ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2014


მეტი ვიდრე წვიმა

ალბათ, ოდესმე ჩვენ წვიმაში ერთად მოვყვებით,
სადმე, უხალხო, ბნელი ქუჩის უხმო კუთხეში.
შენ დაასველებ ჩემს საყელოს შენი ლოყებით,
ჩემი თითებიც არ იქნება ისე უხეში,
როგორც წვიმამდე, ჩვენ ვფიქრობდით ამ ქუჩის გარდა,
რომ არაფერი ჩვენ ორს შორის იყო საერთო,
მერე შენ მიხვდი, ჩემი მკლავის ქალი ტყვე  ხარ და
არ შეიმჩნიე რომ სხეული შენი აენთო.
ზეცამდე იფრენ, იფრენ ოღონდ ფრთების გარეშე,
გაგახსენდება დაგასველეს ადრეც წვიმებმა,
შემოვალ შენი უნმწიკვლობის ვიწრო კარებში
და ყველა ძარღვი ერთიანად დაიჭიმება.
ყველა შეხება ერთმანეთის მუნჯ სხეულებთან
იქნება, ისე უსასრულო და დახვეწილი,
როგორც ამ წვიმის თვითმკვლელობა და შეუღლება
დედამიწიდან, ყველა გრძნობა გადახვეწილი,
რაც კი ყოფილა დღევანდლამდე, შევკრებთ ჩვენ ორნი
და სადღაც იქით, უნაპირო ზღვების გადაღმა
სწორედ იქ, სადაც ჩურჩულია და მშვიდი ტონი,
სწორედ იქ, სადაც არ სჭირდება გრძნობებს განაღმვა,
ავფეთქდებით და ყველა კადრი გახდება ნელი,
ვუყურებთ წვიმის თვითმკვლელობებს გულაღმა წოლით,
მიხვდები შენი არსებობით და ყოფნით მშველი,
ჩვენი სიცოცხლით ყველა სიკვდილს რომ გადავწონით.
თვალებს გახეხელ და ჩურჩულით ერთ სიტყვას მეტყვი,
წუთის წინ მომხდარს, დაალაგებ დახვეწილ წყებად
და შენ იგრძნობ, რომ შენი იყავი შენს თავზე მეტი,
და რომ ეს წვიმაც სხვა წვიმებზე მეტია ბევრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები