ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2015


მიტოვება.

შენ წახვალ ჩემგან,ქარშიგასულ პოეტზე ვმღერი,
ვიცი,ეს წასვლაც უშენობის პერსპექტივაა,
მითხარი,ჩემო,რა აზრი აქვს ლექსები ვწერო,
თუ მარტოობის გზას ვადგავარ და ეს პროსპექტიც
არსად მიმიყვანს,არსაიდან,არაფრის გავლით,
დამრჩება ალბათ მიტოვებულ ქალის იერი,
გიტოვებ ლექსებს უხეიროს,ჩუმსა და დაღლილს,
იმ სიყვარულის სანაცვლოდ და სამაგიეროდ.

დრო დაირაზმავს ხელმეორედ წუთებს და წამებს,
რომ დამირბიოს ყველა ფიქრი,ყველა ოცნება,
შენ წახვალ,რადგან მიატოვო პოეტი ქალი
და ჩემში მხოლოდ პოეზია შეგეცოდება.
რადგან ამინდმა საბოლოოდ ხელი აიღო
საკუთარ თავზე და უეცრად გადაგიბირა,
არ შეეცდები რამეს მიხვდე,რამე გაიგო,
ერთხელ კი არა,ყველა ლექსში ჩემგან მიდიხარ.

წვიმიან ამინდს ვეთხოვები შენსავით,რადგან
ვერ შევეგუე ამ მოლოდინს-უკვე წლებია,
ყველაფერს მივხვდი,დავაზუსტე,დავრწმუნდი,მაგრამ
თურმე საერთო არაფერი არ შემძლებია.
წლები კი რჩება კანტიკუნტად და მაინც მძიმედ,
ან რაღა მეთქმის პოეტურად სახარბიელო,
მე ყველა ლექსში გისაკუთრებ და მერე გეძებ,
იმ სიყვარულის სანაცვლოდ და სამაგიეროდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები