ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.ნანობაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2015


პროტესტი

როცა ძნელია დაიჯერო ის რაც არასდროს
უსწავლებიათ და იმდენი ძალაც აღარ გაქვს
დაღეჭილ ლუკმას აარიდო თავი სანაცვლოდ
თავად დაღეჭო, იწყებ ძებნას,
სადღაც სამალავს

თუ მიაკვლიე,
ვადაგასულ ქალაქს აფურთხებ
მისი ვირთხებით, მონაზვნებით ,ფსევდომამებით
მეტისმეტია ლაპარაკი რადგან აქ უკვე
ღმერთზე ,თუ ერთხელ ჩაგეძინა დაგიღამებენ

ფხიზელ ტკივილებს,
როგორც მშიერ შვილებს აძინებ,
და დღეს რატომღაც გაუცრუე ყველას იმედი
რადგან შენსა და შენს წინაპრებს შორის მანძილი,
არის ძალიან, არის ბევრი, არის იმდენი,

რომ აგეკრძალა ქართველობა დაიტრაბახო,
რომ სადღაც შორს და გაცვეთილი გდიხარ გროტესკით
გამოძერწილი ფიგურა და საამხანაგოდ
გაქვს მეტისმეტად შენი აზრი, მეტი პროტესტი,

იმ სოციუმის, იმ ბიჭუნას მიმართ ასფალტზე
გზა რომ ჩაგიჭრა გუშინ სავსემ ღვარძლით ყელამდე,
და ახალ ამბად მეორე დღეს იგებ ნასვამმა
თავი მოიკლა საბოლოოდ, ანუ ყველაზე

ბინძური გახდა შენი ყოფა, ანუ აივსე!
იწყებ ფრჩხილებით კანის კაწვრას,
ლოყებს იხოკავ,
ანუ ამჯერად ცხადად ხედავ როგორ გაისვრი
და ყველაფრის და ყველას ნაცვლად თავად იხოხებ.

საკუთარ სისხლში, სასმელად რომ შემოგთავაზეს,
მეორე დილით შენზეც იტყვის ვიღაც ორიოდ
სიტყვას გადაკვრით, უმძიმესი ცოდვა ამაზე
რომ არ არსებობს და უბრალოდ ხიდად მორიგი
საეკლესიო დიალოგის გაქცევს საუბრის,
ანუ ძნელია ცოცხალი და თანაც მართალი
იყო, რადგანაც საბოლოოდ მთქმელი აუგის
სულ გეყოლება,
შენ კი ასე სახით ნათრევი

უფრო რთულია დაიჯერო ის რაც ნაძირლებს
უსწავლებიათ და აღარც გაქვს ამის იმედი,
რადგან შენსა და შენს წინაპრებს შორის მანძილი,
არის ძალიან, არის ბევრი, არის იმდენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები