ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2015


###(არ იყო თოვა)

არ იყო თოვა და იმ დღის ბოლოს
ბოთლიდან ბოლო მოსვი ბაკარდი.
მოწიე ბოლო ღერი "Marlboro".
მიხურე კარი.
ასე დამთავრდი.
როგორც დამტოვე,  ანუ ის კადრი,
რაც დაგრჩა ბოლო სცენა წარსულის.
სულ გაგახსენებს, როგორ მიყვარდი
და მაინც, შენით როგორ დასრულდი.
...და რომელიღაც სველი გზის ბოლოს
ჩაიმუხლე და ამიკანკალდი.
შეციებული იმ უთავბოლო
ზამთარს მინებდი და სხვას ჩაბარდი.
დღეს შუა წელი არის ზამთრის და
ოთახში ისევ შენი ტერფების
ნაბიჯების ხმა დადის სადისტად.
გიხსენებ, მხოლოდ ასე გეხები.
არც ახლა თოვს და არის დღის ბოლო
და ამომშრალი ბოთლი ბაკარდის,
დევს მაგიდაზე, როგორც სიმბოლო,
უმიზეზო და თავისთავადი.
მოწმე თუ როგორ გაქრი და ასე,
გაუჩინარდი გვირაბის ბოლოს,
სადაც არ იყო გრამი სინათლე
და მირჩევნია ასე მეგონოს,
რომ ზიხარ ახლა ჩემს ზურგს უკან და
ცდილობ დუმილით ხმა გამაგონო,
თითქოს არა აქვს ამ ოთახს კარი
და შენს თითებში იწვის "Marlboro".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები