ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2015


InsomniA

ჩვენ მივუყვებით წითელ კიბეს
გვითხრეს, მის ბოლოს
ყაყაჩოების მდელოა
ქაღალდის ცისფერი ჩიტები
უფრო ხშირად გვხვდებიან მაღლა

ჩვენ წამოვედით ოთახიდან,
სადაც შავად შეღებილი სკამები იდგა,
ისინი არაფერს ამბობდნენ,
ისინი იდგნენ,
ჩვენ ბოლოჯერ შევხედეთ ჩამავალ მზეს
სითეთრეგამცვდარი კედლიდან.

არ ვკარგავთ ლანდებს
გვტოვებენ თვითონ, მიდიან ნელი მოძრაობით
გვიჭირს თვალებში ჩავხედოთ
ვიდრე წავალთ.
ჩვენ ვიშლებით, ისინი ერთდებიან
ყაყაჩოების მდელოა მაღლა

ვიღვიძებ

ოთახში ჩახუთული ჰაერია,
თვალს ვხუჭავ, ვაღებ ფანჯრებს
ვუყურებ შემომავალ სხივებს,
ჩემი სხეული ივსება მოყვითალო
სითეთრით,
ის თბება და ნელ-ნელა ლღვება
მე სითხე ვარ, მე ვიცვლი ფორმას
ოთახში უწონადობაა და ჩემგან
დაშლილი წვეთები ტივტივებენ
მე მომწონს და მეშინია,
ვერაფერს შევცვლი,
ეს ძალიან ლამაზია.
ჩემი წვეთები უერთდება სივრცეს
ისინი არ ორთქლდებიან, ისინი უბრალოდ
ტივტივებენ



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები