ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ხარებავა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2015


აღსარება დედას

მე მსურს, რომ დღეს აღსარება ვთქვა შენს წინაშე,
გთხოვო შენდობა, ისე, როგორც უფალს ვთხოვ ხოლმე
და ამ სიტყვებით პატივისცემის თასი ავწიო,
თავი დაგიკრა ყოველ ლამაზ გახსენებაზე.

მე მსურს შემინდო ის ტკივილი, რომელიც ადრე
ჩემი სხეულის ჩასახვასა და შობას რომ მოჰყვა,
ყოველი ცრემლი, დრო და ძალები ამ ქვეყანაზე,
ჩემს აღზრდაში გატარებული ყოველი შფოთვა.

მსურს მომიტევო გულის ტკივილი განცდილი ჩემგან,
მონიჭებული სიზარმაცით, ურჩობით, კრახით,
ყველა ნაბიჯი, რომელსაც შენ აღარ მირჩევდით,
მაგრამ გადავდგი, რადგან ვამბობდი: "ასეა კარგი!"

მაპატიე თუ ბოლომდე არ მესმოდა შენი სიტყვების,
ზედმეტ სიმკაცრედ აღვიქვამდი ყოველ მოთხოვნას,
თუ ის მიყვარდა, ვისთვისაც არ გემეტებოდი,
არ გისრულებდი მთელი გულით ნაფიცებ თხოვნას.

შემინდე ჩემი დროებითი სიშორე შენგან,
ჩემზე ფიქრებში გათენებული ყოველი ღამე,
ის მონატრება, ასე ძალიან გულსაც რომ გიკლავს
ჩემზე დარდებში არჩეული მეგობრად მთვარე.

შემინდე ოფლის ყოველი წვეთი ჩემთვის ნადენი,
ჩემი სწავლისთვის, კეთილყოფის გამო დაღვრილი,
შემინდე თუ ისეთი არ ვარ, როგორიც გსურდა
და მაზიარე შენი ხელით - პურით და ღვინით.

მე გთხოვ შენდობას, რადგან შენი გზები შევცვალე,
შენა ხართ ჩემი ღვთისმშობელი, თამარი, ნინო,
შემინდე ჩემი აღსარების ყოველი ცოდვა,
ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ადრე წასვლით გული გატკინო.

შემინდე და თან დამლოცე დედის სიტყვებით,
შენს ყოველ სიტყვას დიდი ძალა აქვს ჩემთვის იცოდე,
შენა ხართ ჩემი საფიცარი ცოდვილი ღმერთი,
შენით ვცოცხლობდი, შენით ვცოცხლობ და შენით ვიცოცხლებ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები