ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2015


ლაშა ბიბიჩაძეს

ჯერ რა დროსია,კიდევ ბევრი უნდა დავწეროთ,
ჩვენ დავიბადეთ თავიდანვე ამგვარ მისიით,
თუ საჭიროა,პოეტური თავიც გავწიროთ,
ისე მოვიქცეთ,როგორც ჩვენთვის უკეთესია.

ჯერ რა დროსია,სანამ ტკივილს გულით ვატარებთ,
სათქმელს,ხომ იცი,არასოდეს გავუთავდებით,
მახსოვს,ყოველთვის მიყურებდი,როგორც პატარას
და ისიც მახსოვს,რუსთაველზე როგორ დავთვერით.

ჯერ რა დროსია,სიცოცხლეზე სანამ ვფიქრობთ და
სულში დაგუბულ სევდის გამო ღამეს ვათენებთ,
შენი გულისთვის დავბრუნდები საიქიოდან,
დავბრუნდები და ისევ გეტყვი,ლექსი დავწერე.

ჯერ რა დროსია,მე შენ გამო ხელისცეცებით
დავიარები პოეზიის უცხო უბნებში,
შენ რომ არ გეთქვა,მე აქამდე არც კი ვიცოდი,
რომ წარსულიდან წარსულიც კი აღარ ბრუნდება.

ჯერ რა დროსია,ამინდების გამოისობით
არეულ სულში დავაბიჯებ,როგორც ტურისტი,
უცხო ქალაქში დავდიოდი და არ ვიცოდი,
რამდენი რამე შემძლებია შენი გულისთვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები