მდინარე, პატარა 6-სართულიანი სახლები ხის დარაბებით, ფანჯრებზე ყვავილებით და უამრავი ველოსიპედიანი ხალხი.
მაშინვე აუღო ალღო ქალაქს. თითქოს უფრო თავისუფალი გახდა, უფრო ბედნიერი.
ერთი ორი სიმღერაც კი შემოსძახა ქუჩის მუსიკოსებთან ერთად.
-        ჰეი შენ, მუზიკანტო. - ამოსძახეს კატერიდან. ლამის ჩასული მზე ხელახლა ამოვიდა ამ ხმაზე.
სადაფისფერ კაბაში გამოწყობილმა ქალმა კატერზე მიიხმო გახუნებულ, ძველებურ ქურთუკში გამოყობილი კაცი.
მოხიბლული ვარ თქვენი სტილითო,  მორიდების გარეშე უთხრა.
იმ ღამეს უცნაურ წვეულებაზე ამოჰყო თავი. ათასობით სახეობის ნაჭერი გამოეფინათ და სტუმრებს ჭიქა ღვინოსთან ერთად მათით ტკბობის საშუალებას აძლევდნენ.
-        აირჩიე რომელიც მოგეწონება. - უთხრა ქალმა ჯემალის.
ჯემალი სულელური ღიმილით დადიოდა მისთვის უცნაურ სამყაროში და ისეთ ნაჭრებს ირჩევდა, თავის სოფელს რომ აგონებდა. აი ასეთი ნაჭრის კაბა მარო ბებოს ეცვა ხოლმე, ეს ლამარიეს საყვარელი ფერია, ეს კი - დედაჩემის.
გამთენიისას ქალმა ხელი ჩაჰკიდა ჯემალის, ჯემალიმ - ჩემოდანს და ამსტერდამის ვიწრო ქუჩას დაუყვნენ.
-        შეიძლება თავისუფლება აქ იწყება, მაგრამ შენ მაინც უნდა ნახო ნიუ-იორკი. - უთხრა ქალმა დამშვიდობებისას და ჯემალის ისე უბიძგა თვითმფრინავისკენ, ნახვამდის თქმაც კი ვერ მოასწრო.”
ამ ამბებს ნაწილ-ნაწილ სწერდა ნანო დეიდა. თავისი სერიალი ჰქონდა ლამარიას -“ჯემალის არაჩვეულებრივი თავგადასავალი” - ასე დაარქვა ნანოს წერილებს ქალმა. ხომ მეუბნებოდა კონსული, ერთ დღეში შეიძლება აიწყო ცხოვრებაო, ხომ ვამბობდი მჯერა-თქო. არ გამოვდექი მართალი?
ლამარიამ იმ საღამოს კიდევ ერთი ოჯახი გააცილა სამუდამოდ.
-        ლევანა პაპ, წამოდი ყავა დავლიოთ ამერიკულად. - გაუცინა ლამარაიმ, მოხუცს ხელკავი გამოსდო და გულდამძიმებულები ორღობეს დაუყვნენ.
-        ეს ბოლო პერიოდია ბევრს ვფიქრობ - თქვა ლამარიამ და მოხუცს ყავა ფინჯანში დაუსხა. - ასე მგონია, ზოგი ადამიანი დაუწერელი ქაღალდივითაა და ზუსტად ასეთი ადამიანი ვარ მე. ნანო დეიდას ყოველი ახალი წერილი, უფრო და უფრო მარწმუნებს, რა მარტო ვარ.
-        რატომ მარტო? მე განა აქ არ ვარ?! მე და შენ ხომ ჯერ კიდევ ეს სოფელი გვქვია?
-        იცი მარტოობა რას ჰქვია? - როცა უმიზნოდ დადიხარ და ვერ ვხვდები, ვისთვის ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.  შენი ვენახიც ჩვენი სოფელივით დაპატარავდა. დილაობით, გოგუცას ხმა რომ აღარ მაღვიძებს. ეს მილებიც რომ სამუდამოდ დადუმდნენ. - დიუკმა ამ სიტყვებზე სევდიანი თვალები მიანათა პატრონს. საღამოს მზე ბოლო სითბოს ტოვებდა ეზოს მიღმა.
-        ეს ყოფილა ჩვენი ხვედრი.
-        იცოდი ჯემალიეზე ამერიკული ჟურნალები რომ წერენ?
-        რასაო?
-        კარგად კერავს კაბებსო.
ლამარია! - დაიძახა ჭიშკრიდან ვიღაცამ.
-        შემოდით ნელიკო დეიდა, ყავაზე დაგვეწვიეთ.
-        ე.ი ზურაბისანებიც წავიდნენ დღეს ხომ?
-        კი, ნახევარი საათია რაც გავაცილეთ.
-        კონსულისგან მოვდივარ.
-        რაო ნელი დეიდა, ჩაგირტყავთ ვიზასო?
-        ლამარია ჩამოვიდესო.
-        მე?... რატომ?
-        ცოლად უნდა მოვიყვანოო. - სიხარულისგან შეჰკივლა ნელიმ.
უჩუმრად დაეშვა ლამარია სკამზე.
-        არ გიხარია გოგო?
ლამარიამ ლევანის გადახედა.
-        ახლა?! მეც თუ წავედი, ვინღა დარჩით?
მესამე დღეს გააცილეს ლამარია. პატარა ჩანთა წაიღო თან, თუ გამიმართლა ერთ დღეში ავიწყობ ცხოვრებას და ზედმეტი ბარგი არ მჭირდება ახალ სამყაროშიო. დიუკი ლევანი პაპას დაუტოვა, სახლის კარი ჩაკეტა და გასაღები ნელიკოს მისცა, ზოგჯერ თვალი შეავლე, სახლს არ აგრძნობინო მარტოობაო.
ჩასვლიდან მეორე დღესვე მიხვდა - არ უნდა წახვიდე, როდესაც შენი სოფელი იწვის. არ უნდა წახვიდე, თუკი გულს სტკივა. არ უნდა წახვიდე, როცა უკვე გვიანია. არ უნდა წახვიდე, როდესაც წვიმას გრძნობ, სუნს გრძნობ, თვალებს გრძნობ, უთქმელ სევდას, იმედს. არ უნდა წახვიდე, თუკი ეს იმედი შენ მოგყვება და იქ ერთი ნამცეციც კი არ რჩება.

“სიცივეს ცეცხლი წაუკიდესო…” მირბოდა კოჭლი თემურა გაყინულ სახლებს შორის, მტკივან ფეხს ძლივს აწევდა მეორეს და ამის გამო მისი სირბილი ხტუნვას უფრო ემსგავსებოდა. მიხტუნაობდა თემურა და ხმაში პანიკა შერეულივით გაჰკიოდა - სიცივეს ცეცხლი წაუკიდეს, სივივეს ცეცხლი წაუკიდეს, სიცივეს ცეცხლი წაუკიდეს... გაყინული სახლებიდან კი ჩქამიც არ ისმოდა. თემურა კი მირბოდა გიჟივით, თითქოს ვიღაც მოსდევდესო და კივილს არ წყვეტდა. სოფლის ჭალას მიაღწია. შუაგულში დიდ თელასთან მაგიდაზე აძვრა, სულ ერთ წამს სული მოითქვა და ხელახლა, შელოცვასავით დაიწყო - ცეცხლი წაუკიდეს, ცეცხლი წაუკიდეს... სიცივეს, სიცივეს. თითქოს შელოცვამ იმოქმედა, ომახიანად დაიძახა - მეზობლებოო, ჰოიი, გამოდით სანამ გადამწვარხართ. ჩუმი არ ისმოდა სახლებიდან. თემურა ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო, თავის თავს უმეორებდა - წარმოგიდგენია, ცეცხლი წაუკიდეს. აი, ხო ვამბობდი, თემურა არ ვიყო, მაგათმა რაღაც თუ არ გააფუჭონ-თქო. ხომ ვამბობდი. კი ამბობდი თემურა, უპასუხა თვითონვე, ამბობდი მაგრამ ვინ დაგიგდო ყური. წარმოგიდგენია, სიცივეს წაუკიდეს ცეცხლი. არადა რამდენი წელი, ყველა ერთად ვაკოწიწებდით, აგურს აგურზე ვადებდით რომ ბევრი გამხდარიყო. ამათმა კი, დაგვღუპეს. აი, როგორც კი ყურს მიუგდებ, მის ტკაცუნს გაიგებ. თემურამ ყურზე ხელი მიიდო, მოამრგვალა და ათსახლიანი სოფლის განაპირა მდგომი სახლისკენ შეატრიალა თავი. გესმით როგორ ტკაცუნობს? არადა რამდენი წელი შევალიეთ. ისინი კი მოვიდნენ და ჯერ ერთი კარი შეაღეს, მერე მეორე. ჩემთანაც იყვნენ. რომ დავინახე იცინოდნენ, კარი არ გავუღე. მივხვდი ესენი კარგ საქმეზე არ არიან-თქო. ვუთხარი ნელიკოს.
ნუ გეშინია, სანამ აქა ვართ, ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებსო.  ეჰ, - დამშვიდდა უცებ. - ერთი თვეა, რაც ლევანი მივაბარეთ მიწას. მე და ნელიკო ერთად ვთხრიდით საფლავს, მე რომ ვიღლებოდი ნელიკო მენაცვლებოდა. ხომ გავაფრთხილე არა? როგორც კი გაუღო კარი, აი იქ გაჩნდა ნაპერწკალი. უსმინე, შენც გაიგე? იცინიან - ტირილნარევი ხმით თქვა თემურამ.
ნელ-ნელა შემოგვეპარნენ, ამერიკული ოცნებით მოგვხიბლეს. სახლ-კარი გაგვაყიდინეს, ოჯახი დაგვაქცევინეს.
ერთი გასროლით მოგვიღებენ ბოლო.
ნელიკო ამშვიდებდა გაგიჟებულ თემურის, ბავშვს გააღვიძებო. ლამარია ესტუმრათ იმ ღამეს სოფელში, ერთი კვირაში ამერიკაში მივდივართ, ნიკი (კონსული) გაიწვიეს უკანო. არ მინდოდა ჩვენი პატარა ამ სოფლის უნახავად წამეყვანაო.
მეხუთედ ყვავილობდა იმ გაზაფხულს ატამი.
ჯემალი ბრუნდებაო, ფრთხილად შეაპარა ნელიკომ ლამარიას. მე მაინც ვეღარ ჩამომისწრებსო. - მკერავი გამხდარა, თავისი მაღაზია გაუხსნია ამერიკაშიო. - მიხარიაო, გულსგარეთ თქვა ლამარიამ და მოხუც დიუკს ხელი გადაუსვა. ის აღარ უთქვამს ნელიკოს, ლამარიას გამო რომ ბრუნდებოდა ჯემალი. ნანო იწერებოდა, დაჰპირებია ლამარიას დაბრუნებას და პირობას უსრულებსო.
მთელ კვირას დარჩა ლამარია სოფელში. პატარას ფერი მიეცა. ლამაზოს რძემ ლოყები აუღაჟღაჟა.
კვირის ბოლოს კონსულმა მოაკითხა თავის ოჯახს, ნელიკოს თქმით უზარმაზარი მანქანით და წაიყვანა, როგორც ნელიკო ამბობდა - სამუდამოდ თავისი საბრძანებელიდან.
ერთი კვირის თავზე თემურა გარდაიცვალა, უთქმელად, უეცრად დალია სული.
მარტომ გათხარა სოფლის სასაფლაოზე ნელიკომ ორმო. ლამაზოს გამოაბა უღელი და მარტომ დაიტირა სოფლის უკანასკნელი მიცვალებული.
სახლში დაბრუნებულმა სანთელი აუნთო და სულის მოსახსენებელი ლოცვის კითხვა დაიწყო, გასროლის ხმამ მეხივით რომ დაუარა სოფელს. შუაში გაწყვიტა პირჯვრის წერა ნელიკომ, არიქა მიშველე ღმერთო, გულში გაიფიქრა და უხეიროდ გაყო იქვე კიბესთან დალაგებულ ფეხსაცმელში ფეხი.
ჭალაში არავინ დაუხვდა. უკან ნელა მობრუნდა და ხელისგულზე გადაშლილ სოფელს თვალი შეავლო. მოგონებებმა კარგა ხანს შეაჩერა ნელიკო, იდგა გაყურსული და ცხადად ხედავდა წარსულის აჩრდილებს. დიუკმა ცმუკვა დაიწყო და ყეფით დაეშვა ჭალისკენ.
დიუკ, დაბრუნდი. დიუკ. - ქალმა დიუკის მიმართულებით გაიხედა და დაინახა. უეცარი შიშისაგან მიწას შეეზარდა. დიდ თელასთან, მაგიდასთან, აი იმ მაგიდასთან, თემურამ რომ იცოდა ასვლა და მონოლოგის კითხვა, ის იდგა. იდგა მაგიდის გვერდით და სულელურად იღიმოდა.
ცხოვრებას ვერაფერი დაეშავებინა ჯემალის ღიმილისთვის. ლამის მკვდარ ნელიკოს იმ ბიჭივით უქნევდა ხელს, ცაზე თვითმფრინავს პირველად რომ დაინახავს და ჰგონია, იმ თვითმფრინავში აუცილებლად მისი ქვეყნის პრეზიდენტი ზის და ქვეყანას ათვალიერებს, აბა ვნახო ვინ რას აკეთებსო ჩემს სახელმწიფოშიო, ის კი ხელს უქნევს, მეც შემამჩნიე, ნახე რა კარგი ბიჭი ვარო.
ნელიკოსთან მისული არ იყო, ძველებური გულუბრყვილობით ახარა:
-        ლამარიას წასაყვანად ჩამოვედი, ნელიკო დეიდა.
-        ლამარია გათხოვდა ჯემალი. არ იცი განა? კონსულს გაჰყვა, ამერიკაში...
ფოთლებმა შრიალს უმატეს.
უხმოდ გატრიალდა ჯემალი. “არადა რა გულით ვთხოვე, ნელიკო დეიდა, დამლოდებოდა...”
ერთი წერილიც კი არ მიგიწერია შვილო. - დაადევნა სიტყვა მხრებში მოხრილ კაცს.
- ააიტ! - გაისროლა ჯემალიმ იარაღიდან.
ქალმა შიშისგან შეჰკივლა.
ნუ გეშინიათ ნელიკო დეიდა, აუსრულებელ ოცნებებს ვესროლეო.

იდგა ლამარიე პატარა სანდროსთან ერთად შუა ნიუ-იორკში, ყავის საყიდლად გამოსული და ცრემლად იღვრებოდა.
-        რატომ ტირი დე?
მეხუთე ავენიუსა და ოცდამეთოთხმეტე ქუჩის კუთხეში წითლად ანათებდა უზარმაზარი მაღაზიის ზემოთ  წარწერა  “ჯემოს ლა მარიე”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები