 | ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია 9 თებერვალი, 2015 |
მე და შენ, ძმაო, გადავლახავთ რძისფერ ქარაფებს მთელს დედამიწას შემოვავლებთ ფიქრებს სევდიანს ჩვენთან, ძამიკო, აღმოსავლეთს ღმერთი ანათებს, და ჩვენს სოფელში სტუმრის მოსვლას კიდევ ელიან.
ცხოვრობენ ჩვენთან ლეგენდებით, ზეცის სურნელით, ეს დედამიწა თითქოს მხოლოდ ჩვენი მთებია, სამყარო ძალზედ ცოტაა და თანაც ულევი, იმისათვის, რომ გადავკარგოთ, ის რაც ჩვენია.
და განთიადზე გულში მზისფერ სხივებს იკრავენ, მთელი დღე დააქვთ გული მათგან ნასხვაფერები, და უმოსავლო, უყველაფრო, ხრიოკ მიწაზე, ცხოვრობენ მზის და დედამიწის გადამრჩენლები.
ცოცხლობენ ასე ერთურთის და ღმერთის ამარა, ძამიკო, სხვა რამ არასოდეს არ მოინდომო, ისაუბრებენ ამინდებზე: „იქნებ ამაღამ, გადაიკაროს და სისხამზეც აღარ მოთოვოს“.
მე გიყვებოდი ჩვენს სოფელზე ასე პატარას, შენ მაშინ მშვიდად იდექი და გეღიმებოდა, შენც იცი, ვეღარ ვისაუბრებთ თოვლზე ამაღამ, რადგანაც, ახლა ასე შორს ვართ ჩვენი ეზოდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|